ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ჯაბა ზარქუასთან – „გამონაგონისგან ამბის დაცლა შეუძლებელია“

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ჯაბა ზარქუა, მწერალი:

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებზეც ადამიანი ან საერთოდ არ ფიქრობს, ან თუ ფიქრობს – ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ღმერთმა დამიფაროს, 35 წლის ასაკში ავტობიოგრაფიის შესავალი მქონდეს მოფიქრებული.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გასაცემად საჭიროა, რეალობის დეფინიციაზე შევთანხმდეთ. რა არის რეალობა? გადმოცემული რეალობა თითქმის ყოველთვის ინტერპრეტაციის საგანია და არა რაღაც ურყევი, მონოლითური მოცემულობა. ნებისმიერი ამბავი, რაოდენ მშრალადაც არ უნდა გადმოსცეს ის ავტორმა, აპრიორი გამონაგონია. გამონაგონისგან ამბის დაცლა შეუძლებელია.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

არაეთიკური მუშაობა მედიცინაში, რამაც ექიმის რეპუტაცია გაანადგურა. არ ვიცი, რამდენი დრო უნდა დაგვჭირდეს მის აღსადგენად. გაუნათლებლობაც, ასევე. გაუნათლებლობა და არაეთიკური მუშაობა, ძირითადად, წყვილად გვხვდება და მომაკვდინებელი კომბინაციაა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

რახან პირველი ალექსი კარამაზოვი გამახსენდა ამ კითხვის წაკითხვისას, ესე იგი, ის არის, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენჯერაც არ უნდა დამისვან ეს კითხვა, ყოველთვის სხვადასხვანაირი პასუხი გავცე. ცხოვრების ამ ეტაპზე ალექსი მაფიქრდება პირველად რატომღაც.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

„ჯადოსნური მთა“ და „ულისე“. რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ მივატოვე. ინტუიცია მაქვს ძალიან კარგად განვითარებული და მალევე ვხვდებოდი, რომ ჯერ არ მოსულა ამის დრო. ზუსტად ვიცი, რომ სიგიჟემდე შემიყვარდება ორივე და როცა ამხელა წინასწარგანწყობა გაქვს რამის მიმართ, ჯობია, ცოტა აცადო ემოციებს დაცხრობა და მერე მიხედო. „უთვისებო კაციც“ ზემოდან, თუმცა ამაზე არ მაქვს მსგავსი წინასწარგანწყობა, უბრალოდ, არ წამიკითხავს. „მადამ ბოვარიც“, ამაზე გულიც არასდროს დამწყვეტია, დიდად არასდროს დავუინტერესებივარ. წაუკითხავი წიგნების რიცხვი ყოველთვის გადაწონის წაკითხულებისას. ადრე ეს მწყინდა, იმიტომ, რომ კითხვა სპორტი იყო ჩემთვის. მერე გავიზარდე და მსგავს რამეებზე გული დიდად აღარ მწყდება.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ალბათ, უფრო სტალინი, იმიტომ, რომ მისი დათესილია ის ბოროტების მარცვალი, რომლის ნაყოფსაც დღემდე ვიმკით და ვერანაირი ინდუსტრიული განვითარება ამას ვერასდროს გადაწონის.

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ლუი ბუნუელის თითქმის ყველა ფილმი მომწონდა სტუდენტობისას. ეგ ეპოქა მიზიდავდა, მისი ირონია აღმაფრთოვანებდა.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

მხატვრობაში დიდად ვერ ვერკვევი, თუმცა ედვარდ ჰოპერის ესთეტიკა ჩემს გემოვნებას სრულიად აკმაყოფილებს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ

თანაბრად განვითარებული ირაციონალური და რაციონალური აზროვნების უნარი. აბსოლუტურად თანაბრად. თანაბარი წარმატებით შემიძლია, მოვუშვა ცნობიერების ნაკადის ონკანი და გაუთავებლად ვიბოდო და ამავდროულად ძალიან სოლიდური მოხსენება წავიკითხო ატროფიულ მეტაპლაზიურ გასტრიტზე, მაგალითად.

