მეოცე საუკუნის ბრიტანელი პოეტის, ტედ ჰიუზის ქვრივმა, კეროლ ჰიუზმა, 500 ათას ფუნტ სტერლინგად ქმრის არქივი ბრიტანულ ბიბლიოთეკას მიჰყიდა. საქმე ეხება სხვადასხვა ფურცლებით, საბუთებით, წერილებითა და დღიურებით სავსე 224 ყუთს, რომლებიც კეროლს თავისი ქმრისაგან დარჩა. არქვის გადარჩევა და კატალოგის შედგენა 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება. თავად ჰიუზმა კი საკუთარი ხელნაწერების დიდი ნაწილი სიცოცხლეშივე მიჰყიდა ემორის ამერიკულ უნივერსიტეტს. პოეტი 1998 წელს გარდაიცვალა, მისი ლექსების უკანასკნელი კრებული “Birthday Letters” გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოიცა და ათი წლის განმავლობაში წიგნის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
ყოფილი პირადი დაცვა სალმან რუშდის წინააღმდეგ
ბრიტანული პოლიციის ყოფილი მუშაკები, რონი ევანსი და დუგლას ტომპსონი, რომლებიც 1990-იან წლებში სალმან რუშდის დაცვაში მუშაობდნენ, აღიარებენ, რომ მათ მემუარებში მწერალმა შესწორება შეიტანა. როდესაც რუშდი აგვისტოს დასაწყისში გაზეთში გამოქვეყნებულ წიგნის ფრაგმენტებს გაეცნო, გამომცემლობას შეურაცხყოფისათვის სასამართლო პროცესით დაემუქრა და შემდეგ არა თუ არასასურველი ადგილები შეცვალა ტექსტში, არამედ ავტორებს სხვა სათაურის მოფიქრებაც აიძულა. თავდაპირველად წიგნს ”მისი დიდებულების სამსახურში” ერქვა და რუშდის შესახებ რამდენიმე კომიკურ ისტორიას შეიცავდა. მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდი გვიამბობდა, თუ როგორ ჩაკეტეს ყოფილმა პოლიციელებმა პატივმოყვარე და ჭირვეული მწერალი სარდაფში, რათა მათ მშვიდად და აუღელვებლად დაელიათ ლუდი მეზობელ ლუდხანაში. გარდა ამისა, მოუვლელი გარეგნობის გამო წიგნის ავტორები რუშდის ”ფეთხუმად” მოიხსენიებდნენ. ”სატანური ლექსების” ავტორის მწარე მუქარის შემდეგ რონიმ და დუგლასმა მემუარების სათაური შეცვალეს – ახლა წიგნს ”ჩემი საოცარი ცხოვრება პირადი დაცვის ყველაზე სახიფათო ჯგუფში” ჰქვია და დამცინავი ეპიზოდებიც ამოღებულია. ცოტა ხნის წინ სალმან რუშდიმ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯისაგან ჯეიმს ჯოისის სახელობის პრემია მიიღო. “სატანური ლექსებისა” და “შუაღამის ბავშვების” ავტორმა განაცხადა, რომ არცერთ მწერალს ისეთი გავლენა არ მოუხდენია მასზე, როგორიც “ულისეს” ავტორს. 2008 წლის ზაფხულში რუშდი ”სუპერ ბუკერის” მფლობელიც გახდა – როგორც საუკეთესო რომანის ავტორი, რომელსაც კი ოდესმე ბუკერის პრემია მიუღია.
