ზურაბ ლეჟავა, “უხურდავებელი მონეტა”, მოთხრობები, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2010.
გასული წელი ზურაბ ლეჟავასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ჯერ იყო და მისი წიგნი – “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” ლიტერატურულ კონკურს “გალას” გამარჯვებული გახდა, მერე მოთხრობა “მაცივარი სექსისა წილ” ილინოისის ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ “საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულში” შევიდა, წლის ბოლოს კი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კიდევ ერთი კრებული გამოსცა, რომელსაც ამჯერად წარმოგიდგენთ. “უხურდავებელი მონეტა” კრებულის მთავარი მოთხრობაა, რომელიც ზურაბ ლეჟავამ 2010 წელს დაწერა. მასში ავტორისთვის სახასიათო იუმორითაა აღწერილი პროფესორ კუზანოვის მიერ ტრანსსექსუალი მამაკაცის სხეულიდან შექმნილი ორი არსების – ტასოსა და მისი კლონის, ვასოს ისტორია. “წყვილს” ერთმანეთი შეუყვარდება და დაქორწინების უფლების მოსაპოვებლად ბენილუქსში გასამგზავრებას გადაწყვეტს, რისთვისაც ფული სჭირდება. ამ მიზნით ტასო და ვასო შავი მაგიის მაგისტრები ხდებიან, რათა შემდეგ ქვესკნელიდან გამოძახებულ მაჯლაჯუნას შავი კატის სანაცვლოდ უხურდავებელი მონეტა დასცინცლონ. მთავარი სიუჟეტის ფონზე მოთხრობაში თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა მთელი არმია გაიელვებს, ძირითადად, გაშარჟებულ-იუმორისტული სახით. საერთოდაც, ეს მოთხრობა მთლიანად ერთი დიდი შარჟია – ცრურწმენების, ცრუფასეულობებისა და ცრუიდეალების წინააღმდეგ მიმართული. კრებულში ხუთი მოთხრობაა შესული.
ბესო სოლომანაშვილი, “რეისი ლონდონი-ზუზუმბო”, მოთხრობები, თბ, დიოგენე, 2010
პირველი მოთხრობა, რომლითაც ბესო სოლომანაშვილი მკითხველმა გაიცნო და მწერლების წრეშიც დააფასეს, იყო “კონტრაბანდისტები”.Aმისი გადამუშავებული ვერსია ავტორმა ამ წიგნშიც შეიტანა. მისი ავტორობით ორი პროზაული კრებული გამოიცა: “კონტრაბანდისტები” და “ზამორა.” ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამავე სახელწოდების ვრცელი მოთხრობის, “ზამორას” გამო, რომელიც გასული საუკუნის მიწურულის ტაბუდადებულ თემებს ასახავდა. “რეისი ლონდონი-ზუზუმბო” ბესო სოლომანაშვილის მესამე წიგნია, რომელიც მწერლის სამ ახალ და ერთ ძველ მოთხრობას აერთიანებს. კრებულის ცენტრალური ოპუსი, რასაკვირველია, “რეისი ლონდონი-ზუზუმბოა,” ვრცელი მოთხრობა, რომელიც ზუზუმბოზე მცხოვრები კახელი მევლუდასა და თუში არჩილას ლონდონური “ვოიაჟის” ამბავს გვიამბობს. ერთს – შვილის ავადმყოფობა, მეორეს მატერიალური პირობები აიძულებს აიბარგონ მადლიანი კახეთიდან და ინგლისის დედაქალაქში არალეგალურად იმუშაონ. მიუხედავად იმისა, რომ უსამშობლოოდ უჭირთ, თავის გატანას ასე თუ ისე ახერხებენ, ვიდრე აღდგომის ერთ მზიან დღეს ქართული ტრადიციები არ “შემოუტევთ” და ლონდონელი ბატკნის დაკვლას გადაწყვეტენ. როგორ დასრულდება ეს სევდიანი, თუმცა იუმორით მოყოლილი ამბავი, წიგნიდან შეიტყობთ.
შოთა ჩანტლაძე, “100 ლექსი”, შემდგენელი ჯარჯი ფხოველი, თბ, ინტელექტი, 2010
გამომცემლობა “ინტელექტი” “100 ლექსის” სერიას განაგრძობს. ამჯერად შოთა ჩანტლაძის ლექსებს გვთავაზობს. ეს პოეტი ბოლო წლებში ზოგმა ხელახლა წაიკითხა, ზოგმა უბრალოდ, აღმოაჩინა, ყველა ერთად კი მიხვდა, რომ საქმე ჰქონდათ ნამდვილ პოეტთან, რომელმაც ნაადევად დატოვა წუთისოფელი. პოეტის სიცოცხლეში მისი ლექსები არ დაბეჭდილა, არც ხმამაღლა წაკითხვა უყვარდა. შოთა ჩანტლაძის პირველი წიგნი – “წავიდა თოვლი” 1971 წელს გამოსცა მუხრან მაჭავარიანმა. მეორე, შედარებით სრულყოფილი – “თენდება, ღამდება” კი 1984 წელს – ემზარ კვიტაიშვილმა. მან ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში ჩაუყარა საფუძველი სამოცდაათიანების პოეზიის განუყოფელ ნაწილს – ვერლიბრსა და ირონიულ-პაროდიულ ნაკადს, თუმცა მისი ლექსები კარგა ხანს დარჩა შეუმჩნეველი. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ხელოვანი ადამიანები ეხვია, ლიტერატორთა და სტუდენტთა ვიწრო წრის გარდა მის პოეზიას თითქმის არავინ იცნობდა.
