კრიტიკა

ბიძინა მაყაშვილი – მარათონი

bidzina makashvili 2344
ლიტერატურული მარათონის შესახებ ერთი თვის წინ გავიგე, თუმცა დეტალების არაფერი ვიცოდი. ანდა საიდან მეცოდინებოდა, თვითონაც არ იცოდნენ წესიერად. მერე ეტყობა გადაწყვიტეს, რადგან დამირეკეს პრესკონფერენციას ვაწყობთო და ნახევარ თბილისთან გადამარეკინეს, გააგებინეო. ნაღდი ახალი ქართველები არიან: ისე გაგაკეთებინებენ საქმეს, ვერც კი გაიგებ. მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს და ანაზღაურებაზე წამოგცდეს რამე – ისეთი მიამიტური სახით გეტყვიან ფული არ არისო, რომ მერე ერთი კვირა აღარ გძინავს, ამ პატიოსან ხალხს რატომ ვაგდებ უხერხულ მდგომარებაშიო.
პრესკონფერენციაზე აღმოვაჩინე, რომ სპონსორებიდან ერთის გარდა, ყველას ვიცნობდი; ორგანიზატორებზე აღარაფერს ვამბობ. უბანში ვარ, რა! ხაჭაპური, ნამცხვარი, ბუტერბროდები, “ბორჯომი”, “ნაბეღლავი”, ორნაირი “ძველი თბილისი”. იმდენი ამათ რა ვუთხარი – სულ ამ კომპოტს სვამდნენ ძველ თბილისში!
დაწყებას არ დაადგა საშველი. ერთ ჟურნალისტს ელოდებოდნენ – დარეკა, გზაში ვარ, მაგრამ ეგ ადგილი არ ვიცი სად არისო. აუხსნეს – რუსთაველი, ოპერა, იქვე ქუჩა ჩაუდის და ა.შ. 15 წუთში ისევ დარეკა, ცირკთან ვარო. ისე არც მე ვიცნობ დუბლინს ჯოისივით და არც სოსო გრიშაშვილი ვარ, მაგრამ თბილისია…
როგორც იქნა დაიწყეს. მოჰყვნენ სპონსორების და ერთანეთის ქებას, ძარღვიანი ქართული ენა, მწერლობა გადაარჩენს საქართველოსო და მსგავსი უაზრობები. სათქმელს რომ მორჩნენ, აბა შეგვეკითხეთო. მეორე კითხვის შემდეგ შევატყვე, რომ ერთ-ერთ ორგანიზატორს ძალიან უნდოდა პრესკონფერენციის დამთავრება. ვიფიქრე, ან სადმე ეჩქარება, ანდა ფაღარათი აქვს-თქო, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შესაკითხი არ მქონდა, ჯინაზე მაინც შევეტენე ბრიყვული კითხვით. მიპასუხეს და სასწრაფოდ სუფრასთან მიგვიწვიეს – დანარჩენი კერძო საუბრებში გაარკვიეთო. ესე იგი შიოდა.
კერძო საუბრებისთვის თემას რა გამოლევდა ჟურნალისტებისათვის – ქალაქში ორი ახალი გაზეთი და ტელეარხი იხსნებოდა, თანაც ეს ლიტერატურული კონკურსი თავისი პრიზებიანად ბევრს უფორიაქებდა გონებას. უჭირს ხალხს, თანაც ამბიციები, წერა…
ამ დროს ერთი ტელეჟურნალისტი მომადგა თავისი ოპერატორით – ეტყობა იქ მწერალი ვერ ნახა, არადა სიუჟეტი აქვს გასაკეთებელი საღამოს ნიუსებისთვის და რამით ხომ უნდა გააცოცხლოს?! ხომ შემეძლო მეუარა, მაგრამ ვიფიქრე კოლეგაა-მეთქი და ისეთი რაღაც მოვუთხარე, რომ მთელი საღამო ნაცნობები მირეკავდნენ. კომპოტი უძახე შენ…
ეს ტელეფონი კიდევ ცალკე თემაა. ერთმა დამირეკა, ფული მასესხეო. გავიკვირვე. აი პირველი პრემია ხომ არის 500 დოლარი და ეგ ფულიო. ვხედავ ვერ არის თავის მოტორზე და ხუმრობას ვცდილობ – მესამე რომ ავიღო, გეგმები ხომ არ ჩაგეშლება-მეთქი?
