პოეზია

ბექა ახალაია – ლექსები

 

საწყობი

აშენების თარიღი: 1983 .

საშენი მასალა: წითელი აგური

გადასახური მასალა: სინკარი, აზბესტცემენტის შიფერი

ფართობი: 205 კვ. .

კედლების სიმაღლე: 6 .

მთლიანი სიმაღლე: 8 .

დანიშნულება: მინერალური სასუქების შესანახი სივრცე

ექსპლუატაციის პერიოდი: 1983-1990 . .

 

შენი გვარი მშენებელია, სულ აშენებდით,

შენ და შენს ძმებს სისხლში გაქვთ შენება,

ოდესღაც აშენებდით ციხესიმაგრეებს & თავშესაფრებს,

ერთხელ სოფლისთვის გალავანიც კი შემოგირტყამთ.

ჩემი გვარი კი მნგრეველია, ჩვენ სულ რაღაცას ვანგრევდით,

როგორც წესი, იმას ვანგრევდით, რასაც თქვენ აშენებდით,

თუ რატომ ვანგრევდით, არ გვქონდა წარმოდგენა,

მაგრამ ინსტინქტით ვგრძნობდით, რომ უნდა გვენგრია.

ეს სისხლში გვაქვს მე და ჩემს ძმებს.

ასე ვცხოვრობთ, უკვე რამდენი საუკუნეა –

ფართო გზის გაღმა-გამოღმა – მშენებლები და მნგრეველები.

ბავშვობაში შენ და შენი ძმები სახლებს რომ აგებდით,

მე და ჩემი ძმები სულ ვცდილობდით, ისინი დაგვენგრია.

მახსოვს, ერთხელ წნელის სახლი ეზოს შიგნით ააშენეთ,

რადგან იცოდით, რომ ეზოში ვერ შემოვბედავდით,

ვიდექით და ისე ვუყურებდით,

როგორც კატა ძეხვს ასცქერის, რომელსაც ვერაფრით შესწვდება.

ბოლოს, როცა ყველა იმედი გადაგვეწურა,

წალდის ტარს თოკი გამოაბა ჩემმა უფროსმა ძმამ,

და ეზოში გადაისროლა, წალდი სახლს გამოედო,

გამოვქაჩეთ და წნელის სახლი ნაწილებად დაიშალა.

ამის მნახველმა ბაბუაჩვენმა სამზადში შეგვიყვანა,

სხვენიდან წერაქვები ჩამოიღო, დაგვირიგა და გვითხრა:

” – მნგრეველები ხართ!” –

და იმ შუაღამით ბედნიერი გარდაიცვალა,

მიხვდა, რომ ტოვებდა გვარის ღირსეულ გამგრძელებლებს.

მას შემდეგ ყველაფერს წერაქვით მივსდგებოდით:

მწყრის თუ ჭიანჭველის ბუდეებს, მაჩვის თუ მელიის სოროებს…

შენ და შენს ძმებს კისერზე შურდულები გეკიდათ,

ჩვენ კი დავდიოდით მხარზე გადებული წერაქვებით…

აი, ეს საწყობი მამაშენმა და შენმა ბიძებმა ააშენეს,

და მერე, როცა სასუქი აღარ მოჰქონდათ,

და ამ შენობის არსებობაც ყველას მიავიწყდა,

ღობე გადავწიეთ და შემოვარტყით,

რადგან ჩვენთან ახლოს იდგა, გზის გადმოღმა.

თქვენ კი შეწუხდით, რადგან იცოდით, კარგს არაფერს

მოასწავებდა ეს ყველაფერი, მართლებიც იყავით,

სოფლის ხელმძღვანელობაც ჩააყენეთ საქმის კურსში,

მაგრამ ამ შენობისთვის არავის ეცალა.

მას შემდეგ ყურები ყოველდღე აქეთ გქონდათ,

როდის დავარტყამდით პირველ წერაქვს და პირველ უროს.

