ახალი ამბები,  ახალი წიგნები,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

ბეკეტის სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი ფრანგი ავტორის სადებიუტო რომანში

თეკლა არჩვაძე

ირლანდიური კულტურითა და ლიტერატურით მრავალწლიანი დაინტერესების, ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში სიარულისა და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ახალგაზრდა ფრანგმა რადიოპროდიუსერმა, მეილის ბესერმა გადაწყვიტა, დაეწერა რომანი, რომელიც სემუელ ბეკეტის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდს აღწერდა და სიბერის სევდანარევ, მისტიკურ და მარტოსულ მხარეებს ამ უნიკალური და გამორჩეული ირლანდიელი მწერლის თვალთახედვიდან დაგვანახებდა. წიგნის სახელი „Le Tiers Temps“, რაც ცხოვრების პირობითად მესამე და საბოლოო ეტაპთან ასოცირდება, პარიზის იმ კერძო, მოხუცებულთა სახლის სახელწოდებაცაა, სადაც ბეკეტმა ცხოვრების ბოლო რამდენიმე თვე გაატარა. მწერლის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ “ბაშმილის” ვისკით ხელდამშვენებული მისი მეგობრები ბეკეტის ახალი საცხოვრებლით ზედმეტად აღშფოთებულები იყვნენ და ხშირად აკეთებდნენ კიდეც კომენტარს მისი და ამ ადგილის სრულ შეუსაბამობასა თუ დერეფანში ტელევიზორის წინ მსხდომ, საზიზღრად მშვიდ, მომცინარ მოხუცებზე, რომელთაც ავტორის ოთახში შემოსვლამდე აწყდებოდნენ. მეგობრებისაგან განსხვავებით, მწერლისთვის თავის ახალ, ერთი შეხედვით, უფერულ თუ შეუფერებელ სახლს ისეთი უცნაური და უჩვეულო სიმყუდროვე დაჰყვებოდა, რომლის შეგრძნებაც მხოლოდ აქაურ მაცხოვრებლებს თუ შეეძლოთ. ხის პატარა ავეჯი, ჩუმი ეზო, გრძელი ფარდები და თარო, რომელზეც ოსკარ უაილდისა და ნორა ჯოისის ბიოგრაფიებთან ერთად დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიაც“ ედო, დროთა განმავლობაში ბეკეტის მარტოსულობის მშვიდ და მელანქოლიურ ბუდედ გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მეილის ბესერის მიზანი სემუელ ბეკეტის სულიერი წიაღსვლების ზედმიწევნით აღწერა არ ყოფილა, მან ერთ-ერთი ყველაზე ძნელად შესაცნობი შემოქმედის თვითირონიით გაჟღენთილი შეგრძნებების წარმოჩენა მაინც საინტერესოდ მოახერხა.  პროფესიით რადიოპროდიუსერმა ხმებსა და ფონეტიკას რომანში საკმაოდ დიდი და საგულისხმო მნიშვნელობა მიანიჭა.  თავდაპირველად მკითხველს ბეკეტის შინაგანი მონოლოგი და მისი ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჩაესმის, რომ მოხუცებულთა სახლში ყოფნა წერის უსასრულო პროცესს წააგავს. სწორედ ამ პერიოდში ქმნის ის თავის უკანასკნელ ნაწარმოებს, სადაც პერსონაჟი ან, უფროსწორად, მისივე ალეგორია, ოთხ კედელში ზის და დროდადრო საკუთარ ორეულს უყურებს. საყურადღებოა, რომ ნაწარმოების გარდა, ბეკეტი გონებაში არამატერიალურ დღიურს, მოკლე ავტობიოგრაფიულ რომანსაც წერს, რომლის განუსაზღვრელი რაოდენობის ფურცლებს საკუთარი მოგონებების კასკადითა და წარსულის ფრაგმენტებით ავსებს.  შეიძლება ითქვას, რომ იგი თავად ხდება პერსონაჟი – როგორც ბესერის, ისე თავისივე ტექსტისაც, სადაც მოქმედება დასასრულის ჩუმად მომლოდინე, უცნაური ადამიანების გარემოცვაში ვითარდება. მისი ახალი კარის მეზობლები გროტესკის ცოცხალი, ნელი ნაბიჯებით მოსიარულე გამოხატულებები არიან, ირლანდიელი ავტორი კი თვითონვე ენაცვლება ძველი შემოქმედების უჩვეულო, მუდამ სახსრების პრობლემებითა და თვითფრაგმენტულობით შეწუხებულ  გმირებს.

