ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ხვიჩა ყალაბეგაშვილთან – „სამყაროსთან შეხვედრა დაიწყო პროტესტით”

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია გამომცემლობა “კალმოსანის” დირექტორი, მწერალი ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ჩემი ამ სამყაროსთან შეხვედრა დაიწყო პროტესტით… როგორც მიყვებიან, ორი კვირის დაგვიანებით დავიბადე; ამ გადასახედიდან შეცდომა მგონია ეგ გაჯიუტება, რადგან სამყაროს მიუღებლობა ხასიათს ორგანულად შეერწყა და დღემდე მაწვალებს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

რეალობა უინტერესო რამ მგონია, რადგან მოცემულობაა და მოცემულობასთან კირკიტი უფრო სტატიკურია, ვიდრე დინამიკური… გამოგონილს უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ოღონდ იმ გაგებით, რომ სიტყვა „გამოგონილი“ ჩემთვის ეფემერულს არ ნიშნავს… ჭურჭელში წყალი თუ ასხია, ე.ი. სადღაც წყალი აუცილებლად არსებობს. ის, რომ აზრები და წარმოდგენები კონკრეტულ დროსა და სივრცეში ვერ ხორციელდება, არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს… ნებისმიერი რამ, რაზეც ადამიანს უფიქრია ან წარმოდგენაში დაულანდავს, აუცილებლად გახდა ხელშესახები ან გახდება მომავალში.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

მახინჯი განათლების სისტემა, რამაც განაპირობა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა. დასწავლაზე ორიენტირებულმა სწავლებამ ადამიანებს წაართვა უნარი, ტექსტებს მიღმა კონტექსტები აღიქვან… მეტწილად, პოლემიკაში ენერგიას პოზიციის დაცვასა და არგუმენტებს კი არ ახმარ, ცდილობ, აუხსნა, რაზე საუბრობთ… უკონტექსტო აზროვნება განაპირობებს ცნობიერების დეფიციტს, რასაც კატასტროფულ შედეგებამდე მივყავართ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

ჰერმან ჰესეს – ჰარი ჰალერი… ეს მარტოხელა, საკუთარ თავში გამოკეტილი, სიახლეების მაძიებელი და უამრავ პიროვნებად დაშლილი კაცი იმდენად მგავს, რომ შევიყვარე… ალბათ, იმდენად თავმოყვარე ვარ, რომ ლიტერატურული პერსონაჟის შესაყვარებლადაც კი საკუთარი თავის ასლი დამჭირდა…

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

მე პროვინციაში დავიბადე, კითხვა 1990 წელს ვისწავლე, ეპოქის ყველაზე ცუდ დროს. შესაბამისად, ჩემი კითხვის ჟინი ძალიან მდარე ლიტერატურას შევალიე, ასე რომ, ცოტა კარგი წიგნის წაკითხვა მოვასწარი, რადგან არც მრჩეველი მყავდა და არც ხელმისაწვდომი იყო კლასიკური ლიტერატურა ჩემთვის… ალბათ, ,,ვარდის სახელისთვის“ უნდა გამომენახა დრო აქამდე…

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

სტალინი, რადგან ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ტრაგედიის სათავე სწორედ ამ სამშობლომოძულებული კაციჭამიისგან მოდის…

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ძმები (ახლა უკვე დები) ვაჩოვსკების ,,მატრიცა“… ამ ფილმს მაყურებელი როგორც მძაფრსიუჟეტიან, ეფექტებით გაძეძგილ სანახაობას, ისე აღიქვამს… ვედებს, სუფიზმს, გნოსტიკურ, ეგზოთერულ, აპოკრიფულ პანთეონებს თუ იცნობ, იაზრებ, რომ რაღაც ისეთ კოდებს გაწვდიან რეჟისორები, რაც შეიძლება გასაღები იყოს უამრავი დაფარული კარის გასაღებად; ძალიან მრავალშრიანი ფილმია…

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ჰიერონიმუს ბოსხი მიყვარს ძალიან… საერთოდ, გამომსახველობით ხელოვნებაში ექსპრესია ზედმეტად ბასრი უნდა იყოს, რადგან მასთან შეხება თან მომენტალურია, თან ინტუიციური… ბოსხი იმდენად ექსპრესიული და ბასრია, ჩემთვის, როგორც არა კურატორისთვის, არა მკვლევრისთვის, არა არტკრიტიკოსისთვის, არამედ დამკვირვებლისთვის, მარტივი შესახებია…

