Ydrib
როცა
ჩვენი ერთად გატარებული
დღეები მახსენდება,
ერთად გადაღებულ ფოტოებში
ვიწყებ ქექვას
ვხსნი ალბომს,
როგორც სარკოფაგს
და ჩვენს ბალზამირებულ სიყვარულს
დიდხანს დავცქერი..
*
იმ არქეოლოგს ვგავარ,
რომელიც სამარხში
გარდაცვლილთა ძვლების ნაცვლად
სულებს დაეძებს
* * *
მოდიან ადამიანები
გიახლოვდებიან
მათ ეს ახარებთ
შენც გიხარია –
როგორც სამახსოვრო ალბომში,
სულში ახედებ
ახედებ გულში –
“თურმე მას სიყვარული შესძლებია” –
ამბობენ
და გტოვებენ
ასე მოდიან
ადამიანები შენთან –
ზოოპარკის
უიშვიათეს ცხოველთან
რკინის გისოსებს მიღმა დგანან,
გიყურებენ და უკვირთ…
დამალობანა
უძრავად ზიხარ
ოთახის ცენტრში –
მხოლოდ თვალებსღა ახამხამებ
დროგამოშვებით
სხეულის ნებისმიერ მოძრაობას
შეუძლია გაგცეს –
ასეთ დროს მუხლების კანკალი,
ხელების თვალებზე აფარება,
კბილების ნერვიული ღრჭიალი –
მომაკვდინებელია
თუ გაიგო რომ მგრძნობელობა
ჯერაც შეგრჩა
ყოველნაირად ეცდება მოგსპოს
არ გაინძრე
არაფერი შეგეშალოს
“დამალობანას” დიდები
ასე თამაშობენ –
ტკივილით შეშლილ თავიანთ სულებს
თავიანთ სხეულებს უმალავენ
დუღილი
ყოველ ღამე, როდესაც ლოგინში ვწვები
საკუთარ თავს ვუტყდები,
რომ ჩემი ბავშვობა,
უფრო მეტად ნაგვის ყუთია,
ვიდრე ზარდახშა
ფერადი ფოტოებით სავსე და სრული
მეხსიერების ხვეულებში ქექვა,
ისეთივე კომფორტულია,
როგორც სველი ტანსაცმლით
ლოგინში წოლა…
და არის ისეც,
როცა უბრალოდ გინდა
დაწერო ლექსი,
რომელიც გიმღერებს მომავალზე –
არ ჩაგყვირებს სულში,
კარგა ხნის დავიწყებულ ტკივილს
და ძვლებს არ შეგიჭამს
*
სუყველაფერი სულის ბრალია
სხეულში წყალივით ჩამდგარი რომ მაქვს
და შენი ხელების სითბოზე მიდუღს
პერანგის სიკვდილი
მაწანწალა ძაღლის
ნეკნებივით შესამჩნევია
ბზარები ჩემი ოთახის კედელზე
ამ კედელზე მამაჩემის შავ-თეთრი ფოტოა
მისი შავი-ზღვის მარილზე უფრო მძიმეა
და მისი თეთრი-თავის თავზე უფრო ნათელი –
ყოველ დილით ბებიაჩემი
მამაჩემის ყვითელ პერანგს დააუთოებს
ხელში დაიჭერს, ფართოდ გაშლის, კარგად შეხედავს
მერე კი დაუძახებს – აჰა, მზად არის!
და ყოველ ჯერზე პასუხად იღებს საათის წიკ-წიკს…
*
– ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
სულ ცოტა ხნის შემდეგ?!
ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
რომელსაც მამაჩემის სუნი აღარ აქვს?!
ვინ ჩაიცვამს მამაჩემის ყვითელ პერანგს,
რომლის აბრეშუმიც ვეღარ ანათებს?!
– საფრთხობელა !
© არილი