ესაუბრა ნანა ტრაპაიძე
საუბრის დაწყებამდე პატარა განმარტება: ამ დიალოგის მიზანია სივრცის გააზრებაა, რომელშიც ლიტერატურა და ჩვენი ცხოვრება ერთმანეთს ხვდება. თეოლოგიური აზრის გარეშე, მჯერა, რომ პირველითგან იყო სიტყვა, რომელიც დაიშალა და გაიშალა იმად, რასაც სიტყვებისა და საგნების კავშირს ანუ აზრს ვეძახით. ტავტოლოგიები ამას მოწმობს. სიტყვებისა და საგნების ტოლობები და უტოლობები – აი, ჩვენი გონების ნამდვილი სავარჯიშო.
რა არის შენი ტავტოლოგია, რომლის ძიებად ან გამოხატულებადაც იქცა შენთვის წერა, მწერლობა, კინო? არის თუ არა ეს ტავტოლოგია ომი და შემოქმედება.
ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც თბილისის ცენტრში, ზემელზე ვცხოვრობდით, დედამ გადაწყვიტა, სკოლაში მივეყვანე იქვე, ქალაქის ცენტრში, ერთ სკოლაზე უთხრეს, რომ ცუდი სკოლა იყო, აგრესიული გარემოთი, მეორე უფრო შეუქეს. როდესაც იმ შექებული სკოლიდან მოვდიოდით, დედა ტიროდა, რომ არ მიმიღეს. მე მახსოვს იმ საუბრის შინაარსი, დედამ სკოლის დირექტორს უთხრა, რომ პროფესიით აგრონომი იყო, მამა კი – მექანიზატორი. პასუხად კი მიიღო, რომ ჩვენი ოჯახის სოციალური ფენა არ შეესაბამებოდა ამ სკოლას.
დიდი ხნის შემდეგ დედას ვკითხე, სწორად მახსოვს-მეთქი საუბრის შინაარსი და დამიდასტურა. ეს იყო ჩემი პირველი ომი სამყაროსთან, სადაც მეუბნებოდნენ, რომ ყველა თანაბარია, მაგრამ არავინ თანაბარი არ იყო. მერე მივხვდი, რომ არც უნდა იყოს ეს თანაბრობა. ყველამ უნდა მიიღოს თავისი შესაძლებლობის მიხედვით, ოღონდ უნდა ვიცოდე ეს თამაშის წესი, არ უნდა მომატყუო და ეს უკვე იყო შემდეგი ჩემი ომი სამყაროსთან, რომელიც დღემდე გრძელდება და ვცდილობ, ყველა ფორმით მოვყვე ამ ომებზე, რომლებიც გადამხდენია, ახლა ხდება და, ალბათ, კიდევ გადამხდება. ეს ომები პირდაპირ არის დაკავშირებული იმ სოციუმთან, რომელშიც ვცხოვრობ, ამ სოციუმის ქმედებებთან. ყველაფერი იმდენად დამძაბველია, იმდენად დამთრგუნველი, რომ ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებ, რომ ამის შესახებ ვთქვა. ვამბობ, უფრო სწორედ, ვიმეორებ, რომ დავიღალე. თქვენ არ დაიღალეთ? რატომ მძაბავთ და იძაბებით, როცა სამყაროში არის სამყაროები, სადაც არ ძაბავენ ადამიანები ერთმანეთს. ვიმეორებ და ვიმეორებ ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი რაკურსით, რომელიც ხელმეწიფება, იქნებ ვინმემ გაიგოს. რაღაცას რომ ვამბობ, ვხვდები, რომ ისევ ის ვთქვი, რაც წინათ. კინოში ის გადავიღე, რაც ლიტერატურაში დავწერე და პირიქით, რადგან როცა ომში ხარ, იმეორებ და იმეორებ ჭურვების სროლას, შეიძლება სხვადასხვას, მაგრამ იმეორებ და იმეორებ, სანამ მიზანს არ მიაღწევ, მთავარია, მიზანში სროლა იცოდე.
შეიძლება იმასაც მოვესწრო, რომ ის, რაც დღეს ხდება ჩვენს საზოგადოებაში, ამაზე ლაპარაკი აღარ იყოს საჭირო. მაშინ ალბათ რაღაც სხვა იქნება და ცუდად თუ კარგად იმაზე ვილაპარაკებ ლიტერატურაში, კინოში, რომ ჩემი სათქმელი, ჩემი პოზიცია გავაგებინო ვინმეს. რა გამოვა აქედან, არ ვიცი… მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვცდი.
შენი რომანის – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ გამო მინდა გკითხო: რომანი რეალისტურია, მაგრამ ის არ არის ფსიქოლოგიური, არც ექსისტენციური რომანი. მე ვფიქრობ, ფსიქოლოგიზმისთვის, ექსისტენციური საზრისებისთვის სხვა მხატვრული პერსპექტივა არსებობს, – უფრო მიკრო, ვიდრე მაკროსტრუქტურები. ჩემი აზრით, შენს რომანში წერის, თხზვის მიზანი კომპოზიციის შექმნაა, სურათის დინამიკა, ის ნიშნული, სადაც ხაზები მიდის. ამიტომაც რეალობა მასში ჭარბია მთელი იმ ფსიქოლოგიური პერსპექტივების უჩინარობით, რომელიც მასში უკვე მკითხველს შეაქვს. ალბათ, ამიტომაც არის ამგვარი რეალიზმი მაგიური. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შთაბეჭდილებით. მაგიერობა ხომ რეალობის სიჭარბის შედეგია და არა დეფიციტის. იმის თქმა მინდა, რომ სიჭარბის თვისებაა უჩინარობა. ცხოვრებაშიც ყოველგვარი სიჭარბე ახერხებს ისე განზავდეს, რომ არ ჩანდეს. მე მგონია, რომანში გარკვეული უჩინარობები არის კრისტალიზებული.
