ზვიად რატიანი, ნეგატივი, ლექსები. თბ. “დიოგენე”, 2009.
ამ წიგნს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული, ისევე, როგორც მის ავტორს – თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე და გამოკვეთილი წარმომადგენელი. მისი ლექსები გულგრილს არავის ტოვებს, ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვისაც ლექსის გემო ესმის. მკითხველი მოუთმენლად ელის მის ყოველ წიგნს. ბოლო გამოცემა ოთხი პოეტური კრებულის ერთგვარი შეჯამებაა – ლექსები, რომელთაც ავტორი გულმოდგინედ ხშირავს. “ბოლოსწინა ლექსები” (2009), “ღია და ფარული მიძღვნები” (2008), “გზები და დღეები” (2005) და “ჯიბის ჰაერი” (2000) ერთ-ერთი ლექსის სათაურით გააერთიანა. “ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” – ასე ჰქვია 2008 წელს დაწერილ, რომელიც თაობის აღსარებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ნეგატივის, ანუ უკუღმა ხედვის პრინციპით შეკრა ზვიადმა სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ლექსები.
დათო ტურაშვილი, მეცამეტე, თბ. “სიესტა”, 2009.
“მიუხედავად იმისა, რომ მეც ვარ ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი და წერისას ვიყენებ პერსონალურ კომპიუტერს, დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, წიგნს, როგორც ადამიანის მთავარ სულიერ და გონებრივ საზრდოს, ვერაფერი შეცვლის” – წერს დათო ტურაშვილი თავისი ბოლო, მეცამეტე წიგნის ბოლოთქმაში. მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი თარს რიცხვად ითვლება და ზოგიერთ ქვეყანაში სახლების ნუმერაციისას ამ ციფრს საერთოდ ტოვებენ, ავტორმა ახალ კრებულს “მეცამეტე” დაარქვა და იმედოვნებს, რომ სათაური მკითხველს არ დააფრთხობს. ეს კრებული ისეთივე მსუბუქი, ლაღი და საინტერესოა, როგორც დანარჩენი თორმეტი. მასში ავტორის ძველი და ახალი, დოკუმენტური და მხატვრული პროზის ნიმუშები შევიდა. პირადად მე განსაკუთრებით მხიბლავს ის უშუალო და ძალდაუტანებელი იუმორი, რომელიც დათო ტურაშვილის ნაწერებში მუდმივად იგრძნობა. ასევე, ოპტიმიზმი, რომელიც ყველაზე “მძიმესიუჟეტიან” ტექსტშიც კი ამხნევებს მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ თავს მწერალს არ უწოდებს და მთხრობელის სტატუსით შემოიფარგლება, უდავოა, რომ დათო კარგი მთხრობელია, რომელსაც მკითხველის ბოლომდე “ჩათრევა” შეუძლია. მართალია, სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის დიდი ლიტერატურა, მაგრამ ფაქტია, რომ მის ნაწერებს ერთგული მკითხველი წლების განმავლობაში არ მოჰკლებია. წინამდებარე კრებული სწორედ მათ ეძღვნებათ.
თემო ჯავახი, “ქვე-ყანა ქვე-ბზე”, ლექსები, რედაქტორი: შოთა იათაშვილი, თბ. საგამომცემლო სახლი “სახე(ლ)ები”, 2009.