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

უზომო გულწრფელობა და ღიაობა, რაც ძალიან მომაბეზრებელი და დამაზიანებელია, რაციონალური პრიზმიდან თუ შევხედავთ.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ცრუ რწმენებს და აკვიატებებს ახასიათებს ორგვარობა – ან ისინი გმართავენ, ან შენ მართავ… სამყარო ფრაგმენტული არ არის, კვარკებიდან გალაქტიკებამდე ყველაფერი კავშირშია, მათ შორის ფიქრებიც (ფიქრი ენერგიაა)… განწყობის თეორიას თუ ფლობ პრაქტიკაში, შეგიძლია, ,,ცრურწმენებს“ და ,,აკვიატებებს“ მიმართულება მისცე… როგორც სპონტანური, ისე მასშტაბური აკვიატებები შემიძლია გავაცოცხლო, თუმცა ეს გიჟური ხდომილებები ჩემ ირგვლივ მყოფებს ან ბოდვა ჰგონიათ, ან დამთხვევა… ასეთ დროს ფსიქიატრ ავლიპ ზურაბიშვილის და მისი პაციენტის 50-60 წლის წინანდელი დიალოგი მახსენდება ხოლმე, სადაც ,,ჭკვიანი“ ექიმი ,,გიჟ“ პაციენტს ცინიკურად აზუსტებინებს: ,,მაშ, თქვენ ამბობთ, რომ მალე ამერიკიდან დაგველაპარაკებიან და თან დავინახავთ?!“

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

მე წრეგადასული მელანქოლიკი ვარ, სანამ ამის მართვას ვისწავლიდი, 27-28 წლამდე, გამუდმებით ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, ოღონდ ბუნებრივი მდგომარეობა გახდა და ამ დროს საერთოდ ვერ აცნობიერებ, რომ ამ ფიქრის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება… ისე, სიკვდილს ყველაზე არასერიოზულ და უსუსურ პრობლემად აღვიქვამ, რადგან რამდენადაც ვიცნობ ჩემ მე-ს, როგორც ენერგიას, ზუსტად ვიცი, რომ ის არ შეიძლება გაქრეს, ვერ გაქრება… ჩემი სხეული კი ძალიან მომწონს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაღაც დროის შემდეგ უძვირესი და ულამაზესი შანელიც ცვდება.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

საკუთარი თავის შეცნობა – ეს რაღაც კითხვის, მუსიკის სმენის, კარგი სექსის, ნარკოტიკების ჩვევასავით არის. თუ ჩვევად აქციე გარედან შიგნით ყურება, ათასგვარ საინტერესო და უცნაურ რამეებს პოულობ, რაც გაფორიაქებს და უზომოდ გხიბლავს.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

გასაბჭოების დროს ბერია ვიქნებოდი და ვეცდებოდი, რაც შეიძლება მეტი ქართული გონი გადამერჩინა მოკვდინებისგან, გაქრობისგან.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე – ერთმნიშვნელოვნად.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

,,ჯადოსნური მთა“.

ადამიანი, ვისიც გშურთ

გალაკტიონი.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

5 სასწავლებელი შევიცვალე, საიდანაც არაფერი, საერთოდ არაფერი არ წამომიღია…

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ლია სტურუა, შალვა ბაკურაძე, ზვიად რატიანი (ტრანსობიექტურად)… რადგან პოეზია მაინც სუბიექტურია – ნიკა ჯორჯანელი, რეზო გეთიაშვილი, გიო საჯაია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

,,მაგრამ“ – ეს სიტყვა ყველაზე ხშირად გამოიყენება ფარისევლობის სუფიქსად ან პრეფიქსად.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მადლობა.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ბოლო წლებია, ვეღარ ვკითხულობ დიდ პროზაულ ტექსტებს, რადგან თან დრო არ მაქვს, თან მარიხუანაზე დამოკიდებული ვიყავი (სამსახურის შემდეგ), რაც დიდი ტექსტების კითხვას თითქმის შეუძლებელს ხდის, ამიტომ ნაცნობების რომანები წავიკითხე და ამათგან ალეკო შუღლაძის ,,გადამალვა“, ბესო სოლომანაშვილის ,,ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ივა ფეზუაშვილის ,,ბუნკერი“ მომეწონა…

