არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ზაზა კოშკაძე:
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
ალბათ, დავჯდებოდი საწერ მაგიდასთან, ფეხზე მდგომს გამიჭირდებოდა წერა, მწოლიარესაც. რაც შეეხება პირველ წინადადებას, მაგაზე არასდროს მიფიქრია, როგორ დავიწყებდი. მიფიქრია, რომ თუ დავწერდი ავტობიოგრაფიას, აუცილებლად დავარქმევდი „ფობიოგრაფიას“, რადგან ადამიანის საკუთარ შიშებთან და მცდარ წარმოდგენებთან ბრძოლა ყველაზე საინტერესო საკითხავი იქნებოდა. ისეთი რამეა ფობიოგრაფია, რომ უფლებას არ მოგცემს, ყალბი იყო და გულწრფელ ხალხს ყველა ვუსმენთ, რაზეც არ უნდა გვესაუბრებოდნენ. თუნდაც ჩვენთვის უინტერესო რამეზე.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
მნიშვნელოვანია რეალობაზე ზემოქმედება ან ადამიანების მიერ აღქმულ რეალობაზე ზემოქმედება და ამას როგორ მოახერხებ, არ არის მნიშვნელოვანი. თხრობის ონტოლოგიას თუ გავყვებით, ის გაჩნდა, როგორც გამონაგონი. ავტორისეული რეალობა პირველად დონ კიხოტში გვხვდება, როცა სერვანტესმა მეორე ტომში დასვა პერსონაჟი და ამავე წიგნის პირველი ტომი წააკითხა. ეს იყო გადატრიალება. მანამდე ყოველთვის გამიჯნული იყო რეალობა და ამბავი. რეალობის მიმართ ასეთი აკვიატებული დამოკიდებულება გაჩნდა რომანის ფორმატის დაბადებასთან ერთად. თუმცა იქაც არავინ იცის, რამდენად რეალურია თუნდაც ყველაზე ჰიპერ-რეალისტურად მოთხრობილი ამბავი. მოკლედ, რეალობის გამოაშკარავება გამოგონილით არის უფრო მეტად ლიტერატურა, ვიდრე რეალობის ასახვა.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
ჩემი საყვარელი თემა დიდი ხნის მანძილზე იყო სიღარიბის და სექსუალობის ურთიერთმიმართება და კონტექსტუალიზაცია. სასაცილოდ კი ჟღერს ახლა, ამას რომ ვწერ, მაგრამ, სინამდვილეში, სექსუალობა და საკუთარ სხეულთან ურთიერთობის ტიპოლოგია შეიძლება კავშირში იყოს სოციალურ საფეხურებთან, რომლებსაც ფინანსურად მიეკუთვნებიან ადამიანები. კარლო კაჭარავას აქვს ერთი ლექსი, „ღამის ელეგია“ ჰქვია. იქ გვხვდება ასეთი ტექსტი:
„დედა, როდესაც მე მეძახიან მორიგი შეურაცხყოფის მოსაყენებლად,
მე ვფიქრობ იმაზე, რომ სახლში თითქმის აღარაფერი გვაქვს,
რომ მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთები ჰყავთ –
და რომ იმან, ვის მანქანაშიც ის ახალგაზრდა ქალი იჯდა,
მოიპარა ჩემი ბედნიერება.“
ეს ლექსი ძალიან ჰგავს ჩემს იმდროინდელ ფიქრებს და ცხოვრებას, როცა წერა დავიწყე. მერე მქონდა დიდი აკვიატება, რომ სიყვარული გაქრა ლექსებიდან და ძნელი გახდა წერა მასზე და მინდოდა რამე ისეთი დამეწერა, თან სიყვარულზე და თან არაბანალური. ჩემი ბოლო კრებული „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ გამოვიდა. არ ვიცი, რამდენად შევძელი ის, რაც მინდოდა, მაგრამ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, შევძელი თუ არა. ეგ წიგნი ძალიან მჭირდებოდა, თუნდაც იმისათვის, რომ ჩემი თავი ისევ პოეტად მექცია, ათწლიანი პაუზის შემდეგ.
