ლელა სამნიაშვილი ”ფრაქტალები”, გამომცემლობა ”სიესტა”, თბილისი, 2010.
”ფრაქტალი გეომეტრიული ობიექტია არასწორი, ტეხილი ან ფრაგმენტული ფორმით, რომელიც წარმოქმნილია განმეორებადი სტრუქტურით, როგორც წესი, იტერაციის პროცესში.” ეს ვიკიპედიური ცნობა მკითხველს უფრო გაუადვილებს ლელა სამნიაშვილის წიგნის ”ფრაქტალების” აღქმას. ეს ლექსები სწორედ ასეთი გეომეტრიული სიმეტრიულობით (თუ ასიმეტრიულობით) შექმნილი პოეტიკაა, სინამდვილის დანაწევრების, მონტაჟისა და ხელახლა აღდგენის ტექნიკით შექმნილი პოეტური დეტალები. ენობრივი პოეზიის ელემენტები და ზოგადად ენობრივი ექსპოზიცია ავტორს, დიდწილად, ბრიტანულ პოეზიასთან ანათესავებს. ლელა სამნიაშვილი ლიტერატურულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ავტორია, ამ წიგნით კი მის მკითხველებს მორიგი კარგი, მწყობრი პოეზიის კითხვის შანსი ეძლევა.
ნუგზარ ზაზანაშვილი ”ცის ლექსები”, თბილისი, ”საარი”, 2010.
”ცის ლექსები” არატრადიციული ლექსების წიგნია. სიტყვა ”არატრადიციული” ამ შემთხვევაში, არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ფორმალურად არაკონვენციურია, თემის გააზრების, ენობრივი თვითდესკრიპციის ”არაქართული” სისტემა აურჩევია ავტორს, რაც წიგნს მხოლოდ ინტერესს ჰმატებს, მომზადებული მკითხველის ინტერესს. ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორი კარგად იცნობს მოდერნისა და პოსტავანგარდის ნიმუშებს, რომლებიც საკუთარ პოეტურ გამოცდილებად უქცევია. ეს არ არის მკითხველთა დიდი მასისთვის განკუთვნილი პოეზია, მას მხოლოდ მცირე ნაწილი წაიკითხავს. ასე რომ, სანამ ყიდვას დააპირებთ, კარგად დაფიქრდით, მკითხველთა რომელ ნაწილს მიეკუთვნებით.
იონა მეუნარგია ”თხზულებანი”, ტ. I, თბილისი, ”არტანუჯი”, 2010.
იონა მეუნარგიას მიერ ”დაწერილი ბიოგრაფიები გრიგოლ ორბელიანის, მამია გურიელის და სხვების შესახებ ნამდვილი შედევრია არა მარტო ბიოგრაფიების წერის, არამედ მხატვრული კრიტიკისაც”, – წერდა ტიციან ტაბიძე ჟურნალ ”ბახტრიონში”. ”არტანუჯის” მიერ გამოცემული იონა მეუნარგიას ”თხზულებანის” პირველი ტომი სქელტანიანი წიგნია, რომელიც მნიშვნელოვან წარმოდგენას შეუქმნის მკითხველს როგორც გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გიორგი ერისთავისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის, ასევე, თავად ავტორის შესახებ, ვინაიდან აქვეა ავტობიოგრაფიული თხზულებაც, სადაც იონა მეუნარგია თავისი ცხოვრების საკვანძო დეტალების შესახებ ყვება. ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში წასულს ცოდნასთან ერთად, საინტერესო მოგონებებიც გამოჰყოლია, როგორიცაა, თუნდაც, ვიქტორ ჰიუგოსთან შეხვედრა. ოდნავ არქაული ენა, მეცხრამეტე საუკუნისათვის სახასიათო ენობრივი შტრიხები უფრო საინტერესოს, გაუზვიადებელსა და დამაჯერებელს ხდის ავტორების ბიოგრაფიას.
ვანო ჩხიკვაძე ”სადღაც, ნისლების ბოლოში”, თბილისი, ”ინტელექტი”, 2010.
ვანო ჩხიკვაძის მორიგი პროზაული კრებული ”სადღაც, ნისლების ბოლოში” ჟანრობრივად ძნელი მოსახელთებელია. აქ არის როგორც ნოველები, ისე მოთხრობები, მინიატურები, პოეტური პროზის ცალკეული ნიმუშები… არა მხოლოდ ჟანრის თვალსაზრისით, არამედ შინაარსობრივადაც საკმაოდ მრავალფეროვანი წიგნია, გამოცდილი ავტორი არ ღალატობს მისთვის დამახასიათებელი აკადემიური, დინჯი და ამავდროულად, ემოციით გაჯერებული თხრობის სტილს.
