არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მწერალი ალეკო შუღლაძე
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
„სწორედ მაშინ, ინდურ სერიალს როცა ვუყურებდი და პერსონაჟები არაფერს ამბობდნენ, მხოლოდ ერთ სიტყვას იტყოდნენ და მერე ერთმანეთს უყურებდნენ და უყურებდნენ – ჩემი ერთი ნაცნობი დამადგა და მითხრა, გლდანულაზე უნდა წამყვე საჩხუბრადო.“
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
როცა რეალობა და გამონაგონი ისე აიზილება ერთმანეთში, რომ ფინალში მწერალს თავად არ ემახსოვრება, რა იყო რეალობა და რა გამონაგონი, და როცა ის საკუთარ გონებაში წარმოქმნილი ფიქრებისა და სიზმრების არსს ჩასწვდება – აი, მაშინ მწერალი მკითხველსაც დააჯერებს, რომ სინამდვილეში მთელი სამყარო რეალურია და არა გამონაგონი.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
„სამსარადან“, სიკვდილ-დაბადების ციკლიდან თავის დაღწევა.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
მარგარიტა („ოსტატი და მარგარიტადან“).
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
„ომი და მშვიდობა“.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
გრაფ მონტე-კრისტოში ერთ მეხუთეხარისხოვან პერსონაჟს თავს მოკვეთენ, ჯალათი მიწაზე დაგდებულ თავმოჭრილ სხეულს ზემოდან ფეხებით შეადგება და სისხლი ბოლომდე რომ გამოადინოს, მასზე ხტუნვას იწყებს. აი, ეგ ჯალათი მძულდა. რაც შეეხება ზიზღს, დავფიქრდი და არავინ გამახსენდა. ფიქრის დროს გავიაზრე, რომ უკვე ეს ჯალათიც აღარ მძულს: რომანის პერსონაჟია და რა ქნას.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
რეჟისორები: ბერგმანი, ტარკოვსკი, ბუნიუელი. ამ რეჟისორებს ჩემი წარდგენა არ სჭირდებათ. მათი ფილმები მიყვარს. ერთ ფილმს ვერ გამოვყოფ. ისე ფენტეზი-ფანტასტიკის ჟანრიც მიყვარს, როგორც კინოში, ასევე ლიტერატურაში.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
აქაც, ერთ რომელიმე მათგანს ვერ გამოვყოფ, ბევრი მხატვარი და ბევრი ნახატი მომწონს.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
მატერიალური ნაგვის ხარბად ყლაპვა.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
ცრურწმენები არა. აი, აკვიატებით კი, ერთი პერიოდი ჩემი წარსულის სრულიად უწყინარი სცენები მეკვიატებოდა, მეგონა, რომ დამნაშავე ვიყავი, ყველასთან შერცხვენილი. ამ ფიქრების გამო ვიტანჯებოდი. ცალსახად ავადმყოფური მოვლენა იყო. მერე ერთი ადამიანი შემხვდა, ვისაც იგივე სჭირდა. აღსარებისას ერთმანეთს კარგად გავუგეთ, ჩვენი აშლილობების დეტალურად განხილვა ვცადეთ და დამაიმედებელი შედეგიც მივიღეთ. მაგრამ როგორც კი დავიშალეთ, ცოტა ხანში ყველაფერი თავიდან დაიწყო. მივხვდი, რომ იმ კაცის ბედ-იღბალი მხოლოდ ჩემიდან გამომდინარე მაწუხებდა. გამოდიოდა, რომ ყველა საკუთარ თავზე სწუხდა და სხვა ნაკლებად ადარდებდა. ჰოდა, გავაცნობიერე, რომ მე არათუ ვინმე მადანაშაულებდა და დამცინოდა, არამედ არც კი ფიქრობდნენ ჩემზე, მით უმეტეს, ჩემს აზრებზე და ვითომდა დაშვებულ შეცდომებზე. ისინი საკუთარ თავზე დარდობდნენ. ამიტომ დავწყნარდი და გადამიარა.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
სიკვდილზე – ხშირად. მაგრამ ბჰაკტი-იოგამ მასწავლა, რომ სიკვდილი ახალი დაბადების წინა ეტაპია, ხანმოკლე, წამიერი. ამიტომ ვცდილობ, ბოლომდე ვირწმუნო, რომ საპანიკო არაფერია. პირიქით, დაბერებული და ავადმყოფი სხეულის დატოვება აუცილებელია. მომავალ ცხოვრებაში კი ვეცდები უფრო გონივრულად მოვიქცე.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
აღმოსავლურ სწავლებებთან შეხების მერე, ბჰაკტი-იოგა გახდა ჩემი გატაცებაც და ცხოვრების არსიც.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
როგორც ჩანს, ისტორიული მოვლენები ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს. მონაწილეობას კი მე-XV საუკუნის ინდოეთის ტერიტორიაზე, დასავლეთ ბენგალიაში მომხდარ ერთ დიად მისტერიაში მივიღებდი, მხოლოდ როგორც მონაწილე, ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე.