შეჯამება: მთავარი თემა არ არის, მთავარია ამ თემასთან რა გაკავშირებს და რამდენად მართალი ხარ და გვაჩვენებ თუ არა სრულ სურათს მთელი შენი ისტორიის. მანდ გეტყობა ადამიანს, საერთოდ რისთვის წერ.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
მამაჩემი, ჩემი ლექსებიდან… საერთოდ, როცა მწერალი ხარ, გარშემო მყოფი ადამიანები შენს თვალში გარდაიქმნებიან პერსონაჟებად და ამას ვერაფერს უხერხებ და ეგ გაწერინებს. ხოლო პერსონაჟები პირიქით, ადამიანებად გარდაიქმნებიან წამში. ამიტომ მწერლისთვის, ვფიქრობ, ადამიანია პერსონაჟი და პერსონაჟები ადამიანები. ძალიან ავხლართე, მაგრამ მაქეთ მივყავარ. პერსონაჟებზე ბევრს ვერ ვფიქრობ იმიტომ, რომ როცა პერსონაჟი კარგია და სწორად არის წარმოდგენილი ნაწარმოებში, იქ ყველაფერი გასაგებია, ის უბრალოდ შთაგაგონებს, რომ შენც რაღაც შექმნა. თუმცა ერთი გამახსენდა ახლა, ჰემინგუეის პერსონაჟია, რომანიდან „ფიესტა“, მისი პირველი რომანია და მთავარი პერსონაჟი ომგამოვლილი ტიპია, რომელსაც ერექციის პრობლემა აქვს, იმპოტენტია, რომელსაც უყვარს ქალი, რომელიც თავის მხრივ ნიმფომანია. ეს არის აბსოლუტურად გენიალური, ეგრეთწოდებული „set-up“ ნაწარმოებში. საოცარი პერსონაჟია, როგორ შეუძლია უყვარდეს ჩუმად მთელი ცხოვრება…
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ეს ძალიან კარგი კითხვაა, სხვათა შორის. ბევრია ასეთი, მე ისტორიული რომანები არ მიყვარს, ამიტომ დიუმას არ ვკითხულობდი არასდროს. დიდად არც ინგლისურ ლიტერატურაზე ვგიჟდებოდი, არ წამიკითხავს არაფერი კონან დოილის და მისი შერლოკ ჰოლმსის სერიები. ძალიან პატარამ გადავაგორე სათავგადასავლო ლიტერატურა და მალე გადავედი რომანტიზმზე და კრიტიკულ რეალიზმზე, ამიტომ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ფრანგული ლიტერატურა იყო ჩემი დიდი გატაცება.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
მგონი არცერთი. ისტორიული პერსონაჟები არც მძულს და არც მიყვარს. ერთადერთი, ვინც, რასაც ჰქვია, მიყვარს, ჯორდანო ბრუნოა. შოკს მგვრის მისი ისტორია, რომელიც არც ისე გავრცელებულია, სხვათა შორის და ყველას ვურჩევ, წაიკითხონ მისი ისტორია, თუ როგორ მივიდა იქამდე, რომ დაწვეს.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
მე ძალიან მიყვარს ფილმი „ბრიუგეში“, მაკდონაჰის. ვიცი ამ თემაზე უფრო კარგი ფილმებიც შეიძლება არსებობდეს, თუმცა კინოს თავისი ისტორიული განვითარების ეტაპებით არასდროს ვიცნობდი. ამ ფილმში ორ მკვლელს ვხედავთ, რომლებიც არანორმალურად ადამიანურები არიან, თავისი სისასტიკის პარალელურად. ამ ფილმში ვხედავთ, რომ ყველაზე ამორალურ ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ მოკლან ფულის გამო, აქვთ ზოგჯერ სხვებზე, ანუ არამკვლელებზე უფრო მკაცრი მორალი და მეტი მორალური შეზღუდვებიც კი, ვიდრე სხვა „წესიერ“ ხალხს. თანაც ფილმს შესანიშნავი სცენარი აქვს, ძალიან კარგი ფინალით და ასევე ეტყობა, რომ დრამატურგის ნამუშევარია, ადგილ-ადგილ ვერ გაურბის მთხრობელს და კადრს მიღმა ხმას იყენებს, რაც ლიტერატურისა და დრამის სუნს მატებს. მოკლედ, ეგ არის, რაც ახლა გამახსენდა.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
ბოტერო გამახსენდა პირველი. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ რაღაც მიმად ქცევას ახერხებს ყველაფრის, საოცრად საინტერესოა. და ასევე ლუსიან ფროიდიც მხიბლავდა ერთი პერიოდი.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
არცერთი ჩემი თვისება მე არ მეჩვენება უცნაური.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
მაგიდა არ უნდა გადავწმინდო ქაღალდით, თორემ მაგ თვეში თუ ხელფასი დამიგვიანეს, მერე სულ მაგას ვაბრალებ.