მათ, ვისთვისაც ლექსი მხოლოდ კარგად გარითმული სტრიქონებია, ან უკიდურეს შემთხვევაში, შინაარსჩაქსოვილი ვერლიბრი, თემო ჯავახის პოეზია სიტყვათა გაუგებარ თამაშად, ან სულაც ბგერებში გაბნეულ აბდაუბდად შეიძლება მოეჩვენოს. ასეთებს ვერც გაამტყუნებ, მათთვის პოეზია გარკვეული ჩარჩოა, საიდანაც არასოდეს გადიან, თემო ჯავახის მსგავსი ადამიანებისათვის კი პოეზია სწორედაც რომ ჩარჩოების მსხვრევა და პირობითობებისგან თავის დაღწევის მცდელობა. თაობა, რომელსაც თემო ჯავახიშვილი, იგივე თემო ჯავახი მიეკუთვნება, ასპარეზზე გასული საუკუნის 80-90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება. კარლო კაჭარავა, დავით ჩიხლაძე, თემო ჯავახიშვილი – ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ტრადიციულ სამწერლო ენას ნოვატორული ძიებები დაუპირისპირეს და ახალი სუნთქვა შემოიტანეს თანამედროვე პოეზიაში. თემო ჯავახი მხატვარია და ეს მის პოეზიაშიც იგრძნობა. მასთან ბგერა ხან გრაფიკული გამოსახულების ფორმას იღებს, ხან წყვეტილ ფრაზებში “იმალება,” საბოლოო ჯამში კი მხოლოდ ამ ავტორისთვის დამახასიათებელ პოეტურ სახეებად გარდაიქმნება. კონკრეტული ვიზუალური მინიმალისტური პოეზია – ასე განმარტავს თავად ავტორი თავის სიტყვა-ობიექტებს, რომელთაც სამი ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა (1981-2009). ეს სიტყვები დღეს მკითხველს ელოდება, სიახლეებისა და არაორდინარული აზროვნების მქონე მკითხველს, ვისთვისაც თემო ჯავახის შემოქმედებაში “ვნებების, განცდების, ნაფიქრის, დანახულის საოცრად დიდი სამყაროა ჩატეული. უბრალოდ, ამ სამყაროს უნდა თვალთვალი… და დანახვა…”
ოსნე საიეშტადი, “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე,” მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე, რედაქტორები: ნინო გოგალაძე, მარინა სოხაძე, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.
ოსნე საიეშტადი ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილებიდან გაკეთებული სიუჟეტებით გაითქვა. ამ ქალბატონის პროფესიული ხიბლი იმაშია, რომ იგი არ გვთავაზობს მშრალ რეპორტაჟებს და მოვლენათა გადმოცემისას კონკრეტული ადამიანების ბედით ინტერესდება. როგორც ჩანს, ჟურნალისტურთან ერთად, მასში მწერლის პოტენციალიც უხვადაა, სწორედ ამის დასტურია “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”, წიგნი, რომელიც რეალურ ფაქტებს ეფუძნება. ქაბულელი წიგნით მოვაჭრე, სულთან ხანი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ავტორმა ტაჯიკეთიდან ავღანეთში ჩასვლისას გაიცნო. იგი ქაბულში მშვენიერ წიგნის მაღაზიას ფლობდა. სწორედ ეს მაღაზია გახდა მათი რეგულარული შეხვედრების ადგილი. ერთ დღეს ხანმა ნორვეგიელი ჟურნალისტი შინ ვახშამზე დაპატიჟა და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი გააცნო. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ სტუმარმა გარკვეული დროით დარჩენა და იქაურთა ცხოვრების აღწერა გადაწყვიტა. განსაკუთრებით მძიმე იყო ქალების მდგომარეობა, რომელთაც აღმოსავლურ სამყაროში ფაქტობრივად, არაფრის უფლება არ ჰქონდათ. ოსნე საიეშტადის ობიექტივში გამორჩეულად სწორედ ადგილობრივი ქალების ცხოვრების წესი, მათი განცდები და სქელი ჩადრის მიღმა დაფარული შინაგანი სამყარო მოექცა.
თურმუდ ჰაუგენ, Zeppelin, თარგმნა დათო აკრიანმა, თბ, “”ნექტარი”, 2009.
