პოეზია

ბესიკ ხარანაული – სიდედლე

besik-kharanauli-trtrrr

რა სიდედლეა წერა, ჯობს, რომ კაცმა თავი ანებოს და

პირდაპირ შეებას სიკვდილს.

მართალია ორთაბრძოლა მხოლოდ ერთს ააღელვებს,

მაგრამ როცა ორი სხვადასხვა შეიბმის, ორთაბრძოლა ჰქვია.

რადგან სახელია პირველი ორჭოფობა სიკვდილთან ჭიდილში,

თუ სახელი დაამარცხე, სიკვდილი არ გაგიჭირდება.

საკვირველია, ხომ ასე ძალიან არ უნდა ადამიანს სიკვდილი,

მაგრამ უფრო უჭირს იმის დაჯერება, რომ უნდა იცოცხლოს.

ძნელად, რომ ადამიანს უნდოდეს სიცოცხლე.

ძნელად, რომ ადამიანს უნდოდეს სიკვდილი,

თუმცა ამას უფრო იჩემებს, ვიდრე იმას, რომ უნდა სიცოცხლე.

“მომკლა-ს” უფრო ხშირად ამბობს, ვიდრე “მაცოცხლა-ს”.

 

რატომ ეშინია ადამიანს სიცოცხლის?

იმიტომ, რომ ტვირთია და მოქმედებაა?

ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, რატომ ეშინიათ?

იმიტომ, რომ სულ სიკვდილთან თამაში უწევთ,

თუ იმიტომ, რომ სიცოცხლე მოქმედებაა?

რატომ უყვართ გაღვიძებისთანავე წამოდგომა მოხუცებულებს

და რატომ უყვართ ახალგაზრდებს ძილის შებრუნება?

 

იმიტომ, რომ ძნელია სიცოცხლე, რომ სიცოცხლე მოქმედებაა

და არა სიზმარი, როგორც თავს ვიტყუებთ.

უნდა გაახილო თვალი, უნდა გააგრძელო

გუშინდელი, მაგრამ უნდა იყო ახალი.

გუშინდელი არაფერი არ უნდა გინდოდეს,

ქამარიც არ უნდა შემოირტყა გუშინდელი დღის,

რადგან ყოველ დილას ახალი გვამი ხარ

და გვერდზე თუ გადაბრუნდი, იცოდე, რომ

გადაბრუნდი სიკვდილისაკენ.

იმიტომ, რომ ყველაფერზე უზრუნველი არის სიკვდილი,

სიკვდილი აუდგომლად ჩაფსმაა სიცოცხლის წინაშე,

შიშით ჩაფსმაა, განა თუ შარდით.

სიცოცხლე წინ მოძრაობაა, დედამიწაც, როგორც კი გვერდზე გადაბრუნდება, გადაბრუნდება სიკვდილისაკენ.

ეტყობა არ შეუძლიათ სიცოცხლე,

ეტყობა ყველას უნდა სიკვდილი, ეტყობა ყველა იფსამს

თავის ფეხების წინ.

სიცოცხლე დილაა, გათენებაა, მათ კი სიცოცხლის ეშინიათ, როგორც უკუნის, ეშინიათ, რომ საიდუმლოს ვერ შეინახავენ,

კოკა გაუტყდებათ, უფსკრულზე ვერ გადახტებიან,

ჩაიფსავენ, თავს შეირცხვენენ.

თენდება თუ საქმე იწყება, კაცმა ნუ იცოდეს.

საქმის ეშინიათ – შეძლებს თუ ვერ შეძლებს? – ამის ეშინიათ.

ამიტომ გეტყვით, – არ გინდა გმირობა, უბრალოდ, იცოცხლე,

სიცოცხლე ყველაზე დიდი გმირობაა

და თავისუფლებაა იმისი საზომი.

 

ახალგაზრდებს არ უნდათ საქმე,

ახალგაზრდებს უნდათ სიკვდილი,

მაგრამ სიკვდილს არ უნდა ახალგაზრდები

და გადაუნაწილებს მათ ფსიქეას, სმას და ნევროზებს.

ახალგაზრდები სულ გაღელვებენ,

თუმც გართული ხარ შენი საქმით – არ გვინდა სიცოცხლე!

 

აქაც შეიძლებოდა ყბედობის დამთავრება,

მაგრამ ახალგაზრდები ყოველ წუთს გაღელვებენ.

შემოდგომის მზეში ცალ-ცალკეა ყველა ფოთოლი, ზაფხულში კი ერთად არიან.

 

ისეთი დადექი, რომ ყველას სწყინდეს!

 

განწირული ბიჭები არიან და უნდა ვასწავლოთ ჩვენც განწირულება,

ღრუბლებივით არიან და უნდა ფრთები მივუმატოთ,

უნდა ვასწავლოთ ფრენა.