ძალიან პატარა ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩემი დიდპაპის ნაქონ მიწაზე ჩემი მეზობლები ცხოვრობენ. ეს ადგილი, აქვე თბილისთან ახლოს, სხვათა შორის, გიორგი მაზნიაშვილის სოფლის მეზობლადაა. აღმოჩნდა, რომ ეს მიწა ჩემს დიდპაპას არც გაუყიდია, არც გაუჩუქებია, უბრალოდ ჩამოართვეს და სხვას მისცეს. ეს იმდენად ჩვეული ამბავი იყო, არ მიკითხავს, რატომ-მეთქი, მორჩა ჩამოართვეს და იმათ მისცეს… თურმე ძალადობით წაართვეს, დააყაჩაღეს ანუ. ჩვენს საზოგადოებაში ძალადობა არის ყოველ ნაბიჯზე, აბსოლუტურად ჩვეული მოვლენაა, წყალი მომწყურდა და დავლიე, დაახლოებით ამ ხარისხის მოთხოვნილებაა. სიტყვები, რა თქმა უნდა, ხომ ყოფის შინაარს ატარებენ, ახლა ჩამოვთვლი სიტყვებს: აახია, დააწერა, უპატრონა, დაკრიშა, გაწეწა, იხმარა, მიტისკა, ქურდულია, ჩაიბარა, მაყურებელი, ლევი, ნარუშილოვკა, შეუსრულა, და ა.შ. ეს იმის მეასედი არ არის, რითაც გაზავებულია ჩვენი საზოგადოების ურთიერთობის ინსტრუმენტები, თან ეს ყველაფერი რეალიზებულობის, პიროვნული სიძლიერის, შემდგარობის, ღირსების ნიშნად აღიქმება; როგორი სემანტიკური აღრევაა? რეალურად ყოველი, რაც ამ სიტყვების უკან კრისტალიზდება, ძალადობაა – ადამიანი ხომ ისედაც მიდრეკილია ძალადობისკენ, უბრალოდ ვერ გადარჩება ისე… მეტნაკლებად მოაზროვნე საზოგადოება ცდილობს შეამციროს ეს ძალადობა, ჩვენ საზოგადოებაში ჯერჯერობით პირიქით ხდება – აღმასვლას განიცდის.
რომანში ბოლშევიზმის დიდი მამები ეპიზოდური გაელვებით გვხვდებიან მაშინ, როცა მათი კრებსითი სახეები ქმნიან რომანის შინაარსობრივ სამყაროს. გასაგებია, რასაც ემსახურება ეს.
საიდან, როგორ დაიბადა „ჯვარნაკრავის” ისტორია?
მთელი ეს დიდი გლობალური მოვლენები, ომები და ა.შ. ის, რაც ადამიანის გონიდან გამოდის, იმის მეტი არაფერია, თუ არა ორ ადამიანს შორის კონფლიქტი რაღაცის გამო და ეს ,,რაღაცაც“ ძალიან ადამიანურია ყოველთვის, მეტისმეტად ადამიანური.
ყველა ადამიანის ნებისმიერი ქმედება წინაპირობების საფუძველზე ხდება, მათ ცხოვრებაში მომხდარი უამრავი მოვლენების საფუძველზე; თუნდა ეს გლობალური ომი იყოს, თუნდაც ვინმე შემთხვევით შეხვედრილი კარგი ადამიანის გამოწვდილი ხელი.
ჯვარნაკრავი ჩემთვის სწორედ იმ ცნობილი ბოლშევიკების კრებითი სახე კი არა, კრებითი ტრავმების მატარებელია. მგონია, რომ ცუდი და კარგი ადამიანები კი არა, არსებობენ სხვადასხვა ტრავმებით სავსე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტრავმები რამენაირად დაიამონ. ეს ტრავმები მარტო მისი გაჩენის დღიდან კი არ ილექება, სავარაუდოდ, გენშიც კი შეიძლება გამოყვეს ადამიანს, ასე მგონია. ამიტომ ვცდილობ, რომ ის ისტორიული გმირები დავინახო ჩვეულებრივ ადამიანებად, აი ძალიან ჩვეულებრივ ადამიანებად, თავისი ვნებებით. რა მნიშვნელობა აქვს გმირი წარმოსახვითია თუ რეალური, იმაზე მეტს ხომ მაინც ვერ მოიგონებ, რაც ზოგადად ადამიანს შეუძლია გააკეთოს. ამიტომ გაჩნდა ჯვარნაკრავი, რომელიც თედოს (თედოს პაპის) ტრავმაა. თედო პაპა თავისთავად შვილიშვილის (ჩვენი თანამედროვე თედოს) ტრავმაა, ამ ჩვენი თანამედროვე თედოს წარსულში იმდენი ტრავმები დაგროვდა, რომ ეს ყველაფერი ტვინის სიმსივნედ იქცა.
ჯვარნაკრავი საკვანძო ფიგურაა ჩემთვის. იმ დროის (და არა მარტო იმ დროის) საქართველოში მომხდარი ყველა მოვლენის გამტარია, რამაც საბოლოოდ წარმოშვა თაობების ჯალათი.
ამიტომ მოვაგროვე ჩემს ცხოვრებაში გავლილი, გაგებული, წაკითხული, ჭორებად ყურმოკრული ჯვარნაკრავები და ერთ გმირად ვაქციე, რომელმაც შექმნა ჩვენი დღევანდელი საზოგადოება მოძალადე მსხვერპლის სახით.
თხრობის სპეციფიკაზე დაგეკითხები: რომანი ძალიან დინამიკურია, სიუჟეტურ დინამიკას არ ვგულისხმობ მხოლოდ, თხრობაც დინამიკურია. რა მამოძრავებელი დგას ამის უკან. აქვე გკითხავ რედაქტორის როლის შესახებ.