მერე ღამე ჩემთვის ვფიქრობდი რაღაცეებს. ასეთი კონკურსია: მსურველებს თავიანთი ნაწარმოებები “დიოგენეში” მიაქვთ. მათგან 25 კაცს ირჩევენ, აძლევენ თემას; 12 საათი ჩაკეტავენ ამ ჯგროს ყუბანეიშვილის კაფეში და შედევრებს დააწერინებენ. თან ფილმს გადაიღებენ. მერე წიგნს გამოუშვებენ და სამ გამარჯვებულს “ამირანში” დააჯილდოვებენ. იქნება დიდი მარიაჟი, ჟრიამული, ქართული მწერლობის განვითარება, ახალი სახელები და ა.შ.
ჰოდა, ასეთი რამე წარმოვიდგინე: დავწერ 25 მოთხრობას სხვადასხვა ფსევდონიმით და ყველა მოთხრობა გაიმარჯვებს. კონკურსზეც მარტო მე მოვხვდები, სამივე პრიზს მე ავიღებ, ის ფილმიც მარტო ჩემზე გაკეთდება და ის წიგნიც ჩემი ერთტომეული იქნება. და მე გავხდები ყველაზე დიდი… კიდევ კარგი გათენდა.
ამ ბოლო ხანებში ადრე ვიღვიძებ ხოლმე. იმიტომ კი არა, რომ მევასება. AES-ს რომ გავარტყი, იმიტომ. დენის გრაფიკი გვაქვს. უბნელები არ იხდიან და ამიტომ შენც არ უნდა გქონდესო. ერთი სიტყვით, ადრე ვდგები, რომ სანამ დენია გავიპარსო, თორემ ამ იდიოტების ამბავი არ იცი – ხემინგუეისავით წვერის მოშვებას, წერა ისწავლოსო, იტყვიან (ისიც არ იციან, რომ მაგის გვარი ჰ-თი იწერება).
გარდა ამისა, ადრე ადგომა იმითაა კარგი, რომ ბევრ რამეს მოასწრებ: წაიკითხავ, დაწერ, კონკურსისთვის მოემზადები. მე კი არაფერს ვაკეთებ: არ ვკითხულობ, არ ვწერ; დავბოდიალობ წვერგაპარსული, ვეწევი და კონკურსზე ვფიქრობ. მთელი დღე უაზროდ გადის და მერე ღამე ვეღარ ვიძინებ ხოლმე.
ერთ ღამეს ბებიაჩემის მოყოლილი ისტორია გამახსენდა. ორმოცდაათიოდე წლის წინათ ერთ სასწავლებელში თავისუფალი თემა უნდა დაეწერათ – “რად მიყვარს ჩემი სამშობლო”. გამოცხადებიდან ორი წუთის შემდეგ ერთი ბიჭი ამდგარა და კომისიისათვის ფურცედი ჩაუბარებია. ზედ სულ ოთხი ხაზი ეწერა:
ირემს რად უყვარს მთის წყარო,
ვაჟკაცს ნალესი ხმალია?
რად მიყვარს ჩემი სამშობლო?
განა ეს საკითხავია?!
კომისიის წევრები ცოტა დაბნეულან, მაგრამ მერე მიმხვდარან, რომ მაგარი იყო და ჩაუთვლიათ.
ჰოდა, მეც წარმოვიდგინე ეს ჩვენი კონკურსანტები კოტეს კაფეში. ამოიღებენ კონვერტიდან თემას. მწერლები დაიწყებენ ნერვიულობას, გაოფლიანდებიან, გაავსებენ ფურცლებს და არც ერთი არ ივარგებს. კოტე კი ამასობაში რაღაც შაირს მოთხრის, ყველა იქ მყოფს აჩვენებს და გააღიზიანებს: “ჰა, აბა როგორია?! ხო მაგარია?! ამისი ფასი რა უნდა დაწეროთ 12 საათში თქვე სირებო!” სამწუხაროდ, მართალი იქნება. იმიტომ კი არა, რომ მართლა მაგარ რამეს დაწერს, უბრალოდ სხვები ვერაფერ ღირებულს ვერ დაწერენ. მთელი ცხოვრება ვერაფერი დაუწერიათ და რაღა ამ 12 საათში დაწერენ შედევრს?!
