ინგებორგ ბახმანი, რჩეული. მთარგმნელი ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანი. თბ. “კავკასიური სახლი” 2008.
გერმანულენოვანი ლიტერატურის თაყვანისმცემლებისათვის ინგებორგ ბახმანის სახელი უცხო არ არის, და თუ აქამდე ქართული თარგმანებით განებივრებულები არ ვყოფილვართ, ახლა ავსტრიელი მწერლის ქართულ ენაზე გამოცემული “რჩეული” გვაქვს ხელთ, რომელშიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხრობები, რადიოპიესები, რადიოესეები და ლექსებია თავმოყრილი. ინგებორგ ბახმანს მკითხველი იცნობს რომანებით “მალინა”, რეკვიემი ფანი გოლდმანს”, მოთხრობების კრებულით “ოცდამეათე წელი” და სხვადასხვა პოეტური კრებულებით. ქართულ თარგმანს თან აქვს დართული წინასიტყვაობა და ბიოგრაფიული თარიღები მწერლის შესახებ.
დანიელ პენაკი, “ძაღლი ძაღლი”. მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი. თბ. “აგორა” 2008.
დანიელ პენაკი თანამედროვე ფრანგულენოვანი ლიტერატურული სივრცის ერთ-ერთი საინტერესო ავტორია. საფრანგეთში საკმაო პოპულარობით სარგებლობს მისი საბავშვო წიგნებიც. ამჯერად ქართველ პატარებსაც ეძლევათ საშუალება, კიდევ ერთ საინტერესო ავტორს გაეცნონ – “ძაღლი ძაღლი” პენაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოებია. წიგნი ბავშვებს უამბობს სიკეთეზე, სათნოებაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე, ძაღლი ძაღლისა და მისი მეგობრების სახალისო თავგადასავლები პატარა მკითხველების ახალ არმიას შემატებს დანელ პენაკს.
ერიკ-ემანუელ შმიტი, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”. (რომანი). მთარგმნელი მერაბ ფიფია. რედაქტორი რუსუდან გორგაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
“ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” თანამედროვე ბელგიელი მწერლის მეორე ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა. შმიტი არც ამჯერად გაუცრუებს მკითხველს იმედს, პატარა ბიჭის თვალით დანახული ცხოვრება, მეგობრობა, სიყვარული, ნდობა, განცდილი ტკივილები და იმედგაცრუებები – ეს ის სამყაროა, რომელშიც მწერალი თავის პერსონაჟებს აცხოვრებს. შმიტი ცამეტი წლის მომოს ამბავს გვიამბობს, რომელიც მარტოდმარტო აღმოჩნდება ცხოვრების სირთულეების წინაშე და ამ ყველაფრის დაძლევაში მას ერთადერთი მეგობარი, არაბი იბრაჰიმი ეხმარება.
გივი ალხაზიშვილი, “ქორონიკონი 2007”. (ლექსები). თბ. “მერიდიანი” 2008.
გივი ალხაზიშვილი დღემდე ათზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია (“ღამეთა ფერფლი”, “აღმოცენება”, “სინათლე წვეთში”, “გაღწევის სურვილი” და ა.შ.), ამჯერად კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, პოეტის ახალ წიგნს გავეცნოთ, რომელშიც ავტორის ბოლო პერიოდში დაწერილი ლექსებია შესული. კრებულს სახელიც თემატური აქვს – “ქორონიკონი 2007”. თემატურადაა გადანაწილებული ლექსებიც – სხვადასხვა ციკლის მიხედვით: “დრონი”, “არითმია”, “ელეგიები”, “ქორონიკონი”. პოეზიის მოყვარულებს გივი ალხაზიშვილის ახალი წიგნის სახით საინტერესო საკითხავი ელით.
ლუიჯი პირანდელო, “განსვენებული მატია პასკალი”. (რომანი). მთარგმნელი მერი ტიტვინიძე. თბ. “ინტელექტი” 2008.
პიროვნების გაორება, ადამიანებისა და ცხოვრებისგან გაუცხოება, გამუდმებული არჩევანი კეთილსა და ბოროტს, ბნელსა და ნათელს შორის – ამჯერად იტალიელი კლასიკოსის, ლუიჯი პირანდელოს რომანში გაცხადებული, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ყველა დროისა და ეპოქის ადამიანურ პრობლემებზე. “განსვენებული მატია პასკალის” გარდა მკითხველი პირანდელოს სხვადასხვა პიესებითა და რომანებით (“მოხუცები და ახალგაზრდები”, “ერთი, არც ერთი და ასი ათასი”, “ტრიალებს”) იცნობს. ლუიჯი პირანდელო 1934 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში.
მარკო პოლო, “ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის”. მთარგმნელი ნოდარ ლადარია. რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “GAMS პრინტი” 2007.
იტალიელი მოგზაურის, მარკო პოლოს თავგადასავალი დღემდე რჩება მკითხველთა ფართო აუდიტორიის ინტერესის ობიექტად. მისი ჩანაწერების რამდენიმე ვარიანტია გავრცელებული, ახალ ქართული თარგმანისათვის კი ამჯერად მეთოთხმეტე საუკუნის ტოსკანური ვერსია შეირჩა, რომელიც ჯერ კიდევ მარკო პოლოს სიცოცხლეში, 1309 წელს შეიქმნა. წიგნს თან ახლავს მთარგმნელის, ნოდარ ლადარიას წინასიტყვაობა, რომელიც სრულ ინფორმაციას გვაწვდის იტალიელი მოგზაურის შესახებ, ასევე ისტორიულ პირთა და გეოგრაფიულ ადგილთა ანბანური საძიებელი.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box