ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ლელა სამნიაშვილთან – იყავი სიცოცხლის მხარეს

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ლელა სამნიაშვილი, პოეტი, მთარგმნელი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე ძვირფას და ლამაზ ადამიანებთან და რადგან ჩემი ბავშვობის სახლი მზით და ზღაპრებით იყო სავსე, კარგა ხანს წარმოდგენა არ მქონდა, როგორი უცნაური ადგილია ეს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონიც რეალობაა, რადგან რაც ადამიანის თავში გაიელვებს, უკვე განხორციელებული, სრულფასოვანი სინამდვილეა – თუკი ჩაწერ, დახატავ, მოჰყვები. რეალობის ასახვაც ხომ ყოველთვის ინტერპრეტაციაა და ამდენად, გამონაგონი. ხელოვნებაში მთავარია, ამბავი იყოს საინტერესო. ამ ორს შორის დიდ ზღვარს ვერ ვხედავ.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

სიცოცხლის აზრი. და რატომ ვერ ვახერხებთ ცივილიზაციად ქცევას, თუკი სიცოცხლის სხვა, ინერციით მიმავალ სახეობებზე უფრო ჭკვიანები აღმოვჩნდით.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ერთი ფავორიტი პერსონაჟი არ მყავს. ახლა მოხუცი სანტიაგო გამახსენდა „მოხუცი და ზღვა“-დან. კარგი იქნებოდა, მზით და მოძრაობით ასე ტკბებოდნენ, სიცოცხლე ასე უყვარდეთ ადამიანებს – ადამიანებიც და ბუნებაც, რომელიც გვკვებავს.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

ასეთი ალბათ ბევრია, მაგრამ რაც უნდა წამეკითხა და დღემდე ვერ წავიკითხე, „ძმები კარამაზოვებია“.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

აწმყოში ისეთი „პერსონაჟები“ ჩანან, ისტორიულ პერსონაჟებს ტოლს რომ არ უდებენ ბოროტებაში. მგონი კონკურენციის ამბავიც კია. მეცოდება ყველა, ვინც ძალაუფლების და „ისტორიული როლის“ გამო გაუმწარა ადამიანებს ცხოვრება და საკუთარი სიცოცხლე დიქტატურის დამყარებაში დახარჯა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, მერაბ აბრამიშვილი – თან მსოფლიო მასშტაბის მხატვრები არიან და თან ქართველები. მონე, გოია, მუნკი, მაგრიტი – სხვადასხვანაირები არიან, მაგრამ როცა ვუყურებ თითოეულის ემოციას ვგრძნობ. სიმშვიდის, მრისხანების, სასოწარკვეთის, მსუბუქი სევდის – განწყობების ამბავია.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მაგიდაზე სამჯერ ვაკაკუნებ 🙂

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

ზემოთ ვუპასუხე.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

ყველა ფიქრობს. ალბათ, იგივეა, რაც დაბადებამდე იყო.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ძალიან არ მიყვარს, მაგრამ შეიძლება მწერალი ძალიან ცნობილი იყოს და ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ აღარც ვცადო წაკითხვა. ასეთი ბევრია.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

პოეზია. ბავშვობიდან ვიპოვე, როგორც საუკეთესო გასართობი და თან განსამუხტი.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

ირმა ტაველიძის „ბნელ წყლებში“. და რეკომენდაციას ვუწევ, თუკი ვინმეს ამბავთან ერთად რომანში ენა აინტერესებს.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე. ეს აპოლონი ყოველთვის ქანდაკებად წარმომედგინა და დიონისე კი სულ მოძრაობაშია თავისი ღვინით სავსე ფიალებით, მტევნებიანი გვირგვინებითა და თანმხლები სატირებით.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

რომლებსაც თვითონ ვწერ.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

ერთი და მუდმივი ასეთი არავინ არ არის და კონკრეტულ მომენტში შეიძლება რიგში წინ მდგომისაც ძალიან მშურდეს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