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

მჯერა

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი…“ მე სიკვდილის არსებობის არ მჯერა და არც იმის, რომ ,,მე“, როგორც ენერგიის წყარო, ერთჯერადი ვარ და აქ ვმთავრდები, არც იმის მჯერა, რომ სამოთხის კარს გამიღებენ და მწვანე მინდორზე ვიკოტრიალებ… მე მჯერა, რომ გავდივარ ძალიან დიდ გზას და ეს ერთი ციდა ცხოვრება განსაზღვრავს ჩემს შემდეგ ნაბიჯებს გრძელ გზაზე, ისინი რეტროგრადული იქნება თუ წინმავალი… ანუ, მგონია, რომ თუ ლამბორჯინში, სხვათა თავზე გადავლით, სხვათა ტკივილით, დაუმსახურებლად გადავჯდები ამ გაჩერებაზე, შემდეგ გაჩერებაზე ზაქის გამხმარ ქალამნებს დამახვედრებენ…

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

გალაკტიონ ტაბიძის ,,დომინო“.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად (ინგლისურზე ,,გუგლთრანსლეიშენის“ დახმარება მჭირდება).

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

ქალი – მარიამ სტიუარტი (ცვაიგის), კაცი – დონ კიხოტი.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ჰერმან ჰესე. ვიცი, რაზეც უნდა მესაუბრა – ჩემზე.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

არ შევეჩვიო ფარისევლობას, რომელსაც პერიოდულად ვავლენ ხოლმე და რომელიც ყველაზე დიდი ბოროტება მგონია…

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მეოცე საუკუნის 15-30-ანი წლების – ფუტურიზმით, სამიკიტნოებით, ათასი ჯურის მომთაბარე ვიგინდარათი და კოკაინით გაძეძგილ – თბილისში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

დღეს დედა გარდაიცვალა… (კამიუ, „უცხო“) სხვა არცერთი წიგნის დასაწყისი არ მახსოვს, რადგან ზეპირი მახსოვრობა არ მაქვს…

რომელია საუკეთესო დასასრული?

მგონი, დიუმადან მახსოვს, რომელი რომანია, ვერ ვიხსენებ – ჯალათი, რომელსაც ცნობილი ბუნტისთავი წარსულში სასმელზე პატიჟებს, მადლიერების ნიშნად თავს უმტკივნეულოდ ჭრის…

ენა თუ ამბავი? რატომ?

ამბავი… ენას თუ ვერ ფლობ, ან ვარჯიში გეზარება ჩემსავით, ან უგულოდ უდგები და წერას უნდა შეეშვა.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი ერთმნიშვნელოვნად, რადგან შედეგი სტატიკაა, მე დინამიკის მხარეს ვარ.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

,,ღმერთო, მაპატიე“ – ამ ორსიტყვიან ფორმულირებას დაახლოებით 50-ჯერ მაინც ვიმეორებ დღეში, რაც ცნობიერება ფიქრს დავუკავშირე.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

რატომ ანიავებ ამხელა ინტუიციურ ცნობიერებას მტვრისგან სიმართლის ძერწვაში?

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

პაპაჩემის მამას ,,კოტიტას“ ეძახდნენ, სამი თითი არ ჰქონდა; იმის მამას, ანუ პაპაჩემის პაპას, იასე ერქვა… ლეკიანობის ჟამს იასე რომ ჩვილთან ერთად გარბოდა, ლეკებმა ხმალი ჩაარტყეს კისერში, პაპაჩემის მამას კისერზე ჰქონია ხელი შემოხვეული და მაშინ დაკარგა თითები. ლეკებმა რომ საქმე მოილიეს და წავიდნენ, გამთენიისას მეზობლებმა ტირილის ხმით იპოვეს ნაბადში გახვეული, თითებმოჭრილი ჩვილი, რომელიც მკვდარ მამას ჰყავდა ჩაკრული; მერე ის ბავშვი გაიზარდა… ჰოდა, რომ არა ის ნაბადი, ახლა ინტერვიუს ვერ მოგცემდით.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

