ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2008 – ოქტომბერი

Philip Roth
“Indignation”
ფილიპ როთი
“სიბრაზე”
256 გვ, Houghton Mifflin
მათთვის, ვინც უკვე იცნობს ფილიპ როთის შემოქმედებას, მწერლის ახალი რომანი კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია. თუ აქამდე როთის რომანებში განვითარებული მოქმედება რეალობის თანადროული იყო, ამჯერად ერთგვარ ისტორიულ რომანთან გვაქვს საქმე, რომელიც 50-იანი წლების ამერიკაზე, მაშინდელი ახალგაზრდობის ცხოვრებასა და სექსუალურ რევოლუციაზე გვიამბობს. მთავარი პერსონაჟი, მარკუს მესნერი, ტრადიციულ ებრაულ ოჯახში იზრდება, თუმცა, ოჰაიოს კოლეჯში სწავლის გაგრძელება მისთვის აქამდე ჩანერგილი ტრადიციებისა და არაერთი ტაბუს რღვევის დასაწყისი გახდება. როგორ ირჩევდნენ ახალგაზრდები ცხოვრების სტილს, როგორ იმსხვრეოდა იდეალები და როგორი იყო ამერიკელი ხალხის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ეტაპი – ეს ყველაფერი როთის ახალ რომანში ელოდება მკითხველს.

William Sutcliffe
“Whatever Makes You Happy”
უილიამ სატკლიფი
“რაც კი გაბედნიერებს”
304 გვ, Bloomsbury

უილიამ სატკლიფი სასიყვარულო ექვსკუთხედზე გვიამბობს, რომელშიც, არც მეტი, არც ნაკლები – დედები და შვილები არიან გარეულნი. დანიელი, პოლი და მეთი, 30 წლამდე ახალგაზრდები, ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, და მათი მშობლებც უკვე დიდი ხანია, მეგობრობენ. თუმცა, დედებს უჭირთ იმის გაგება, რომ ბიჭები კარგა ხანია აღარ არიან ბავშვები, რომ დროთა განმავლობაში მათი გაუცხოება მშობლებთან – ეს კანონზომიერია. “რაც კი გაბედნიერებს” სატკლიფის მეხუთე რომანია. თაობებს შორის ფსიქოლოგიური პრობლემები, ლონდონში ცხოვრების ყოველდღიურობა და მოქნილი იუმორი – მწერლის სავიზიტო ბარათია.

Paul Auster
„Man in the Dark“
პოლ ოსტერი
„კაცი სიბნელეში“

192გვ, Henry Holt and Co.72 წლის აუგუსტ ბრილი ავტოკატასტროფის შემდეგ თავისი ქალიშვილის სახლში გადის სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსს. ღამით, როცა მას ძილი არ ეკარება, საკუთარ თავს ძველ ისტორიებსა და ამბებს უყვება, ფაქტებს, რომლებსაც სიამოვნებით დაივიწყებდა და წაშლიდა თავისი წარსულიდან. დასავიწყებელი კი ბევრი აქვს – მეუღლის დაღუპვა, უფროსი ქალიშვილის შეყვარებულის მკვლელობა, ამერიკის ისტორიის ტრაგიკული მოვლენა – 11 სექტემბერი და ერაყის დაბომბვის გამო სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ქვეყანა. პოლ ოსტერის ახალი რომანი ადამიანის აქტიურ და პასიურ ცხოვრებას შორის ზღვარზე გვატარებს, და ხანდახან პერსონაჟთან ერთად მკთხველსაც უჭირს გარჩევა, სად არის სინამდვილე და სად – წარმოსახვა.
Uwe Tellkapm
„Der Turm“
უვე ტელკამპი
„სასახლე“
972გვ, Suhrkamp

საუბრები ლიტერატურაზე, კლასიკური მუსიკა, ინტელექტუალური თემების ირგვლივ აზრების გაცვლა-გამოცვლა – ეს ის ცხოვრებაა, რომელიც დრეზდენის მოქალაქეების არისტოკრატულ ნაწილს ერთ მშვენიერ დღეს თავზე ენგრევათ. როდესაც ქალაქში კრიზისი იწყება, საზოგადოების წინაშე დილემაა – მოიქცნენ ადეკვატურად და თვითგადარჩენაზე იზრუნონ, თუ ეს ყველაფერი დროებით ღამეულ კოშმარად ჩათვალონ და გამოფხიზლებას დაელოდნონ. უვე ტელკამპის ახალი რომანი სოციალისტური წყობის ნგრევაზე, სოციუმის ფსიქოლოგიურ ძვრებზე გვიამბობს. მწერალი 2004 წლის ინგებორგ ბახმანის პრემიის ლაურეატია.

Irvine Welsh
“Crime”ირვინ უელში
“დანაშაული”
320გვ, Jonathan Cape

შეიძლება თუ არა, ადამიანს მივცეთ გამოსწორების შანსი, ან რამდენად ახლოსაა რეალობასთან აზრი, რომ პიროვნება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, უარი თქვას ცხოვრების ჩვეულ წესზე. ირვინ უელში თავისი ახალი რომანის მთავარ გმირს, რეი ლენოქსს, საშუალებას აძლევს, კრიმინალისა და სექსუალური მოძალადის ცხოვრება რიგითი ადამიანის ყოველდღიურობით შეცვალოს, თუმცა რამდენად შეძლებს ამას წიგნის პერონაჟი, რომანის ბოლომდე ამოცანად რჩება. მკითხველი ირვინ უელშს უკვე იცნობს მისთვის ჩვეული სკანდალური და უცნაური თემატიკით რომანებიდან “Trainspotting”, “The Acid House”, “Marabou Stork Nightmares” და ა.შ.
Yasmina Khadra
“Ce Que le Jour Doit a la Nuit”
იასმინა ჰადრა
“დღე ღამის როლში‘‘
413გვ, Julliard

ალჟირელი გოგონა, იანესი, მხოლოდ ცხრა წლის იყო, როდესაც მამამ განათლების მისაღებად საფრანგეთში მცხოვრებ მდიდარ ფარმაცევტ ბიძას მიაბარა. მართალია, თავიდან გოგონას გაუჭირდა უცხო გარემოსთან ადაპტაცია, მაგრამ ასაკთან ერთად გამოცდილება, გარეგნული სილამაზე და მომხიბვლელობაც მოემატა, თაყვანისმცემლებიც შეიძინა და, ერთი შეხედვით, ბედნიერად გრძნობდა თავს. თუმცა, მაინც ვერ შეძლო, ბოლომდე დაევიწყებინა მშობლიური ქალაქი, რომლის მოგონებას ხანდახან ცრემლებამდეც მიჰყავდა ხოლმე. ფრანგულენოვანი ალჟირელი მწერლის, იასმინა ჰადრას რომანები მსოფლიოს 14 ენაზეა ნათარგმნი, ჰადრა 20-მდე წიგნის ავტორი და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელია.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
Facebook Comments Box