ესე

დათო ქარდავას ფანჯრიდან

მარტო ჩემი ფანჯარა რომ ყოფილიყო, ალბათ მეც დავინახავდი იმავე პეიზაჟს, რომელიც  გამსახურდიას „ქალის რძის“ ფონია –  ყამირი, ჯაგნარი, უნაპირო ტრამალი, შორეული სერების მკრთალი მონახაზები, ოღონდ რუხი კი არა, მუქი ფოლადისფერი, როგორც მწერალი ამბობს, აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტის მაცნე. მაგრამ ჩემი ფანჯარა ახლა ათასობით სხვა ფანჯარაშია ჩაკარგული და შორეულ სივრცეებსაც ისეთივე უსახური შენობები მიხერგავენ, როგორშიც ჩემი ფანჯარაა გაჭრილი, ახლოში კი მოჩანს ადამიანის ლამის ასწლიანი შრომის შედეგი – ტრამალისთვის უჩვეულოდ მაღალი ხეები: ცოტა ქვემოთ ლეღვი, ფანჯრის სწორად კი ნაძვი, რომლის კენწეროზე, პოეტს თუ დავუჯერებთ, ყვავი ისაღამოებს.

არ უნდოდათ აქ არც ქარხნის და არც სახლების (ქალაქის) აშენება. სადღაც თბილისში, აფრიკის  მიდამოებში ჰქონიათ გაჭრილი უზარმაზარი ქვაბული, მაგრამ „Das Kapital. Kritik der politischen Ökonomie“-ის ორიგინალში წამკითხველ ლეჩხუმელ ბოლშევიკს გამოუდია თავი და, როგორც იმ დროში იტყოდნენ, на свой страх и риск სწორედ იქ დაუკრავს ბარი, სადაც ახალგაზრდა კონსტანტინეს ტურასა და  კურდღელზე უნადირია, სადაც „ბურუხანა გველს უდაბნოს თვალით“ შეუხედავს პირველი მშენებლებისთვის.

ყარაიაში ციებას ვინ მოსპობს, იქნებ ჯობდეს სხვა ადგილი ავირჩიოთო, მორიდებით უკითხავს სოციალისტური რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ინსპექტორს, მაგრამ ლეჩხუმელს რა კოღო და ქინქლა შეაჩერებდა, როცა თვით სტალინის მიერ შერჩეული ადგილის გამოცვლა ჰქონდა გულში ამოჭრილი.

ისე, რა მოხდებოდა, რომ დაეხვრიტათ სხვა ათასობით ინიციატივიანი ამხანაგივით?!

ლანდშაფტი, ცხადია, უცვლელი დარჩებოდა, არც ქარხანა აშენდებოდა აქ და არც – ქალაქი. ეს გასაგებია, მაგრამ  რა ბედი ეწეოდა 4-5 წლის გელას, ობოლსა და ხალხის მტრის შვილად შერაცხულს? ალბათ ასცდებოდა ამერიკულ ხაზს თავისი U of M-ში სწავლით, ჯაზითა და სხვა ამბებით. ალბათ კი არა, უთუოდ ასცდებოდა  და, შესაბამისად, ირაკლიც, დიდი ალბათობით, ვეღარ დაიდგამდა „მეფის“ გვირგვინს და ვეღარ იმღერებდა, მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დროო…  მაგრამ ლეჩხუმელ ბოლშევიკს გაუმართლა და სწორედ მისი დამსახურება თუ ბრალია ის, რასაც აგერ უკვე  ნახევარი საუკუნეა ჩემი ფანჯრიდან ვუყურებ.

