პოეზია (თარგმანი)

მაია ანჯელოუ – ლექსები

maya-angelou

ქარდა ქარდუხის თარგმანი

კაცები

როცა პატარა ვიყავი, ხშირად
ფარდის მიღმიდან ვუმზერდი როგორ
დააბიჯებდნენ აღმა-დაღმა გზაზე კაცები.
მთვრალი კაცები. ბერიკაცები.
მდოგვივით მწარე ახალგაზრდები.
შეხედეთ ერთი. კაცები მუდამ
სადღაც მიდიან.
იციან მე რომ იქ ვარ. თხუთმეტი
წლის და ვშიმშილობ მათი ყურებით.
ჩემი ფანჯრის ქვეშ, ჩერდებიან,
მხრებს იჩეჩავენ ქალიშვილების
ძუძუებივით,
ქურთუკის ბოლო ეტყაპუნებათ
უკან,
კაცები.

ერთ მშვენიერ დღეს მოგიმწყვდევენ
ხელის მტევნებში ნაზად, თითქოსდა
უკანასკნელი თოთო კვერცხი იყო ამ ქვეყნად.
შემდეგ მოგჭყლეტენ. როგორც პატარას. მშვენიერია
პირველი სრესა. ჩქარი ძლიერი.
სასიამოვნოდ შემოჭრილი უმწეობაში. ცოტაც და მეტი.
იწყება ტკენა. გამოგლეჯილი
ღიმილი შიშს რომ გარს ასტრიალებს. როცა ჰაერი
უჩინარდება,
თქვენი გონება ფეთქდება, სკდება მძვინვარედ, წყვეტით,
სამზარეულოს ასანთის თავის მსგავსად. ჩაშლილი.
ეს არის შენი წვენი რომელიც
მის ფეხებს მოსდის. თხუპნის ფეხსაცმელს.
როდესაც მიწა უბრუნდება საკუთარ წესრიგს,
და ენა ცდილობს დაიბრუნოს გემოს შეგრძნება,
როცა სხეული იხურება მიჯახუნებით. სამარადჟამოდ.
ვერცერთი კლიტე ვეღარ გააღებს.

შემდეგ ფანჯარა იგმანება
გონების მიღმა. სწორედ იქ სადაც,
ფარდა ირწევა და კაცები დააბიჯებენ.
რაღაცის ცოდნა.
გამგზავრება რაღაც ადგილას.
მაგრამ მე ახლა
მხოლოდღა ვდგევარ
და ვიმზირები.

ალბათ.

 

უარყოფა

უსაყვარლესო,
სხვა რომელ ქვეყნად
ან სიცოცხლეში
ვიგრძნობ შენს ტუჩებს,
შენს ხელისგულებს,
შენს ვაჟკაცურად თავხედურ
სიცილს.
იმ უსამანო სიტკბოს, რომელსაც
მე ვაღმერთებდი.
რა არის იმის საწინდარი
რომ კვლავ შევხვდებით,
სხვა ქვეყანაში
მომავალის უსაზღვრო დროში.
ჩემი სხეულის სულსწრაფობა
ჩამოვიშორე.
ვერ შევძლებ სიკვდილს
ვიდრე ერთხელაც
უცაბედად საამო შეყრის
იმედს არ მომცემ.

 

 