“უხილავი ბავშვისა თუ ბავშვობის იდეა მკაფიოდ იკვეთება თურმუდ ჰაუგენის თხზულებებში, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული საბავშვო ლიტერატურისგან. მწერალი არასოდეს ქადაგებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალს და არც “ბავშვობის დაკარგულ სამოთხეს” აიდეალებს. ფრთხილად გამოაქვს დღის სინათლეზე ბავშვობის ტკივილების ბნელი, დაფარული ძაფები და გვიჩვენებს, თუ რაოდენ ახლოა ეს ძაფები სიხარულის ოქროს ძაფებთან” – ვკითხულობთ ამ უცნაური წიგნის შესავალში. თურმუდ ჰაუგენი (1945-2008) ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია, თუმცა, ამ წიგნის მიხედვით ძნელია დაეთანხმო ამგვარ ფორმულირებას. და მართლაც, ის არ არის ტიპური ავტორი, ჯადოსნური ამბებითა და ზღაპრული სამყაროთი რომ იპყრობს პატარა მკითხველის ყურადღებას. უფრო მეტიც, მისი წიგნები მხოლოდ მოზარდებისთვის არაა განკუთვნილი. აქ წაშლილია ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას, ისევე, როგორც ბავშვისა და მოზრდილის სამყაროს შორის. ჰაუგენის სამწერლო დებიუტი 1973 წელს შედგა. მისი წიგნები 24 ენაზეა თარგმნილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “ღამის ჩიტები”, 1975 წელს დაწერილი რომანი, რომელსაც ყველაზე ხშირად თარგმნიან. Zeppelin – 1976 წელს დაიწერა. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არაფერია ნათქვამი ამ შესანიშნავ როკ-ჯგუფზე, “ჰაუგენის უკეთილშობილეს თხზულებას მაინც გამუდმებით თან სდევს მათი მუსიკის და, უწინარეს ყოვლისა, ამ უკანასკნელის აკუსტიკურ ხმოვანებათა მშვენიერი აჩრდილი.”
“თავისუფლების დღიურები” 2009, შემდგენლები: მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე, რედაქტორი: ცისანა ნიკოლაიშვილი, თბ, 2010, “პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა”.
რამდენიმე წელია არაერთი მსმენელისთვის საყვარელი რადიო “თავისუფლება” ორიგინალურ პროექტს ახორციელებს. საზოგადოებისთვის საინტერესო სახეები მთელი წლის განმავლობაში, თითოკვირიანი შუალედით დღიურებს აწარმოებენ, რომელიც შემდეგ რადიოეთერში იკითხება, მოგვიანებით კი ბეჭდურ ვერსიადაც გამოდის. სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, პროფესიისა და კონფესიის, სქესისა და სოციალური წარმოშობის ადამიანები ცდილობენ, მეტნაკლებად გულახდილნი იყვნენ მკითხველის წინაშე. სწორედ გულახდილობაა ის ძირითადი “სატყუარა,” რაც მკითხველს მისთვის კარგად ნაცნობი ან თუნდაც შედარებით უცნობი ადამიანის ცხოვრებაში ჩახედვისკენ უბიძგებს. კრებულში შესული 52 ავტორიდან ზოგი მსგავს ჩანაწერებს ადრეც აკეთებდა, ოღონდ შემდეგ ბუხარში წვავდა, ზოგისთვის ეს დღიურის წერის პირველი მცდელობაა, ზოგიერთისთვის კი საზოგადოების წინაშე თავმოწონებისა და დადებითი კუთხით წარდგენის მორიგი მცდელობა. ნებისმიერ შემთხევაში ამ ადამიანების გამბედაობა, სააშკარაოზე გამოიტანონ თავიანთი ცხოვრება, დასაფასებელია. პირადად მე დღიურების დიდი ნაწილი უშუალოდ რადიოეთერში მაქვს მოსმენილი, თუმცა წიგნად აკინძული გაცილებით მოსახერხებელია და დიდი ინტერესითაც იკითხება. საბედნიეროდ, საქართველოში საინტერესო ადამიანებს რა დალევს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, პროექტი დიდხანს გაგრძელდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები, “ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში 1939-1945 წლები”, მთარგმნელი გიორგი ანთელავა, რედაქტორები: ზაზა აბზიანიძე, თამაზ ჯოლოგუა, თბ, 2009, “ინტელექტი”.