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

ზოგადად, აკვიატება ბევრი რამის ვიცი, თუმცა აკვიატების საგანი იცვლება ხოლმე. ცრურწმენები არ მაქვს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

იშვიათად. როცა სიკვდილზე მეფიქრება, მაშინაც დომინანტი ფიქრი სიცოცხლისაა – თვალწინ წარმომიდგება არა ის, თუ როგორ მხრავენ მატლები მიწაში, არამედ ის, თუ რამდენი რამე მაქვს მოსასწრები სიცოცხლეში.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

მედიცინა, ულაპარაკოდ.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

2008 წელს საქართველოს გავაწევრიანებდი ნატოში სასწრაფო წესით.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე, ცალსახად.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

ბეკეტის „მოლოი“. რაღაც მგონია, რომ საოცარი სიამოვნება იქნებოდა ამ წიგნის აწყობა და დასრულება.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ნებისმიერი იდიოტის, ოღონდ ზოგჯერ, როცა დეპრესიაში ვარ. ცხოვრება ბევრად ლმობიერია იდიოტების მიმართ, ვიდრე ჭკვიანების.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

რამდენიმე გოგო, არაფერი ისეთი. დიდი შეცდომები ჯერ წინაა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

არ ვწყალობ პოეზიას, თუმცა იქნებიან, არაა გამორიცხული.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

ბეჯითი.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

საყვარელისა რა გითხრათ და ამოჩემებული მაქვს სიტყვა – ეგზისტენცია, ეგზისტენციალური. 

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

2023 წლის კვალობაზე საკმაოდ პათეტიკური კითხვაა, თავს შევიკავებ პასუხისგან.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

არ მიყვარს ფრაზების დამახსოვრება, არ მიყვარს ციტირებები. ვემიჯნები 21-ე საუკუნის ქოუჩ-ენას.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

არ მაქვს.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

არ მიყვარს პოეზია და არ იქნება ჩემი აზრი ვალიდური ამ თემის შესახებ.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად, რუსულად, ინგლისურად და გერმანულად (ამ უკანასკნელზე იშვიათად).

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

დოსტოევსკის სევდიანი და შერეკილი ბოზები. 

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ბეკეტთან და კაფკასთან. მოვაღებდი პირს და არ გავჩერდებოდი, მივუშვებდი ცნობიერების ნაკადს. მგონია, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დიალოგი, რაც კი ოდესმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებდი დიალოგით, რაზეც ჭკუა მეკეტება.

თქვენი ყველაზე დიდი შიში

უკვალოდ გაქრობის, თითქოს ჩემს არსებობას აზრიც არ ჰქონია.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

მომავალში, ცალსახად. 

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

შემიძლია ვუპასუხო, მაგრამ სპეკულაცია იქნება ჩემი პასუხი – მკიდია დასაწყისები და დასასრულები ასე ცალკე აღებულად. გაუმარჯოს მთლიანობას.

რომელია საუკეთესო დასასრული?

იხ. ზემოთ.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ალბათ, უფრო ენა, სტრუქტურა. ყველაფერს დავთმობ ლამაზი სტრუქტურის სანაცვლოდ.

პროცესი თუ შედეგი?

მედიცინაში – შედეგი. ლიტერატურაში – პროცესი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?

ჩქარა ან არასდროს.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ჯაბა, ვინ ხარ? პასუხს ვერ გავცემდი.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ხოჭოდ ქცეული ადამიანის ვნებათა ღელვა, ცხადია.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

მხოლოდ დადებითის. გაუმარჯოს ლიტერატურულ კრიტიკას. დრო არ მაქვს, თორემ, მგონია, მეც გამომივიდოდა ეს საქმე. ლიტერატურული ნაწარმოების დაშლა, დაქუცმაცება და მერე ისევ შეერთება ერთად ძალიან მიმზიდველი საქმიანობაა, რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს აერთიანებს და ეს მომწონს სწორედ მასში.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ვერ ვიხსენებ.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

რამზან კადიროვის ძმაკაცების სუფრაზე მოლხენა.

თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?

რაღაცნაირი სტერეოტიპულად მუსლიმანური სამოთხის პაროდია წარმომიდგა, ოღონდ ჩემს ვერსიაში შიშველი ქალიშვილები და რძის აბაზანები არ იქნება, უბრალოდ, მაღალი, ლამაზი და ჭკვიანი გოგოები იცეკვებენ დაუღლელად რამე ინდუსტრიული ტექნოს დაუსრულებელ სეტზე, მინიმალისტურ შავებში გამოწყობილები.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

კარამაზოვებს, ალბათ.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ

რა მინდა მე. ოღონდ აქამდე ისაა გასარკვევი – ვინ ვარ მე. ჰო, რთული კითხვებია, არ ვარ დარწმუნებული, რომ ერთი საშუალო სტატისტიკური ცხოვრება მეყოფა ამისთვის.

წინა რესპონდენტის, მარი ბექაურის შეკითხვა: როგორ ხარ? (სინამდვილეში)

დაბნეული. ოღონდ ეს მოცემულობაა, განა ვწუხვარ ამაზე. რაც მეტ პასუხს ვაგროვებ, ასმაგად მეტი კითხვა მიჩნდება და ეს მაბნევს, ზოგჯერ მაცოფებს.

რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?

როგორ იქმნება შენი სურვილები, გიფიქრია?

© არილი

Facebook Comments Box