ესე,  ხსოვნა

ბიძინა რამიშვილი – “სად არის მეგობრის სახლი?”

მალხაზ ხარბედიას პირველად 2000-იანი წლების დამდეგს შევხვდი. მანამდე პუბლიკაციებით და საერთო მეგობრების მონაყოლით ვიცოდი მის შესახებ. ჩემი თარგმანის, პატრიკ ზიუსკინდის ერთი წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი თბილისში ჩასული და იქ მოვიდა. პრეზენტაციის შემდეგ ვისაუბრეთ, მერე სახელდახელო სუფრასთანაც აღმოვჩნდით სადღაც ზემელზე. ძალიან ბევრს და სწრაფად ლაპარაკობდა, თითქოს სურდა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოესწრო ბევრის თქმა და იმის კომპენსაცია, რაც ერთმანეთის გაცნობამდე დაგვაკლდა. ასაკში საკმაო სხვაობის მიუხედავად, უცებ დავმეგობრდით.  

იმ შეხვედრაზე ახსენა ზიუსკინდის პატარა მოთხრობა „ამნეზია in litteris“, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი. ისევე, როგორც უამრავი სხვა ტექსტი, ესეც ჰქონდა ნათარგმნი და „არილში“ გამოქვეყნებული. მოგვიანებით ხშირად იხსენებდა ამ ტექსტს, როცა ჩემს გულმავიწყობაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე და ყოველ ჯერზე ხითხითით მეუბნებოდა, ეს მოთხრობა შენზეაო. მოთხრობის გულმავიწყი და დაბნეული პროტაგონისტი ლიტერატურაზე ლაპარაკობს და ვერ იხსენებს ცნობილი წიგნების ავტორებს თუ სიუჟეტებს. წიგნის არშიებზე დატანებული მინაწერებით აღფრთოვანდება (თავად მახოს როგორ უყვარდა ფანქრით ხელში წიგნის კითხვა!) და მერე ხვდება, რომ წიგნი წაკითხული აქვს და მინაწერებიც თავადვე ეკუთვნის. ისე მოხდა, რომ ჩვენი გაცნობიდან მრავალი წლის შემდეგ ამ მოთხრობის თარგმნა შემომთავაზეს ერთი ლიტერატურული კრებულისთვის. რა თქმა უნდა, მაშინ უკვე აღარ მახსოვდა არც მახოსთან ძველი საუბრები და არც ის, რომ მოთხრობა ოდესღაც წაკითხული მქონდა. ამაზე ბევრი ვიცინეთ, ლიტერატურულ-ყოფითი ინტერტექსტუალიზმები ყოველთვის აღაფრთოვანებდა მახოს. თავად მას კი არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ზოგჯერ რამე ამბავს რომ ვუყვებოდი და არ ვიყავი დარწმუნებული უკვე მქონდა თუ არა მოყოლილი, თვალწინ მიდგებოდა მისი გაფრთხილება, ხომ იცი, ყველაფერი მახსოვს, რაც ოდესმე გითქვამს ჩემთვის, პირველი ჩვენება არ შეცვალოო.

სოციალურ ქსელებს თუ შეიძლება რამეს ვუმადლოდე, უპირველესად, მახოსთან დაახლოებაა. ჩვენი პირველი შეხვედრიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა აღმოვაჩინე თბილისის ფორუმი – Forum.ge. ჯერ შორიდან ვადევნებდი თვალს იქაურ დისკუსიებს. მახო აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან. ყოველთვის მზად ჰქონდა მოსწრებული შენიშვნა, ზუსტი ციტატა, შესაფერისი ბმული. ეს უჩვეულოდ ნიჭიერი, ენაკვიმატი და ფაქიზი ადამიანი ცეცხლს აკვესებდა, ყველგან იყო – ლიტერატურის განყოფილებაში, მუსიკაში, პოლიტიკაში, მედიაში, გასტრონომიაში… უფრო იოლად რომ მედევნებინა თვალი მისი ინტელექტუალური ფეიერვერკებისთვის, ფორუმზე გავწევრიანდი.