დიონისე თუ აპოლონი?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ პერსონაჟებს ცუდად ვიცნობ. მათზე მედიტაცია არასოდეს გამიკეთებია და არც ბევრი მიფიქრია. და მაინც, დიონისე ცალსახად არ ვიქნებოდი. სამაგიეროდ, მისტიკოსი მაიმუნი ვიქნებოდი, სახელად ჰანუმანი, ანდა ბრძენი ნარადა, ინდური მითოლოგიიდან.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
„შრიმად ბჰაგავატამი“.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ხანდახან შეყვარებულების მშურს. ასევე, იშვიათად, ჩემს თავს იმაში ვიჭერ, რომ იმ მწერლის მშურს, ვინც კონკურსს იგებს და ფულს იჯიბავს. თუმცა, ცოტა დაფიქრება მშველის და ეს ილუზორული შური მალევე ქრება.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
შეცდომის ჩადენის შიში მაფერხებდა. არადა უნდა გამერისკა და მეტი შეცდომა დამეშვა.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ვერ დავასახელებ. რომ დავასახელო, იმ სამს გაუხარდება და დანარჩენებს ეწყინებათ.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
სიტყვები არ მძულს.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
დათვის ცუგა, ას-ასი, გუდიონსონის მამა, გოსპოდი ჯაგანათჰა.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
ვერ დავასახელებ. სამი რომ დავასახელო, დანარჩენებს ეწყინებათ.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია?
კრიშნას ფრაზა „ბჰაგავად-გიტადან“:
„მიატოვე ყოველგვარი დჰარმა და უბრალოდ მე მომენდე.“
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა.“
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
მე რა ვიცი, აბა. ეგ ნიკა ჯორჯანელს ჰკითხეთ, ან ზვიად რატიანს, ანდა მაია სარიშვილს.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
სამ ენაზე: ქართული, რუსული, ინგლისური (ამ ბოლო ენაზე წვალებით, სიტყვების ამოწერით, გაჭირვებით).
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
ქალი პერსონაჟი ფილმიდან – „ჰიროსიმა ჩემი სიყვარული“.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
მწერლებთან და პოეტებთან აღარ მინდა საუბარი და ურთიერთობა, ტვინი წაიღეს. მორჩა, კინოში მივდივარ.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
მატერიისგან გათავისუფლების პროცესმა უსასრულოდ დიდხანს არ გასტანოს.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
ზემოთ უკვე ვახსენე: მე-XV საუკუნე, 1486 წლიდან 1548 წლამდე, ინდოეთი, დასავლეთ ბენგალია, ნავადვიპა.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
„გადამალვის“ დასაწყისი:
„ჩემი მოხუცი დედა – ლენა ხუბოვი იჯდა სკამზე, სადარბაზოში, მერვე სართულზე, ზურგით ლიფტისკენ და სახით გაუქმებული ნაგვის ბუნკერისკენ.“
რომელია საუკეთესო დასასრული?