ეს ყველაზე რთული საქმეა, დაუფასებელი და ,,საშარო“… ჩვენთან თითქმის მოკვდა ეგ საქმე და დაკვეთილ რეცენზიებს დაარქვეს კრიტიკა… ან ვინმე მოცლილი თვითინიციატივით გადმოდგება და ლანძღავს, იშვიათად აქებს ავტორს, პიროვნული განწყობებით… ძალიან კარგი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიტერატურის კრიტიკოსები გვყავდა, მაგალითად, ლექსო დორეული, ნიკოლოზ აგლაძე… მერე ისე გამოვიდა, რომ მწერლები გაბრაზდნენ – რატომ არ გვაქებთო… ლიტერატურულმა პლატფორმებმა/კონკურსებმა, თქვენ რასაც აკეთებთ, ეგ საინტერესო არ არის, ჩვენ ილიას, ვაჟას, ყაზბეგის მშრალ, მოკლე შინაარსებს რომ გვიყვებიან, ეგ მოგვწონსო… ჰოდა, ამათაც კარგი, თუ არ გჭირდებით, კარგად ბრძანდებოდეთო… 2-3 ძველი თაობის კრიტიკოსს თუ არ ჩავთვლით, ვინც მეტწილად პირადი მტრობით წერს რაღაცებს, მალხაზ ხარბედიას და ნანა ტრაპაიძის გარდა, ვერ ვიხსენებ ვინმე რამეს წერდეს საკუთარი სურვილით და გულწრფელი ობიექტურობით… სხვებს ან ავტორმა უნდა დაუკვეთოს, ან გამომცემლობამ, ასეთი დაკვეთილი კრიტიკა რა გამოვა, ადვილი მისახვედრია… წელს ბათუმში ნანა ტრაპაიძეს ჰქონდა უკარგესი ლიტერატურული ლექცია-დისკუსიები სტუდენტებისთვის, ყველას დავესწარი, როგორც სტუმარი… ეს არის რაღაც წარმოუდგენლად აღმაფრთოვანებელი თაობა, ინტელექტით, ცოდნით გადავსებული, კონტექსტის გააზრების გასაოცარი უნარით, ინდივიდუალური მიგნებებით… ვფიქრობ, მათგან ძალიან კარგ კრიტიკოსებს მივიღებთ, თუ მიჰყვნენ ბოლომდე…

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ძალიან ფრაგმენტულად მახსოვს წიგნების შინაარსი, უცნაური მეხსიერება მაქვს, ინფორმაციას განცდებით ვიმახსოვრებ, კონკრეტიკა ძალიან მიჭირს, შეიძლება, ვერცერთი წიგნის სიუჟეტი ვერ მოვყვე ამომწურავად, რომც მოვინდომო…

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

დაუმსახურებელი ქების და მადლობების ვალდებულება.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

სოციალური, კულტურული, მენტალური, რელიგიური სტიგმებისგან, ვალდებულებებისგან დაცლილი სამყარო, სადაც ყველა საკუთარი სურვილით განკარგავს თავის დროს და ემოციებს, ისე, რომ არც თავად ზიანდება და არც სხვას აზიანებს.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ბიბლია – ახალი აღთქმა, აპოკრიფებთან ერთად.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

15 წლიანი პაუზის შემდეგ, რანაირად მოვახერხე ამდენი ხანი წერა ისე, რომ წყლის დასალევადაც არ ავმდგარვარ… მადლობა თქვენ, თითქოს რაღაც ძალიან მონატრებულის შევეხე…

წინა რესპონდენტის შეკითხვა: რამდენი წლისაც ახლა ხარ, რა გამოცდილებაც დააგროვე, რა ცოდნაც შეიძინე, გინდა ეს ყველაფერი ადრე გცოდნოდა?

ცოდნას დაძლევა, გააზრება სჭირდება, შეიძლება უფრო ადრე ვერ გამეგო, გამოცდილებად ვერ მექცია… ამიტომ, ალბათ, სჯობს ცოდნა-საჩუქარი მაშინ მიიღო, როცა მისი გახსნა და ფასი იცი…

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

ეს ხომ არ იყო პრუსტის და ფოლკნერის სინტაქსით დაწერილი დამღლელი ტექსტი, რატომ დაგეზარა სრულად წაკითხვა?

© არილი

Facebook Comments Box