თუმცა კარგახანს მოგიხდათ ლოდინი,

მამაჩემმა საწყობი ბოსლად გადააკეთა,

შენობის ერთ კუთხეში წნული ბაგა და ზღავი მოაწყო,

და შვიდიოდე ძროხა თავს ისე გრძნობდა,

როგორც დიდ სასახლეში პატარა ოჯახი.

სულ მალე ძროხები მიყოლებით დაიხოცნენ,

როგორც აღმოჩნდა, აზოტით, ფოსფორით და კალიუმით

გაჟღენთილ მჟავე კედლებს ლოკავდნენ და იწამლებოდნენ.

და ერთ დილით,

გაბრაზებულმა მამაჩემმა პირველი წერაქვი დაარტყა,

და თუ ადრე ჩემი გვარი უბრალოდ ანგრევდა,

ამჯერად გაჩნდა საჭირო მიზანი:

იმ აგურებით სახლი უნდა აეშენებინა.

იქიდან დაიწყო საბედისწერო ნგრევა და შენება,

რაც საწყობს აკლდებოდა, ის ახალ კედლებს ემატებოდა,

მანამ, სანამ, ზაფხულის ერთ შუადღეს,

ჩამოვარდნილმა სინკარმა მამა ქვეშ არ მოიყოლა.

გადარჩა, მაგრამ დახეიბრდა სამუდამოდ.

შემდეგ ჩემი უფროსი ძმის ჯერი დადგა: ის ვერ გადარჩა,

და დავმარხეთ სასაფლაოს იმ ნაწილში,

სადაც ნგრევისას დაღუპული ჩემი წინაპრები მარხია.

დიადი მნგრეველების საფლავებზე, ჯვრების ნაცვლად,

წერაქვის ფორმის ქვებია აღმართული.

სასაფლაოს შესასვლელს კი დიდი ასოებით აწერია:

“ვნების სიმძაფრე ნგრევაშია და არა – შენებაში!”

ყოველ აღდგომას, როცა საფლავებზე თქვენ კვერცხებს აგორებთ,

ჩვენ მიგვაქვს აგურები, და ბოლოს დამარხული

მკვდრების საფლავებთან მუხლებზე ვიმტვრევთ.

მათ ასე ვულოცავთ დღესასწაულს.

ამ საწყობმა შენი ერთ-ერთი ბიძაც იმსხვერპლა,

ოღონდ, ჩემი ძმისგან განსხვავებით, ბიძაშენი აშენებას შეეწირა,

მთელი თექვსმეტი წელი გავიდა მისი სიკვდილიდან,

იმ წელს მე და შენ დავიბადეთ სამი დღის შუალედით –

ჯერ მე და მერე შენ.

დღეს იყო ჩემი ძმის ორმოცი,

მთელი სოფელი მოვიდა, შენი ოჯახი კი არ მოსულა.

ხვალიდან უკვე ნგრევა შეიძლება, ამიტომ, დილაუთენია,

მამა კედელზე მუშტის ბრახუნით გაგვაღვიძებს,

და მე და ჩემი შუათანა ძმა წალდებს და წერაქვებს

მხარზე გავიდებთ და ეზოს კიდისკენ გავემართებით.

ამ ორმოცი დღის მანძილზე ხეებს ფოთლები გასცვივდათ,

შენი სახლიდან უკვე კარგად ჩანს ყველაფერი,

ამიტომ, ვიცი, მთელი ოჯახი, მოზრდილ დერეფანში,

ხის ტახტზე დასვამთ ბრმა ბებიას, პლედს წამოაფარებთ,

მერე მოაჯირს დაეყრდნობით ხმის ამოუღებლად,

და შემოდგომის ახლადამოსულ მზეს მიაშტერდებით,

რომ მზერა დაგებინდოთ და ვეღარ დაინახოთ,

როგორ წავაქცევთ მე და ჩემი ძმა საწყობის ბოლო კედელს.