ძალიან მერიდება, როდესაც ამბობენ ან წერია – „მწერალი ბესო სოლომანაშვილი“. გულწრფელად ვამბობ, მართლა მრცხვენია, ძალიან დიდი ამბიციაა. მართლა მიძნელდება ვილაპარაკო ამ ამბიციის ქვეშ, მითუმეტეს იმაზე, როგორ ვწერ მე რაღაცას. გულწრფელად ვამბობ, არ ვიპრანჭები და მართლა მაქვს დაძაბულობა, რასაც ვაკეთებ, ფასეულია თუ არა, უბრალოდ ვაკეთებ პირადი ემოციების გადმოსაცემად. გულწრფელობას და სიმართლეს მივიჩნევ მთავარ იარაღად, ოღონდ, რაც მე მჯერა, იმ სიმართლეს. სულ ეჭვი მეპარება, სწორია თუ არა, რასაც ვწერ, ამიტომ ვცდილობ ყველა მოვლენას ან პერსონაჟს გარშემო შემოვუარო და დროშიც წავიდე უკან, რომ რაიმე დაუმსახურებელი არ დავაბრალო, ცოდოა გმირი, რაც არ ჩაუდენია, ის მიაწერო.
წერისას არის მომენტი, როცა გმირი არაფრით არ აკეთებს იმას, რაც გინდა, რომ გააკეთოს, გეკამათება, – არ ჩავიდენ მე მაგას. და თუ გჭირდება, მაშინ ადგები და ეტყვი – ჩემს ხელში არ ხარ? შეგიქმნი ისეთ პირობას, რომ ჩაიდენ, შეგახვედრებ ადამიანს, ვისთან ერთადაც ჩაიდენ ან მის გამო, ან მის საწინააღმდეგოდ. ოღონდ ამაში ხარკის გადახდა გიწევს, წარმოსახვის იმ უნარის, რომელიც აუცილებლად დამაჯერებელს გახდის შენს ამბავს. ადამიანი ყველაფერს შეძლებს, მთავარია, გარემო შეექმნას, ასეთი გარემოს შექმნაა სირთულე. ერლომ ახვლედიანი ამბობდა, ხანდახან ცხოვრებაში ისეთი რამე ხდება, ჯობია არ დაწერო, თორემ არავინ დაგიჯერებსო. ამ დროს ლუის ქეროლი ყველაფერს გაჯერებს.
კინოში არის ასეთი პროფესია – სკრიპტ დოქტორი. ეს არის პროფესიული სცენარისტი, რომელიც კითხულობს სცენარს, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი იცის ანუ კითხულობს აბსოლუტურად უცნობ ისტორიას და თავისი პროფესიული ცოდნიდან და უნარებიდან გამომდინარე წერს შენიშვნებს. ქართული კინო ჯერ ვერ მივიდა ამ პროფესიის საჭიროებამდე, ვერ ვხვდებით რატომაა საჭირო. სკრიპტ დოქტორი, მარტივად ვიტყვი, სვამს კითხვებს, როდესაც მისთვის არ არის რაღაც დამაჯერებელი ან ავტორს ჰგონია, რომ გასაგებია ან მაღალმხატვრულია. ამ დროს უცხო თვალით დანახული, არც გასაგებია და არც მაღალმხატვრული. საკმაოდ ძვირადღირებული პროფესიაა, რადგან შენ რომ გგონია გენიალური ამბავი დაწერე, უცბად აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველაფერი შესაცვლელი გაქვს.
რედაქტორი ლიტერატურაში სწორედ ასეთი პერსონაა, მე მქონდა ბედნიერება ამ რომანზე მემუშავა ისეთ ორ რედაქტორთან, როგორებიც არიან ანა ჭაბაშვილი და მარიამ გოჩიაშვილი. ორივენი მკაცრები, განათლებულები და ჭკვიანები არიან, თუმცა ზუსტად იციან, სად მთავრდება რედაქტორი და სად იწყება ავტორი და აქვთ უამრავი კითხვა. არის წმინდა გრამატიკული ნაწილები, სადაც გეტყვიან, რომ ეს ასე არ იწერება და მორჩა. ისინი მიყვებიან მთელი ტექსტის ხასიათს და არა უბრალოდ ამ ტექსტის ჩაწერის წესს და დეტალებს მთლიანი ტექსტის კონტექსტში განიხილავენ.
ერთხელ იყო შემთხვევა, სხვა ტექსტის რედაქტირებისას, როდესაც ერთმა რედაქტორმა მითხრა – ამ ამბავს საერთოდ ვაგდებ, რადგან არ მომწონს პოზიციაო. ვაიჰ! კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.
წერა იაფი ალტერნატივაა თუ არჩევანი. ვგულისხმობ, კინოფილმად ხომ არ იყო ეს რომანი ჩაფიქრებული, რაც ძვირი საქმეა.
არა, არავითარ შემთხვევაში არ არის კინოფილმად ჩაფიქრებული… ორივე, კინოც და ლიტერატურაც ძალიან ეჭვიანები არიან და უწესობად მიმაჩნია ასეთი საქციელი ორივეს მიმართ. ხშირად მეუბნებიან, პირველი მოთხრობის „კონტრაბანდისტები“ დაბეჭდვიდან მოყოლებული, კინომატოგრაფიული ტექსტები გაქვსო, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, განსაკუთრებით კინოში ლიტერატურის შეჭრას მოაქვს არასასურველი შედეგები კინოსთვის.
ეს, ალბათ, უფრო ხედვის ფორმაა – მოვლენების, ადამიანების. მე არ ვიცი ეს რამდენად კარგია ან ცუდი, უბრალოდ ასე გადმოვცემ, იმას რაც მაწუხებს. არის ისტორიები, რომლებიც თვითონ ამბობენ, რომ კინო ენით გადმოცემისას უფრო ემოციური იქნება.
რა თქმა უნდა, ამბის თხრობა, წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, წერისას უფრო კომფორტულია, წარმოსახვის რეალიზება ქაღალდზე უფრო ადვილია, მთავარია ეს წარმოსახვის უნარი არსებობდეს. კინოს თავის თხრობის კანონები აქვს, მათემატიკურ სიზუსტემდე მისული კანონები, ეს გარკვეულ იდეას უფრო ემოციურს ხდის… არის ვიზუალური ხატები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კინოთი გადმოიცემა, სხვა ხელოვნება ვერაფრით მოიტანს იმ ემოციას. ის კი არა, შესაძლოა, ხელოვნების სხვა დარგებს არც კი ჰქონდეთ მსგავსი გამოხატვის ინსტრუმენტები. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ლიტერატურაში მოყვე, რომ უსმენდი ბეთჰოვენს და ეს მუსიკა შენში იწვევდა გარკვეულ ემოციას… მცდარი აზრია, რომ კინო არის სინთეზური ხელოვნება. ისევე, როგორც ლიტერატურა, მხატვრობა და ა.შ. არასოდეს არ იქნება სინთეზური. თანამედროვე გამოხატვის საშუალებებმა მოიტანა სინთეზის ფორმები, ამ თვალსაზრისით მე კონსერვატორი ვარ.
