ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ გაგა ნახუცრიშვილთან – „რაც არ გამახსოვრდება, ამბავიც არ არის“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია პოეტი გაგა ნახუცრიშვილი

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ძალიან მარტივად. დავიბადე 1971 წელს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონიც ხომ ჩვენი რეალობიდან, მეხსიერებიდან, პირადი გამოცდილებიდანაა.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ადამიანი. ის ყველაფერს იტევს.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

საყვარელი პერსონაჟები იცვლებოდნენ. ასაკთან, დროსთან, გარემოსთან ერთად.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

იქნება წაუკითხავი ნაწარმოებებიც. აღარ მახსოვს. ძნელია გახსოვდეს, რაც არ წაგიკითხავს.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ოდიოზურ ისტორიულ პერსონაჟებს რა ჩამოთვლის. საინტერესონი კი არიან.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

საყვარელი ფილმებიც ცვალებადია.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ეს ბავშვობიდან არ შეცვლილა. ფიროსმანი.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

ალბათ, ბევრი უცნაური თვისება მაქვს. ჩვენ ხომ ვერ ვამჩნევთ ჩვენს უცნაურობებს.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრურწმენები არ მაქვს. იქნებ და ესეც თავისებური ცრურწმენაა.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

როგორ არა. სიკვდილიც ხომ ფიქრობს ჩემზე.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ყველაზე დიდი გატაცება ცხოვრება უნდა იყოს. სხვაგვარად ძალიან მოსაწყენი იქნება.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობ. ჩემმა ნახევარმა საუკუნემ უკვე ასწლეულების მოვლენები, ცვლილებები დაიტია.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე თუ აპოლონი? იყვნენ, ორივე საჭიროა.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ყველა ნაწარმოების ავტორი ვიქნებოდი, რომელიც ოდესმე მომეწონა. რატომაც არა.

ადამიანი, ვისიც გშურთ

არავისი მშურს. თეთრი შურიც არ არსებობს. არ აქვს ფერი.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

შეცდომებს რა დალევს. ძალიან საშიშია უშეცდომო კაცი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

სამ პოეტს ვერ დაგისახელებთ. თავადაც ვწერ ლექსებს და ვერ მივცემ თავს ამის უფლებას.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ყველა სიტყვა საყვარელია, აი, ბავშვივით.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

სიტყვებზე უკვე გიპასუხეთ.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

სამ რომანსაც ვერ დავასახელებ. იმავე მიზეზით.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

სწორი, დროული ფრაზა.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

რუსთაველის სტრიქონები? აბა, ბლიცში როგორ დავტიო.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

არ ვიქნები მართალი, ერთი ლექსი რომ დავასახელო.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ნორმალურად ოთხ ენაზე.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

იცვლებიან პერსონაჟები, როგორც დრო, გარემო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

იმდენ მწერალს შევხვდებოდი, რომ დრო არ მეყოფოდა.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

შიშის შიში.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მეოცე საუკუნის დასაწყისში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

დასაწყისი, რომელიც ჩაგითრევს და წიგნს ერთი ამოსუნთქვით წაგაკითხებს.

რომელია საუკეთესო დასასრული?

დასასრული, რომელიც წიგნთან დაგაბრუნებს.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა და ამბავი ერთმანეთს ქმნიან.

პროცესი თუ შედეგი?

უპროცესოდ შედეგს ვერ მივიღებთ.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ვერ ვასრულებთ, მაგრამ გვახსოვდეს მაინც ათი მცნება.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ბანალური. როდის მორჩები ყალთაბანდობას?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ამბავი დასამახსოვრებელია. რაც არ გამახსოვრდება, ამბავიც არ არის.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

კრიტიკა ყველა დარგში ჟანგბადია, რადგან თვითკრიტიკა ხშირად გვიდუნდება, გვიჩლუნგდება.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

წიგნი, რომელიც არ გახსოვს, რაღა წიგნია?!

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

პერსონალურ ჯოჯოხეთს გავასაიდუმლოებ. ყველას ჩვენი საიდუმლო ჯოჯოხეთი გვაქვს.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

ჩემთვის ბავშვობა იყო სამოთხე. იმ სამოთხიდანაც უკვე ბევრი წავიდა. იმედი მაქვს, რომ უკეთეს სამოთხეში.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ყველა წაკითხული წიგნი ბოლოს ერთ წიგნად იკვრება. ბანალურია, მაგრამ ასე მგონია.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

ისევ კითხვაა, რომელსაც ვერ მივაგენი.

წინა რესპონდენტის შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, არსებობს არსებობა?

არსებობა არსებობს. არარსებობაც კი არსებობს.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

როგორ ხართ? ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

© არილი

Facebook Comments Box