ახალი ამბები

ახალი ამბები – 2008 – ივლისი

შვედური ლიტერატურული პრემია ავსტრალიელ ავტორს

ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართა. 2008 წლის ლაურეატი ავსტრალიელი მწერალი, სონია ჰართნეტი გახდა. ლიტერატურული პრემია ექვსი წლის წინ დაარსდა ცნობილი საბავშვო მწერლის საპატივცემულოდ, ჯილდოს გადაცემაში კი შვედეთის პრინცესა ვიქტორიამაც მიიღო მონაწილეობა. ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია 540 ათას ევროს მოიცავს, და იგი არა მარტო მწერლებს, არამედ მხატვრებს და სხვა საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწე პირებსაც გადაეცემათ, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში. წელს პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიაზე 115 ნომინანტი იყო წარდგენილი 61 ქვეყნიდან, თუმცა ჟიურიმ არჩევანი ავსტრალიელ მწერალზე შეაჩერა. სონია ჰართნეტმა პირველი წიგნი 15 წლისამ გამოსცა, დღემდე იგი 18 საბავშვო რომანის ავტორია.
კოლექტიური რომანი – ერთი ტექსტის 1070 ავტორი
რომანის დაწერა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ორმა ინდოელმა ავტორმა გადაწყვიტა, თავიანთი წიგნის თანაავტორად ათასამდე მკითხველი მიიწვიონ. ანუბჰავ ჯეინი და დჰრუვ ბჰუშანი აპირებენ, გამოსცენ რომანი, რომლის ავტორების რიცხვიც განუსაზღვრელი იქნება. ნაწარმოები ონლაინ-რეჟიმში შეიქმნება და ივნისის ბოლოსთვის უკვე გამოსაცემად მომზადდება. დღევანდელი მონაცემებით ავტორთა რიცხვმა უკვე 1070-ს მიაღწია, დაწერილია ნაწარმოების 25 თავი. როგორც წამოწყების ერთ-ერთი ინიციატორი, 24 წლის ავტორი ანუბჰავ ჯეინი ამბობს, წიგნის 70% უკვე მზადაა. ბჰუშანისა და ჯეინის როლი ძირითადად მოდერატორის ფუნქციებში გადანაწილდა – მათ თანაავტორებს სიუჟეტური ხაზი შესთავაზეს და თითოეულის ტექსტის მოცულობაც განსაზღვრეს – 300 ასო-ნიშანი. რომანში მოქმედება 2028 წელს ვითარდება, სადაც მძევლად აყვანილი ადამიანები თავიანთ ცხოვრებაზე ჰყვებიან.
ყველაზე ძვირადღირებული შერლოკ ჰოლმსი
არტურ კონან დოილის მოთხრობის, “ლედი ფრენსის კარფექსის გაუჩინარების” ხელნაწერი ლონდონის ანტიკვარულ წიგნთა გამოფენაზე გაიტანეს გასაყიდად. რელიკვიის ფასი ნახევარი მილიონი დოლარია. ხელნაწერი 1911 წლით თარიღდება და 28 გვერდს მოიცავს. კალიფორნიელი ბუკინისტი, მარკ ჰაიმი, რომლის მფლობელობაშიც იყო აქამდე ანტიკვარული ნივთი, მის ფასს გამართლებულად მიიჩნევს, და ამბობს, რომ ასეთი ხარისხის ხელნაწერისათვის უფრო დაბალი ფასი, უბრალოდ, სასაცილო იქნებოდა. ახლა კი, თუ დოილის მოთხრობა გაიყიდება, მაშინ ხელნაწერი ყველაზე ძვირადღირებულ ტექსტად აღინიშნება, რომელიც შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილა. წინა რეკორდი 1996 წლით თარიღდება, როდესაც ნიუ-იორკის აუქციონზე, “ოთხთა ნიშანი” 470 ათას დოლარად გაიყიდა.
ინდოელი მწერალი შიმშილობას აცხადებს
ინდრა სინჰამ, 2007 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულმა ავტორმა, ნიუ დელიში ბოპალის კატასტროფაში გადარჩენილთა მიმართ უყურადღებობის გასაპროტესტებლად შიმშილობის აქცია გამოაცხადა. მისი რომანიც (“Animal’s People”) სწორედ 1984 წლის ბოპალის ქიმიური კატასტროფის შედეგების მხატვრული ვერსიაა. ამჯერად კი მწერალმა უვადო შიმშილობა დაიწყო – მან საკვების მიღება 10 ივნისს შეწყვიტა. ინდრა სინჰა საფრანგეთში ცხოვრობს, ამჟამად კი იგი შეუერთდა ცხრა ბოპალელ აქტივისტს, რომლებიც ნიუ დელიში შიმშილობდენ. ამ აქტივისტთაგან შვიდი მომწამლავი აირებითა და წყლის დაბინძურებითაა დაზარალებული. 1984 წლის დეკემბერში, Union Carbide-ის პესტიციდების ქარხანამ ძლიერ ტოქსიური აირების ღრუბელი გაუშვა ცენტრალური ინდოეთის ქალაქ ბოპალის თავზე, რამაც 8,000 ადამიანი იმსხვერპლა, ნახევარი მილიონი კი დააზიანა. დღეს ეს ტერიტორია დაბინძურებულია და ეპიდემიის შედეგად დღითიდღე არაერთი ადამიანი ზარალდება. სინჰა მანამ აპირებს შიმშილობას, სანამ ინდოეთის მთავრობისაგან სათანადო ყურადღებას არ მიიპყრობს.
მადრიდის წიგნის ბაზრობა 75 წლისაა
მადრიდში მსოფლიოს ყველზე მასშტაბური წიგნის ბაზრობა გაიხსნა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება. ტრადიციის მიხედვით ბაზრობა ქალაქის ცენტრალური პარკის, “რეტიროს” ხეივანში იმართება. ამჯერად მადრიდის წიგნის ბაზრობამ სტუმართა და მონაწილეთა რეკორდული ციფრი მიიზიდა – 364 პავილიონი, 259 გამომცემლობა და წიგნის 119 მაღაზიაა წარმოდგენილი ესპანეთის დედაქალაქში. წლევანდელი ბაზრობის ფოკუსში იბეროამერიკული ლიტერატურაა, რომლის წარმომადგენლებადაც ესპანეთს “ახალი ტალღის” ათობით ლათინოამერიკელი მწერალი ესტუმრა. 2008 წელს მადრიდის წიგნის ბაზრობას 75 წელი უსრულდება, მისი გახსნის ცერემონიალი უკვე 67-ჯერ გაიმართა, მხოლოდ 1930-იანი წლების სამოქალაქო ომმა შეუშალა ხელი წიგნის ზეიმს.
ერნესტ ჰემინგუეის ლექსები 75 ათას ფუნტ სტერლინგად