ჯორჯ ორუელის დღიური ინტერნეტ-სივრცეში
ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯორჯ ორუელის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჩანაწერები ბლოგის სახით ინტერნეტში გამოქვეყნდა. პირველი ჩანაწერი ვებ-სივრცეში 9 აგვისტოს გამოჩნდა – ზუსტად 70 წლის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ორუელმა ამ დღიურის წარმოება დაიწყო. ბლოგის ფუნქციას ორუელის სახელობის პრემიის საიტი შეითავსებს. მისი სახელობის ჯილდო კი პოლიტიკის შესახებ შექმნილ საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებს გადაეცემა. დღიური 1938-1942 წლებით თარიღდება, მასში აღწერილია მაროკოში მოგზაურობა ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ, ასევე შემდგომი დაბრუნება ბრიტანეთში. ”ეს არის 30-იანი წლების ომის დროს წინა ფრონტზე მყოფი თვითმხილველის ჩანაწერები – იმ ადამიანის, რომელიც მოწმე იყო უმუშევრობის, ფაშიზმის, კომუნიზმისა და მსგავსი უარყოფითი მოვლენების”, – ამბობს ორუელის პრემიის ორგანიზაციის დირექტორი, პროფესორი ჯინ სიტონი. ჯორჯ ორუელი 1950 წელს ლონდონში გარდაიცვალა, ფართო აუდიტორია მას იცნობს რომანებით ”ცხოველთა ფერმა” (1945) და ”1984” (1949).
ჟურნალისტიკა – გაბრიელ გარსია მარკესის საყვარელი პროფესია
”მარტოობის ასი წლის” ნობელიანტმა ავტორმა, 81 წლის გაბრიელ გარსია მარკესმა, ჟურნალისტურ საქმიანობას ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პროფესია უწოდა. ”ჟურნალისტები უბედნიერესი ადამიანები არიან, როდესაც სიუჟეტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, პროფესიულ მარგალიტებს მოიძიებენ, და ასევე ძალიან განიცდიან, როდესაც მასალების ნაკლებობის გამო მათი ნამუშევარი უღიმღამო და უფერული გამოდის”, – განუცხადა მწერალმა ქალაქ მონტერეის სტუდენტებსა და პრესას. როგორც ვიცით, თავად მარკესის დებიუტიც ლიტერატურაში სწორედ ჟურნალისტური საქმიანობით შედგა. კოლუმბიელი მწერლის ბოლო რომანი ”ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს” 2004 წელს გამოიცა, და 2006 წელს ავტორმა ერთ-ერთი ესპანური გამოცემის ინტერვიუში განაცხადა, რომ წერას აღარ აპირებს და მკითხველები მისი მემუარების მეორე ტომსაც ვერ იხილავენ (პირველი ტომი 2001 წელს გამოვიდა). თუმცა, მონტერეის პრესკონფერენციისას მარკესმა მკითხველს იმედი მისცა, რომ ახალ წლამდე წიგნზე მუშაობას დაამთავრებს. შეკითხვაზე, იქნება თუ არა ეს მისი უკანასკნელი წიგნი, მწერალმა ემოციური პასუხი გასცა: ”უკანასკნელი? არასოდეს!”
გარისა ლორკას საფლავს ექსჰუმაცია ელის
ფრედერიკო გარსია ლორკას ნათესავებმა თანხმობა განაცხადეს საძმო სასაფლაოს ექსჰუმაციაზე, სადაც 1936 წელს გრანადას მახლობლად ფრანკისტების მიერ მოკლულ პოეტთან ერთად ორი მატადორი და სკოლის მასწავლებელია დასაფლავებული. ამის შესახებ გაზეთ El Pais-ს ლაურა გარისა ლორკამ, მწერლის ძმიშვილმა ამცნო. აქამდე ოჯახი გვამების გაკვეთის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთ სანახაობად გადაიქცეოდა და დაღუპულთა გვამები პატივისცემას იმსახურებდნენ. თუმცა, ამჯერად საძმო სასაფლაოს გათხრა ლორკასთან ერთად დაკრძალული მასწავლებლის, დიასკორო გალინდოს შვილიშვილმა, ნევეს გალინდომ მოითხოვა. მას სურს დარწმუნდეს, რომ მისი წინაპარი სწორედ ამ ადგილას არის დასაფლავებული.