რომანის სათაურის მეორე ნაწილი – ,,ამბავი ახალი დასახვრეტებისა” რას ამბობს? საკმაოდ ავისმომასწავებლად ჟღერს…
ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც თუ არ გავწყვიტეთ, სადღაც საკუთარ თავს დაგვახვრეტინებს, ეს არის მასობრივი აგრესიის ჩაკეტილი წრე.
რამდენჯერ გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებს დავხურავ-მეთქი, ერთი პერიოდი ძალიან აქტიურიც ვიყავი და მივხვდი, რომ ამ გაუთავებელ პოლემიკებში ვკარგავდი ადამიანებს. მერე გადავიფიქრე დახურვა, უბრალოდ დავიწყე დაკვირვება. გარდა იმისა, რომ სოც.ქსელები საქმიანი კომუნიკაციისთვის მჭირდება, ხშირად რაღაც მოვლენის შეფასებას ვადევნებ თვალს, რათა საზოგადოების ზოგადი განწყობები დავინახო. აღმოვაჩინე და არავისთვის უცხო არ არის, რომ საზოგადოება თავისი გამოხატვის საშუალებად ყველაზე ადვილად იმეტებს ურთიერთობის აგრესიულ ფორმებს: დასახვრეტია, დავწვავდი, ეგეთები უნდა მიაყენო კედელთან და ა.შ. განსაკუთრებით გამოირჩევიან რეალურ ცხოვრებაში საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის საკმაოდ ინერტული ადამიანები, 50-70 წლის დიასახლისები ან შედარებით დაბალანაზღაურებად სამსახურში, ძირითადად საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ქალბატონები (რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ საკმაოდ კრიტიკული რაოდენობაა), რომელთაგანაც, წესით, არ უნდა ელოდე ამას, ვინაიდან ისინი არიან ბებიები და დედები და სათნოებას უნდა ატარებდნენ. ისინი გარეგნულადაც კი ჰგვანან ერთმანეთს – სექსუალობაუარყოფილი ქალები, არარეალიზებულები საზოგადოებრივ საქმეში, რაც ოცნებებში ჩარჩათ. ისინი ძირითადად საშუალო განათლებისა ან კომუნისტების პერიოდში მიღებული მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლებისა არიან, რაც გარკვეულ ამბიციას სძენთ. ამის გარდა, მათ უკვე შეასრულეს გამრავლების ფუნქცია, მაგრამ ცოცხლები არიან და საჭიროებენ არსებობის გამართლებას. და აქ იწყება გადარჩენის მთავარი იარაღის ამუშავება, – ძლიერი შვილის აღზრდისა, რომელიც გადარჩება იმ ძალადობაში, რომელსაც თვითონ განიცდის. ავითარებს ისედაც გამეფებული მასკულინურობის კულტს.
აბა, დააკვირდით, რა ქნეს ბოლშევიკებმა, რისი კულტით ჩაანაცვლეს რელიგიური რწმენა? ქვეყნის დედაქალაქში, მთაწმინდაზე (ეს ძალიან საგულისხმოა – „მთა-წმინდა“) დადგეს რელიგიური ჰიპოსტასის ჩამნაცვლებელი ერთგვარი კერპი „ქართლის დედა“ – აბსოლუტურად არაქალური ფუნქციებით, ანუ მოხდა მენტალური აღრევა – სამყაროს ყველაზე სათნო არსების სახელით შეიქმნა აგრესიული ხატი. წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ დახატოს ასეთ ხატად ღვთისმშობელი, რა ატყდება ამბავი – ღვთისმშობელი სრულიად სხვა იდეის მატარებელია და აჰა – მორიგი შეჯახება ტვინებში: ქალს, რომელსაც თითქმის დეენემის დონეზე აქვს დედის სათნოების ფუნქცია, უცებ იძულების ძალით ხმლიანი აგრესიის ინექციას უკეთებენ და ისიც ზრდის აგრესიულ ადამიანს. ფემინური ღირსება იწყებს გაუაზრებელ თავდაცვას – გაზარდოს ძლიერი ეგოცენტრული მამაკაცი, რომელიც მომავალში უნდა იყოს მფარველი და საკვების მომპოვებელი. ამ ქალბატონებთან იზრდებიან შვილები და შვილიშვილები. შესაძლოა, ეს ქალბატონები რეალურად სულაც არ არიან აგრესიულები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით – სათნოებით სავსენი არიან, მაგრამ ძალადობისთვის გარკვეულ მენტალურ სივრცეს ისინი ქმნიან. ისინი ზრდიან მენტალურ მონსტრებს, რომლებიც შემდგომ ძალიან ადვილად იმეტებენ „დასახვრეტად“ ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა. მაგრამ, ხომ ფაქტია, რომ ძალადობა არის მათი აზროვნების ჩვეულებრივი წესი. არც იციან, რომ ეს ძალადობაა, რადგან „მთა-წმინდაზე“ მდგარი „სათნო არსება – დედა“ მთელი ცხოვრება მათ ძალადობის კულტს ჩასჩიჩინებს და იკვრება წრე, უწყვეტი წრე ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა ან პირიქით – ახალი დახვრეტილებისა და ძველი დასახვრეტებისა. დროში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
შენი თემა არის ბოლშევიზმი. თან არა იმდენად მისი ისტორიული ასპექტი, რამდენადაც ბოლშევიზმი, როგორც ცნობიერების მდგომარეობა. ამის შესახებ მინდა გკითხო: რატომ ფიქრობ, რომ ეს არსებითია, რომ ეს აქტუალურია. სად არის ამ პრობლემის კვანძი ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის.
