ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ბასა ჯანიკაშვილთან – „სამყაროში ეძებენ დაკარგულ ადამიანებს“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი:

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

„ყური დამიგდე, შენ კი არა,

მე ვარ ვენახი!

ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ

მჩატე სხეულზე

ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,

ყურძნის ტევრი ვარ,

საწნახელში გამომწყვდეული.“ – ზურა რთველიაშვილის ამ სიტყვებით.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რა თქმა უნდა – გამონაგონი.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

როგორ აღიქვამს ინდივიდი საკუთარ თავს სამყაროში. რა როლი აქვს ჩვენ მიერ შექმნილ „რეალობას“ ჩვენთვის.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

იცვლება ხოლმე. ერთი განსაკუთრებული არ მყავს. შეიძლება იყოს ეჟენ იონესკოს მარტორქა, ან მარკესის აურელიანო ბუენდია, ან მარკი ემანუელ კარერის რომანიდან „ულვაშები“.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

უამრავია ასეთი. თავის დროზე, როდესაც გამოვტოვე, იმის მერე ასე დარჩა, წაუკითხავი. სიმართლე გითხრათ, არც მაქვს სურვილი. თანამედროვე ლიტერატურა უფრო მაინტერესებს.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ჰიტლერი და სტალინი.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ესეც იცვლება. ის კი ვიცი, რომ საუკეთესო ათეულში მუდამ არიან ფედერიკო ფელინი, ბუნუელი, ბერტრან ბლიე და ა.შ.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

არ ვიქნები ორიგინალური და პიკასო, კლიმტი, კანდინსკი, მარკ შაგალი. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ სამყაროში ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

როდესაც ღვინოს ჭიქაში ვასხამ, ჭიქას სულს ვუბერავ.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

რა თქმა უნდა, მაქვს! მაგალითად, მგზავრობისას არასდროს ვამბობ წინასწარ მისვლის ზუსტ დროს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

ხშირად.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ჩემი ცოლი.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ალბათ, 1921 წელს ვიმოგზაურებდი. შეცვლით დიდად ვერაფერს შევცვლიდი, მაგრამ შევეცდებოდი.

დიონისე თუ აპოლონი?

უფრო აპოლონი.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

უჰ… რამდენიც გინდა!

ადამიანი, ვისიც გშურთ

არავისი მშურს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ვუბრუნდები ცრურწმენებისა და აკვიატებების შეკითხვის თემას. ამიტომ, გამოვტოვებ. 

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

საბედნიეროდ, სამივეს ვიცნობ და ვმეგობრობ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

არა.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

„მე მიკეთებ ამას?“

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

დანაღმულ ტერიტორიაზე მიშვებთ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

„ყველაფერი კარგად იქნება!“

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

დასაწყისი, რა თქმა უნდა. იმპულსია იმდენად ძლიერი, რომ მთელი პოემის არსს რამდენიმე სიტყვაში ხსნის. და არამარტო პოემის არსს. ზოგადად, სამყაროს ხსნის.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

არ ვიქნები ორიგინალური და ალბათ, გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართული, რუსული, ინგლისური.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

იონესკო, ბეკეტი, მარკესი, რუსთაველი… რის შესახებ? კითხვა უნდა ამას?

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ვუბრუნდები ცრურწმენების და აკვიატებების შეკითხვის თემას. ამიტომ, გამოვტოვებ. 

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“. გარსია მარკესი, „მარტოობის ასი წელიწადი“

რომელია საუკეთესო დასასრული?

„ძილში მომკვდარიყო. დასაფლავების შემდეგ ბებიას დავთარს ვათვალიერებდი. ამის ნება, ხომ სიცოცხლეშივე მომცა. ბებიას შეთხზულებიდან სამი ლოცვა შევარჩიე და ბებიას მოსაგონებლად გადავწყვიტე, ამ ლოცვებით დავამთავრო ეს წიგნი. ერთია „ვედრების“ ლოცვა, მეორე „შენდობისა“, მესამე კი „მადლობისა“. ასე იყო ეს ლოცვები ბებიას მიერ დასათაურებული“ . ზაირა არსენიშვილი, „ვა, სოფელო“

ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბავი. სიუჟეტი და მისი განვითარება მაინტერესებს. როგორ მოახერხებს მწერალი ამას.

პროცესი თუ შედეგი?

შედეგი, იმიტომ, რომ სტიმულია ახალი პროცესის დასაწყებად.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ნუ ზარმაცობ.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

„მე მიკეთებს ამას?“

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ყველაზე დასამახსოვრებელია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საინტერესო ამბავი იყო მწყემსი კაცის ამბავი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ და მისი მკვლელი გაასამართლეს, ხოლო მწყემსი გაზაფხულზე სახლში ცოცხალი დაბრუნდა. რაც მთავარია, „მკვლელმა“ დანაშაული აღიარა.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ვკითხულობ და წიგნის არჩევაში მათი აზრი ხშირად მეხმარება.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

წაკითხული წიგნების უმეტესობა ასეთია. და არა იმიტომ, რომ არ მომეწონა, არა, უბრალოდ, მავიწყდება.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

31 დეკემბრის ღამის 12 საათიდან მოყოლებული მომდევნო ათი წუთის განმავლობაში ფოიერვერკების ხმაურით გამოტენილი ადგილი.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

როდესაც წერაში ხელს არავინ შემიშლის.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“. ახლა ასე ვფიქრობ, თუმცა, ადრე სხვა წიგნი იყო.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

შეკითხვა, რომელზეც ხშირად ვფიქრობ.

წინა რესპონდენტის შეკითხვა: ასე აპირებ მიჰყვე ცხოვრების დინებას ბოლომდე, თუ თავის დაღწევის რამე გეგმა გაქვს?

არანაირი გეგმა არ მაქვს. რამე გამოჩნდება.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რამდენი წლისაც ახლა ხარ, რა გამოცდილებაც დააგროვე, რა ცოდნაც შეიძინე, გინდა, ეს ყველაფერი ადრე გცოდნოდა?

© არილი

Facebook Comments Box