აი, საუკეთესო დასასრული კი ნამდვილად მარკესს ეკუთვნის, მოთხრობაში „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. ზუსტ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ ძალიან მიახლოებულ ტექსტს ვიტყვი. მოთხრობა ასე მთავრდება:
„ – ეს იმ შემთხვევაში, ჩვენი მამალი თუ გაიმარჯვებს, – თქვა ქალმა, – მაგრამ ვაითუ დამარცხდეს?
– ჩვენს მამალს ვერავინ დაამარცხებს, – უპასუხა პოლკოვნიკმა.
– ვაითუ დაამარცხონ?
– ბრძოლამდე კიდევ 40 დღე რჩება, ახლა ამაზე რატომ უნდა ვიფიქროთ?
– ჰო, მაგრამ, მანამდე რა ვჭამოთ? – წამოიყვირა ქალმა, ქმარს პერანგის საყელოებში ხელები ჩაავლო და მთელი ძალით შეაჯანჯღარა, – მითხარი, რა ვჭამოთ, რა?!
პოლკოვნიკს სამოცდათხუთმეტი წელი დასჭირდა, ზუსტად სამოცდათხუთმეტი წელი იმისათვის, რომ ამ გაელვებამდე მოეღწია. იგი წელში გასწორდა და ძალიან მკაფიოდ და დამაჯერებლად თქვა:
– ნეხვი.“
ენა თუ ამბავი? რატომ?
საოცრად ჯადოსნური ამბავი უნდა იყოს, ენა რომ გადაფაროს. და თან, როგორც ჩანს, ამბავი თავისთავად არ არის ხოლმე გადამწყვეტი. მომნუსხველი ფაქტორი რიტმია, ტექსტის მდინარება, აქცენტები, ძლიერი შთაბეჭდილება, ის ენერგია, რაც წინადადებებში დევს, ეპიზოდებში, ის მუხტი, რაც სიტყვების კომბინაციას მოაქვს. და ეს მხოლოდ ენით არ მიიღწევა, ხატოვანი ენა შეიძლება არაფრის მაქნისი იყოს, ბუტაფორიად დარჩეს ანდა გადაიზარდოს გრაფომანიაში. არც მარტო ენაა გადამწყვეტი და არც საკუთარი ხელწერა. საჭიროა კარგი კარმის ეფექტი, რომელიც ნაწარმოებს ვირუსივით გავრცელების ძალას მიანიჭებს.
პროცესი თუ შედეგი?
წერისას დიდი სიამოვნების მიღება უარყოფითად აისახება როგორც ნაწარმოებზე, ისე მწერალზე. ვითარდება „ჩატკბობის პროცესი“. ჩამტკბარი რომანი ან პოემა კი ლიტერატურულ დიაბეტს იწვევს. ზემოთ ნახსენებ გრაფომანიასაც ხშირ შემთხვევაში ეს წარმოქმნის. ნამუშევარს აკლდება სიგიჟე, სიველურე, ფანტასმაგორია. სიმძაფრის შეტანისას კი შეიძლება სანტიმენტალურმა ბურუსმა მოგიცვას და მზა, გაცვეთილ ნიმუშებში და შტამპებში გაიბლანდო. წერის პროცესი ჩემთვის ყოველთვის მტკივნეული და დამღლელია, როგორც სახლის აშენება, კედლების ამოყვანა, ბეტონის ჩასხმა, სიმძიმის თრევა. სიამოვნება შეიძლება მოვიდეს რომელიმე დასრულებული ეპიზოდის შემდეგ და ბოლოში, როცა რომანი მზად იქნება.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
„მიატოვე ყოველგვარი დჰარმა და უბრალოდ მე მომენდე.“
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
ალეკო, მე ვიცი, რომ თქვენ გიყვართ სიმღერა, მაგრამ იშვიათად მღერით. ამიტომ გთხოვთ, გვიმღერეთ რამე. ცხადია, სიმღერა ჟურნალში ვერ შევა. თუ გეუხერხულებათ, დიქტოფონსაც გამოვრთავ.