პაატა ქურდაძე, “ფსიქოდელიური ქრონიკა 2009”, წიგნი გამოცემულია ასოციაცია Moulin de P.-ს მიერ, თბ. შპს “თობალისი,” 2010,
“პაატა ქურდაძე – მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი. დაიბადა საქართველოში, ქალაქ თბილისში 1958 წელს. 1991 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში” – ეს ის მწირი ინფორმაციაა, რასაც “ფსიქოდელიური ქრონიკის” ავტორის შესახებ წიგნის გარეკანზე ვკითხულობთ. უფრო ვრცლად კი მასზე თავად გამოცემიდან შეიტყობთ. პაატა ქურდაძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ (უფრო სწორად, ნაკლებად იცნობდნენ ამ წიგნის გამოსვლამდე). მარტო იმიტომ არა, რომ ოცი წელია პარიზში ცხოვრობს. მაინცდამაინც აფიშირებული არც მაშინ იყო, როდესაც თბილისში მყოფი მეგობრებთან ერთად “რეაქტიული კლუბის” შემოქმედებას ქმნიდა. იმ პერიოდში მისი მეგობრები – კოტე ყუბანეიშვილი და ირაკლი ჩარკვიანი უფრო ჩანდნენ. პაატა ქურდაძის ლექსებსაც ხშირად მათ მიაწერდნენ. ამას არც განიცდიდა – მთავარი იყო “რეაქტიკოსთა” კონცეფცია მიეტანათ მკითხველამდე, თუმცა საბოლოოდ ვერც ეს ოცნება აიხდინა და 90-იანი წლების დასაწყისში პარიზში რამდენიმე თვით წასული, იქაურობას ორ ათეულ წელიწადს შემორჩა. ფრანგულ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში “ყურებამდე ჩაფლული” საქართველოს არ ივიწყებს და მიუხედავად ფიზიკური შორსმყოფლობისა, ქართულ სინამდვილეს არ წყდება. მეტიც, ცდილობს ბოლომდე ჩაყვეს თითოეულ ფაქტსა თუ მოვლენას, ჩაწვდეს მათ არსს და ძირისძირობამდე გაანალიზოს თანამედროვე ქართულ ყოფაში არსებული პრობლემები. წიგნში საუბარია 2009 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა პარალელურად ბოლო ორი ათწლეულის საქართველოს ისტორიაც არის მიმოხილული. “ფსიქოდელიური ქრონიკა” წლის განმავლობაში მომხდარ თითქმის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან სოციალ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენას ეხმაურება. ავტორი სვამს მწვავე შეკითხვებს, რომლებმაც ნიჰილიზმისა და უნიათობის ჭაობში ჩაფლულ ქართულ საზოგადოებაზე სილის გალაწუნებასავით უნდა იმოქმედოს, თუმცა, რამდენად რეალური იქნება შედეგი, მომავალი გვიჩვენებს.
თამარ ბარბაქაძე, “ლირიკის ჟანრები”, რედაქტორი: ირმა რატიანი, თბ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010.
თამარ ბარბაქაძის ეს ნაშრომი ლირიკის უმთავრეს ჟანრებს: ოდას, ჰიმნსა და ელეგიას ეთმობა. ტერმინი “ლირიკოს” პირველად ელინისტური ეპოქის ცნობილმა ფილოსოფოსმა ფილოდემუსმა გამოიყენა თავის თხზულებაში, რომელშიც პოეზიას კომიკურად, ტრაგიკულად და ლირიკულად ყოფს. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ამ ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. დღეს “ლირიკა” გულისხმობს ლექსის ფორმით დაწერილ ყველა მცირე ნაწარმოებს, რომელშიც პოეტის განცდები და ემოციაა გადმოცემული. ლირიკის, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი გვარის გამოყოფა მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხდა, თუმცა მისი საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია დღემდე არ არსებობს. ლირიკის უმთავრესი ჟანრების გარდა ნაშრომში განხილულია ლირიკული ციკლის განვითარების ეტაპები, ლირიკული გმირისა და ავტორის ურთიერთმიმართების პრობლემა, “გრაფიკული” და “კომბინატორული” ლექსი. ასევე გაანალიზებულია სამეცნიერო ნოვაციები ლირიკის თეორიაში.