კიდევ მახასიათებს ერთი რაღაც: თუ ერთხელ რაღაც ჩავიცვი და ის დღე კარგი გამოდგა, შემდეგ ჯერზე, როცა რამე მნიშვნელოვანზე მივდივარ, იმავეს ვიცვამ. ზუსტად კი ვიცი, რომ ეგ არაფერს მიშველის, მარა ცრურწმენაც იმისაა, რომ სადღაც შიგნით, ემოციის დონეზე მჯერა, რომ მიშველის.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
ნაკლებად, რაც არ უნდა უცნაური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე დიდხანს მჭირდა პანიკური შეტევები და ვისაც ეს გამოუცდია, მიხვდება, რის თქმასაც ვცდილობ. ყოველი შეტევის დროს დარწმუნებული ხარ, რომ იმ მომენტში კვდები. თუმცა, ამის მიუხედავად, არასდროს სერიოზულად არ მიფიქრია სიკვდილზე. მე არ ვარ რელიგიური ადამიანი, არ მგონია, რომ სიკვდილის მერე სადმე გავფრინდები, რელიგიური ხალხისთვის სიკვდილს აქვს ცენტრალური მნიშვნელობა მათ არსებობაში. ჩემთვის ეს დროა მთავარი, რაც აქ მომეცა და ამაზე ვფიქრობ, სიკვდილი არც თემატურად მაინტერესებს დიდად, ვთქვათ, ხელოვნებაში. მით უმეტეს, რომ მართლა მჯერა, რომ მედიცინა მალე დაამარცხებს სიკვდილს, ამიტომ მით უფრო ნაკლებად ვფიქრობ.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
ალბათ სმა და კითხვა, თუმცა ორივესთვის ჯანმრთელობა არ მეყოფა, ამიტომ კითხვას მეტ დროს ვუთმობ და ალკოჰოლი სრულიად გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან. ახლა ასე მომწონს.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
საინტერესო კითხვაა. ამაზე ხშირად მიფიქრია და ზუსტად ვიცი, სად და რას ვიზამდი. 90-იან წლებში საქართველოში მოძრაობდა ნაციონალისტური დაჯგუფება, ზოგი პირდაპირ გამსახურდიას მიაწერს მის არსებობას არც თუ უსაფუძვლოდ. ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაასახლა იარაღის მუქარით ოსი მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ჩემი ნათესავები დედაჩემის მხრიდან. ეს ფაქტობრივად ტაბუირებული თემაა ქვეყანაში, კრინტს ვერავინ ძრავს. მოკლედ, მე გამისახლეს ნათესავები ეთნიკური ნიშნით და ამას აუცილებლად შევცვლიდი.
დიონისე თუ აპოლონი?