ყველაზე კარგად ჩემი ფანჯრიდან სხვა სახლების ფანჯრები მოჩანს, ფანჯრები, საიდანაც ხანდახან ადამიანებიც კი ცვივა ხოლმე, თუმცა ცხადია ბევრად უფრო ხშირად ჩემამდე არა სხეულების ვარდნის ხმები, არამედ მათი ამოთქმული ისტორიები აღწევენ. 2017 წლის 31 აგვისტოს, მაგალითად, ასეთი ამბავი ჩამიწერია დღიურში:

„დილით, ასე შვიდის ნახევარზე, წინა კორპუსიდან ისმის ქალის დაუსრულებელი, გაბმული ყვირილი, შეკივლებები. ვიღაცას ეჩხუბება, მაგრამ ის ვიღაცა რატომღაც დუმს, ქალი კი არა და არ ცხრება, არ ასრულებს მონოლოგს. ოთახში მყოფი ვერ ვარჩევ სიტყვებს, აზრი ვერ გამომაქვს მისი ყვირილიდან, არ მესმის, რას საყვედურობს, ვის და როგორ ლანძღავს, ლანძღავს თუ არა და ა.შ. რომ აღარ გაჩერდა, ავდექი სავარძლიდან და მივედი ღია ფანჯარასთან. როგორც კი გადავეყუდე, ეგრევე გავარჩიე მკაფიოდ ნათქვამი: რა უნდა გელაპარაკო, შე ვირისტვინა სირო!“

ასეთი მონოლოგები (სიცილით, ტირილით, ბრაზით, ისტერიით, გინებით, სიმღერით ან უბრალოდ ქალაქის ხმაურით შეზავებული) გვიანობამდე შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ აგვისტოს მდუღარებაში, როცა ყველა ფანჯარა ფართოდაა გაღებული, სადღაც გათენებდე ცოტა ხნით ადრე აუცილებლად დგება მომენტი, შესაძლოა მხოლოდ ხუთი ან უფრო ნაკლები წუთი, როცა სამყარო ირინდება და იდეალურ სიჩუმეში შორიდან ჩამესმის მატარებლის სვლის რიტმული ხმა, ჩამესმის გარეუბნიდან წამოსული დგნ-დგნ, დგნ-დგნ… და მახსენდება, როგორ ვიძინებდი რუსთავ-თბილისის ავზნიან სიცხიდან გასულ მატარებელში და როგორ ვიღვიძებდი გამთენიისას სადღაც მწვანეში ჩაფლულ, ცვრისგან დასველებულ სადგურ „აჩიგვარაში“  და ამ დგნ-დგნ-ს აყოლილი ჩემი გულიც როგორ ფართხალებდა სიხარულისგან, ზღვასთან შეხვედრის მოლოდინისგან, მერე კი, არდადეგების დასრულების შემდეგ, უკან დაბრუნებული როგორ ვიხედებოდი ფანჯრიდან, სადაც გვიმრების, მაგნოლიების, ზღვისა და გიგანტური ევკალიპტების ნაცვლად, მხოლოდ გამხმარ ნარშავებსა და ადამიანის სიმაღლის უშნოდ გადახრილ ხეებს ვხედავდი, სადაც სულ მუდამ ქროდა ცხელი ქარი, რომელიც შემზარავად აზანზარებდა სახლებს, დამსკდარ მიწამდე ხრიდა იმ ჯუჯა ხეებს და აღმა-დაღმა დააგორებდა  უდაბნოდან მოტანილ ეკალბარდების გორგლებს.

გატიალებული ტრამალი, სადაც ქალაქია გაშენებული, იდეალური ადგილია მრგვალი საგნების, მათ შორის ბურთების საგორებლად. საბჭოთა ტიპური ქალაქის მოსაწყენ ერთფეროვნებაში ბურთი იყო სიხარულის ლამის ერთადერთი წყარო, რომელსაც ყველა ბიჭი ეწაფებოდა: სკოლის დღეებში – გაკვეთილების შემდეგ, კვირაობით – მთელი დღე,  არდადეგების დროს  – მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე. დაუსრულებელ ბურთაობაში იხეოდა სიმწრით ნაშოვნი ფეხსაცმელები, ბურთები, შარვლები, მაისურები, პერანგები, მაგრამ მაინც თამაშობდნენ ჯერ სამამდე, შემდეგ ხუთამდე, ბოლოს ათამდე და  მერე ისევ თავიდან. თამაშის დროით შემოსაზღვრა უსამართლობად ითვლებოდა. თამაშობდნენ, როგორც წესი, თამაშისთვის, მაგრამ ხანდახან, ბოდიში და, მაზიანსაც გამოურევდნენ…

