ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მწერალი ქალების ოდისეა

2016 წელს სულაკაურის გამომცემლობამ მკითხველებთან ერთად დიდი მოგზაურობა დაიწყო. შექმნა სერია „ლიტერატურული ოდისეა“, ახლა უკვე – „ლიტოდისეა“ (განახლებული სახელითა და დიზაინით), რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის არაერთი ავტორი გააერთიანა. გამომცემლობის მიზანი შეძლებისდაგვარად ბევრი ქვეყნის წიგნების თარგმნა და ამ გზით კულტურული ხიდების აგება იყო, გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი კი ქართულად პირველად ითარგმნა.

ოდისეამ განსხვავებული ქვეყნები, ჟანრები, ამბები და პერსონაჟები მოიცვა და ნამდვილ თავგადასავლად იქცა. „ლიტოდისეაში“ გამოცემულ ავტორებს შორის არიან ის ქალი ავტორებიც, რომლებიც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც მკითხველებს განსაკუთრებულად უყვართ. სტატიაში ხუთ ასეთ მწერალ ქალზე მოგიყვებით – მათი ეროვნება, ენა, ნაწარმოებების თემატიკა, წერის სტილი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან და ის, რაც მათ აკავშირებს, სწორედ „ლიტოდისეაა“.

არუნდატი როი, „წვრილმანების ღმერთი” (2016) და „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” (2022), სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე

არუნდატი როი ქართველმა მკითხველმა პირველად 2016 წელს გაიცნო „წვრილმანების ღმერთით“. 2022 წელს კი თამარ ჯაფარიძემ მისი მეორე წიგნი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტროც“ თარგმნა.

ინდოელმა მწერალმა „წვრილმანების ღმერთი“ 1997 წელს დაწერა და იმავე წელს ბუკერის პრემიით დაჯილდოვდა. ამ სადებიუტო რომანში ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია მოთხრობილი. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან რთული, ჩახლართული ურთიერთობები აქვთ, ბევრ რამეს მალავენ და მთავარ ამბებზე იშვიათად ლაპარაკობენ. წიგნი აჩვენებს, რამხელა გავლენა აქვთ ადამიანების ცხოვრებაზე პატარა ამბებს და როგორი მნიშვნელოვანია კვალი, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ ერთმანეთის ცხოვრებაში ვტოვებთ. განსაკუთრებით მომხიბვლელია არუნდატი როის თხრობის მანერა, იგი ნელ-ნელა მიგვიძღვის მოგონებების ლაბირინთებში და ყველაზე მოულოდნელ ისტორიებს გვიყვება.

„ვინ იყო ის ცალხელა კაცი? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო? დანაკარგების ღმერთი? წვრილმანების ღმერთი? ტანზე დაყრილი ბუსუსებისა და მოულოდნელი ღიმილების ღმერთი? თუ ლითონის მჟავე სუნის ღმერთი – აი, ისეთის, ხელბორკილებს რომ უდის ხოლმე და ავტობუსის კონდუქტორს რომ უდიოდა ხელისგულებზე?“

რაც შეეხება „უზეშთაესი ნეტარების სამინისტროს“, ის 2017 წელს გამოიცა პირველად, არუნდატი როის დებიუტიდან 20 წლის შემდეგ და ეპიზოდური ამბებისაგან მოქსოვილი ეპიკური ტილოა, ისეთივე ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური, როგორიც თავად ინდოეთი, მისი მოსახლეობა თუ ბობოქარი ისტორია. „მე ამბების მთხრობელი ვარ. ესაა ჩემთვის ერთადერთი გზა, რომ სამყაროს გავუგო“ – ამბობდა არუნდატი როი ინტერვიუში და „უზეშთაესი ბედნიერების სამინისტროც“, უამრავი ამბითა და პერსონაჟით, სამყაროს გაგების კიდევ ერთი მშვენიერი მცდელობაა.

იოკო ოგავა, „პროფესორის საყვარელი ფორმულა”, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი, 2021

პროფესორი ბრწყინვალე მათემატიკოსია, რომლის მეხსიერება თავის ტრავმის შემდეგ მხოლოდ 80 წუთს გრძელდება. ყოველ დილით ის და მისი ახალგაზრდა, გონიერი მოსამსახურე, რომელსაც 9 წლის ბიჭი ჰყავს, ხელახლა ეცნობიან ერთმანეთს და მათ შორის უცნაური მეგობრობა ყალიბდება – ასეთია იოკო ოგავას რომანის „პროფესორის საყვარელი ფორმულა“ სიუჟეტი.