მერე ფეისბუკის ასპარეზზეც გავედი. აქაც იმისთვის, რომ უფრო ხშირი ურთიერთობა მქონოდა რამდენიმე ახლო მეგობართან. ახალი საინტერესო ადამიანებიც გავიცანი და მეგობრების ვიწრო წრის ნაცვლად, ქართული საზოგადოების არცთუ პატარა და არცთუ უმნიშვნელო ნაწილის შუაგულში ამოვყავი თავი. ევროპაში 80-იანი წლების ბოლოს წასული ემიგრანტისთვის საინტერნეტო ფორუმები სასარგებლო საშუალება აღმოჩნდა საქართველოსთან კავშირების გამოსაცოცხლებლად მაშინ, როცა უშუალო და ცოცხალი კონტაქტი გაფერმკრთალებულიყო.

სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრ კარგ ადამიანს დავუახლოვდი. მახო აქაც მიწევდა მეგზურობას. სადაც ის იყო, იქ მუდამ რაღაც საინტერესო ხდებოდა. ის იყო იდეების წყარო, ენერგიის მუხტი, მოტივატორი. რაც მაშინ ასე მხიბლავდა მახოს შესრულებით, მაგონებს ჰერმან ჰესეს „თამაშს რიოში მარგალიტებით“. მახო იყო Magister Ludi, თამაშის ოსტატი.

Forum.ge-ზე „ხელმოწერად“ ჰქონდა „სისულელეს ვაქებ, მაგრამ არცთუ სულელურად“. ერაზმუს როტერდამელის ეს სიტყვები მისი ცხოვრების კრედო იყო. ვერ იტანდა სერიოზულობას, ხშირად ეფარებოდა ქარაფშუტობისა და ზედაპირულობის ნიღაბს, ულენშპიგელს მაგონებდა.

ფორუმის ბევრ განყოფილებაში ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ყველაზე ხშირად – გასტრონომიაში. ერთხელ მთხოვა, პრაღის კულინარიული ცხოვრების შესახებ რეპორტაჟები წერეო. რომ წარმოვიდგინე, მახო იქნებოდა ჩემი რედაქტორი, კინაღამ დავთანხმდი.

მოგვიანებით პირიქით მოხდა, მახო რადიო თავისუფლებისთვის წერდა ბლოგპოსტებს ლიტერატურაზე, მე კი მისი რედაქტორი ვიყავი. ძალიან თვითკრიტიკული იყო, სულ ღელავდა, როგორი გამოუვიდოდა ტექსტი. ყურს მიგდებდა, მაგრამ ხშირადაც ვკამათობდით, განსაკუთრებით – პუნქტუაციაზე. ვერ იტანდა წერტილ-მძიმეს, რომელმაც უკანასკნელ ხანებში ფეხმოკიდებული ინგლისური ყაიდის პუნქტუაციის გამო მართლაც დაკარგა აზრი და ადგილი. ცხოვრებაში ერთადერთხელ წავკინკლავდით და ისიც სასვენი ნიშნების გამო. მოეჩვენა, რომ საჭიროზე მეტი მძიმე დავსვით მის ტექსტში. საბოლოოდ, შევრიგდით და მძიმეებიც გვაპატია.

ბუნებით ნატურალისტი იყო. ოღონდ განსხვავებით ჩემნაირი ადამიანებისგან, ვისთვისაც ბუნების სიყვარული დიდწილად საზოგადოებისგან გაქცევის შედეგი თუ საშუალებაა, მახო არც ერთს ღალატობდა და არც მეორეს. პრაღაში რომ მეწვია, ბაღში შემოსვლისთანავე ისე დაუარა მცენარეებს, თითქოს სიწმინდეები მოილოცაო. სიხარულს ვერ მალავდა, ნაცნობებს რომ დაინახავდა. მისთვის უცნობი ბინადრებიც წარვუდგინე და ასე ერთმანეთთან გადაძახილსა და ძველი ნაცნობ-მეგობრების ხსენებაში ჩაიარა ჩვენთან სტუმრობის პირველმა წუთებმა. ვინც არ იცნობდა, შეიძლება ეფიქრა, ცოდნის ჩვენებას ცდილობსო. არადა, სპონტანურ სიხარულს გამოხატავდა – ნაცნობთან შეხვედრით, შემთხვევითის ამოცნობით გამოწვეულ აღტაცებას. საერთოდ, ასეთი იყო სხვა სფეროებშიც: უყვარდა და ეხერხებოდა ცოდნისა და ემოციების გამოხატვის იმპროვიზებული „ჯემ სეშენები“, შეჯიბრება და ურთიერთგაზიარება; ლიტერატურის, ხელოვნების, მუსიკის, ღვინისა თუ გასტრონომიის გამო სიხარულის გაჩუქება. ასოციაციებისა და ანალოგიების ოსტატი იყო – სწრაფად დაქროდა ერთიდან მეორემდე, თითქოს სამყაროს სხვადასხვა ფენომენს ერთმანეთს ურითმავდა. ძნელი იყო მისი პარტნიორობა და მეტოქეობა აზრების ასეთ ზუსტ და უსწრაფეს მდინარებაში…

