ახალი წიგნები,  ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა,  რეცენზია (თარგმანი)

იქნებ სჯობს მარკ ტვენის სიბერე დავიწყებას მიეცეს?

ფოტოზე: მარკ ტვენი თავის 11 წლის მეგობართან, დოროთისთან ერთად

ავტორი: სკოტ ბრედფილდი

მარკ ტვენმა ცხოვრების თითქმის ყველა გამოწვევა დასძლია სიბერის გარდა. 60 წლისა ჯერაც უამრავ საქმეს უძღვებოდა: ბეჭდავდა, გამომძიებელ ჟურნალისტად და სახელმწიფო მოხელედ მუშაობდა, წერდა პიესებსა და ანტიიმპერიალისტურ პოლიტიკურ ესეებს, იყო ნავის კაპიტანი, მეუღლე და 3 ქალიშვილის მამა; ლექციების ჩასატარებლად მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და კარგ ფულსაც აკეთებდა, რასაც, როგორც წესი, არაგონივრულ გარიგებებსა თუ ინვესტიციებში ფლანგავდა. შემდეგ კი ვალების გასასტუმრებლად კიდევ უფრო მეტს დახეტიალობდა.

რა გასაკვირია, ჰეკლბერი ფინისა და ტომ კენტის მსგავსი პერსონაჟები რომ გამოიგონა – მაწანწალის უფლისწულად და, პირიქით, ქცევის გამოცდილება თავადაც ჰქონდა. საბოლოოდ დაასკვნა: „კაცმა ორ შემთხვევაში არ უნდა ივაჭროს: როცა ამის საშუალება აქვს და როცა – არა აქვს“. მთელი თავისი ხანგრძლივი და ქაოსური სიცოცხლის განმავლობაში კი თავისივე რჩევა ერთხელაც არ გაუთვალისწინებია.

სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი, ამერიკელ მწერალთათვის არასახასიათოდ, თავისი სამშობლოს ორივე სანაპიროს ცხოვრების სტილით ტკბებოდა, ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე. მისისიპის ხეობის დასავლეთით ოქროს ეძებდა, სვამდა, ილხენდა და დაუჯერებელ ამბებს იწერდა, ხოლო აღმოსავლეთით – ოლივია ლენგდონზე (მის მემკვიდრეობასა და სოციალურ სტატუსზე) იქორწინა. და, რაც კიდე უფრო იშვიათია, სხვა ქვეყნების ცხოვრების სტილსაც უსინჯავდა გემოს – ავსტრალიაში, ევროპასა თუ ინდოეთში ახალ-ახალ მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს იძენდა.

გარი შაენჰორსტმა მარკ ტვენის ამაღელვებელ ცხოვრებას სამტომეული მიუძღვნა და ბოლო, მესამე წიგნით “მარკ ტვენის ცხოვრება: უკანასკნელი წლები 1891-1910” მისი თავგადასავლის არც თუ ისე სახარბიელო ფინალი ასახა. ნაშრომი მწერლის მემორიალი უფროა, ვიდრე ბიოგრაფია – თითქმის არც ცდილობს გაგვაცნოს კლემენზის პიროვნება და აგვიხსნას, გამდიდრების სურვილი რატომ არ ასვენებდა ან ერთ ადგილზე გაჩერება რატომ არ უყვარდა. სამივე ტომი ინფორმაციით გაძეძგილია – აღნუსხულია თითოეული ქალაქი, სადაც ოდესმე მარკ ტვენს ლექცია წაუკითხია, გაზეთები, რომლებშიც მისი ყველაზე უმნიშვნელო წიგნებისა თუ პამფლეტების რეცენზიები დაბეჭდილა და უამრავი ადამიანი, რომლებსაც მწერალთან ერთად უსადილიათ. თუ მწერლის ცხოვრების  ამბავი გაინტერესებთ, ჯობს ჯერ სხვა ბიოგრაფიებს მიმართოთ, ხოლო ამ წიგნს მოუბრუნდეთ, როცა მარკ ტვენის ტყავში ცხოვრება და მის დამღლელ ყოველდღიურობაში ჩაძირვა მოგინდებათ.

მრავალი თვალსაზრისით, მწერალი თავის-თავში ამერიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს აერთიანებდა: უზარმაზარი ენერგიისა და გამჭრიახი გონების პატრონი სიცოცხლის ბოლო წლებშიც კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წიგნებს წერდა: დეტექტივებს, ფიქციურ ავტობიოგრაფიებსა თუ რასობრივი უთანასწორობის აბსურდულობაზე წერილებს აქვეყნებდა. მეტი ფულის მოსახვეჭად კი გამომგონებლობასაც ცდილობდა. მაგალითად, უვადო კალენდარი, ჩანართებიანი რვეული, ისტორიული თამაში და საწოლის გადასაფარებლისთვის დამჭერები გამოიგონა.

თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მისი წერის სტილი უფრო კომპლექსური და პირქუში ხდებოდა. იმდენად, რომ ბოლო წლების ნამუშევრებს მისი ქალიშვილი დიდხანს არც აქვეყნებდა. უოლტ უიტმენის მსგავსად, სიბერეში სამშობლოს უფრო და უფრო აკრიტიკებდა, მაშინაც კი, როცა მის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა. ბრაზით სავსე ღია წერილებსა და ესეებს უძღვნიდა ფილიპინებში ამერიკულ ავანტიურასა და, სხვა აღმსარებლობებთან ერთად, კათოლიციზმს აძაგებდა, რადგან, მისი ხედვით, ეკლესია მორწმუნეებს მხოლოდ ‘ფულისა და ღვთისმოსაობის’ სანაცვლოდ ემსახურებოდა.

ამ პერიოდის შემოქმედებიდან საუკეთესო, სავარაუდოდ, „იდუმალი უცნობია“, რომელიც აღწერს, დედამიწაზე ჩამოსული სატანა როგორ აჩვენებს ადამიანებს მათ თანდაყოლილი ბიწიერებას. ახალგაზრდა ბიჭს გაანდობს:

“შენს მოდგმას ვიცნობ. ცხვრები ხართ. უმცირესობები გმართავენ, იშვიათად ან არასდროს კი – უმრავლესობა. საკუთარ გრძნობებს თრგუნავთ და რწმენებს მიჰყვებით – იმ მუჭს, რომელიც ყველაზე მეტს ხმაურობს. ზოგჯერ ხმაურიანი მუჭი მართალია, ზოგჯერ – მტყუანი, მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს, მას ბრბო ყოველთვის გაჰყვება“.

სიბრაზესა და მელანქოლიაში ჩაძირულს სიბერეში უცნაური ახირებაც დასჩემდა – მცირეწლოვან გოგონებთან ძალიან დიდ დროს ატარებდა: გაუთავებლად სულელურ წერილებს სწერდა და მათთან ერთად არაერთ შემაცბუნებელ ფოტოსაც იღებდა. მაგალითად, ერთ-ერთზე თეთრ პიჯაკში გამოწყობილს კალთაში უზის 11-12 წლის გოგონა. მისი პირადი თანაშემწე, იზაბელ ლიონი 1908 წელს წერდა:

„ახალი ადგილის სტუმრობისას პირველი ყოველთვის პატარა გოგონებით ინტერესდებოდა… თხელი ფეხების დანახვაზე თვალები აუციმციმდებოდა. მით უკეთესი თუ გოგონას ბაფთიანი კიკინები ეკეთა.“ მათ თავის „ზღვის ანგელოზებს“ ეძახდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უხამსობის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება, ამ ფოტოსურათებისა და წერილების გამო, მარკ ტვენის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზარალდა. გასულ საუკუნეშივე კრიტიკოსებმა გადაჭარბებული მასტურბაციიდან დაწყებული პედოფილიით დამთავრებული, ყველაფერი დასწამეს მწერალს.

შაენჰორსტი ასე შორს არ მიდის. პირიქით, ცდილობს კლემენზის პოზიტიური პორტრეტი შექმნას და გვახსენებს, რომ მწერალი თავისი ორი ქალიშვილის სიკვდილს მოესწრო. ამავდროულად, მხოლოდ გაბრაზებული კი არა, სიბერეში თავისი თაობის ნებისმიერ სხვა მწერალზე მეტად საზრიანიც იყო: ათასობით წერილს წერდა ქალთა უფლებების მხარდასაჭერად; ცდილობდა აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებელთათვის მაქსიმ გორკი გაეცნო; და ლინჩის წესით გასამართლების შესახებ ისტორიულ ნაშრომზეც მუშაობდა, რომლის დასრულებაც ვერ მოახერხა. ერთხელ თავის ძმისშვილს უთხრა, რომ სოციალიზმის დანაპირების დასაჯერებლად „ადამიანის ბუნების შესახებ ზედმეტად ბევრი იცოდა“.

შაენჰორსტის თქმით, კლემენზი იმდენად იტანჯებოდა, რამდენად ნაყოფიერადაც მარკ ტვენი მუშაობდა. „სიკვდილი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ცხოვრებას შეუძლია შემოგვთავაზოს,“ განაცხადა და თვეების შემდეგ მწერალი თავადაც დასაჩუქრდა. შეიძლება, დაუდევრობით, ტემპერამენტითა თუ უჩვეულო ახირებებით თავისი ცხოვრება ცეცხლის ალში გახვია, თუმცა, ფაქტია, ჩამწვარი კოცონის კვამლი ჯერაც არ გაფანტულა.

© არილი

Facebook Comments Box