აი, როგორ ვთქვა?.. ეს არის ჩემი სიბრაზე. კინოდან ძალიან ხშირად მიწევდა და იმედია კიდევ მომიწევს ფესტივალებზე და სცენარის გამო მოხვედრა დანარჩენ მსოფლიოში და ძალიან მიჭირს კომუნიკაცია, რადგან კარგად არ ვიცი ინგლისური, რაც ძალიან, ძალიან მზღუდავს რეალიზებისთვის. ერთხელ, ერთ-ერთ ფესტივალზე რომელიღაც ფრანგმა პროდიუსერმა მითხრა, რომ თუ ინგლისური არ იცი, კინოს გადაღებას თავი დაანებეო, გავმწარდი, სერიოზულად ვიჩხუბე, სუ რასისტი ვეძახე, მერე ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მინდოდა მეთქვაო – ევროპაში გაგიჭირდება კინოს გადაღება, თუ ინგლისური არ იციო. მივხვდი, რომ მართალი იყო და დავიწყე კვლევა, რატომ ვერ ვისწავლე ინგლისური, რუსული ხომ საუკეთესოდ ვიცი? ამ მცირე მიზეზის უკან დგას მთელი ისტორია: ჩემი, მამაჩემის, პაპაჩემის, მისი პაპის ანუ გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის. ვიღაც ნაძირალამ გადაწყვიტა, რომ მე მხოლოდ რუსული უნდა ვიცოდე, ჩამკეტოს. შემიზღუდოს ურთიერთობის არეალი, კომუნიკაციის თავისუფლება და ეს ვიღაც ნაძირალა არის კრებითი ბოლშევიკი.
ლიტერატურა ადამიანის სულის გამოცდილების გაზიარებაა. ხომ გინახავთ, ერთი ადამიანი როგორ ურჩევს მეორეს: – აუ, წაიკითხე რაა, შენს თავს და რამდენ ადამიანს იცნობ, თითქოს ჩვენზეა ეს წიგნი, რა გენიოსია არა ტიპი? ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყოფითი საუბარია, არადა როგორი რეცენზიაა? და ბოლშევიზმი გართმევს ამ გაზიარების საშუალებას, გიქმნის საზღვრებს, გზღუდავს და თუ არ დაემორჩილე, გკლავს, პირდაპირი გაგებით გკლავს. იგი საზოგადოების არა უბრალოდ სოციალური წყობაა, არამედ, გლობალურად, აბელისა და კაენის ურთიერთობაა, შეზღუდული მოძალადე ადამიანისა და თავისუფალი ადამიანის მარადიული ბრძოლაა, რომელიც იმ მთავარი ნაწარმოების პირველი ტრაგედიაა. ვფიქრობ, რომ ამ ტრაგედიის შინაარსი მარადიულია. მეც ამ ,,მარადიულზე“ ვწერ.
როგორ ფიქრობ, რეალურია საფრთხე, რომ ისტორია, მისი გადათამაშების მცდელობაში, კიდევ შევა იმავე ,,მდინარეში“, ნაცნობ ჩიხში? გვასწავლა ისტორიამ რამე? გვაზღვევს ეს საფრთხისგან?
თეზისი, რომ ისტორია გაკვეთილია, ჩემთვის ეჭვს იწვევს. თუ მაინც და მაინც გაკვეთილია, მაშინ ისეთი, რომელსაც არავინ არა თუ გადაიმეორებს, არც სწავლობს. ისტორია არის მხოლოდ ფაქტი, ფაქტი, რომელიც შექმნა ადამიანმა თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, მეტაფიზიკოსები, პოლიტოლოგები იწყებენ განხილვას, რამ განაპირობა ის რომ, ესა თუ ის ისტორიული ფაქტი შედგა. ჩემთვის ისტორია, უბრალოდ, ინსტრუმენტია, მოვყვე ადამიანის შესახებ. თუ პირველყოფილისთვის ეს იყო ნადირობის და ტომთა ბრძოლის ამბების მოყოლა, დღევანდელი ადამიანი ყვება გლობალურ ომზე. არის არსებითი განსხვავება?
ისტორია გაკვეთილი ხდება მაშინ, როცა ადამიანი ადის რაღაც განსხვავებულ მორალურ საფეხურზე და იწყებს იმის გააზრებას, რომ თუ ცეცხლში ჩაგდებულ ქვას ხელს მოკიდებ, დაგწვავს. თუ აბელს ქვას ჩაარტყამ – რჩები მარტო. აღარ ვლაპარაკობ ზნეობრივი შინაარსის განცდაზე, რომ მოკალი ძმა. ხანდახან მგონია, რომ ადამიანი მკვლელის სიმარტოვის კომპლექსით ცხოვრობს და რაც უფრო უნდა ეს კომპლექსი მოიცილოს, მით უფრო იძირება. ამიტომ არის უწყვეტ წრეზე ომები… იმ ბიბლიური მშვიდობის ძიებაში ომობს და ომობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ იმძლავროს და დამშვიდდეს. სხვათა შორის, მგონი, დიქტატურის მოთხოვნილებაც აქედან მოდის… და კიდე ეს ყველაფერი ისტორია ხდება მომდევნო ისტორიის აწმყო ეტაპზე.
რა საზოგადოება შექმნა სსრკ-მ?..
დიახ, აი ეს უკვე ის არის, რაც უცნაურად ამოვარდნილია კაცობრიობის განვითარების და არსებობის ყველა გლობალური კანონიდან, თუმცა არა ერთადერთი… ესე ცალსახად, მხოლოდ მემარცხენე მოძრაობების დასაწყისი არ ჩაითვლება მიზეზად, მემარცხენე რევოლუციური მოძრაობა სამყაროში და ადამიანთა გონში მუდამ იყო, როგორც, ბანალურად რომ ვთქვა, მდიდართა და ღარიბთა დაპირისპირება. „აჩრდილი დაძრწის ევროპაში – აჩრდილი კომუნიზმისა – საიდანღაც ხომ „მოეძრწა“ ეს აჩრდილი? ამას უამრავი წინაპირობა აქვს ადამიანის განვითარებაში და მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც სსრკ აღმოცენდა. ტერიტორია, თავისი გეოგრაფიული თვისებებით, მზის ინტენსივობითა თუ წყლის შემადგენლობით, გეოგრაფიული რელიეფითა თუ ადამიანური ყოფის პირობებით.