კინორეჟისორობა რომ არ ვცადე.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

სამზე მეტია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

ბრბო.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

ადამიანი.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

„ვაჰ სოფელო“, „გადამალვა“, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ერთი ასეთი ამოჩემებული ფრაზა არ მაქვს.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ“… – მარადიული კითხვაა და თავში ხშირად ამომტივტივებია, ისევე როგორც „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი“.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

თუ ვეფხისტყაოსანს არ ჩავთვლით, „ვეფხვის და მოყმის ბალადა“,

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამ ენაზე

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

თითო ასეთი პერსონაჟი არ მყავს. მთავარია, კითხვის მომენტში მივყვე რომელიმე პერსონაჟს. ყოველთვის გჭირდება გმირი, ან თუნდაც ანტიგმირი, რომელთანაც სიახლოვეს იგრძნობ, რომ წიგნის ამბით სრულფასოვნად იცხოვრო.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

სილვია პლათი, ვირჯინია ვულფი, შექსპირი, თომას ჰარდი – რომ გამეგო, ზუსტად ისეთები არიან თუ არა, როგორებადაც წარმომედგინა, როცა ვთარგმნიდი. ჩვეულებრივ თემებზე, მათ ცხოვრებაზე, სხვადასხვა არჩევანზე.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ასეთი ბევრია, რადგან მსოფლიო ლიტერატურის კურსს ვასწავლი ამერიკულ აკადემიაში.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

დროის გადანაწილება რომ შემეძლოს, დროში ვიმოგზაურებდი – წავიდოდი ანტიკურ მსოფლიოში, რენესანსის, რომანტიზმის ევროპაში და შორეულ მომავალშიც. თუ ერთ ცხოვრებაზეა ლაპარაკი, ისევ აქ და ახლა მირჩევნია ყოფნა, ოღონდ უკანასკნელ ორ წელიწადს სიამოვნებით გამოვტოვებდი და რამე უკეთესი ადგილიდან გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგალითად უკრაინის გამარჯვების დღიდან.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ზღაპრების – იყო და არა იყო რა

რომელია საუკეთესო დასარული?

საუკეთესო არ ვიცი და ისევ ზღაპრების დასასრულია ყველაზე უარესი –

ჭირი იქა, ლხინი აქა

ქატო იქა, ფქვილი აქა – მთლიანად ადამიანურ ეგოიზმზეა აგებული.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ორივე. ერთმანეთის გარეშე ერთი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა და მეორე მხოლოდ ფაქტი ან ჭორი.

პროცესი თუ შედეგი?

ზოგჯერ პროცესი და ზოგჯერ შედეგი. ხან ხდება, რომ პროცესით იმდენად ტკბები, შედეგამდე რომ მიდიხარ, უკვე მნიშვნელობა აღარც აქვს, ხელში რა შეგრჩება და ხან პირიქით – ჩიტმა რა დააშავა, მაგრამ მიხვდები, რომ „ჩიტი ბრდღვნად ღირდა“.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

იყავი სიცოცხლის მხარეს

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

თუ ყოველთვის ყველაფერზე საკუთარ აზრს გამოთქვამ, რატომ არ ხარ პოლიტიკურად უფრო აქტიური?

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ბევრი. უთვალავი.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

მგონია, რომ ბევრი მათგანი გაუბედავი მწერალია, მაგრამ მწერლებზე უკეთესი მკითხველი.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ასეთი წიგნების არც სათაურები არ მახსოვს 🙂

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ის, რაც ახლა ხდება მარიუპოლში.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

სახარებას. წესით, სამუდამო სასჯელს უნდა ამსუბუქებდეს. თან სხვების ინტერპრეტაციებს არასდროს ვენდობოდი და დრო მექნებოდა, მეტი მეფიქრა.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

და მერე – რა?

© არილი

Facebook Comments Box