ალბათ არსებობს სერიოზული მიზეზი, თუ რატომაა ჰემინგუეი უფრო განთქმული თავისი რომანებით, მოთხრობებითა და ჟურნალისტური წერილებით, ვიდრე მისივე პოეზიით. ახლა ამის გარკვევა ჰემინგუეის პირველი ამერიკული წიგნის ყველაზე ძველ გამოცემაში შეიძლება – ცხადია, ჰემინგუეი დიდი პოეტი არ ყოფილა. მან სულ ორი ლექსი მიაჩხაპნა 1925 წლის მოთხრობების კრებულის, “ჩვენი დროების” (“In Our Time”) პირველი გამოცემის ყდაზე თავისი მეგობრისა და თანამეინახის, ჯეკ კოულზისათვის (ეს ლექსები უხეში და მოუქნელი ენის გამო თავის დროზე გამოუქვეყნებელი დარჩა).
წიგნის ახანდელი პატრონი, მარკ ჰაიმი, აცხადებს: “ჩვენ აქ ტომას ელიოტის რანგის პოეტზე ნამდვილად არ ვსაუბრობთ. ეს ხელნაწერიანი წიგნი უბრალოდ ნათელს ფენს, თუ როგორ გრძნობდა თავს იმ დროს ჰემინგუეი, რომელსაც დეპრესია მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ასეთი განძი არსად მოიპოვება, კენედის ბიბლიოთეკაშიც კი. ჰემინგუეი ხომ იშვიათად აკეთებდა წიგნებზე ასეთ მინაწერებს.”
ჰაიმის განძი ახლა ლონდონის ანტიკვარული წიგნების ბაზრობაზე მიემგზავრება, როგორც ყველაზე თვალისმომჭრელი ექსპონატი – ამერიკელი კოლექციონერი ამ გამოცემას 75 ათას ფუნტ სტერლინგად აფასებს.