იოკო ოგავა ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა თანამედროვე იაპონურ მწერლობაში. მისი ნაწარმოებები როგორც იაპონურ, ისე მსოფლიოს წამყვან ლიტერატურულ პერიოდიკაში (The New Yorker, A Public Space, Zoetrope: all-Story) 1980-იანი წლებიდან იბეჭდებოდა. დღემდე მწერალმა გამოაქვეყნა 20-ზე მეტი ნაწარმოები და მიიღო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი იაპონური ლიტერატურული პრემია.

„პროფესორის საყვარელი ფორმულა“ პირველად 2003 წელს გამოიცა და ბესტსელერი იყო იაპონიაში. წიგნში, ერთი მხრივ, ადამიანური ურთიერთობების, მეორე მხრივ კი, რიცხვების მაგია იგრძნობა (აქ ყველა რიცხვი რაღაცას უკავშირდება, პროფესორს ყოველ მათგანზე აქვს რაიმე სათქმელი). მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პროფესორის სახლს მიღმა სივრცე აღარ არსებობს, გაუჩინარებულია წარსულიც და მომავალიც. დარჩენილია მხოლოდ აწმყო, რომელშიც ორი მარტოსული ადამიანი ხვდება ერთმანეთს. მათთან ერთად კი პატარაა ბიჭუნაა, რომელიც მოხუც პროფესორს განსაკუთრებულად უყვარდება. თუმცა აქვე ჩნდება მთავარი კითხვა – შეიძლება, გიყვარდეს ის, ვინც მხოლოდ 80 წუთი გახსოვს?

მაია ლუნდე, „ფუტკრების ამბავი”, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე, 2022

მაია ლუნდე ნორვეგიელი მწერალია, რომლის დებიუტიც 2012 წელს, საბავშვო რომანით შედგა. იგი თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნორვეგიელი ავტორია, რასაც ადასტურებს ის, რომ მისი წიგნები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

„ფუტკრების ამბავი“ „კლიმატური კვარტეტის“ პირველი წიგნია, რომელიც 2015 წელს გამოიცა. ტექსტი გვიამბობს სამ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მცხოვრებ ოჯახებზე, სამ ქვეყანასა და სამ სხვადასხვა რეალობაზე, რომელთაც ერთმანეთთან ფუტკრები აკავშირებს.

ცხოვრება ფუტკრების გარეშე – ესაა მაია ლუნდეს მიერ აღწერილი დისტოპიური მომავალი. მანამ კი 1852 წლის ინგლისსა და 2007 წლის აშშ-ში ადამიანები საკუთარი ოჯახების, საქმის, იდეალებისა და ფუტკრების გადასარჩენად იბრძვიან.

ესაა რომანი ფუტკრებისა და ადამიანების შესახებ, რომელშიც, გარდა იმისა, რომ კლიმატურ ცვლილებებზე, ბუნებასთან სიახლოვესა და სიშორეზე, ცოცხალი სამყაროს გაგების აუცილებლობაზეა მოთხრობილი, ადამიანური ურთიერთობების საინტერესო და ემოციურ აღწერასაც ვხვდებით. საფრთხე არა მარტო ფუტკრების ოჯახებს, არამედ ადამიანებსაც ემუქრებათ – საფრთხე, რომ ერთმანეთის გაგების უნარს დაკარგავენ და დაშორდებიან.

კარგადაა შერჩეული წიგნის სტრუქტურაც – სამი დამოუკიდებელი ამბავი, რომლებიც, ერთი შეხედვით, არაფრით უკავშირდება ერთმანეთს, საბოლოოდ ერთ მთლიანობად იქცევა. კავშირების აღმოჩენა და პერსონაჟების განვითარებაზე, მათ ცვლილებებსა და ბრძოლაზე თვალის დევნება კი დაუვიწყარ გამოცდილებად რჩება მკითხველისთვის.

კატია პეტროვსკაია, „ალბათ ესთერი”, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: მაია ბადრიძე, 2022

კატია პეტროვსკაია 1970 წელს კიევში დაიბადა. 1999 წლიდან ბერლინში ცხოვრობს, „ალბათ ესთერი“ კი მისი სადებიუტო წიგნია, რომელიც გერმანულ ენაზე დაიწერა და პირველად 2014 წელს გამოიცა.