ვფიქრობ, რომ ორივე. და ორივეს თავისი ასაკი აქვს ცხოვრებაში. და არცერთი მიმართება ბოლომდე არ არის საინტერესო. არ არის ჯანსაღი. საქართველოში მაგალითად, სულ არსებობდა კომპლექსი, რომ ოჯახები და ადამიანები ხელოვნებას უნდა აფასებდნენ და ერკვეოდნენ. ასე რომ, ბოლომდე აპოლონური ტიპები იშვიათი იყო, დღემდე გვყავს მომღერალი ექიმები და ლოთი ფეხბურთელები. თანაც, მეორეს მხრივ, ეს ცოტა მოძველებული ტიპოლოგიაა მგონი, უამრავ აპოლონურად მშრომელ ხელოვანს შეხვდები დღეს, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში, ბოჰემურად მცხოვრებ ფინანსისტს. ჯორდან ბელფორდი, რომელიც ფილმ „ვოლსტრიტის მგლების“ პროტოტიპია, ამის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს. ეს არის ბროკერი ფინანსისტი, რომელიც 22 სხვადასხვა ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული. ვერცერთი ტრუბადური ვერ შეედრება მის ბოჰემურობას და სპონტანურობას.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
„მებრძოლთა კლუბი“, არა იმიტომ, რომ ის საუკეთესო ნაწარმოებია, უფრო იმიტომ, რომ ის სიგიჟემდე მამოტივირებელია ტექსტია, ბოლო წლებში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ადამიანების ქცევაზე ამ წიგნმა.
ადამიანი, ვისიც გშურთ
ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მაქვს, ბედნიერი ვარ, გენიალური შვილი მყავს და ეს დიდი საჩუქარია ცხოვრებისგან. ამიტომ არავისი მშურს. არც შემშურდება არავისი, სანამ ჩემი საყვარელი ადამიანები არიან ბედნიერები.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
იყო მომენტი, როცა ფსკერზე ვიყავი ემოციურად და მაშინ არასწორი საშუალებებით გადავწყვიტე ამ პრობლემასთან გამკლავება, საბოლოოდ, ამან წამართვა ჩემი ცხოვრების რამდენიმე წელი. დღეს ასე აღარ მოვიქცეოდი.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ეს ყველაზე რთული კითხვაა, იმიტომ, რომ ბევრი მიყვარს, თუმცა თავისი მნიშვნელობით გამოვყოფდი: მაია სარიშვილი, ალექსა ჩიღვინაძე, პაატა შამუგია. ასევე ძალიან მიყვარს ბარბაქაძე, ჩიხლაძე, იათაშვილი, დეისაძე…
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
სიტყვა არ მახსენდება, მაგრამ მოფერებითი ფორმები მძულს, განსაკუთრებით ადამიანები რომ საკუთარ სახელს მაგ ფორმით იცვლიან. აი, მე რომ ზაზუნიკო დავირქვა სოციალურ ქსელებში. ვაჟიკო, რეზიკო, ავტოსექსუალიზმის რაღაცა ფორმაა მგონი და უხერხულად ვარ ხოლმე, როცა ასეთი სახელებით მეცნობიან, „ბოდიში, არ მინდოდა, თქვენს თავთან სექსში ხელი შემეშალა, გავალ ახლა მე…“ – ვფიქრობ ხოლმე.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
არც ეგ მახსენდება კონკრეტულად რამე.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
თამთა მელაშვილის „გათვლა“, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები“, და მორჩილაძის ნებისმიერი…
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ასეთი გამოთქმაა – ძლიერებს უმართლებთ. ბოლო დროს ხშირად მიტრიალებს თავში. მიყვარს ეს გამოთქმა თავისი პარადოქსულობის გამო, რომლითაც რეალურად გვეუბნება, რომ არ არსებობს გამართლება და მხოლოდ მაშინ გიმართლებს, თუ შენ იმსახურებ და მეტი გაიღე ამისთვის. ისე, ყოველ კვირა თუ ყოველ თვე მეცვლება საყვარელი ფრაზები.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
იმდენად გენიალური ტექსტია, ვერ გამოვარჩევ მგონი ვერაფერს.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