ყველაფერმა ერთად განაპირობა კაცობრიობის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გვიანდელი ტომების გამოჩენა ევროპის აღმოსავლეთით. ძალიან განვითარებული ევროპის გვერდით უცებ ჩნდება ადამიანთა ძალიან განუვითარებელი ჯგუფები. და მგონი, ბებერმა ევროპამ ვერ მოზომა თავისი ამპარტავნული დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ, რამაც იმ სხვა ხალხების ბუნებრივი გაღიზიანება გამოიწვია, ამ გაღიზიანებამ წარმოქმნა სსრკ, რაც ახლა ევროპას ცხვირში ხვდება. ცდილობს გამოასწოროს შეცდომები, მაგრამ ძნელია. დრო დასჭირდება. იმედია, მოხერხდება.
ჩემს რომანში, წარჩინებული ოჯახების უმწიფარი გოგო-ბიჭების მიერ, ყმაწვილ „ჯვარნაკრავზე“ კოკაინის გამოცდის ეპიზოდში ვცადე ეს მეთქვა.
სსრკ-მ შექმნა ჯვარნაკრავების საზოგადოება, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილია საღი განვითარების პროცესიდან. ეს არ არის მონების საზოგადოება, ანომალიური აზროვნების წყობით. იმან, რაც ადამიანებს დნმ-ს დონეზე აქვთ ჩაბეჭდილი ათასობით წლის განმავლობაში, ძალიან მოკლე ხანში განიცადა ცვლილება, არსის ცვლილება. თან ეს მოხდა ძალიან მოკლე ხანში. დნმშეცვლილი ადამიანი კი მუტანტია, მძიმე ძალადობით შედეგად წარმოქმნილი მუტანტი. არავითარ გადატანით მნიშვნელობას არ ვდებ ამაში. ხანდახან მგონია, რომ მართლაც მისტიკური ბოროტი მოვლენების ხელი ურევია ამაში: სულ რაღაც ათიოდე წელში ადამიანთა დიდ ჯგუფს თითქოს, საშინელებათა ფილმების მსგავსად, ზომბების, მაქციების ჯოგები დაესხა თავს, დაკბინეს და აქციეს თავისნაირებად.
სსრკს საზოგადოება ძალიან მოკლე დროში მუტაციის შედეგად შექმნილი საზოგადოებაა. და თუ არ აჩვენე, რომ შენც ისეთივე მუტანტი ხარ, ან უნდა დაიმალო, ან გაიქცე, ან თუ აღმოგაჩინეს, დაგკბენენ, როგორც უცხოს… ეს შეიძლება ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, მაგრამ იქნებ სჯობდეს, ამაზე დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ ჩვენი რეალობა და მივხვდეთ, რომ ამას ნორმალური ადამიანები არ სჩადიან… მაგრამ, რომ გაანალიზო, მუტანტი არ უნდა იყო.
იმედი მაქვს, რომ ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ის აღიდგენს ჯანმრთელ მდგომარეობას, აქვს ბუნებას რეგენერაციის უნარი. თუმცა დღევანდელმა საბჭოთა ქართველმა ჯერ არ იცის, რა არის ჯანმრთელი საზოგადოების დნმ, იყო კი ასეთი, რატომ მოერია ასე მალე მუტაცია?..
პირველი კითხვას განვავითარებ, თუ შეიძლება. შენი თემაა ომი. რა კავშირია ომსა და ხელოვნებას შორის. არის თუ არა ისინი შენთვის იგივეობები. თუ ასეა, რა იგივეობაა ის.
ისე აღმოჩნდა, რომ, რაც გამიკეთებია, ცუდად თუ კარგად, მართლა უმეტესობა ომს ეხება, ალბათ, იმიტომ, რომ, ბანალურად ვიტყვი, ომების ეპოქაში გავიზარდე. ომსა და ხელოვნებას შორის კავშირი? ახლაც შეიძლება ბანალურად ვთქვა – ორივე ხომ ბრძოლაა. ისე, ცოტა ირონიული დამოკიდებულება მაქვს ამ ფრაზის მიმართ – ისეთი, ჩაქირქილება რომ მინდება. ასე პირდაპირ ტოლობის ნიშნის დასმა მიჭირს, მაგრამ, ალბათ, საერთო არის სხვადასხვა პოლუსების, უარყოფითის და დადებითის შეჯახების კოლიზია. რა თქმა უნდა, არის უამრავი ექსპერიმენტი, როცა ავტორები ცდილობენ შეცვალონ კანონები ხელოვნებაში: ლიტერატურაში, კინოში, თეატრში, მუსიკაში, მხატვრობაში, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც სადაც კონფლიქტია, ყველას იქით გაურბის ყურადღება.
ომი კი მხოლოდ იმიტომაა ჩემი თემა, რომ, აი, პირველი კითხვის პასუხადაც ვთქვი მგონი, უბრალოდ რაღაცნაირ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მოვყვე ამ გაუთავებელ კონფლიქტზე, რომელიც ჩვენს გარშემოა ამჟამად და ამდენ ტკივილს იწვევს. ჯერ ვერ მოვიცალე სხვა რაღაცის მოსაყოლად, მაქვს კი სხვა მოსაყოლი?
როგორც მწერალს გეკითხები, – რა მიზანია მშვიდობა? არ ვკითხულობ სამართლებრივი და ჰუმანისტური თვალსაზრისით. ვკითხულობ შინაგანი ცხოვრების თვალსაზრისით.
ახლა მე ვკითხულობ დრამატურგიას უნივერსიტეტის კოლეჯში, დრამატურგიის ძირითადი რესურსი არის ისევ და ისევ კონფლიქტი – კონფლიქტი ადამიანებს შორის, კონფლიქტი მოვლენასა და ადამიანს შორის, კონფლიქტი გარემოსა და ადამიანს შორის.