აგვისტოს ერთ უცხელეს დღეს მაღაზიასთან (ადრე იტყოდნენ, გასტრონომთანო), რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოჩანდა (ახლა იქ „მაგნიტი“, „ნიკორა“ თუ რაღაც ამდაგვარია), ნელი, რაღაცნაირი იდუმალი სვლით ჩამოდგა უცნაურად გაფორმებული გრძელზე-გრძელი ტრაილერი. Pepsi – დაუჯერებელი იყო, მაგრამ ლურჯ-თეთრ-წითელ ფონზე გაკეთებული წარწერიდან სწორედ ეს სიტყვა იკითხებოდა. საიდან? როგორ? წლების მერეღა გახმაურდა, თურმე არაყში გაუცვლიათ –  25 მილიონი დოლარის Водка გაუგზავნიათ, სანაცვლოდ კი  303,3 მილიონი მანეთის Pepsi მიუღიათ და, როგორც მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებიდანაც კარგად ჩანს, ძალიანაც უხეირიათ, მაგრამ მარტო Pepsi რას უშველიდა ძირგავარდნილ საბჭოთა კავშირს?! ბოლოს თურმე არაყსაც ვერ აწარმოებდა და, როგორც ავი ენები ამბობენ, Pepsi-ში გასაცვლელად ჯართად ქცეულ ჟანგიან გემებს აგზავნიდა აშუშუში.

უცნობია, რა ემოციებს იწვევდა რუსული არაყი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 300 გრამიან ქილებში ჩამოსხმული ამერიკული Pepsi მილიონობით საბჭოთა ბავშვს ახარებდა და აბედნიერებდა. ყველაზე ხანგრძლივი და აზარტული ბურთაობაც სწორედ Pepsi-ზე გამაზული თამაშის დროს ჩაღდებოდა: გამარჯვებული დამარცხებულისგან იღებდა სხვა სამყაროდან რაღაც ჯადოქრობით გამოხმობილ ამ საუცხოო სასმელს. Pepsi-ს ფასი აღარ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ არ მავიწყდება მექანიზმი, რომელიც მაქსიმალური სიამოვნების მიღების საშუალებას იძლეოდა: თუ ხუთ ქილას შეიძენდი (როგორც წესი, ხუთი ხუთზე ვთამაშობდით), ოღონდ ცარიელ ქილებს იქვე დატოვებდი, სამი Pepsi კიდევ მოგივიდოდა, თუმცა იმ პირობით, თუ ამ სამ ცარიელ ქილასაც ჩააბარებდი. ასეც ვიქცეოდით. დამატებით სამი ქილა კი არა, სამი წვეთიც დიდი ამბავი იყო…

ორი თუ სამი თვე იტრიალეს Pepsi-ს ტრაილერებმა ჩემი ფანჯრის წინ, მერე კი ისევე მოულოდნელად გაქრნენ, როგორც გამოჩნდნენ. წლების შემდეგ, როცა კვლავ  დაბრუნდნენ, Pepsi-თ ვეღარავის გააკვირვებდი, ჯადოსნობა დასრულებულიყო, მაგრამ განა მარტო Pepsi-სა? როგორც ხდება ხოლმე, დრომ და ასაკმა ყველაფერი გააჩვეულებრივა – საგნები, ადამიანები, ამბები… ჩემი ფანჯრიდანაც, როგორც წესი, ერთთავად ბანალური ურბანული პეიზაჟი და მის ფონზე გათამაშებული მოსაწყენი სცენები იჩითება. 2018 წლის 12 ოქტომბერს, მაგალითად, ასეთი ამბავი  ჩამიწერია დღიურში: 

