ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ლაშა ბუღაძესთან – ისეთ რეალობაში ყოფნა, სადაც მხოლოდ ხმაური და მძვინვარებაა

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ლაშა ბუღაძე, მწერალი.

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ორცხობილა მადლენს მოვიშველიებდი, რათა შეგრძნებებს იმაზე მეტი ეთქვათ ჩემი მეხსიერებისთვის, ვიდრე მხოლოდ მოვლენებია.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

უმნიშვნელო არც ერთია და არც მეორე, მიზანს გააჩნია.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

შინაარსის დაკარგვის შიში – რისთვის ვარ, რატომ ვარ, საით მივდივარ. მოკლედ, ახალი არაფერი…

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ყველა, რომლის აღწერისასაც ავტორმა სიამოვნება მიიღო. მაგალითად, დიდი ვერაფერი პერსონაჟია ობლონსკი “ანა კარენინადან”, მაგრამ ეტყობა, რომ ტოლსტოი გაიტაცა მისმა ხასიათმა…

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

“სამი მუშკეტერი”.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ასეთი ბევრია. ბოში (ბოსხად რომ ვიცნობთ) ბავშვობიდან მნუსხავდა.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

თუ ეს თვისება ჩემი მახასიათებელია, ალბათ, ჩემთვის უცნაური არც უნდა იყოს. უცნაური ისაა, სადაც თავს ვერ ვცნობთ, ამის კი ძალიან მეშინია… საკუთარი თავის ვერცნობის.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

აკვიატებები არა, მსუბუქ ნევროზებს უფრო დავარქმევდი. ზოგჯერ სიზმრების მინიშნებებს ვაქცევ ყურადღებას.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

დოსტოევსკი აღარ მიზიდავს, თუმცა მის “ეშმაკებს” ალბათ მაინც ვერაფრით შეველეოდი. არ მიყვარს დეტექტიური ჟანრის რომანები… მარკესის თქმის არ იყოს, ჩემი საყვარელი დეტექტივი სოფოკლეს “ოიდიპოსია”, სადაც გამომძიებელი აღმოაჩენს, რომ დამნაშავე თვითონ ყოფილა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მუსიკა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

ახლაც ვკითხულობ…

ადამიანი, ვისიც გშურთ

ზოგჯერ იმის (ან იმათი), ვინც გეოგრაფიულად შორს ცხოვრობს პუტინის რუსეთისგან.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ჯერ არ ვიცი.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

როგორც გალაკტიონის ლექსშია… თუმცა იქ ხუთია. თანამედროვეთაგან არანაკლებია. ჩემ გარშემო ბევრი პოეტია, რომელთა ლექსებიც მომწონს და ვის ახალ ლექსებსაც ველოდები. მიყვარს, როცა პოეტები თავიანთ ლექსებს აქვეყნებენ ფეისბუქზე. სხვა მიზეზით იქ ვცდილობ აღარც შევიდე.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

რამეთუ. როცა ამ სიტყვას ქართულის უცოდინარი პოლიტიკოსები ამბობენ, აქაოდა, ქართული ვიცითო. ცოტა “აქაოდაც” ნერვებს მიშლის.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

იმ ადამიანთა სახელების ხსენება და წაკითხვა მსიამოვნებს, ვინც მყვარებია ან მიყვარს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ჯერ, მგონი, ესეც ადრეა. 21-ე საუკუნე სულ რაღაც 22 წლისაა.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

იქნება: “პუტინი დამთავრდა”.  ბოდიშს ვიხდი ტრივიალურობისათვის.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

დასაწყისი: „რომელმან შექმნა სამყარო“… ძალიან დიდი რამე იწყება, არა? და თან საოცრად…

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

არ ვიცი, რამდენად საუკეთესოა, მაგრამ ძალიან მიყვარს გრანელის “გაზაფხულის საღამოა მშვიდი…” გამჭვირვალე და სრულყოფილი ტექსტია. შოპენის ეტიუდივით.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ტექსტებს – სამ. ფრაზებს – ხუთ. სიტყვებს – შვიდ.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

დონ ჟუანი. არა ცხადია ამორალურობის, არამედ ალბათ უფრო მოცარტის ოპერის გამო. თუმცა პერსონაჟიც მოუხელთებელია. საერთოდ ისეთი პერსონაჟები მაღელვებს, რომლებისთვისაც ადვილი არაა განაჩენის გამოტანა. აი, მედეაც ასეთია… კარგი და სათნო დეზდემონა ცოტა არ იყოს უინტერესოა საზიზღარი და საინტერესო იაგოს გვერდით. ლიტერატურას ხომ სხვა კანონები აქვს.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ისედაც ვსაუბრობთ წიგნების მეშვეობით. ისე, ალბათ, აუტანელი იქნებოდა ტოლსტოისთან სტუმრობა – მორალიზმს და ქადაგებას რომ დაგიწყებდა (გადახედეთ ჩეხოვის მოგონებებს მასთან სტუმრობაზე). ან პრუსტი? ნაშუაღამევს რომ მიგიღებდათ სახლში… საწოლში მწოლი გენიალური მანიაკი. ერთხელ სალმან რუშდის გავესაუბრე ნიუ-იორკის ცათამბჯენის ლიფტში და, ცხადია, საქართველოში დავპატიჟე. მაღალ ქერა ქალს ეპრანჭებოდა, თუმცა მოთმინებით და ინტერესით მომისმინა. შევატყვე, უცხოების არ ეშინოდა… ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, რატომ იყო დაცვის გარეშე. აგერ, ახლახან მოკვლა სცადა ვიღაც არამზადამ.

წიგნები, რომლებიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული

პრუსტის “სვანს” ახლა მესამედ ვკითხულობ. ან მეოთხედ.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

იმ დროში, სადაც გამართული კანალიზაციაა და სააბაზანოში – საშხაპე.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

იოანეს სახარების.

რომელია საუკეთესო დასასრული?

პიესების დასასრულები მიყვარს. “ფარდა” – ამ სიტყვით.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ალბათ, მაინც როგორ. ამბავს ბევრი ჰყვება. როგორ – გააჩნია. ენა სტილის ნაწილია, ავტორის ხმაა. მაღიზიანებს ამბავი ამბისთვის. ასეთ წიგნებს ვეღარ ვკითხულობ…

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

რაზე მიმანიშნებთ?

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მურაკამის არცერთი რომანი არ დამისრულებია. და პრინციპში არც დამიწყია.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

თუკი აქტუალურები არიან, ღელვით ვკითხულობ მათ რეცენზიებს.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

უცნაურია, მაგრამ ჩეხოვის პიესების სიუჟეტები მავიწყდება ხოლმე.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ისეთ რეალობაში ყოფნა, სადაც მხოლოდ ხმაური და მძვინვარებაა… თავდაჯერებული იდიოტების გარემოცვაში.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ახალ აღთქმას.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

მთავარია, კითხვების დასმის აზარტი მქონდეს…

© არილი

Facebook Comments Box