“გახსენება 1939-1945-ის შავი წლებისა, რომლებიც საფრანგეთის ქართველებმა ფრანგების გვერდით გაატარეს, თაობათა შორის დიალოგის დაწყებას ისახავს მიზნად” – წერენ წიგნის შესავალში მისი ავტორები, ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები. იმ წლებში მთელი მსოფლიო გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები, რომელთაც ფრანგული “წინააღმდეგობის მოძრაობაში” ღირსეული ადგილი დაიკავეს. ამ ადამიანთა ნაწილის ბიოგრაფიას საქართველოში მეტნაკლებად იცნობენ, უმეტესობის შესახებ კი არაფერი, ან ძალზე მწირი ინფორმაცია გვაქვს. როგორც შესავალში ფრანგი ქართველოლოგი, ბერნარ უტიე წერს, ეს წიგნი პირველ რიგში ქართველებს სჭირდება: “გაბატონებული იდეოლოგიის გამო საქართველოში არ იცოდნენ არც ქართველი ემიგრანტების ომში მონაწილეობისა და არც იმ ტყვე ქართველების შესახებ, რომლემაც შეძლეს ტყვეობიდან გაქცევა და “წინააღმდეგობის” მოძრაობას შეუერთდნენ”. არჩილ ციციშვილი, ოთარ ჯაყელი, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი ამილახვარი, სერგი წულაძე და ბევრი სხვა სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ცალკე დგას ორი მღვდელმსახური – მამა გრიგოლ ფერაძე, რომელიც მოგვიანებით ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მამა ელი (ილია) მელია, რომელთაც ათასობით ტყვე გადაარჩინეს სიკვდილს. თუმცა, მათ გვერდით იყვნენ ქართველებიც, კერძოდ კი, თხუთმეტამდე ადამიანი შალვა ოდიშარიას მეთაურობით, ე.წ. “ქართული გესტაპო,” რომელნიც გერმანელების დავალებით საშინელებებს სჩადიოდნენ. საბედნიეროდ, ასეთები უმცირესობაში იყვნენ და ვერ მოახერხეს გადაეფარათ პატრიოტ ქართველთა თავგანწირვა. ეს წიგნი თვითმხილველთა მიერ მოწოდებულ ცნობებსა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით არის დაწერილი და წარმოგვიდგენს ქართული ემიგრაციის ცხოვრების სურათს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა XX საუკუნის ევროპული ისტორიის კატაკლიზმები.
სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი, “წერილები “ოსმალოს საქართველოზე”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ლელა ქურდაძემ და გოჩა საითიძემ, თბ. “არატანუჯი”, 2008.
XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს მისი ერთ-ერთი უდიდესი კუთხე, მესხეთი და მისი პროვინციები ჩამოაცილა. დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა გურჯისტანის ვილაიეთი, იგივე ახალციხის საფაშო, რომელშიც ისტორიული მესხეთის უდიდესი ნაწილი გაერთიანდა. მას შემდეგ, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე, ამ ტერიტორიის აღწერა თითქმის არავის უწარმოებია. ქართველ მეცნიერებს ისტორიულ სამშობლოს მოწყვეტილი მიწის შესწავლის შესაძლებლობა კარგა ხანს არ ეძლეოდათ. ვითარება გარკვეულწილად XIX საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეიცვალა. ქართველებს “ოსმალეთის საქართველოს” მონახულებისა და იქ არსებული ვითარების შესწავლის საშუალება მიეცათ. ამ პერიოდში ადგილობრივ პერიოდიკაში ხშირად იბეჭდებოდა პუბლიკაციები აღნიშნულ თემატიკაზე. ერთ-ერთი ქართველი მოღვაწე, რომელმაც “ოსმალეთის საქართველოს” არაერთი წერილი მიუძღვნა, იყო სოლომონ ასლანიშვილი (“ბავრელი”). მისმა ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მესხეთისა და ქართველი მაჰმადიანების ისტორიის შესწავლის საქმეში. წიგნში სწორედ მის მიერ მოძიებული მასალა იბეჭდება.
ნანა კობაიძე
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“