 

მდინარე

 

სათავე:

წითელი მთა

(40°50′01″ . .

42°49′12″ . .)

შესართავი:

ზურმუხტის ზღვა

(39°17′11″ . .

49°25′40″ . .)

შესართავის სიმაღლე: – 27.5

სიგრძე: 1615 კმ

აუზის ფართობი: 198 000 კმ²

წყლის ხარჯი (საშ.): 453 ³/წმ

 

*

ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიედინები,

და ოთხივეგან სხვადასხვა სახელს გეძახიან,

შენი ნამდვილი სახელი კი არავინ არ იცის,

ისევე, როგორც – ჩემი ნამდვილი სახელი.

ოდესღაც შენს სათავესთან, ერთ მზიან შუადღეს,

ორსულ ქალს ფეხი დაუცდა ხავსიან ქვაზე და

მორევში ჩავარდა… არც დაფიქრებულხარ,

ისე გააქანე ქვევითკენ დიდი სისწრაფით.

იქ, სადაც ივაკებ და სადაც იწყება პირველი დასახლება,

წყალზე მოტივტივე ქალი რომ შეამჩნიეს,

მთელი სოფელი შევარდა საშველად,

მაგრამ ვერავინ დაეწია, არ გაჩერებულან,

ზოგი წყლით და ზოგი ნაპირ-ნაპირ დაედევნა.

შემდეგ იყო ერთი დაბა, დაბის მცხოვრებლებიც

სოფლელებს შეუერთდნენ, თუმცა მათაც ვერაფერი…

შემდეგ – პატარა ქალაქი, შემდეგ კი – დიდი ქალაქი,

ქალაქელებიც, სხვებთან ერთად, ამაოდ მისდევდნენ.

და ასე, მთელი ქვეყანა, კვირების მანძილზე,

მისდევდა წითელკაბიანი და წითელთმიანი

ქალის ცხედარს, და სდიეს მეზობელი ქვეყნის საზღვრამდე.

მეზობელ, ანუ მეორე ქვეყანაშიც იგივე განმეორდა,

ამაოდ სდიეს მესამე ქვეყნის საზღვრამდე,

მესამე ქვეყანაშიც ზუსტად იგივე, რაც წინა ქვეყნებში,

ხოლო მეოთხე ქვეყანაში, ამაო დევნის შემდეგ,

ზუსტად იქ, სადაც იწყება შენი დელტა,

და ზურმუხტის ზღვის ხმაური ისმის მკაფიოდ,

ხალიჩის მრეცხავმა ქალებმა ცხედარი დაიჭირეს.

ამობურცულ მუცელს რომ დააცქერდნენ,

ეგონათ, მისი სხეული წყლით იყო გაბერილი,

მაგრამ, როცა მუცლის შიგნით რაღაც ამოძრავდა,

მიხვდნენ, საქმე რაშიც იყო და იმასაც,

რომ დაყოვნება არ შეიძლებოდა.

ყველაზე ხნიერმა და ყოჩაღმა დედაბერმა

მინისტარის ქლიავისფერი ნატეხი იპოვა,

და ცხედარს მუცელზე ირიბად გადაუსვა…

იქიდან ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც მე ვიყავი.

 

*

პირველ ქვეყანაში, შენს სათავესთან, სწორედ იმ ადგილას,

სადაც დედაჩემს ოდესღაც ფეხი დაუცურდა,

მე მიდგას ქოხი, და მყავს ნახირი, თავს ვირჩენ მწყემსობით.

ყოველ საღამოს დიდ ლოდზე ვჯდები, ძაღლს გვერდით მოვისვამ,

და მინისტარის ქლიავისფერი ნატეხებით,

ჩვენს ქვემოთ, თვალის გაწვდენაზე გადაშლილი ღრუბლების მიღმა,

ჩემი ოთხივე სამშობლოს მიღმა, დედაჩემის

საფლავის მიღმა, ზურმუხტის ზღვაში ჩამავალ მზეს

გავცქერი მე – ამ ოთხი ქვეყნის ოთხი მოქალაქე,

უფრო სწორედ – შენი ნაპირების უცვლელი მოქალაქე.