ისე, მეც მაგარი ვარ – იმის მაგივრად, რომ თვითონ რაღაც გავაკეთო, სხვებს… უჰ, ისევ გათენებულა. უკვე 6 მარტია. კონკურსის შესარჩევ ეტაპამდე ორი დღეღა რჩება. გადავწყვიტე საკონკურსო მოთხრობა დამეწერა. არაუშავს გამოვიდა. საქართველოს ისტრიის ბოლო ათი წლის ამბები იყო დღევანდლამდე: საზოგადოება ორად რომ გაიხლიჩება და მერე დასავლეთი რომ შემოდის. “ვის უხმობს ბზარი” დავარქვი. მთავარი გმირია ბიჭი, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობოში მუშაობს. ევროებში უხდიან. თავიდან მოსწონს, ჰგონია კარგ საქმეს ემსახურება. მერე მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ნაგავია; საქართველო რომ ფეხებზე ჰკიდიათ ამ უცხოელებსაც და მის ქართველ კოლეგებსაც. მიხვდება, რომ ამ ქართველი ახალგაზრდებისგან რაღაც მუტანტები გააკეთეს, რომლებმაც არც კომპიუტერი იციან წესიერად და არც ინგლისური და ათი წლის განმავლობაში მხოლოდ პრეზერვატივის ხმარება და პეროვსკაიას ბარების სახელები ისწავლეს. თანაც თავისი სამშობლო ეცოდება, მაგრამ ხედავს, რომ ქართველებიც მაგრად გაჩათლახდნენ და ყველაფერზე ნერვები ეშლება. თანამშრომლებს დებილ იუ, დებილ იუ, დებილ იუებს (www) ეძახის და დოტ კომ (.com) დედებს აგინებს. მოთხრობის ბოლოს ისე გამოვა მწყობრიდან, რომ თათბირზე ამერიკელ უფროსთან მთელი ხმით დაიყვირებს: “იანკებო, წაეთრიეთ სახლში!” და უფრო დაბალ ხმაზე დაამატებს: “და მეც თქვენთან ერთად წამიყვანეთ”. ასე მთავრდება.
მთელი დღე ვწერდი და ღამე ისევ რაღაცეებს ვფიქრობდი. მარათონებს ვიხსენებდი. ის ხომ გახსოვთ, ფილმი – “ქანცგაწყვეტილი ცხენები”, ჯეინ ფონდა. ჰოდა, ისევ კოტეს კაფე წარმოვიდგინე: წერენ ეს გაჭირვებულები რაღაცეებს და იქვე “რუსთავი-2”-ის კამერებით და მიკროფონებით ჟურნალისტები ფილმს “აკეთებენ”. ჰოდა, ნამდვილი ფილმისა არ იყოს, აქაც ხდება პატარა დრამები: ვიღაცის კალმისტარი არ წერს – ძველია და პასტა გამხმარა, ვიღაცას მისთვის განკუთვნილი ფურცელი გაუთავდა და გვერდზე მჯდომს თხოვს. ის არ აძლევს, ეს კიდევ სხვას პარავს. ვიღაცა ითხოვს, არ მოწიოთო და სხვები ჯინაზე ეწევიან. ერთი იმდენს მოწევს, რომ თვითონ გახდება ცუდად. თან კონკურსანტებს ხომ თითო ბოთლი “ძველი თბილისი” აქვთ. ეს სპონსორის – GWS-ის საჩუქარია. არა, სპონსორი “შევრონიც” არის, მაგრამ ბენზინს ხომ არ დალევენ?! ერთი სიტყვით, ერთი დათვრება. ისეა, რომ კონკურსიც ფეხებზე ჰკიდია და 500 დოლარიც – “ნედაპოი” აქვს და დასალევზე ჩალიჩობს. სხვებს ეჩალიჩება ღვინოზე. მე კი, ამ “ბარდაგში” ჩემთვის მაგარ ტიპს ვთამაშობ. გარემოსგან მინიატურული ყურსაცვამებით იზოლირებული, სალათისფერი “ერიქსონის” მობილურით მუსიკას ვუსმენ და ისეთი მიჭირავს, თითქოს არაფერს არ ვაქცევ ყურაღდებას და ვწერ. მაგრამ, თან ისეთიც ვარ, რომ მაინცდამაინც არც კონკურსი მაღელვებს, მოკლედ ვმარიაჟობ.