ბეკეტის გარდა, მეილის ბესერის რომანიდან მწერლის მომვლელი ექიმების მშვიდი და აუღელვებელი ხმებიც მოისმის. ნაჯა – მთავარი ექთანი, სამედიცინო ტერმინებით გადმოსცემს სემუელის ფიზიკურ მდგომარეობას, მის თავაზიანობასა და დამოუკიდებლობის დაუოკებელ სურვილს, ხოლო სილვია, ნაჯას თანაშემწე, მარტივად აღწერს ბეკეტის მიერ მისაღები საკვების ჩამონათვალს, რაც ძირითადად სოკოს წვნიანით, დაქუცმაცებული თევზითა და ბოსტნეულის პიურით შემოიფარგლება. როგორც მათი ჩანაწერებიდან ირკვევა, პაციენტი არასოდეს ეკარება საკვებს, არ ერთვება სახლის სხვა მაცხოვრებლებთან ერთად დაგეგმილ ჯგუფურ ღონისძიებებში და დროს მარტო, ახლო-მახლო ადგილებში სეირნობასა და საკუთარ ოთახში რაგბის თამაშების ყურებაში ატარებს. ის არ ერიდება არც ალკოჰოლისა თუ სიგარეტის მიღებას, რითიც პერიოდულად თავისი სტუმრები და ძველი მეგობრები ამარაგებენ.

და მაინც, პაციენტად ქცეული მწერლის, პერსონაჟად გარდაქმნილი ავტორის მდგომარეობის დეტალური აღწერით,  ერთი შეხედვით, არაფრისმთქმელი, მშრალი სამედიცინო ტერმინებითა (რაც, სხვათაშორის, ბეკეტისთვის უცხო არასოდეს ყოფილა) თუ შიდა და გარე დამკვირვებელს შორის არსებული მძაფრი კონტრასტით, მეილის ბესერს კიდევ უფრო ღრმად შევყავართ ირანდიელი შემოქმედის ფარულ, მრავალშრიან განცდებში, სადაც შავი იუმორი და ბეკეტისეული თვითირონია დაბატონობს. სწორედ აქ, მისი მოგონებების კორიანტელში ცოცხლდება 1938 წლის თავდასხმა, ახალგარდაცვლილი ცოლი და ჯეიმს ჯოისის სახლში გატარებული საღამოები, რითიც ახალგაზრდა ავტორი მყარ ლიტერატურულ დიალოგს მართავს როგორც საკუთარ, ასევე ბეკეტის ცხოვრებაში არსებულ, ორ უმთავრეს ქვეყანას – ირლანდიასა და საფრანგეთს შორის და ხორცს ასხამს მწერლის ბილინგუალიზმსაც, რაც ინგლისური და ფრანგული ენების ფონეტიკურ, მუსიკალურ თამაშსა და რიტმებში გამოიხატება. ზოგიერთი კრიტიკოსს აზრით, ეს რომანი მისწრებაა მათთვის, ვინც ნუგეშსა და თავშესაფარს ფრანგული ენის შესაძლებლობებში ეძებს და ეთანხმება ბეკეტის ფრაზას, რომ „სიტყვები ფიქრთა შესამოსელია.“

2020 წელს მეილის ბესერის „Le Tiers Temps“-ს პრესტიჟული ფრანგული ლიტერატურული პრემია – „Goncourt du premier roman” მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ მის მთავარ გმირად ქცეული და მსოფლიო ლიტერატურაში თავად უამრავი დასამახსოვრებელი და უკვდავი პერსონაჟის შემქმნელი სემუელ ბეკეტის გარდაცვალებიდან 22 დეკემბერს ზუსტად 32 წელი გავიდა.

© არილი

Facebook Comments Box