სამ ენაზე.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ისევ ჰემინგუეი. მასაც ალკოჰოლი იტაცებდა და ასევე ტრავმა ჰქონდა. საინტერესო იქნებოდა, როგორ ილაპარაკებდა საკუთარ თავზე. ვკითხავდი, როგორ შეუძლია იყოს ასეთი ზედაპირული, ნარცისი და უხეში ადამიანი ცხოვრებაში და ასეთი ნაზი საკუთარ ნაწარმოებებში? ასევე საინტერესოა, რანაირად ვერ იტანდა ასე კრიტიკას, როცა თავადაც კარგად იცოდა, რა დიადიც იყო. სელინჯერს გავიცნობდი კიდევ სიამოვნებით. საინტერესოა, რანაირად მოახერხა ისე ეცხოვრა, როგორც იცხოვრა.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
თუ ფობია იგულისხმება, სიმაღლის შიში მაქვს არანორმალური. თუ შიში ეგზისტენციალური, ზოგადად მომავლის მეშინია, ხვალინდელი დღის, ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა 90-იან წლებგამოვლილი ადამიანისთვის. ხვალინდელი დღე იყო მტერი, რომელიც უნდა დაგემარცხებინა. ალბათ მაგიტომაც მიზიდავს სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც მომავალზე მელაპარაკება.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
იდეალურ დროში ვცხოვრობ, ვფიქრობ. თუ ავირჩევდი რამე დროს, ალბათ უფრო რაიმე მომავალს, ვიდრე წარსულს.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
უილიამ გიბსონის „ნეირომანსერის“
„პორტის ცა გათიშულ არხზე გადართულ ტელევიზორის ეკრანს ჰგავდა.“
მაშინ, როცა ლიტერატურა ყოველთვის ანთროპომორფულია და ყველაფრის ჰუმანიზაციას ახდენს, აქ გიბსონი „ბუნებრივი სამყაროს“ ტექნომორფიზმს ახერხებს. ამ ერთმა ფრაზამ ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა, ტექნომორფიზმი ძალიან ხშირად გვხვდება მას შემდეგ, განსაკუთრებით ჟანრულ ლიტერატურაში.
რომელია საუკეთესო დასასრული?
საუკეთესო დასასრულები ცუდია, ბრაზდები, რომ ასეთი კარგი წიგნი უკვე დასრულდა.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ამბავი. ენა ის არის, რაც არ ითარგმნება, რეალურად. ენა შეზღუდულია, მას აქვს თავისი გრამატიკული და ლექსიკური წინაპირობები. ვაჟას ბოლომდე ვერავინ გაიგებს თარგმანში. ვერც შოთას. ამბავია უნივერსალური სიმბოლიკა და არქეტიპოლოგია, რომელსაც არ აქვს საზღვრები. ამიტომ ის უპირატესია და უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ ძლიერი ამბებში.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი. შედეგისთვის ნაწერი წიგნები ძალიან მოსაწყენი და პროგნოზირებადია. როცა პროცესით ცოცხლობ, სიზიფეს შრომად აქცევ იმას, რაც გიყვარს, ერთ დღეს იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ იმ ოსტატობას მიაღწიე, რომელზეც შესაძლოა არც გეოცნება. როცა გოგოლს ჰკითხეს, ასეთ ოსტატობას როგორ მიაღწიეო, უპასუხა კვამლითო. ვწერ და ვწვავო. თუმცა არსებობენ მაინც მუზის მწერლები, რომლებიც ასე ვერ მუშაობენ, გაიღვიძონ და მიუსხდნენ საწერ მაგიდას. ჯორჯ მარტინის და სტივენ კინგის ერთობლივ დისკუსიას ვუყურებდი, სადაც პირველი კითხვა, რაც მარტინმა კინგს დაუსვა, იყო: როგორ ახერხებ ამდენის წერასო? ძალიან აშკარა იყო, რომ მათი მეთოდიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
მცნებები 11 რომ ყოფილიყო, მათ არავინ დაიცავდა, რადგან არავინ აღიქვამდა 11 ერთეულიან რამეს სერიოზულად. ეს არის ნუმეროლოგიის მაგია, რომელიც არქეტიპებივითაა გამჯდარი ადამიანებში. არსებობს ერთი ასეთი კომიკოსი, ჯორ კარლინი, რომელიც საკუთარ გამოსვლაში ამბობს, 10 იმიტომ არის მცნებები, რომ ასე უფრო ოფიციალურად ჟღერსო. ვეთანხმები, ამიტომ დავტოვოთ, როგორც არის, არ ვკლათ და არა ვიპაროთ.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
თუ პროვოკაციული უნდა იყოს კითხვა, ვკითხავდი, მართლა ადამიანებზე შურისძიების გამო დაიწყო თუ არა წერა… და მართლა ჭარბწონიანი ქალები იყვნენ თუ არა მისი შთაგონება, თუ ეს მხოლოდ საკუთარი ბიოგრაფიის კეთების პროცესი იყო, სადღაც შორს მიმავალი გათვლებით.