ამ კონფლიქტის გამო უყურებს, უსმენს, კითხულობს ადამიანი ნამუშევარს. კონფლიქტის გარეშე მისთვის უინტერესოა ყველაფერი.
მე ერთი დიდი ფუფუნება მაქვს, სახლში მყავს ერთ-ერთი საუკეთესო დრამატურგი – ჩემი ძმა, ირაკლი, როცა რაღაცას ვაკითხებ, საოცარი უნარი აქვს ეს კონფლიქტი დაინახოს, ორ ეპიზოდს ადგილს გამოუცვლის და ყველაფერს ამძაფრებს… არა და ცხოვრებაშიც ეგრეა, მთავარია, დაპირისპირებული ძალები აღმოჩნდნენ ერთმანეთის ახლოს. ისე, ცალ-ცალკე შესაძლოა აბსოლუტურად უკონფლიქტონი იყვნენ ეს ძალები.
ქუჩაში დავდივართ ყოველდღე. მაგალითად, სამსახურში, რუტინულად, მივდივართ ერთსა და იმავე დროს, ერთი ქუჩით. უამრავი ადამიანი ჩაგვივლის გვერდით და არავინ გვახსოვს, მაგრამ თუ კი ქუჩაში რაიმე სახის კონფლიქტს წავაწყდით, მის მონაწილეებს კარგად ვიმახსოვრებთ, დეტალებით აღწერაც კი შეგვიძლია. რაც უფრო მძაფრია კონფლიქტი, მით უფრო კარგად გვამახსოვრდება მისი მონაწილენი… ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მშვიდობა კი არა, კონფლიქტი აინტერესებს, მაგრამ პარადოქსული მიზეზის გამო, ადამიანს მშვიდობის მოთხოვნილება აქვს გამძაფრებული და აინტერესებს კონფლიქტი.
მოდით, კონფლიქტს გასართობი სახელი დავარქვათ, – თავგადასავალი. თითქოს იცვლება ხომ მნიშვნელობა? თავგადასავალი შეიძლება იყოს სასიყვარულოც, თუნდაც კონფლიქტებით სავსე და დამთავრდეს სიამოვნების განცდით და ბედნიერებით. თუმცა… და აი ეს „თუმცა“ არის ის, რაზეც წერენ, იღებენ, დგამენ… „თუმცა რეალობა არის სხვა“ – ვამბობთ და ამ რეალობასაც ჩვენ ვქმნით, ადამიანები.
ჩემთვის მშვიდობა არის მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით. რელიგიური სწავლებების მიხედვით, თუ სიმშვიდე გვინდა, ღმერთი უნდა ეძიო. ეს, „სხვა თარგმანში“, ალბათ, ნიშნავს ძალას და სრულყოფილებას ან სრულყოფილების ძალას. მაგრამ ამ მიზნისთვის საეჭვო გზებს გავდივართ ხოლმე. ამიტომაც ვერ ვაღწევთ რეალურ მშვიდობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ერთი კონკრეტული ადამიანის სულიერი წონასწორობა. ეს გვიჩენს მარადიულ სევდას, რაც მერე ხელოვნების შექმნისთვის საუკეთესო მასალაა. ამ მასალას ცეცხლსასროლი იარაღივით ყველაზე სადა და დახვეწილი დიზაინი აქვს და ყველაზე ტრაგიკულ ემოციებს იწვევს. არ ვხუმრობ. უბრალოდ, ასე ვფიქრობ.
იყო დრო, როცა მწერლები სამყაროს იდეალური პერსპექტივიდან ხატავდნენ და თან ისე, რომ ამის გამო მათ ვერ დავუწუნებთ რეალიზმის ნაკლებობას. მერე რეალურის პერსპექტივიდან ქმნიდნენ ხელოვნებას და აი, აქ ,,მოტყდა ხელოვნებას ფრთები“. როგორ ფიქრობ, რა სურს თანამედროვე ადამიანს ლიტერატურისგან, მე ვგულისხმობ თანამედროვეს ფენომენალურად და არა სტატისტიკურად.
უფრო ცხადად რომ ვთქვა: ხელოვნება მოითხოვს მოცემულობას, რომელშიც დახანება, შეჩერება ფიზიკურად არის შესაძლებელი. იგი საჭიროებს რაღაც სტატიკურ გარანტს, რომელიც აღარ არის, შეუძლებელია იყოს. მუდმივად აჩქარებულ დროში, რომელსაც ტექნოლოგიური წამზომი მართავს, რეალურად არ რჩება დრო გამოცდილების შენახვისათვის. ხელოვნება ეს გამოცდილებაა, მაგრამ ეს გამოცდილება სულ უფრო და უფრო ძნელდება: ის დაბადებისთანავე ქრება (ეს არ ეხება მხოლოდ ხელოვანებს, ვგულისხმობ ადამიანს, როგორც განმცდელს, იქნება ეს ხელოვანი თუ მისი მომხმარებელი). აი, ამ მოცემულობაში ხომ არ უწევს ხელოვანს იყოს ანაქრონული, ან იყოს თანმიმდევრული ხელოვნების არსის მიმართ და ხელი აიღოს წერაზე, ქმნაზე. ვფიქრობ, ფანტასტიკის ჟანრის მომძლავრება, არა მარტო ლიტერატურის, არამედ ცხოვრების კულტურული ჩიხის, დასასრულის ერთგვარი რეზულტატია, რომელშიც არის, ერთი მხრივ, რაღაც პრეისტორიულიცა და პოსტ-პოსტისტორიულიც. მგონია, ამ ჩიხის ანარეკლს შენი რომანიც ატარებს, რადგან გამოიყურება როგორც მომხდარის, არსებულის მაგიური გამოძახილი.