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
დასამახსოვრებელი ამბები ბევრი მსმენია, მაგრამ დღეს იმას გავიხსენებ, რომელიც თავად გადამხდა. რომან „ქრონიკული დაღლილობის სურნელზე“ ვმუშაობდი. ჩემი ავადმყოფი და კი ძეგვის თავშესაფარში ცხოვრობდა, ქალთა მონასტრის გვერდით. ვეღარ დადიოდა, ლაპარაკი უჭირდა, ლოგინში იწვა – მოკლედ, გატანჯული იყო. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩავდიოდი მის სანახავად. რომანში ერთ ადამიანზე ვყვებოდი, რომელზეც ბავშვობაში მთელი კლასი ვძალადობდით. მისი ნამდვილი სახელის თქმას მოვერიდე და ფსევდონიმი მოვუფიქრე – ოთო ბებურიშვილი. ფსევდონიმის შესახებ არავისთვის მომიყოლია, ისედაც გაორებული ვიყავი, არ ვიცოდი, დამეწერა მის შესახებ თუ არა. ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, საითკენ წამიყვანდა ეს აღსარება. ბოლოს და ბოლოს, მაინც დავწერე და ამ ეპიზოდის დასრულების შემდეგ, მეორე დღეს, ძეგვში ჩავედი დასთან. ქეთინო კედლისკენ იყო გადაბრუნებული. „ქეთუშ, როგორ ხარ?“, ვკითხე და ხელი ზურგზე დავადე. ცხადია, ეგრევე მიცნო, გაჭირვებით გადმოტრიალდა და პირველი რაც მითხრა, იყო ეს: „ის იყო მოსული“. „ვინ ის? – ვკითხე მე, – „ვინ?“ „ვითომ არ იცი რა… ბებურიშვილი იყო მოსული, ბებურიშვილი“.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
მტრისას თუ გადაგეკიდა. მას ჰგონია, კრიტიკა ნაწარმოების მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში განხილვაა. და თუ რომელიმე სხვა, თქვენი კონკურენტი მწერალი მისი მეგობარი აღმოჩნდა, კრიტიკოსისგან კარგს აღარაფერს ელოდო. ვერ მოიგებ ვერცერთ კონკურსს, სადაც ის იქნება ჟიურიში. ფეხს დაგიდებს როგორც სამშობლოში, ისე ნებისმიერ უცხოელ გამომცემელთან. მე მოვითხოვ, რომ მოსყიდული კრიტიკოსისთვის ცალკე ჯოჯოხეთი შეიქმნას…
ნამდვილი კრიტიკოსი კი ის არის, ვინც წერის სურვილს გიათმაგებს.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
15 წლის კაპიტანი, მთვარის სპეკალი, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, აბო თბილელის წამება.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება. სინამდვილეში სამსარაც ერთგვარი საკონცენტრაციო ბანაკია, წვალების სხვადასხვა გრადაციებით. ტანჯვებს შორის არსებულ წამიერ გამონათებებს კი ადამიანები „ბედნიერებას“ უწოდებენ.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
იქ, სადაც თითოეული სიტყვა სიმღერაა, თითოეული ნაბიჯი – ცეკვა, ხოლო საყვარელი თანამგზავრი – ფლეიტა.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ან „შრიმად ბჰაგავატამს“ ან „ჩაიტანია ჩარიტამრიტას“.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ?
ჩემი მასწავლებელი წავიდა და აღარ ბრუნდება. მინდა ვიცოდე, როდის დაბრუნდება?
წინა რესპონდენტის შეკითხვა: რატომ ვტრიალებთ წრეზე?
იმიტომ, რომ მიწიერი ცხოვრება სწორედ წრეზე ტრიალია: დაბადება, ბავშვობა, სიყმაწვილე, დიდობა, სიბერე, სხეულის დატოვება… ისევ დაბადება, ისევ ბავშვობა… და ა.შ. გინდათ თავი დააღწიოთ ამ მოჯადოებულ წრეს? მაშინ უმჯობესია, დაურეკოთ ალეკოს.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
ასე აპირებ მიჰყვე ცხოვრების დინებას ბოლომდე, თუ თავის დაღწევის რამე გეგმა გაქვს?
© არილი