საბედნიეროდ მალე გათენდა. დღემ მოიმატა, ასე რომ, უფრო ადრე ვდგები და შესაბამისად უფრო მეტს ვეწევი. თანაც დათბა და გარეთ ყოფნა მსიამოვნებს, არაფრის წერა არ მინდა. “დიოგენეში” შევდივარ. უკვე 600 განცხადებაა შესული და ხალხი კიდევ რიგში დგას. აუჰ, საწყალი ჟიური – ამ სიგიჟის წაკითხვა არ გინდა?! ისე, ახია მაგათზე! ატეხეს რა ტესტები და მარათონები. ვითომ არ იციან, რა გიჟების ქვეყანაში ცხოვრობენ. მაგრამ თვითონაც გიჟები არიან და რა ქნან?! ეს თავიანთი სიგიჟე კი მგონი მეც გადმომდეს – ამ ღამეს ისევ რაღაც მესიზმრა. ვითომ კონკურსში გავიმარჯვე და “ამირანში” დაჯილდოებისას მთხოვენ სამადლობელი სიტყვა ვთქვა; და მეც ასეთ ისტორიას ვყვები:
ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა; ისეთივე, როგორც უამრავ ბავშვს ამ ქალაქში. სწავლობდა ჩვეულებრივად: არც კარგად, არც ცუდად. სხვა ბიჭებივით მასაც უყვარდა ფეხბურთი, როკ-ენ-როლი, სათავგადასავლო რომანების კითხვა და შატალოზე სიარული. მაგრამ, როცა ფეხბურთით, როკ-ენ-როლით და მასტურბაციით არ იყო დაკავებული, ტელევიზორს უყურებდა. მართალია, ტელევიზორი ყველა ზემოჩამოთვლილზე ნაკლებად უყვარდა, მაგრამ მაინც უყურებდა. ერთადერთი, რაც იქ მოსწონდა, ფილმები იყო. ფილმებს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ძალიან გვიან უჩვენებდნენ. ეს კი ცოტათი უხერხულობას უქმნიდა. არა, ადრე დაძინება არ უყვარდა. შეეძლო მთელი ღამე, დილამდე კითხვაში გაეტარებინა. საქმე ის არის, რომ ქალაქს დენს გრაფიკით აძლევდნენ, ანუ ღამე ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უთიშავდნენ (AES-ს რომ გავარტყი). ამის გამო, სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), ის ფილმებს ბოლომდე ვერ უყურებდა და ყველა ფილმის მხოლოდ ორი მესამედი ჰქონდა ნანახი.
თავისთავად ეს საშინელება იყო, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აღმოაჩნდა: ძილის წინ ბიჭი თვითონ უგონებდა ფილმებს დასასრულს. თავიდან უბრალოდ ცდილობდა გამოეცნო ფინალი და მეორე დღეს მათი საშუალებით, ვისაც ფილმის ნახვა მოეხერხებინა, თავის ვერსიას რეალურთან ადარებდა. მერე უფრო წინ წავიდა; ფილმს ორ დასასრულს უგონებდა: პირველი რეჟისორის ვერსია, მეორე – საკუთარი.
ასე გრძელდებოდა წლიდან წლამდე – წელიწადში 5 თვის განმავლობაში (დანარჩენი 7 თვე ქალაქს ჰქონდა ხოლმე დენი). ბიჭი საოცრად დაოსტატდა ისტორიების თხზვაში. იმდენად გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ კიდევ უფრო გაართულა ის. დილას გაეცნობოდა ტელეგადაცემების პროგრამას, საღამოსთვის კი უკვე მზად ჰქონდა ფილმის შესაძლო სიუჟეტი, რომელსაც მხოლოდ სათაურის მიხედვით ქმნიდა.
