ახალი წიგნები

ახალი წიგნები – ლაიონელ შრაივერი, ზიგიოლოგია, დ.ჰ. ლორენსი

ziggyology344

Big Brother, Lionel Shriver, Harperlux; Lgr edition, 512p.

დიდი ძმა, ლაიონელ შრაივერი

ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკული  ბესთსელერის – “ვისაუბროთ კევინზე” (We need to talk about Kevin) ავტორი ლაიონელ შრაივერი, მიმდინარე წლის ივნისში გამოსულ ახალ რომანში კვლავ ოჯახისა და მასში განვითარებული მოვლენების გარშემო ტრიალებს. აღნიშნული ნოველა დაძმობის, ქორწინებისა და სიმსუქნის თემებს თანაბარი  ინტერესით წარმოაჩენს. ფაბულის მიხედვით, ერთი ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის – პანდორასა და ფლეტჩერის საოჯახო იდილიას, პანდორას ძმის სტუმრობა არღვევს. მაშინ, როდესაც ის სტუმრობისთვის გამოყოფილ ვადას გადააჭარბებს, ფლეტჩერი მეუღლეს ულტიმატუმს უყენებს, აირჩიოს ან ძმა, ან ქმარი. ავტორი აქცენტს სწორედ ამ ურთულეს საკითხზე აკეთებს: რამხელა მსხვერპლის გაღებაა საჭირო იმისათვის, რომ შევძლოთ თანაბრად გავუფრთხილდეთ ოჯახის მარტოსულ წევრებსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩვენგან სიყვარულს მოელიან. „როგორც მწერალი, შრაივერი უამრავი ნიჭის პატრონია: მას განსაკუთრებული უნარი აქვს, ითამაშოს მკითხველის რეფლექსებით, რომლებიც მათში სიყვარულისა და სიძულვილის პროცესში მოქმედებს. შრაივერის გმირების პორტრეტებში ჩვენი ხასიათის ამოკითხვით, ჩვენ გვავიწყდება რა არის კომფორტი” – აღნიშნულია Washington Post-ის მიმოხილვაში, რომელიც თანამედროვე ამერიკელი რომანისტისა და ჟურნალისტის, ლაიონელ შრაივერის ახალ რომანს ეხება.

The Poems, D.H. Lawrence, Edited by Christopher Pollnitz, Cambridge University Press, 1425p.

დევიდ ჰერბერტ ლოურენსის ლექსები, რედაქტორი ქრისტოფერ პოლნიცი

დიდი ინგლისელი პოეტისა და რომანისტის, დევიდ ჰერბერტ ლოურენსის ლექსებს ინგლისურენოვანი მკითხველი ახლა უკვე 1400-გვერდიანი კრებულიდან გაეცნობა, რომელიც მწერლის ნაშრომებს ორ ნაწილად აერთიანებს. ლექსების ეს კრებული კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის ინიციატივით განხორციელებული პროექტის გაგრძელებაა, რომელიც ამ ავტორის ნაშრომების სრულად მოძიებას, შეგროვებასა და რეპრინტს ემსახურება. ლექსების წერა ლოურნსმა 1905 წლიდან დაიწყო და 1913 – 1932 წლებში მან თერთმეტი კრებული გამოაქვეყნა. კრისტოფერ პოლნიცის რედაქტორობით გამოცემული ახალი წიგნი ლოურენსის შემოქმედების იმ ნაწილს გვთავაზობს, რომელიც აქამდე არსად დაბეჭდილა; მათ შორისაა ტექსტებიც, რომელსაც ის თავის პირად დღიურებში წერდა. საკმაოდ სქელტანიანი კრებულის პირველი ნაწილი თავად ლოურენსის წინასატყვაობაა თავისივე პოემების შესახებ, რასაც მეორე ნაწილში მოჰყვება ავტორისეული განმარტებები და სწავლება ინტერტექსტუალური მეთოდებისა და ზოგადად პოეტური ტექტების აგების შესახებ.

Hollywood and Hitler – 1933 – 1939, Thomas Doherty, Columbia University Press, 448p.

ჰოლივუდი და ჰიტლერი, თომას დოჰერტი

ამერიკელი ისტორიკოსისა და ამერიკისმცოდნეობის სპეციალისტის, თომას დოჰერტის ვრცელი ანალიზი ამერიკული კინოინდუსტრიის იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ის 1930-იან წლებში ევროპაში არსებულ ფაშისტურ რეჟიმთან დაკავშირებული თემების შემოტანას სხვადასხვა მიზეზებით გაურბოდა. წიგნის ავტორი ცდილობს უკანა პლანზე გადაიტანოს საუბარი იმის შესახებ, თუ რას ხედავდნენ ამერიკელები ეკრანებზე მაშინ, როდესაც ევროპაში ნაციზმი მძვინვარებდა. ამის საპირისპიროდ, მისი აქცენტები იმ ფილმებზე, რეჟისორებსა და კინოკომპანიებზე ვრცელდება, რომლებიც ამ ცენზურას არღვევდნენ. მათ შორისაა 1934 წელს კორნელიუს ვანდერბილტის (Cornelius Vanderbilt) მიერ გადაღებული პირველი ანტინაცისტური დოკუმენტური დრამა – Hitler’s Reign of Teror; ასევე ანტინაცისტური ფილმი – Professor Mamlock, რომელიც 1938 წელს საბჭოთა კავშირში მყოფმა გერმანელმა ლტოლვილებმა გადაიღეს.