რომ დაცემა და გაქრობა კი არ არის ფრენა –

როცა მაღლა ხარ, მავთულზე ზიხარ და იწიტები,

როცა ღმერთსღა უჭერიხარ ჩიტის კანჭებით,

როცა იქით გაფრინდები, საითაც გინდა,

რადგან ტრაკებს ფრენა არ ძალუძთ.

ბიჭებო! როგორც ჰაერს არ უთმობთ ამათ,

არც მიწა დაუთმოთ,

ნუ დაუთმობთ ცხოვრებასა, ზაფხულებსა და გაზაფხულებს,

ნუ დაუთმობთ ამათ სიცოცხლეს,

გემრიელი ჭამეთ უგემურად, ოღონდ ამათ პურს ნუ შეარგებთ.

უთხარით: – აი, ვირებო, ჩალასა ვღეჭავთ,

რადგან თქვენი ყურება გვიფუჭებს მადას,

თქვენი გემოვნება ჩვენსასა სტანჯავს,

თქვენი ტრაკი დაბლა გვექაჩება.

ბიჭებო! ამათ გართობა აქვთ და თქვენ გიტყუებენ,

ბიჭებო! ამათ თავისუფლება აქვთ, რომ თავები დაგახატინონ,

არა, ბიჭებო! გიხაროდეთ მაგ მავთულებზე,

თაფლიანი ჰაერი მიირთვით!

ოღონდ ნურასდროს დაფრინდებით, სადაც ძღომაა

და განწირულება ნუ გეგონებათ, რითიც ამათ ასიამოვნებთ.

განწირულება წაგლეჯაა და არა დათმობა,

მე გეუბნებით ამას ჩემი გამოცდილებიდან –

მავთულებზე კი ვისხედით, მაგრამ ტაშს ვუკრავდით.

არა, ბიჭებო!

ნუ იქნებით ჩვენნაირი განწირულები,

თქვენ იყავით ულმობლები, დაუნდობლები,

შეაგინეთ ამ მიწაზე მოსიარულეებს,

ეს იქნება განწირულება

და არა მავთულიდან დაბლა ჩამოვარდნა.

რადგანაც ვინ დაგიტირებთ? ისევ ესენი.

მერწმუნეთ, ამათ დაცინვა სჯობია

ამათ დატირებას.

 

აი, მე გასწავლეთ თქვენ განწირულება,

შეიძლება ძველი ანბანით, მაგრამ გასწავლეთ.

მე არ ვიყავი არც უზრდელი და არც თავში მქონდა ავარდნილი

და ვიფარავდი ასე მე ჩემს განწირულებას,

არა, ბიჭებო!

დერეფნებსა და დარბაზებს ამჯობინეთ სივრცეები,

საჯდომები ამათ დაუთმეთ,

მაშინ ნახეთ თვალების დაჭყეტა,

როცა ლირა და საქსაფონი მთა და ველზე აბრჭყვიალდება…

ძმებო უფროსებო, წაიშალა თქვენი ანბანი,

აღარ იკითხება,

იკითხავთ კი – ჭეშმარიტებაო?

მაგრამ რაა ჭეშმარიტება, ლოდი თუ არ გადააგორე?

მკლავების ძალა თავისთვის ურგოა,

არც თავის ძალა ვარგა მკლავებისთვის,

ძალა არის განწირულებაში.

ლოგინში ლოდი ვინც გადააგორა, თვითონ გადაგორდა.

კლოუნები არა კვდებიან, კვდებიან გმირები,

იმიტომ, რომ კლოუნმა ითამაშა, გმირმა კი ისაქმა.

 

ჩემს ბავშვობაში მავთულებზე ისხდნენ ჩიტები

და ისკინტლებოდნენ.

ახლა მავთულებზე სხედან ბიჭები და იწიტებიან.

 

რაც უფრო ბრწყინავს ცხოვრება, მით უფრო ემსგავსება იმას, რაც იყო.

რაც უფრო შენდება ჩვენი ქალაქები,

მით უფრო ემსგავსება იმას, რაც დაინგრა.

რაც უფრო ბრწყინავს ჩვენი ქალაქები,

მით უფრო ემსგავსება იმას, რაც დაიწვა.

 

– აღარ დავლევ!

ეშმაკს კი ნუ ენაძლევები, შენს თავს შეურიგდი.

ეშმაკთან დანაძლევებული უკვე მახეშია,

თავის თავთან შერიგებულს კი გზა არ ყოფნის სრულყოფისაკენ.

წიგნიდან მთავარი გამთამაშებელი, „ინტელექტი“, 2012.

Facebook Comments Box