ვახშმობის შემდეგ შენი სათავიდან ამოდის თეთრი ქალი,

და მასზე ჯვარს ვიწერ იქვე, ძველ სალოცავში,

მერე კი ვიყოფთ სარეცელს და ის უცებ ორსულდება,

და სწრაფად ევსება, ევსება, ევსება მუცელი.

გამთენიისკენ უკვე აწუხებს ტკივილები,

ახლოს არ მიკარებს, დაუხმარებლად მშობიარობს.

მე კი ჩვილს ვბან ძროხის ახლად გამოწველილ რძეში.

სანამ თავს ვგრძნობ უჩვეულოდ და ვეჩვევი მამობას,

ქალი, ბავშვთან ერთად, ქოხიდან უხმოდ გადის,

და უჩინარდება შენს ხავსიან სათავეში.

დილით ვერც კი ვარკვევ, ცხადი გადამხდა თუ სიზმარი,

მოვდივარ შენთან და გიყვები, რომ ჩემი ამბავი

შენს ნაპირებთან მდგარ ჩემს სახლებთან ჩაატარო,

სანამ დედაჩემის საფლავთან ცოტა ხნით შეყოვნდები,

და ოთხ სხვადასხვა ენაზე გადასცემ დანაბარებს.

 

*

ჩემი უკანა ეზოს ბოლოს, მეორე ქვეყანაში,

იწყება შენი კალაპოტი, იმ მხარეს მესერიც კი არ მაქვს,

ანუ ცოცხალი მესრის ფუნქციას შენ ასრულებ.

მომყავს ნესვი და საზამთრო. ზამთრობით – სათბურში,

ზაფხულობით კი – ღია ცის ქვეშ, როგორც ხდება ხოლმე,

შემიძლია საათობით ვიჯდე და ვუყურო აივნიდან

მსხვილ-მსხვილი ნაყოფით მოფენილ ვრცელ მინდორს,

რომელიც, რატომღაც, შენს სათავესთან, პირველ ქვეყანაში,

ყოველ დილით გამქრალი შვილების საფლავებს მაგონებს.

გაღმა სოფლელი ბავშვები ხშირად მოდიან საყიდლად,

სანამ სათავსში ხვავთან დგანან და არჩევენ,

მათი მეგობრები ეზოდან იპარავენ მწიფე ნაყოფს,

მიწაზე გაწოლილნი მიაგორებენ თავით და ხელებით,

და ეზოს ბოლოს, ფლატედან, შენში ყრიან,

ცოტა ქვემოთ კი სხვა მეგობრები დგანან და იჭერენ,

როგორც დედაჩემი დაიჭირეს ხალიჩის მრეცხავმა ქალებმა.

მე ვითომ არ ვიცი ეს ყველაფერი, ვითომ ვერ ვხედავ,

და ყიდვის მერე თითო ნესვს ან საზამთროს ვჩუქნი ხოლმე,

მათ კი უხარიათ, რომ აგერ მერამდენედ მომატყუეს.

როცა იშლებიან, და გაღმიდან მათი ჟრიამული აღარ ისმის,

გადავივლი მდინარეს და

დიდი ჭადრის ძირას შეჯგუფებულ ღორებს ვაკვირდები,

რომ მისევიან ნარჩენებს, გახეთქილ ნესვებს და საზამთროებს,

რომლებსაც ვეღარ მოერივნენ მაძღარი ბავშვები,

და გასართობად ქვები დაუშინეს.