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
როცა მე სამი წლის ვიყავი, მამაჩემი დააპატიმრეს საგზაო შემთხვევის გამო, ქალი გაიტანა ტრამვაით. სამწუხაროდ, ქალი გარდაიცვალა. მამაჩემს ჩასახლება მიუსაჯეს კოლონიაში, სადაც მუსიკალური ჯგუფი გააკეთა. ეს არის ყველაზე გენიალური ისტორია, რაც მსმენია და მთელი ცხოვრებაა ამ ამბავს ვუტრიალებ. უკვე გამოვიყენე ერთ მოთხრობაში და ორი კინოსცენარი მაქვს ამ თემაზე დაწერილი. ველოდები მათ გადაღებას.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ზოგადად, დიდებული და საჭირო ხალხია. ყველაზე ცუდად მაშინ არის საქმე ლიტერატურაში, როცა კრიტიკოსები არ არსებობენ და მწერლები თავად იღებენ კრიტიკის წერის საქმეს თავზე, ეს იწვევს მერე კონფლიქტებს. ამიტომ საჭირო ხალხია.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
არ მახსოვს წიგნები, რომელთა შინაარსებიც არ მახსოვს. მგონი, თუ შინაარსი მავიწყდება, ისიც მავიწყდება, თუ რისი შინაარსი დამავიწყდა.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
პერსონალური თუა, რაღა ჯოჯოხეთი გამოდის? ისეთი მნიშვნელოვანი თუ ვარ, რომ ჩემთვის ცალკე ჯოჯოხეთია, ალბათ გამართობდა ეგეთი ტანჯვაც… რა თქმა უნდა, ეს ვიხუმრე. სხვათა შორის პალანიკი, თუ არ ვცდები „მებრძოლთა კლუბში“, სვამს ასეთ კითხვას, არჩევანის წინაშე რომ იდგე, იყო არავინ თუ იყო ღმერთის მტერი, რომელს აირჩევდითო? ძალიან პროვოკაციული კითხვაა, რადგან პალანიკმა მშვენივრად იცის, რომ არავის უნდა იყოს არავინ, მაგას ჯობია პერსონალური ჯოჯოხეთი ალბათ.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
ჩემი პერსონალური სამოთხე ჩემი და ანიკოს, ჩემი შვილის აქეთ-იქით ხეტიალია, ყველგან სადაც გზა წაგვიყვანს ან ყველგან, სადაც მას მოუნდება. მერე სადმე გემრიელად ჭამა და ბოლოს სახლში წამოწოლა და მასთან ერთად რომელიმე მისი საყვარელი ფილმის მეათასედ ყურება. ყველაზე მეტად ეგ მაბედნიერებს, ვფიქრობ.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ზღაპრების წიგნს, ალბათ. ქართული ხალხური ზღაპრების კრებული თუნდაც.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
მაგ კითხვას აქ ვერ დავწერ, თუმცა არის ერთი. მე მინდა, რომ ვიცოდე, შემიძლია კიდეც, რომ ვიცოდე, მაგრამ ყველასთვის აჯობებს, რომ არ ვიცოდე… ამიტომ იყოს, როგორც არის.
წინა რესპონდენტის, ნატო ინგოროყვას შეკითხვა: ახლა საით?
ემიგრაციაში…
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
ბოლოს რა წაიკითხე საუკეთესო?
© არილი