ამან კი ის გამოიწვია, რომ ბიჭმა საერთოდ დაანება ფილმების ყურებას თავი. სამაგიეროდ წერა დაიწყო. ჯერ სიუჟეტს მოიფიქრებდა; მერე რამდენიმე მთავარ გმირს შექმნიდა, დიალოგებს ჩასვამდა; მერე გადაწყვეტდა, სადაური უნდა ყოფილიყო ფილმი და ყველაფერს ამის მიხედვით დაალაგებდა. სადაურობას მსოფლიოს 3 რეგიონი განსაზღვრავდა: ამერიკა, ევროპა და სამშობლო.
ყველაზე უფრო ამერიკული სიუჟეტები ეადვილებოდა. ამ შემთხვევაში სიუჟეტი დამოკიდებული იყო ეპოქაზე: გუშინ, ანუ ვესთერნი, დღეს – თრილერი და ხვალ – ფანტასტიკა. იმავე სქემის მიხედვით, ცხენს მანქანა ცვლიდა, მანქანას – რაკეტა; ანუ კოვბოი – პოლიციელი – ასტრონავტი.
ევროპული უფრო რთული დასაწერი იყო. ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მომენტები ჭარბობდა. აქ ეპოქას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო ევროპული ინტელექტუალიზმი. აქ რამდენიმე კლასიკურ სიუჟეტს იყენებდა – მაგალითად, ინცესტს. იმის მიხედვით, თუ სადაური იქნებოდა ფილმი, ერთ-ერთი სახის სექსუალურ პერვერსიას ჰქონდა ადგილი: ერთ-ერთი მშობელი და შვილი, და-ძმა (ან პირიქით), ორივე ქალი, ან ორივე კაცი და ადამიანი და შინაური ცხოველი.
ეროვნული თემატიკა კიდევ უფრო რთული იყო. აქ ბევრი რამ უნდა გაეთვალისწინებინა. ეს იყო ფსევდო-ინტელექტუალიზმი: კეთილის და ბოროტის დაპირისპირება; თეთრი და შავი, სიძულვილი და სიყვარული, სიკვდილი და სიცოცხლე, ფსიქიური შეშლილობა და გენია. ეს ყველაფერი – ლამაზი, ხელოვნური პეიზაჟების ფონზე. მთავარი იყო მკითხველს (მაყურებელს) ისეთი შთაბეჭდილება შექმნოდა, რომ მსგავსი რამ უკვე წაეკითხა (ენახა). მალე მიხვდა, რომ თავისი ნიჭი უფრო ეფექტურად უნდა გამოეყენებინა. ჯერ ერთ ბულვარულ გაზეთში დაიწყო თავისი “ამერიკული” ფილმების გამოქვეყნება. “ეროვნულები” ლიტერატურულ ჟურნალში მიჰქონდა, “ევროპულები” – მთარგმნელობით ალმანახში. ყველა გამოცემისთვის თავისი ფსევდონიმი ჰქონდა. “უცხოური” მასალებისთვის, ავტორების გარდა, მთარგმნელთა ფსევდონიმებსაც იგონებდა.
მისმა ნაწერებმა ძალიან სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. პირველი წარმატება კურიოზებთან იყო დაკავშირებული: ერთდროულად ორ ნაწარმოებს მიანიჭეს პრემია, ხოლო მესამის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. “ევროპული” წლის საუკეთესო თარგმანად აღიარეს, “ეროვნული” – საუკეთესო ორიგინალურ ნაწარმოებად, ხოლო “ამერიკულის” ფილმად ქცევა გადაწყვიტეს.
აქ კი იძულებული გახდა თავი გაემჟღავნებინა. თავიდან არ დაუჯერეს – აფერისტი ეგონათ. საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ამ ქალაქში ლიტერატურული მარათონი გამოაცხადეს. შესარჩევ ტურში გამარჯვებულ 25 კანდიდატს 12 საათის განმავლობაში მოცემულ თემაზე ნაწარმოები უნდა დაეწერა. მან 25 ნაწარმოები 25 ფსევდონიმით წარადგინა. შესარჩევ ეტაპზე 25-ვემ გაიმარჯვა. ცხადია, კონკურსზეც მარტო ის მოხვდა, ყველა პრიზი მან მოიგო და გახდა ყველაზე დიდი…
კონკურსზე მოთხრობა არ წამიღია.

© “არილი”

Facebook Comments Box