 

*

მესამე ქვეყანაში ერთი ტბორის დარაჯი ვარ,

შენგან ტბორში პატარა არხი ჩაედინება,

ანუ შენ ასაზრდოებ, დედამისიც და მამამისიც ხარ,

დაც და ძმაც ხარ, შენ რომ არა, ის უბრალოდ დაშრებოდა,

და ამისთვის მადლიერია, ყოველთვის, როცა

მასში ვიყურები, ამას ვხვდები, ვიცი, რომ შენც ხვდები,

ხვდებიან მასში მოშენებული კალმახებიც,

რომლებსაც უყვართ ის, როგორც მშობელი, შენც უყვარხარ,

როგორც მათი მშობლის მშობელი, რომელიც მზადაა,

შვილისთვის გაიღოს საკუთარი სხეულის ნაწილი.

ზოგჯერ, ღამით, მოდიან თევზის მოსაპარად,

ნაპირს დაჰყვებიან ელექტროშოკური აპარატით,

და როცა ჩემი ჯიხურის ფანჯრიდან ჰაერში გავისვრი,

გაიქცევიან, მე კი ნაპირზე ვდგავარ და ვუყურებ,

მთვარის შუქზე როგორ ბრწყინავენ მოტივტივე კალმახები,

თანდათან შოკიდან გამოდიან

და ტბორის სიღრმეში უჩინარდებიან.

როცა, ზამთარში, ტბორის ზედაპირი მთლიანად იყინება,

ერთ ადგილას ყინულს ვჭრი ხოლმე ბენზინის ხერხით,

და მშიერ კალმახებს ვუყრი დაღერღილ სიმინდს და მუხუდოს,

იმ წუთას, მგონი, შენზე მეტადაც ვუყვარვარ.

ათასში ერთხელ ისე დიდდები, არხის სათავეს გაანგრევ,

ტბორს გადაავსებ, გადაიღვრება ნაპირიდან,

და წალეკავს ზეთისხილის და ფორთოხლის ბაღებს.

მეორე დღეს კი ამოგვყავს გუბურებში ჩარჩენილი კალმახები.

 

*

მიწის ქვეშ ვცხოვრობ, შენს ნაპირას, მეოთხე ქვეყანაში,

ჩემი მიწურის პირდაპირაა პატარა, თიხნარი ციცაბო,

რომელზეც მენაპირე მერცხლების სოროები ისე ჩანან,

რომ მთელი ფლატე კლდეში ნაკვეთი ქალაქი გეგონება.

ზამთრობით ვუვლი ამ სოროებს, ხოლო გაზაფხულზე,

როცა მერცხლები მოფრინდებიან, მერცხლებს ვუვლი,

უფრო სწორედ, ვდარაჯობ და ვიცავ გველებისგან,

სოროებში რომ მიძვრებიან და უმწეო ბარტყებს ჭამენ.

მერცხლებს დავარქვი სახელები, და ეს სახელები,

პატარა ფირფიტებზე წაწერილი, ფეხებზე გამოვაბი,

ვიცი, რომ ისინი არასოდეს არ მიმატოვებენ.

წავლენ, მაგრამ ყოველ წელიწადს ათეულობით

ათას კილომეტრს გადმოლახავენ ჩემთან შესახვედრად,

საჰარის ქვიშის თითო მარცვალს სახსოვრად მომიტანენ,

იმ მარცვლებს, როგორც მარგალიტებს, საგულდაგულოდ ვინახავ…

თოვს. სოროები ცარიელია. შენი ხმაც ძლივს ისმის.

ჩაივლიან მეჩეთისკენ მიმავალი კაცები,

მწარე სიტყვებს გადმომიგდებენ, მერე, ცოტა ხნით,

შეყოვნდებიან იმის იმედად, რომ რამეს ვუპასუხებ.

ჩემს დუმილზე ხელს ჩაიქნევენ, გზას გააგრძელებენ,

მე კი გავაგრძელებ ხელისზურგით ფიფქების დაჭერას,

თითქოს ისინი ფირფიტებია, რომლებზეც მერცხლების,

ჩემი მერცხლების სახელებს ვკითხულობ.

