ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ნიკა ლაშხიასთან – “გამარჯვებული ის მეოცნებეა, რომელიც არასდროს ნებდება”

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

მე დავიბადე იმ დროს, როცა შუქი არ იყო, არც პური იყო, მაგრამ იყო გადარჩენის სურვილი და ჩვენ გადავრჩით…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ლიტერატურისთვის ორივე მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ რეალობის ასახვა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ობიექტურობასთან ერთად აუცილებლად უნდა იყო ზუსტი.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ერთადერთი საფიქრალი, რაც მაქვს და რის გამოც ვღელავ,  ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობაა, რაც ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დღე, როცა უბრალოდ, ხმამაღლა ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ!

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული  პერსონაჟი

ხშირად ვფიქრობ ხოლმე პედრო პარამოზე, რომელიც კომალაში მიდის მამის საძებნელად და იქ იწყება ამბები. უცნაური ამბები, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთშია არეული, აჩრდილებით სავსე ქალაქში, რაც ჩემთვის ძალიან მისტიკურია. პედრო პარამოს კი არაფერი არ აშინებს და აგრძელებს გზას…

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი წაკითხული მაქვს,  მაგრამ თაროზე მიდევს ლუი ფერდინად სელინის ,,მოგზაურობა ღამის დასალიერში“, რომლის წაკითხვასაც ვაპირებ.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ფილმი, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები, არის მერაბ კოკოჩაშვილის გადაღებული ,,დიდი მწვანე ველი“ მწყემსი სოსანას ამბავი, რომელიც ოჯახთან ერთად  ნახირს მწყემსავს, მაგრამ ველზე ნავთობის აღმოჩენის მერე იცვლება მისი ცხოვრება, ზოგადად ასეა, სადაც კაპიტალიზმი ცხვირს ყოფს იქ უფერულდება ყველაფერი.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

კარლო კაჭარავა, როგორც მხატვარი. მის ნამუშევრებში ჩანს მისი პოეტური სული, ექსპერიმენტები, რომლებიც ძალიან უყვარდა. განსაკუთრებით მიყვარს ,,სინათლის სიკვდილი“.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

წიგნს, რომელსაც ვკითხულობ ხოლმე აუცილებლად ვყნოსავ და სურნელს ვიმახსოვრებ, ყველა წიგნს თავისი სპეციფიკური სურნელი აქვს, ადვილად იმახსოვრებ. ეს თვისება რაღაცნაირად მეხმარება წიგნის სიუჟეტიც მახსოვდეს დიდხანს.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არ მახსენდება.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ. უცნაურია, არყოფნიდან მოდიხარ და არყოფნაში რომ მიდიხარ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

ძალიან ბევრი რამით ვარ გატაცებული, ყოველთვის ვცდილობ არ გავჩერდე ერთ კონკრეტულ წერილში. ბოლო დროს სიმღერა დავიწყე, ძალიან საინტერესო პროცესია, ახალი სამყაროს აღმოჩენას ჰგავს და მიხარია, რომ გამომდის.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

როცა უკვე ყველაფერი გარკვეულია, ადვილია ისაუბრო ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაზე, დადგე სწორ მხარეს და გახდე გმირი… ავირჩევდი პერიოდს, როცა ბოლშევიკები მოდიან ხელისუფლებაში, არ ვიცი რას შევცვლიდი, უბრალოდ, დავწერდი დღიურებს და შევეცდებოდი ის პერიოდი ზუსტად გადმომეტანა ფურცლებზე…

ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველა იმ ადამიანის მშურს, ვისაც სიზარმაცე არ ახასიათებს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ბაკალავრიატზე მეორედ ჩავაბარე, არქეოლოგიის განხრით, სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე გარკვეული მიზეზების გამო, ამას მივიჩნევ შეცდომად.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

დათო ჩიხლაძე, შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

დაღრეჯილობა.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მიყვარხარ!