შავკანიანთა მოდგმის აღთქმა

რადგანჩვენ ჩვენი წინაპრები გადავივიწყეთ,
ჩვენი შვილები უკვე პატივს არ მოგვაგებენ.
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების გზებს ვერ მივხედეთ
მუხლმოყრილებმა რომ გაჰკვალეს ეკალ–ბარდებში,
ჩვენი შვილები საკუთარ გზას ვერ პოულობენ.
რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების ღმერთი გავდენეთ,
ჩვენი შვილები ვერ ლოცულობენ.
რადგანჩვენ ჩვენი წინაპრების არ მოგვწვდა მოთქმა.
შვილებს არ ესმით ჩევნი ტირილი
რადგან ჩვენ ჩვენი მშობლების სიბრძნე ქარს გავატანეთ,
გზაარეული ჩვენი შვილები
გზაარეულებს აჩენენ შვილებს
რადგანმივეცით დავიწყებას, როგორ გვიყვარდეს,
კარიბჭეს მტერი მოადგა უკვე,
და ჩაგვახედა სარკეში სადაც ჰყვირის სამყარო
„სიძულვილის სამადლობელი“
ამიტომ დავდეთ აღთქმა ერთურთს ჩავჭიდოთ ხელი
რომ ჩავეკონოთ ჩვენს თავმდაბლობას,
რომ ვუერთგულოთ ჩვენს სიმარტოვეს
რომ უმეცრება ჩვენი გავფანტოთ,
რომ დავაპუროთ ჩვენი შიმშილი,
რომ შევიმოსოთ დაკონკილი სიშიშვლე ჩვენი,
რომ ჩავიდინოთ მხოლოდ სიკეთე,
იმის შეგრძნებით რომ გაცილებით მეტი ვართ ვიდრე
მხოლოდ მეურვე ძმების და დების,
ჩვენ თვითონა ვართსაკუთარი ძმები და დები.
ღირსმისაგებლადმათთვის ვინაც უფლისთვის იღვწის
და ადიდებს ოქროს ენებით,
მადლმისაგებლად იმავე ღმერთის
ვინაც დაგვტოვა ჩვენ უიმედო და ცარიელი,
ჩვენ დავდეთ აღთქმა.

აღვსდგები ისევ

თქვენ ძალგიძთ წარსულს რომ მიმათვალოთ
ყალბი წუხილით, უგულოდ, მყისვე;
თქვენ ძალგიძთ ჭუჭყში გადამიძახოთ,
მაგრამ მტვერივით,
აღვსდგები ისევ.

ჩემი სიმკვეთრე გამწარებთ ასე?
რატომ შეგიპყროთ დაღვრემილობამ?
ნავთობივით რომ ვიჭრები გარეთ
თქვენ რად გაყენებთ ნეტა ჭრილობას?

როგორც მზე, ანდა როგორაც მთვარე
აღარ რომ წყვეტენ დინებას წრისებრ,
ვით იმედები ზეცას მიმწვდარი,
აღვსდგები ისევ.

გინდათ მიხილოთ გადამსხვრეული?
თავჩაღუნული დახრილი მზერით?
მხრებჩამოყრილი, ცრემლების მსგავსად,
დასუსტებული მოთქმით და კვნესით.

დიდსულოვნება მოქმედებს თქვენზე?
აღარ ჩამითვლით საშინლად მძიმედ–
სიცილს, რომ მიგავს ეზოს კუთხეში
ოქროს საბადოს მფლობელს და მხილველს.

თქვენ შეგიძლიათ რომ სიტყვით დამჭრათ
მზერით დამტოვოთ დანადაგები,
თქვენ შეგიძლიათ ზიზღით გამგმიროთ–
მე – ჰაერივით,
ისევ აღვსდგები.

ვნებიანობა გაწუხებთ ჩემი?
გაოცებთ ისე კარგად რომ ვცეკვავ,
თითქოსდა მქონდეს მარგალიტები
ჩემს შეტყუპებულ მუხლისთავებთან?

ისტორიული ქოხმახიდან უმწეო კდემის
აღვსდგები ისევ
წარსულისაგან ტანჯვაში რომ ჩაზრდია ფესვი
აღვსდგები ისევ
ვარ ოკეანე, მოღრიალე შავი და ვრცელი
მოკაზმული და შემოსილი მიქცევ–მოქცევით.

მცხოვრები შიშში შეყუჟული ღამის საფარველს
აღვსდგები ისევ
საოცრად სუფთა ღამისა და დღის გასაყარზე
აღვსდგები ისევ
მექნება ჯილდოდ წინაპართა ნიჭის ლებანი ,
მე ვარ მონების იმედი და ნაოცნებარი.
აღვსდგები ისევ
აღვსდგები ისევ
აღვსდგები ისევ.

© „ლიტერატურაცხელიშოკოლადი

Facebook Comments Box