 

*

ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მიედინები,

და ოთხივეგან სხვადასხვა სახელს გეძახიან,

შენი ნამდვილი სახელი კი არავინ არ იცის,

ისევე, როგორც – ჩემი ნამდვილი სახელი.

 

ტიდას გაჭრილი თითი

ლოგინთან, სკამზე, მიდევს შენი ცალი ხელთათმანი,

რომელშიც გიწყვია დასათვლელი ფერადი ჩხირები,

როგორც კაპარჭში – ისრები. დაწოლის წინ

და ყოველ დილით ვკოცნი ხოლმე, უკვე ჩვევად მექცა

ეს რიტუალი. ხელთათმანის შუათითი წვერთან გარღვეულია,

და იქიდან რამდენიმე ჩხირის თავი ჩანს.

სულ მინდოდა გამეკერა, თითქოს გული მიგრძნობდა,

მაგრამ ყოველთვის ვდებდი სახვალიოდ,

გუშინწინ კი, თამაშის დროს, შუათითი მართლა გაიჭერი,

შენი ამდენი სისხლი იქამდე არასდროს მენახა,

და რატომღაც ერთი ფოტო გამახსენდა, რომელზეც

შუახნის სირიელ კაცს დაბომბვისას დაღუპული პატარა შვილები

მკერდზე ჰყავს მიკრული,

და უსაშინლესად მშვიდი თვალებით სადღაც იყურება…

ლამინირებულ იატაკზე და ნიჟარაზე,

ჯექსონ პოლოკის ფუნჯიდან დაწუწული საღებავივით,

მიმობნეულ სისხლის წვეთებში ყველა იმ ბავშვის სახე დავინახე,

ომებმა რომ იმსხვერპლა.

როცა კალიუმის პერმანგანატით & წყალბადის ზეჟანგით

ჭრილობა მოგბანეთ და შეგიხვიეთ,

და დედაჩემი დაღვრილი სისხლის მოწმენდას შეუდგა,

წვეთებიდან ერთბაშად ამოფრინდნენ სახეები,

მაგიდაზე მდგარ გლობუსს წრე დაარტყეს,

და ჩაძვრნენ კედლის საათში, რომელიც ეგრევე გაჩერდა.

იმ ღამით თვალი ვერ მოვხუჭე წუთითაც,

თავს ვგრძნობდი დამნაშავედ,

ვფიქრობდი, ნარღვევი დროზე რომ გამეკერა,

იქნებ არაფერი მომხდარიყო.

მეჩვენებოდა, რომ თითის ბალიშებს მისერავდნენ სამართებლით.

მაგრამ მეორე წუთს ყველა იმ მშობელს წარმოვიდგენდი,

რომელიც შვილის წამებას დაასწრეს,

ბოლოს, დასახიჩრებული მისი სხეული შეატოვეს და მიატოვეს,

მან კი შვილის ჭრილობები ითვალა და ვეღარ დაითვალა,

იმ ჭრილობებზე სულდაფენილმა და სისხლში მოთხვრილმა,

მოისმინა, როგორ თხოვდა გადარჩენას შვილი,

უღონომ და ვერაფრის შემძლემ დაახლოებით

იგივეს განმცდელ ღვთისმშობელს ამაოდ შესთხოვა დახმარება…

გარღვეული ხელთათმანი უკვე გავკერე,

რომ ნამდვილი ჭრილობა მალე შეგიხორცდეს,

ერთი ბეწო ჭრილობა, რომელიც ჩემთვის გრანდკანიონია,

და შიგნით აწყვია ჩემი განვლილი ოცდათოთხმეტი და

შენი განვლილი შვიდი წელიწადი.

ნაწიბურის დანახვისას მუდამ ეს ლექსი გაგახსენდება,

როცა გაიზრდები და ცხოვრებას

დროდადრო შუათითს უჩვენებ.

 

Facebook Comments Box