Holy Sh*t: A Brief History of A Swearing, Melissa Mohr, Oxford University Press, 336p.

შეურაცხყოფის მოკლე ისტორია, მელისა მორი

როგორ შერაცხყოფდნენ ერთმანეთს სიტყვით გასულ საუკუნებში, რა ლექსიკა ჰქონდათ მათ და რა დარჩა თანამედროვე ეპოქაში ამ ლექსიკიდან? – თუკი საგინებელი სიტყვები შემოგელიათ, აუცილებლად უნდა გადახედოთ თანამედროვე ამერიკელი ავტორის, მელისა მორის ვრცელ დაკვირვებას, რომელიც წიგნის ბაზარზე სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გინება ხშირად სწორედ გაბრაზებულ ადამიანებს და კონფლიქტურ სიტუაციებს გვაგონებს, ადამიანების ურთიერთობის ეს ფორმა ერთგვარი კულტურული ისტორიაცაა იმის შესახებ, თუ რას მიიჩნევს კონკრეტული ერი სახიფათოდ, ხელშეუხებლად ან ტაბუდ. წიგნში მელისა მორი შეურაცხმყოფელ ტერმინებს ორ ჯგუფად ყოფს: ერთი, რომელიც ადამიანების დამცირებას და შერცხვენას ისახავს მიზნად და მეორე, რომელიც პირობის, ფიცის დადებასთან ასოცირდება. ლექსიკოლოგიურ ძიებას ავტორი ბიბლიური პერიოდიდან იწყებს, იმ დროიდან, როცა ფიცი და გინება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. წინარეისტორიულ კვლევას ავტორი თანამედროვე ეპოქასთან შედარებამდე მიჰყავს, რაც წიგნს კიდევ უფრო ღირებულს და საინტერესო წასაკითხს ხდის.

Ziggyology, Simon Godard, Ebury Press,

ზიგიოლოგია, საიმონ გოდარი

პოპმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და ორიგინალური ალეგორიის – ზიგი სტარდასტის (Ziggy Stardust) შესახებ დღეს ყველამ იცის, ყველაზე უკეთ კი ამის შესახებ დევიდ ბოუის მოყვარულებს მოეხსენებათ. ალეგორია შემდეგ ამბავს ეფუძნება: როკის ღმერთმა, რომელიც დედამიწაზე მანათობელი მეტალის სახით იშვა ვარსკვლავებისგან და ტრანსფორმაცია დევიდ ბოუის სხეულში განიცადა,  მუსიკოსის სახე მთლიანად შეცვალა. როდესაც ამ ამბავს ახსენებენ, მუდმივად ჩნდება ლოგიკური კითხვა: ვინ არის რეალურად ზიგი სტარდასტი, რომელსაც ბოუი ზოგჯერ თავისსავე თავში კლავდა? კითხვაზე პასუხის გაცემას ბრიტანელი ავტორი და მუსიკის კრიტიკოსი, საიმონ გოდარი, ამ ახალ წიგნში ცდილობს. ამისათვის მან “ზიგის” ფენომენი ძირფესვიანად შეისწავლა და პოპმუსიკის სუპერვარსკლავად აღიარებული დევიდ ბოუის ექსცენტრიკული სამყაროს ამოხსნა სცადა.

Money: Unauthorised Biography, Felix Martin, Vintage Digital, 336p.

ფული: აკრძალული ბიოგრაფია, ფელიქს მარტინი

რა არის ფული და როგორ მუშაობს ის რეალურად? – ეს ის მთავარი კითხვაა, რომელსაც წიგნის ავტორი ფულის შესახებ დაწერილ “ბიოგრაფიაში” წერს. პასუხის მიგნებაში თავად ფელიქს მარტინი გვეხმარება და წიგნის დასაწყისში ის კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ეპოზოდს იხსენებს: “მაშინ როდესაც, დასავლეთ ინდოეთში მცხოვრები ადამიანები ერთ დროს შაქარს იყენებდნენ, ვირჯინიელები თამბაქოს გაყიდვით ირჩენდნენ თავს, ხოლო ნიუფაუნდლენდელები გამომშრალი თევზეულით კმაყოფილდებოდნენ, დღეს ფინანსური სამყარო ბარტერის გზით ვითარდება”. რეალობიდან აღებული რამდენიმე ადამიანური ისტორიით ავტორი ცდილობს მკითხველი ნათლად გაარკვიოს ფულის არსსა და წარმომავლობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც ამ წიგნიდან მოდის, გახლავთ ასეთი: დღეს ფულმა იმდენად შეცვალა თანამედროვე ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის სისტემა, რომ ის ისეთივე მნიშვნელოვანი ღირებულება გახდა, როგორიც, მაგალითად, თავისუფლებაა.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box