გასტრონომიაში მახოს გაკვირვება იოლი არ იყო, მაგრამ ერთი-ორჯერ მაინც გამომივიდა. პრაღაში სტუმრობის პირველ დღეს განსაკუთრებული კერძი მოვუმზადე – ბალახ-ბულახით და სანელებლებით შეკაზმული ზღვის კარჩხანები ბლომად მარილით დავფარე და აირღუმელში გამოვაცხვე. სანამ კერძს ვამზადებდი და შემდეგ თევზს გაქვავებული მარილის ქერქისგან ვათავისუფლებდი, მახო ჩემ გარშემო წრიალებდა, თითქოს რიტუალურ ცეკვას ასრულებდა, შეძახილებით მამხნევებდა, ფოტოებს იღებდა, მაჩერებდა, რომ ხელახლა გადაეღო რომელიმე რაკურსი. უმოკლეს დროში შეიცვალა როლები: ის იქცა მზარეულად, რეჟისორად, ჯადოქრად, მე კი – ამ სპექტაკლის შემსრულებლად. პამიდვრის სოუსზე როცა მიდგა საქმე და ბაღში ბეგქონდარა დავკრიფე, შემომევედრა: „ბუჯო, დამითმე, მე ვიცი მაგის ამბავი“. ისე დაიჩემა, ვიფიქრე, რაღაც ჩაუთქვა-მეთქი. ძაფი მთხოვა, ბეგქონდარას კონა პატარა ცოცხივით შეკრა და ისე დადო ტაფაზე პირდაღმა, შეკრული ძირები ტაფის კიდეზე დარჩა მიყუდებული. ასე იყოს, შიგ არ ჩადოო, და კონა წვენში ჩააყუდა. დროდადრო ხელით ოდნავ ასწორებდა, მხატვარი რომ ბოლო მონასმებით სრულყოფს ტილოს, ისე. თან ციტატებით და კალამბურებით ამშვენებდა ნაღვაწს, თამაშობდა და ხარობდა ამ თამაშით. დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს რიტუალი (კერძი არაჩვეულებრივი გამოვიდა).

მას მერე, რაც მუხრანის ველზე, სოფელ ჩარდახში შეიძინა კარ-მიდამო, ჩვენს მიმოწერასა და საუბრებში კიდევ უფრო მოუხშირა ბუნების თემამ. ბაღის მოწყობისას ხშირად მეკითხებოდა რჩევას. ჩემი ორნითოლოგიური გატაცება ცოტა მახოსაც გადაედო და რომელიმე ახალ ფრინველს თუ ნახავდა ან ხმას თუ მოჰკრავდა ყურს, მომწერდა და ამოწმებდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი „დოქის ჩიტების“ ამბავი საყოველთაოდ არის ცნობილი. სამი წლის წინ ახარა მთელ სამყაროს, რომ ჩარდახში ეზოს მაგიდაზე მდგარ დოქში წივწივებმა დაიდეს ბუდე და ბარტყები დაჩეკეს. მას მერე ამ დოქში წივწივების რამდენიმე თაობამ იბარტყა. დოქში ჩიტების ჩაბუდების შემდეგ ერთ ხანს ხშირი მიმოწერა გვქონდა ამ თემაზე, რჩევებს მეკითხებოდა და ანგარიშს მაბარებდა აღტაცებული და გახარებული. ისე მიყვებოდა ბარტყების ამბებს, როგორც მამა საკუთარ შვილებზე. მისი ენთუზიაზმი და აღტაცება გადამდები იყო – მე წივწივების ბიძად ვგრძნობდი თავს და ჩემს საკუთარ ბაღში მოფუსფუსე ჩიტებს გადავცემდი ჩარდახიდან შემოთვლილ მოკითხვებს.