ნდობით აღჭურვილი ელექტრონული სპილო
ამერიკის უნივერსიტეტების დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება მიიღო, თავიანთი ციფრული ბიბლიოთეკები დიდ ელექტრონულ წიგნსაცავად გააერთიანონ, რომლის სახელწოდებაც სიმბოლურად HathiTrust იქნება. ბიბლიოთეკის სახელი რეიდარ კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟის, სპილო ჰათჰის საპატივცემულოდ იქნა შერჩეული. ამჟამად HathiTrust-ის არქივი 78 ტერაბაიტს შეიცავს, რასაც 731 მილიონი ელექტრონული გვერდი შეესაბამება. კატალოგების შესაგდენად Google-ის საძიებო სისტემის დახმარება გახდა საჭირო. HathiTrust-ში წიგნის მოძიება და მისი ციფრული ვერსიის წაკითხვა ნებისმიერი ინტერნეტ-მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მილან კუნდერა – ყოფილი ჯაშუში
ჩეხეთის ტოტალიტარული რეჟიმის შემსწავლელი ინსტიტუტის ერთ-ერთმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომ 1950 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი მილან კუნდერა პოლიციის ჯაშუში იყო. არქივებში მოძიებულია საბუთი, რომელიც ააშკარავებს, რომ 1950 წლის 14 მარტს კუნდერამ პოლიციას ინფორმაცია მიაწოდა თანაკურსელის შესახებ, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური გადატრიალების შემდეგ გერმანიაში გაქცეულ მიროსლავ დვორჟაჩეკს დაუნიშნა შეხვედრა. დვორჟაჩეკი კი დასავლეთის სპეცსამსახურის მიერ იყო მივლინებული ჩეხეთში. კუნდერას დასმენის შედეგად მიროსლავი ციხეში ჩასვეს და პატიმრობის 22 წელი მიუსაჯეს. თუმცა, 1963 წელს გაათავისუფლეს და იგი დღემდე შვედეთში ცხოვრობს. კუნდერამ ლიტერატურული პოპულარობა 60-იან წლებში მოიპოვა, როდესაც პირველი რომანი და მოთხრობების კრებული ”სალაღობო ტრფობანი” გამოაქვეყნა. მწერალი თავს კომუნისტ-რეფორმისტად ასაღებდა და ალექსანდრა დუბჩეკის მხარდამჭერი იყო, დუბჩეკის ჩამოგდების შემდეგ კუნდერამ დისიდენტთა რიგებში გადაინაცვლა და მალე, 1975 წელს, ჩეხეთი დატოვა. 1981 წელს მწერალმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, სადაც დღემდე განაგრძობს ცხოვრებას და მოღვაწეობას.
ბუკერის პრემიის 2008 წლის ლაურეატი გამოვლინდა
ინდოელი ავტორის, არავინდ ადიგას რომანი ”თეთრი ვეფხვი” ბუკერის პრემიის ჟიურიმ 2008 წლის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებად დაასახელა. დაჯილდოების ცერემონიის მსვლელობისას, რომელიც ლონდონში გაიმართა, ჟიურის თავმჯდომარემ, მაიკლ პორტილომ, მხურვალედ მიულოცა 33 წლის ლაურეატს წარმატება და თანაც აღნიშნა, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ჟიურის წევრებს შორის გამარჯვებულის შერჩევისას უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ”თეთრი ვეფხვი” ადიგას სადებიუტო რომანია. მის გარდა ნომინანტთა სიაში კიდევ ერთი დებიუტანტი – სტივ ტოლცი იყო. არავინდ აგიდა, სტივ ტოლცი, სებასტიან ბარი, ლინდა გრანტი, ამიტავ გოში, ფილიპ გენშერი – ასე გამოიყურებოდა ბუკერის პრემიაზე ნომინირებულ ავტორთა სია, რომლის მიღმაც სალმან რუშდი და ჯონ ბერგერი დარჩნენ. ადიგა მადრასში დაიბადა, შემდეგ კი სახოვრებლად მუმბაიში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან უნდოდა, მწერალი გამხდარიყო, და ახლა მისი ოცნება ახდა. ინდოელი მწერალი ბენ ოკრის, 1991 წლის ლაურეატის, შემდეგ ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ბუკერის პრემია მიიღო – მისი წინამორბედი მასზე ერთი წლით უმცროსი იყო.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“