”100 ლექსი – ახალგაზრდა პოეტები”, თბილისი, ”ინტელექტი”, 2010.
”100 ლექსის” სერიის ფარგლებში მორიგი საინტერესო კრებული გამოჩნდა, რომელიც თავს უყრის თანამედროვე ლიტერატურულ სივრცეში მეტ-ნაკლებად ცნობილ ყველა ახალგაზრდა პოეტს. კრებულის ეკლექტურობა ბუნებრივიცაა – განსხვავებულ სტილში ”მომუშავე” ავტორები, კონვენციური და თავისუფალი ლექსები, განსხვავებული მიმართება სამყაროსთან და სიტყვასთან. როგორც წინასიტყვაობის ავტორი, კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე აღნიშნავს: ”ამ თაობას ვერ დასწამებ არაგულწრფელობას – პოლიტიკური კონიუნქტურისადმი ანგარიშგაწევას, პროპაგანდისტულ ტენდენციურობას.” კრებულში 30 წლამდე ასაკის 33 ავტორის ლექსებია შესული.
სტეფანი მეიერი ”ბინდის საგა – ახალი მთვარე”, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010
სტეფანი მეიერი მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მწერალია. რომანების სერია ”ბინდი” მის შემოქმედებით პიკად იქცა. ერთი სიტყვით, ”ბინდი” თინეიჯერების საყვარელი, რომანტიკული, გასართობი ტექსტია. მეიერის ეს სერია საერთაშორისო ბესტსელერია, 37 ენაზეა ნათარგმნი და დაახლოებით, 100 მილიონ ეგზემპლარამდეა გაყიდული. მართალია, ე.წ. სერიოზულ ლიტერატურად არ ითვლება და თვით სტივენ კინგმაც, არც მეტი, არც ნაკლები, ”უნიჭო” უწოდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: მეიერი თანამედროვე ახალგაზრდების კერპია, მან იცის მოზარდების ფსიქოლოგია, ინტერესის სფეროები და მარკეტოლოგის პედანტობით აგრძელებს მათი გულების მონადირებას. რაც, რა დასამალია და, ბრწყინვალედ გამოსდის.
ჯერალდ დარელი, ”ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები”, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009
ჯერალდ დარელი წარმოშობით ინდოელი ავტორია. პროფესიით ბიოლოგმა მწერალმა ე.წ. კორფუს ტრილოგია მთლიანად თავის ბავშვობას მიუძღვნა. კორფუ ის კუნძულია, სადაც ავტორმა ბავშვობა გაატარა და სწორედ აქედან გამოყოლილი მოგონებების ლამაზი კრებულია ეს წიგნი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამჟამად გთავაზობთ კორფუს ტრილოგიის ერთ ნაწილს ”ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები”, რომელიც ისევე, როგორც სხვა ორი წიგნი, მთლიანად ავტობიოგრაფიული ელემენტებითაა გაჯერებული. თხრობის დინამიური მანერა, დახვეწილი იუმორი, თვითირონია და არაგამაღიზიანებელი სენტიმენტურობა… ეს ყველაფერი კარგად საკითხავ ლიტერატურად ხდის მას.
თამო ხოსიტაშვილი ”ლეგენდა ბობ მარლი”, თბილისი, ”სიესტა”, 2010
იამაიკელი შემსრულებელი და კომპოზიტორი ბობ მარლი მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი გიგანტია, მუსიკალური ჟანრი ”რეგეი” ბობ მარლის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. 70-იან წლებში მის მუსიკას მძაფრი სოციალური და პოლიტიკური დატვირთვა ენიჭებოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შავკანიანების ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძოდა. ”ჩემი მუსიკა მუდამ იარსებებს. ალბათ უხერხულია ჩემგან ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ფაქტია – ჩემი მუსიკა მარადიულია!” ეს ბობ მარლის სიტყვებია, რომლითაც მან თავისი შემოქმედება აღწერა და რომელიც თამო ხოსიტაშვილის ბიოგრაფიულ წიგნს ”ლეგენდა ბობ მარლი” ერთვის. ბობ მარლის თაყვანისმცელებისატვის ეს წიგნი ძალიან დიდი შენაძენი იქნება, მათ საშუალება აქვთ, მშობლიურ ენაზე წაიკითხონ თავიანთი კერპის ბიოგრაფიული დეტალები, მსხვილმან-წვრილმანები.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“