„შუბლებით ვაწვებოდით ფანჯრის ცივ და წვიმის წვეთებით დახაზულ მინას. ცრიდა. ეზოში ნელა, მაგრამ საგულდაგულოდ იშლებოდა კლასობანას კვალი. სხვა არაფერი ხდებოდა. არანაირი ხმაური ან მოძრაობა. არც ჩვენ ვლაპარაკობდით. შუბლებით ვაწვებოდით ფანჯრის მინას და ველოდებოდით. გამოჩნდა, უკაცრიელ ეზოში, ფოთოლებით ყვითლად დალაქავებულ ასფალტზე გზას მიიკვლევდა თავჩახრილი ქალი. ხელში ჩაებღუჯა რამდენიმე ტელეფონი და ფურცლების მთელი გროვა. შიგადაშიგ ჩერდებოდა, ქაღალდებში იქექებოდა და გზას აგრძელებდა. მერე ისევ ყოვნდებოდა. ბოლოს საჭირო ფურცელი გამოაძვრინა შეკვრიდან და გვერდით სადარბაზოში შევიდა. ეზო კვლავ დაცარიელდა. ალვის ხიდან მომწყდარი ფოთოლი სველ ასფალტს დაეკრა. – კოორდინატორი! – ზიზღით თქვა ჩემმა ცოლმა.“

ფანჯარა ჩაკეტილი კარის ერთგვარი კომპენსაციაც არის. როცა გარეთ ვერ გადიხარ, ფანჯარა გიმსუბუქებს იზოლირების განცდას. მახსოვს, ბავშვობაში სულ ფანჯარას ვუტრიალებდი, ქუჩიდან შემოსულ ნებისმიერ ხმაზე ვრეაგირებდი: თუ კარგი ამინდი იყო, ღია ფანჯარაში გადავეკიდებოდი, თუ – უამინდობა, სახით ვეკრობოდი მინას. ფანჯრის რაფაზე საშინაო დავალებებიც კი დამიწერია. ერთი სული მქონდა როგორმე დამესრულებინა საქმე და გარეთ გავვარდნილიყავი – ასაკის შესაბამისად ან სათამაშოდ ან სალაპარაკოდ ან დასალევად ან მოსაწევად და ა.შ. მერე და მერე ნელ-ნელა მოვშორდი ფანჯარას, როგორც ქართველი პოლიტიკოსები იტყვიან, ვდისტანცირდი მისგან, უკან დავიხიე. აღმოვაჩინე, რომ გარკვეული  ასაკის შემდეგ ფანჯარა განმარტოებისთვის, ქაოსისგან, ხმაურისგან  დასაცავად უფრო მჭირდება, ვიდრე გასახედად ან სხვებთან ურთიერთობის გასაბმელად. ალბათ ამიტომაა, რომ ახლა სულ უფრო ხშირად და უფრო იოლად ვხურავ დარაბებს, უფრო იოლად ვამბობ უარს ფანჯრიდან სამყაროს ჭვრეტაზე (J ). …თუმცა, ცხადია, სულ ასე არ არის, ძალიანაც რომ  მოინდომო, სრულად ვერ იზოლირდები, განსაკუთრებით აგვისტოს მდუღარებაში.

სწორედ აგვისტოში, როცა სიცხის გამო შეუძლებელია ფანჯრის დახურვა, გათენებამდე აუცილებლად დგება მომენტი, შესაძლოა  ხუთი ან უფრო ნაკლები წუთი, როცა სამყარო ირინდება და იდეალურ სიჩუმეში ჩემამდე აღწევს მატარებლის რიტმული ხმა – დგნ-დგნ, დგნ-დგნ, დგნ-დგნ… ხმა, რომელიც მაბრუნებს ჩემი ბავშვობის მთავარ მარშრუტზე და მეც ფიქრებით მივყვები აფხაზეთისკენ მიმავალ, შიგნიდან განათებულ ჩქარ მატარებელს, მივყვები მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, ქალაქის გარეუბანში, სადღაც მტკვარსა და  სასაფლაოს შორის გადებულ ლიანდაგზე გზას მიიკვლევს არა თბილისი-სოხუმის სამგზავრო მატარებელი, არამედ ნედლი ნავთობით მოთხვრილი ცისტერნების გრძელი შემადგენლობა…

Facebook Comments Box