“ღვთაებრივი კომედიის” ხმა ფლორენციაში

ფლორენციის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში 450-მდე მკითხველი იღებს მონაწილეობას დანტე ალიგიერის “ღვთაებრვი კომედიის” საჯარო კითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული უკვე მესამედ ტარდება, წელს ფლორენციამ ტურისტთა ლამის რეკორდული რაოდენობა მიიზიდა. ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ლიტერატურული მარათონის მონაწილეთა რიცხვი მუდმივად იზრდება. საჯარო კითხვა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იმართება (Palazzo Medici, Piazza Pitti, Palazzo Medici, Palazzo Strozzi), მარათონში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა მომღერალმა, ლუჩიო დალამაც. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ მონიტორზე კი დანტეს ნაწარმოების ერთ-ერთი თეატრალური წარმოდგენის ჩანაწერი გადაიცემა.
“ულისეს” პირველი გამოცემა აუქციონზე
ნიუ-იორკის სავაჭრო სახლ “კრისტისში” 20-ე საუკუნის საკულტო წიგნის, ჯეიმს ჯოისის “ულისეს” ერთ-ერთი პირველი ეგზემპლარია გასაყიდად გატანილი. წიგნის ფასი 600 ათასი დოლარია. “ულისეს” პირველი 100 ეგზემპლარი 1922 წელს პარიზში გამოიცა, გამომცემლობა “შექსპირ და კომპანიაში” (“Shakespeare and Company”). გამოცემას თან ახლდა ავტორის ხელმოწერა. 600 ათას დოლარად შეფასებულ წიგნს კი რიგით ნომრად 90-ე აღენიშნება. “ულისე” პირველი გამოცემის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში აიკრძალა ცენზორების მიერ, მხოლოდ 1933 წელს გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი დაბეჭდვა ნებადართული, სამი წლის შემდეგ კი – დიდ ბრიტანეთში. ირლანდიაში კი, ჯოისის სამშობლოში, წიგნის გამოცემა ავტორის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, 1960 წელს დაუშვეს.
მწერალთა 18-ე საერთაშორისო ფესტივალი პრაღაში
პრაღაში მწერალთა მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა (18. Prague Writers’ Festival). ორგანიზატორებს შორის არის და ფესტივალს მთავარ მედია-პარტნიორობას უწევს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი. გარდა ამისა, ყოველ წელს ჩეხეთს ათობით მწერალი, პოეტი თუ ესსეისტი სტუმრობს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში 1968 წლის ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირის ცენზურაგამოვლილი ლიტერატურა იყო. ფორუმში მონაწილეობდნენ ხორვატი მწერალი სლავენკა დრაკულიჩი, ბრიტანელ-პაკისტანელი ავტორი ტარიკ ალი და გერმანელი პოეტი გიუნტერ კუნერტი. პრაღის მეთვრამეტე საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრნენ ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერი და ბუკერის პრემიის ლაურეატი, კანადელი მარგარეტ ეტვუდიც.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box