რამდენიმე თვის წინ მახარა, იტალიური ფიჭვის თესლები ჩამომიტანეს და მინდა გავახაროო. ორივეს ძალიან გვიყვარდა ეს ულამაზესი ხეები, ქოლგებივით რომ დაჰყურებენ რომის ფორუმსა თუ ტოსკანის სანაპიროებს. გამოზამთრების შესახებ ბევრი ვიმსჯელეთ, მე ჩემი ვუთხარი, იმან თავისი თქვა. ჩემმა ეჭვებმა გადაწონა. ბოლოს ნაცნობ მებაღეს დავურეკე და როცა მისი რჩევა-დარიგება მახოს გადავეცი, ცას ეწია, ისეთი მადლობელი იყო, მესინჯერის ჩატში ვიგრძენი, როგორ ცმუკავდა და იფშვნეტდა ხელებს. ასეთი წუთები ჩემს საკუთარ ბავშვობას მაგონებს ხოლმე და კიდევ უფრო ძვირფასი გასახსენებელია.

ხშირად მეძახდა „ირაკლიჩს“. ისეთი გრძნობა მქონდა, მიწვევდა, რომ ნაადრევად გარდაცვლილი მამამისი, იურა, მეხსენებინა და მეც „იურიჩით“ ვუპასუხებდი ხოლმე. მამების თემა ორივესთვის მტკივნეული და ახალგაზრდობის დროინდელ ტრავმებთან დაკავშირებული იყო. მახოს იოლად შეეძლო საერთო ენისა და საერთო ინტერესების გამონახვა, უცებ გრძნობდა მონათესავე სულს, მონათესავე საფიქრალსა და საწუხარს. რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, მეც შენსავით მელანქოლიკი ვარ და ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთო. ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ენაკვიმატ, ენერგიით აღსავსე, მუდამ მოქმედებაში მყოფ ადამიანს სევდიანი ფიქრებისთვისაც რჩებოდა დრო. არადა, ჩვენი საუბრებისა და მიმოწერის დიდი ნაწილი სწორედ ამ ფიქრების ურთიერთგაზიარება იყო. მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, მარტოსულობასა და დაუცველობის განცდაზე. ლამის აკვიატებასავით უყვარდა კენ ლოუჩის ფილმი „კესი“ და არაერთხელ შემახსენებდა ხოლმე, ეს მე ვარ, ეს ჩემი ბავშვობა არისო.

რაღაცნაირი „ჯანსაღი“ მეგობრობა გვქონდა. ვიცოდით, რომ ბევრი რამ განგვასხვავებდა, ზოგი რამ არ მოგვწონდა ერთმანეთში, მაგრამ რაც გვაახლოებდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული იყო ორივესთვის. მისი წასვლის შემდეგ ბევრს დაგვიდგა მახოსთან მიმოწერისა და მესინჯერით გაგზავნილი ხმოვანი შეტყობინებების ხელახლა გადახედვის დრო. შარშან მოუწერია: „შენთან ერთად რაღაცა განსაკუთრებულ აზრებამდე მისვლა მომენატრა. ჩვენი ყველა შეხვედრისას ხდება ეგ რაღაცა აზრამდე მისვლა და ჰარმონიული თანხმობა “…

ბოლოს თებერვალში ვნახე. ჩვენი ტრადიციული რიტუალი შევასრულეთ – ჩემთვის უცნობ რესტორანში წავედით სასადილოდ (შენც კარგი მუცელღმერთა ხარო, ისეთი სახით მითხრა ერთხელ ჩვენი მეგობრობის გარიჟრაჟზე, როგორც საიდუმლო სექტის წევრმა, რომელიც მეორეს ამოიცნობს და აღიარებს). მძიმე სენთან ბრძოლას თითქოს კარგი პირი უჩანდა. სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და მკურნალობაში თავისი წარმატებების შესახებ მესაუბრა. თვითონ არ დაულევია, რაც უჩვეულო იყო მახოსთვის. ასეთმა დისციპლინამ დამაიმედა. საერთოდ, იმედიანი შეხვედრა იყო. სამომავლო გეგმებზე მელაპარაკა, წინა შეხვედრებთან შედარებით უფრო დაწვრილებით მომიყვა თავის რომანზე, რომელზეც მუშაობდა.