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ზაირა არსენიშვილი ,,ვა, სოფელო’’, არჩილ ქიქოძე „სამხრეთული სპილო“ ნინო ხარატიშვილი ,,მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

გამარჯვებული ის მეოცნებეა, რომელიც არასდროს ნებდება.

საყვარელი სტრიქონი ვეფხისტყაოსნიდან და რატომ?

,,რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“

საგალობელია. სხვაგვარად, ალბათ, წარმოუდგენელი იყო ამ ამბის დაწყება, რაც ვეფხისტყაოსანში ხდება. პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

კარლო კაჭარავას ლექსი ,,ფოთის ელევატორთან“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ორ ენაზე.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ჰანს შნირი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული მარიზე, რომელსაც არაფერში არ გაუმართლა, მაგრამ მაინც კლოუნად დარჩა.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

ძვირფასი ადამიანების დაკარგვის შიში.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

გასული საუკუნის 20-იან წლებში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“ –   „როცა ცა დღის სინათლეს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.“

რომელია საუკეთესო დასასრული?

რეზო გაბრიაძის ,,შერეკილები“ – „S კი უდრის კონსტანტას – ჩუმად თქვა ერთაოზმა და თვალები აუცრემლდა. ისევ გამოჩნდა მათ თავზე ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცა – მამაზეციერის წამიერი საჩუქარი, და ყველაფერი გაქრა.“

ენა თუ ამბავი? რატომ?

ორივე მნიშვნელოვანია, როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში. ავტორი ენით ამოიცნობა, თხრობის მანერით, თუ როგორ გიყვება ამბავს. ამბავი კი შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ვერ მოჰყვე და ემოციები არ დატოვოს. ყველაფერი მაინც ენაზეა დამოკიდებული, თუ კარგი ოსტატი ხარ ამბავიც საინტერესო იქნება.

პროცესი თუ შედეგი?

რა თქმა უნდა, პროცესი. შედეგით დასრულებული პროცესი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

არ გაჩერდე!

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

წარსულში რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი? და ვუპასუხებდი…

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ?

ბაბუაჩემის, რაჟდენ ლაშხიას, მოყოლილი ამბავი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ფეხში დაჭრილი შეუყვანიათ ბუნკერში. მთელი ღამე მწყუროდა, რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ შუბლზე წვეთები მეცემოდა და პირი მივუშვირეო, წყურვილი მოვიკალი და დილით გავარკვიე, რომ მიწიდან გამოჟონილი სისხლი დამილევიაო.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ძალიან დიდ შრომას, ენერგიას მოითხოვს ლიტერატურის კრიტიკოსობა. ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან უფრო მეტად უნდა იყვნენ დაფასებულები, რადგან თანამედროვე სამყაროში ფუფუნებაა ასეთი ხალხის არსებობა. ლიტერატურას აუცილებლად სჭირდება კრიტიკა, რათა განვითარდეს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი წერს ლექსებს, პროზას, ეს უდიდესი გამოწვევაა. შესაბამისად, ამის გარჩევას აუცილებლად სჭირდება ცოდნა და  მახვილი თვალი.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

არის წიგნები, რომლებიც დავიწყებას ეძლევა, ახლა უცებ „მობი დიკი“ მახსენდება.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ყელამდე თაფლით სავსე ოთახში ყოფნა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერთ?

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია ,,კაკუნი სამოთხის კარზე“.  ფილმის ორი მთავარი გმირი საუბრობენ, თუ რაზე უნდა ელაპარაკონ ღმერთს, როცა მოკვდებიან. მინდა, რომ ჩემი პერსონალური სამოთხე ასეთი იყოს, მაგიდასთან ვისხდეთ და ვსაუბრობდეთ და ამ საუბრებს ბოლო არ უჩანდეს.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

აუცილებლად ოთარ ჭილაძის ,,გოდორი“.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

რა იქნება სიკვდილის მერე.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

რა ფუნქცია და რა ძალა აქვს თანამედროვე პოეზიას?

© არილი

Facebook Comments Box