დრო ან დროის დინება არ არსებობს, ჩემთვის. დროის დინება თუ იმით განისაზღვრება, რომ ტექნოლოგიურად განვითარდა ყოფა, ეს არ არის დროის სვლის კრიტერიუმი. თუ დროის სვლას კალენდარზე ფურცლების ხევას დავარქმევთ, შევთანხმდეთ, რომ ეს არის დროს სვლის მხოლოდ ადამიანის მოგონილი ილუსტრაცია, უფრო თავის მოტყუება… თუ ერთი ადამიანის დაბერებიდან განვსაზღვრავთ დროის ცვლილებას, ეს ერთი ინდივიდის პრობლემაა: ის ერთი ინდივიდი შეწუხდა, რომ გარეგნობა შეელახა ან ვეღარ გააჩენს შვილს, ან სულაც ლოგინად ჩავარდა ასაკის (დროის) გამო… მაგრამ გლობალური სიცოცხლისთვის ხომ არაფერი განსაკუთრებული ხდება – ერთი კვდება, ახალი იბადება და ამიტომ არანაირად არ ასახავს დროის ცვლილებას. იმას, რომ გლობალურად დრო არ არსებობს, კიდევ უფრო ადასტურებს ხელოვნება. მაგალითად, ადამიანური კალენდრით სადღაც 30000 წლის წინ დაუხატავთ ცნობილი ნახატები ალტამირის მღვიმეში და ამას პეტროგლიფებს ვუწოდებთ, თუ კარგად მახსოვს. არა და ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელმაც მოგვიყვა ნადირობის სცენა. დღესაც ამ ,,ნადირობით“ ირჩენს თავს ადამიანი და იმ მხატვარმა ამით თქვა, რომ დრო არ არსებობს… გლობალური კანონზომიერებისთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, რა მოინადირა მაშინ ადამიანმა ან თუნდაც ვინ დახატა ეს ნახატი… ის არ დახატავდა, სხვა დახატავს. თუ დასაწერია, მე არ დავწერ, სხვა დაწერს. დროის განსაზღვრება მოიგონა ადამიანმა, რომელსაც ეგოისტურად ენანება, რომ კვდება… რელიგიები ცდილობენ, რომ ამ სინანულში იმედი მისცენ ადამიანს. თუმცა, ამ რელიგიებს ჩემთვის არაფერი საერთო არ აქვს დასაბამიერ სიტყვასთან… ჰოდა, რაც უფრო ენანება ადამიანს, რომ კვდება, იმდენს ებღაუჭება დროს, რომ უფრო მეტ, პირდაპირი გაგებით სიკვდილს იწვევს და ის სევდა და სინანულიც იზრდება. რაც უფრო იზრდება ის სევდა, კიდევ უფრო ებღაუჭება და იკეტება წრე… ჩემთვის ხელოვნება ეს არის ამ სევდის გაქარწყლება…
აქცევს თუ არა ლიტერატურას ლიტერატურად მკითხველი? თუ აქცევს, მაშინ რაშია მისი(ლიტერატურის) თვითკმარობა. თუ არ აქცევს, მაშინ რაშია მისი (მკითხველის) ფუნქცია?
მე მგონი, ეს ერთი და იგივე რამეა, ლიტერატურა და მკითხველი ერთარსია, ერთმანეთის თავისთავად არსებული ჰიპოსტასები, რომელსაც ან ვიღაც წერს, ან ვიღაც კითხულობს… არც დანიშნულება და არც თვითკმარობა არ სჭირდება ლიტერატურას.
რა შეუძლია ლიტერატურას?
მამაჩემი კარგი მექანიზატორი და აგრონომი იყო, თავისი საქმის კარგი სპეციალისტი. საქმის კარგად გასაკეთებლად უამრავ სპეციფიკურ ლიტერატურას იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ძალიან კარგ უნარებს ფლობდა. წაკითხვის დროს უცებ არკვევდა, რომელი ტექსტი იყო ნაკლებად მცოდნეების დაწერილი და რომელი – მართლაც პროფესიონალების. ძალიან უხაროდა ხოლმე, რომ თავისი საქმიანობის დასახვეწად რაიმე საინტერესოს აღმოაჩენდა. მაგალითად, რაიმე მცენარეული კულტურის მოყვანისას, ეძებდა წიგნს შესაბამისი ინფორმაციით, რომ ნაკლები დანახარჯებით მოეყვანა უფრო ხარისხიანი და უფრო ბევრი პროდუქტი. ეძებდა ინფორმაციას, რა შეცდომა ჰქონდა დაშვებული, რომ აღარ დაეშვა, ან სხვები რა შეცდომებს უშვებდნენ, ეძებდა ახალ მეთოდებს, მისთვის უცნობ შესაძლებლობებს, პოულობდა, ნერგავდა, ავითარებდა და მიზანსაც აღწევდა. მოკლედ, კარგი ლიტერატურის კარგი მკითხველი იყო, რითაც მცირე რესურსების ხარჯვით იღებდა მაღალხარისხოვან პროდუქტს და გვიუმჯობესებდა ცხოვრებას.
ყველა საზოგადოების შექმნილ პროდუქტს ეტყობა თავისი ლიტერატურა და თავისი მკითხველიც.
ამ, არც თუ მშვიდობიან აზრთან დავასრულოთ დიალოგი, მაგრამ ეს კარგია, რადგან ეს ის გამონაკლისია, როცა მშვიდობას ომი სჯობს. მკითხველსა და ლიტერატურას შორის მშვიდობა აღსასრულია ორივესთვის. აღსასრულია ლიტერატურისთვის უკვდავების აზრით: ვისაც ეს „განაჩენი“ ერგო, სწორედ ამის გამო „დაიხოცნენ“. და აღსასრულია ღირებულებითი მნიშვნელობით, რადგან ეს კონიუნქტურულ ზავს ნიშნავს. კონიუნქტურა კი მკრეხელობაა ლიტერატურისა და მკითხველის აუცილებელ ომში.
მადლობა!
მადლობა შენ, იმიტომ, რომ ლიტერატურაზე ასეთ კონტექსტში საუბარი არც ისე ხშირია და ლიტერატურული ენდორფინის გამომუშავებას ემსახურება… და რადგან ლიტერატურა ცხოვრებაა, ესე იგი სიცოცხლის ენდორფინიც გამომუშავდება, მალობა. ლიტერატურული ენდორფინი კაია!
© არილი