რევაზ ლომინაძე, “რუსული მართვა-გამგებლობა საქართველოში”, რედაქტორი ფარნაოზ ლომაშვილი, თბ. ემ-პი-ჯი, 2011
მიუხედავად ამ თემაზე დაწერილი არაერთი ნაშრომის თუ მონოგრაფიისა, რუსული მართვა-გამგებლობა ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ გააზრებულ-დამუშავებული ჯერ კიდევ არ არის. მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების პროცესი, ცვლილებები მმართველობაში 1840 წლის რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ, საქართველოს მართვა-გამგებლობის მიმართ რუსეთის მმართველ წრეებში არსებული წინააღმდეგობის არსი, საქართველოში რუსი მოხელეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა და სხვ. ზედაპირულად და ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებულადაა გაშუქებული. რევაზ ლომინაძე ამ ნაშრომში ქართულ და რუსულ საარქივო წყაროებში აღმოჩენილ ახალ მასალებს ამზეურებს. ეს კი საფუძველს გვაძლევს ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებულად დავინახოთ და სწორად გავაანალიზოთ ისინი. მონოგრაფიაში დეტალურადაა მიმოხილური საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების პროცესი, მისი სტრუქტურა, ხასიათი და ევოლუცია, ადმინისტრაციული რეფორმისთვის მზადება, განსაზღვრულია საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციული პოლიტიკა 1801-1844 წლებში. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებითა და ზოგადად, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.
ნიკოლო მაკიაველი, “მთავარი”, იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010.
სერია “სამხედრო ბიბლიოთეკა” სპეციალურად სამხედრო პირებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი ეგიდით გამოცემული წიგნები ამ სფეროს წარმომადგენელთა გარდა სხვებსაც დააინტერესებს. მაგალითად, პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია იტალიური რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელზე, ისტორიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლო მაკიაველზე; ადამიანზე, რომლისთვისაც მიზანი ამართლებს საშუალებას. “მთავარი” მაკიაველის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ისტორიის ანალიზის ნაყოფია, რომელიც 1532 წელს, მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გამოიცა. ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობების მმართველთა აზროვნებაზე. მაკიაველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გულისხმობს, კრიტიკულ სიტუაციაში არ შეიძლება ეფუძნებოდეს ისეთსავე მორალს, როგორც კერძო ურთიერთობებში. მორალით სარგებლობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია, რადგან ასეთ დროს მმართველმა შეიძლება დაკარგოს ყველაფერი: საკუთრება, თავისუფლება, მოქალაქეების სიცოცხლე – რისი უფლებაც მას არა აქვს. ნაშრომში გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრებაა, მათ შორის ლაშქრის შერჩევისა და მოწყობის, მმართველობის ფორმების, დაპყრობილი ქვეყნების მართვისა და სხვათა შესახებ. მკითხველი ასევე გაეცნობა ბაჩანა ბრეგვაძის წერილს, სადაც მთარგმნელი საკუთარ შეხედულებას გვთავაზობს მაკიაველის პიროვნებასა და მის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით.
ვაცლავ ჰაველი, “გთხოვთ, მოკლედ”, თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა, რედაქტორი: ნათია ნაფეტვარიძე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010.
თქვენ წინაშეა გამოჩენილი ჩეხი მოღვაწის, ესეისტის, დრამატურგის, დისიდენტისა და წარსულში ორი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ავტორმა 2006 წელს დაწერა. იგი ჟანრის კლასიკურ ჩარჩოებში ვერ თავსდება და ეს არც არის გასაკვირი, თუ ავტორის მრავალმხრივი შემოქმედების არაორდინარულობას გავითვალისწინებთ. გამოცემაში აღწერილია ვაცლავ ჰაველის მოღვაწეობა ხავერდოვანი რევოლუციიდან (1989) 2003 წლამდე – როდესაც მისი მეორე ვადით პრეზიდენტობა დასრულდა. წიგნი სამ დამოუკიდებელ ჟანრს მოიცავს: პასუხებს ჟურნალისტ კარელ ჰვიჟძალას შეკითხვებზე; .ჰაველის მიერ მისი აპარატის, კანცელარიისა და სხვა პირებისადმი წერილობით გაცემულ ბრძანებებს, თხოვნებს, დავალებებს და ვაშინგტონში ხანგრძლივი ვიზიტისას დაწერილ დღიურს, რომელიც მიკროესეების კრებულის სახეს ატარებს. სამივე ჟანრი ენაცვლება ერთმანეთს (ხანდახან ერთ გვერდზე სამივე გვხვდება), რაც ნაწარმოებს ექსპრესიულობას ანიჭებს და საინტერესოდ საკითხავს ხდის. ავტორი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მთავრობასთან ურთიერთობაზე, პარტიებისა და საზოგადოების როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოს როლზე მსოფლიოში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებლად დაინტერესებს ქართველ მკითხველს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“