რიტუალის ნაწილი იყო ჩვენი საყვარელი ესპანური ზეითუნის ზეთი, რომელიც მისთვის ყოველ ჩასვლაზე ჩამქონდა პრაღიდან. შევნიშნე, რომ ნახევარლიტრიანი ბოთლი ემძიმა. სახლში ტაქსით მიყვანა შევთავაზე. ჩანთაში წიგნებიც მიწყვიაო, გაიმართლა თავი და ისე იოლად დამთანხმდა, რომ იმ შეხვედრის ოპტიმისტურ განწყობილებას ეჭვის ჩრდილი მიადგა. როცა სახლთან ჩამოვსვი, დიდხანს მივაყოლებდი თვალს, სანამ პირდაფჩენილ სადარბაზოში გაუჩინარდებოდა…

მიყვარს ხეებისთვის და ცხოველებისთვის ადამიანის სახელების დარქმევა. ჩვენი კატა თინიკო სიცხეში კომშის ხეს, ცისანას, მიაკითხავს ხოლმე და მის ჩრდილში იძინებს. სახლის უკან ორი დიდი კაკლის ხე დგას – ირაკლი და გურამი. ჩვენი სოფლის მთავარ ქუჩაზე ერთ ლამაზ კოპიტს რაჟდენი შევარქვი. სხვა ბინადრებიც გვყავს. ამას წინათ ჩვენს ბაღში ამერიკულ წითელ მუხას დავადგი თვალი და გადავწყვიტე, მახო დამერქმია. როგორც საერთოდ მჩვევია ხოლმე, მაშინაც გუნებაში შევეხმიანე ნამდვილ მახოს, ნახე, მამაჩემის და ბიძაჩემის გვერდით გარგუნე ადგილი-მეთქი და უნებურად მივაყოლე ფიქრი, თბილისში რომ ჩავალ, მართლა მოვუყვები, რა კარგ ადგილას დგას მუხა მახო-მეთქი. მერეღა გამახსენდა, რომ ვერაფერსაც ვერ მოვუყვები…

ახლახან თბილისში ყოფნისას საბურთალოს სასაფლაოზე აღმოვჩნდი. გადავწყვიტე, მახოს საფლავზეც მივსულიყავი. იმ დღეს არ მქონდა დაგეგმილი და ამიტომ წინასწარ არ დამიზუსტებია ადგილმდებარეობა. დაახლოებით კი ვიცოდი, სად იყო, მაგრამ საათ-ნახევარი მოვუნდი, სანამ ბოლოს და ბოლოს ვიპოვიდი. ხან ვის ვკითხე, ხან – ვის. ზოგმა არ იცოდა, ზოგს ზუსტად არ ახსოვდა, ზოგი ტელეფონს არ იღებდა, სასაფლაოს ერთი დამლაგებელი მეორესთან მაგზავნიდა, იმას ეცოდინება, ვინ იცისო. მეგობრის ძებნის ამ პროცესში უცებ, დარტყმასავით, ზარის ჩამოკვრასავით მკვეთრად გამახსენდა კიაროსტამის ფილმი „სად არის მეგობრის სახლი?“, რომელშიც ფილმის პატარა გმირი, რვა წლის ბიჭი, მეზობელ სოფელში მიდის და ჯიუტად ეძებს თავისი მეგობრის სახლს, რათა შეცდომით წამოყოლილი სასკოლო რვეული დაუბრუნოს. ეს ფილმი ადრე მქონდა ნანახი, მაგრამ მახოს სიკვდილის დღეებში კიდევ ორჯერ ვუყურე. მაშინ მომხდარით ისე ვიყავი შეძრული, წიგნების ლაგების, ბაღში მიწის ჩიჩქნისა და ფილმების ყურების მეტს ვერაფერს ვუდებდი გულს. ფაქტობრივად (თუ „ფაქტუალურად“, როგორც მახოს უყვარდა ხოლმე თქმა), კიაროსტამის ამ ფილმით გამოვიგლოვე მახო.

„სად არის მეგობრის საფლავი?“ – გამკრა ანალოგიებზე გაწვრთნილ გონებაში, მწარედ გამეღიმა და ერთხანს თავჩაქინდრული მივაბიჯებდი საფლავის ქვებსა და კვიპაროსებს შორის. მერე თავს შევუძახე, ისევ გავიმართე მხრებში, თავს ძალა დავატანე და გაბზარული ხმით ჩავილაპარაკე მახოს კილოზე: „ბუჯო, სადაა შენი საფლავი?“ იმანაც ალბათ რაღაც მაიმუნობით მიპასუხა გაღმიდან…

© არილი

Facebook Comments Box