„ალბათ ესთერი“ ერთი ოჯახის შესახებ დაწერილი ამბავია, რომელშიც ამ ოჯახის წევრების სახეები განსხვავებული სიმკვეთრით ჩანს. ფრაგმენტული ამბები და ადამიანი-ფრაგმენტები, რომელთა შესახებაც ზოგჯერ მხოლოდ დაუდასტურებელი, სავარაუდო ისტორიები რჩება და მეტი არაფერი, ერთიან სურათს ქმნის, ეს სურათი კი, ამავე დროს, მეოცე საუკუნის ისტორიას და მთელ საზოგადოებას ასახავს. მწერალი მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და ჰყვება იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ბუნდოვან აჩრდილებად შემორჩნენ სხვების მეხსიერებას. ნამდვილ ამბებში, ოჯახურ ლეგენდებსა თუ მოგონებებში მკითხველი არაერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟს აღმოაჩენს. როგორც კატია პეტროვსკაია წერს, თავიდან გენეალოგიური ხე ნაძვის ხედ წარმოედგინა, რომელზეც ზოგი სათამაშო ფუჭდება, ზოგი ადვილად იმსხვრევა, ზოგი კი მთელი რჩება და ყველაფერს უძლებს. ამ „სათამაშოებს“, სინამდვილეში, თავისი უნიკალური, განუმეორებელი ცხოვრება ჰქონდათ, ამიტომაც მათ შესახებ კითხვისას მკითხველი საკუთარ ცხოვრებასთანაც აღმოაჩენს ბევრ საერთოს და იმაზეც დაფიქრდება, რომ მის ისტორიაშიც, მის წარსულშიც არაერთი ბუნდოვანებაა და უამრავი ადამიანი, რომელთა სახელებიც კი დაივიწყეს. ამიტომ „ალბათ“, რომელიც ესთერის სახელთან ერთად წერია, არა მხოლოდ ესთერს, არამედ ყველა ამბავს უკავშირდება, რომელთა ნამდვილობაშიც ბოლომდე ვერასოდეს დავრწმუნდებით.

სამანტა შვებლინი, „უსაფრთხო მანძილი”, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: თამო ლეჟავა, 2020

სამანტა შვებლინის რომანის, „უსაფრთხო მანძილის“, იდეა უკავშირდება ნამდვილ ამბებს, რომლებიც არგენტინაში დღესაც აქტუალურია. იქაურ სოფლებში სავარგულების პესტიციდებით დამუშავებამ მრავალ ადგილას წყლის მოწამვლა გამოიწვია და უამრავი ბავშვი სხვადასხვა დაავადებითა თუ დეფორმირებული სხეულით იბადება. რომანის ინგლისურენოვან თარგმანს „ცხელებიანი სიზმარი“ ჰქვია, რაც ზუსტად აღწერს დედის მდგომარეობას და წიგნის აგონიურ, დამთრგუნველ, სულის შემხუთველ ატმოსფეროს.

ამ მცირე რომანში შვებლინი ოსტატურად შლის ზღვარს რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის, სინამდვილესა და ილუზიებს ერთმანეთთან მაქსიმალურად აახლოებს და სარეცელზე მყოფი ქალის ჰალუცინაციური პერსპექტივით მოგვითხრობს უსაფრთხო მანძილზე, რომელიც დედა-შვილს ერთმანეთთან აშორებს. მაგრამ საფრთხის შეგრძნება არ ქრება, შემზარავი მაგიურობა და სიკვდილის წარმოუდგენელი სიახლოვე მკითხველს ერთდროულად ზაფრავს და იზიდავს, იმ ციებცხელებიანი სიტყვების ხაფანგში ითრევს, რომლითაც სასოწარკვეთილი დედა საკუთარ თავს, დავიდს და სამყაროს ელაპარაკება. დავიდი კი ამ დროს ყველაზე მტკივნეული და საშიში ამბების გახსენებას აიძულებს. რაც უფრო ცხადდება სიუჟეტი, მით უფრო აშკარა ხდება, რომ უსაფრთხო მანძილი მხოლოდ ილუზიაა და სიკვდილს, რომელიც ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირია, ხელიდან ვერავინ დაუსხლტება.

თანამედროვე სამხრეთამერიკული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელი, არგენტინელი სამანტა შვებლინი, გარდა იმისა, რომ არაერთი ჯილდოს ლაურეატია, საერთაშორისო ბუკერის პრემიის ფინალისტიც გახლდათ და მისი წიგნები 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ამ ესპანურენოვანი მწერლის შემოქმედებას სიურრეალისტური, სიზმრისეული გარემო გამოარჩევს, რისი ნიმუშიც ხსენებული „უსაფრთხო მანძილია“, რომელიც თამარ ლეჟავას მიერაა თარგმნილი.

© არილი

Facebook Comments Box