რეცენზია

იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“ – სამყაროს კოსმოკომიკური ავტობიოგრაფია

ავტორი: თაკო წულაია

იტალო კალვინო, “კოსმოკომიკური ამბები”, “სულაკაურის გამომცემლობა”, მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

იტალო კალვინოს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს. წლების წინ არილში მისი ესეები გამოქვეყნდა, შემდეგ ითარგმნა და გამოიცა „ჩვენი წინაპრების“ ციკლის რომანები, „უხილავი ქალაქები“ და „თუ ზამთრის ღამით მოგზაური“. ამჯერად მკითხველს საშუალება ექნება, ხათუნა ცხადაძის თარგმნილი „კოსმოკომიკური ამბებიც“ წაიკითხოს – მოთხრობების კრებული, რომელიც „სულაკაურის გამომცემლობამ“ ცოტა ხნის წინ გამოსცა.

კოსმოლოგიის, ფიზიკის, გენეტიკის, მათემატიკისა და ფილოსოფიის წიგნებში ამოკითხული ფრაზები შთაგონების წყაროდ იქცა, თუმცა მოთხრობები თავისთავად დაიბადა, თავიანთი შინაგანი დინამიკით და შეიკრა კრებულად, რომელსაც „კოსმოკომიკური ამბები“ ჰქვია. წიგნის მთავარი პერსონაჟი ქფვფქ, როგორც ავტორი, იტალო კალვინო წერს, „პერსონაჟიც კი არ არის, ის უფრო ხმაა, თვალსაზრისი, მზერა ან ადამიანური შეგრძნება“. ტექსტებსაც, რომლებსაც კრებულში წავიკითხავთ, ყველაზე ზუსტად თავად კალვინო ახასიათებს – განმარტავს, რატომ არ არის ისინი ტიპური ფანტასტიკა –  „ვცდილობ, ყოველდღიურობა ჩვენი გამოცდილებისგან მაქსიმალურად დაშორებული ტერმინებით გამოვხატო; ფანტასტიკა კი, ჩემი აზრით, ცდილობს, იმასთან დაგვაახლოოს, რაც შორი, და მაშასადამე, ძნელი წარმოსადგენია“. როცა ყოველდღიურობაზე წერა უშორეს წარსულზე წერას ნიშნავს, კომიკურს მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭება – უნდა იყოს „ფილტრი“, რომელიც დიდისა და მეტისმეტად მნიშვნელოვნისთვის თვალის გასწორებაში დაგვეხმარება, სივრცითი და დროითი მანძილების გადალახვას გაგვიადვილებს.

მე თუ მკითხავთ, სულ ესაა, რაც ამ ამბების წაკითხვამდე უნდა ვიცოდეთ. სხვა ყველაფერი, პირველ ყოვლისა კი, ნებისმიერი თეორია სამყაროს წარმოშობისა თუ ცოცხალი ორგანიზმების განვითარებაზე უნდა დავივიწყოთ – იტალო კალვინოს ყველაზე აბსურდულ, დაუჯერებელ და, ამავე დროს, ჩვეულებრივ და გასაგებ სამყაროში ისე უნდა შევაბიჯოთ, რომ ქფვფქს სანდოობაში ეჭვი არ შეგვეპაროს; არც იმან უნდა გაგვაოცოს, თუ დინოზავრი ველებიდან და ხეობებიდან პირდაპირ მატარებლების სადგურზე აღმოჩნდება და ხალხს შეერევა ან მთვარეზე უცნაური რძის მოსაპოვებლად ექსპედიციებში ჩავერთვებით. რადგან ყველა ეს ამბავი, მიუხედავად მათი თემატიკისა, წარსულის უცნაური ინტერპრეტირებისა თუ კომიკურობისა, საბოლოოდ, მაინც ჩვენი ამბავია – მოკამათე წყვილების, მარადიული შეყვარებულების, გულისგამაწვრილებელი მეზობლების, შვილებისა და მშობლების, სურვილებისა და უსურვილობის, წასვლისა და დარჩენის… ყველაფერზე მეტად კი ორი ფენომენის (ქფვფქსთან ერთად ტექსტის ორი მთავარი გმირის) – დროისა და სივრცის, მათი მნიშვნელობისა თუ უმნიშვნელობის ამბავი, რომელიც სხვადასხვანაირად ვითარდება ყოველ მოთხრობაში.

ქფვფქ და სხვები

ქფვფქსა და სამყაროს შორის მკვეთრი ტოლობის ნიშანია, სამყაროს ისტორია, სინამდვილეში, პერსონაჟის ისტორიაა და პირიქით. მთავარი გმირის მიერ მოყოლილი ამბები სამყაროს ავტობიოგრაფიაა, რომელსაც თითქოს თავად სამყარო მოგვითხრობს ამ პერსონაჟის პირით. ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ იგი „პეიზაჟს“ ზურგს შეაქცევს, ეს პეიზაჟი აუცილებლად გაქრება. პოლ ვალერის სიტყვებიც ამ ურთიერთმიმართებას გამოხატავს – „კაცის ტვინი ის ადგილია, რომელსაც გამუდმებით ჩხვლეტს და ჩქმეტს სამყარო, რათა დარწმუნდეს თავისსავე არსებობაში. კაცი აზროვნებს, მაშასადამე, მე ვარსებობ – ამბობს სამყარო“. ეს კი, ალბათ, არცერთ პერსონაჟზე საუბრისას არ იქნება ისეთი მართებული, როგორიც აქ არის – იტალო კალვინოს „კოსმოკომიკურ ამბებში“. აქ მთავარი გმირი ერთდროულად სამყაროს აღმქმელიც არის და მისი შემოქმედიც – მართალია, ძირითადად, არ ვიცით ხოლმე, ვისია ხმა, რომელიც ტექსტში ისმის, რა არსებაა ჩვენ წინაშე (თანაც, თითქმის ყველა მოთხრობაში იცვლება ამ არსების რაობა, ასაკი, თავგადასავალი. მხოლოდ სახელია უცვლელი) და როგორ შეგვიძლია, ვიფიქროთ და მოვყვეთ ამ არსებაზე (თუკი საერთოდ შესაძლებელია, არსება ვუწოდოთ!), მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ ის არის გადამწყვეტი დანარჩენი სამყაროს არსებობისთვის. ფიქრის გენეზისი, სამყარო, როგორც ნიშნების ერთობლიობა ან უბრალოდ ნიშნებისა და ამ ნიშნების წაშლის ან სხვა ნიშნებით გადაფარვის მცდელობების ერთიანობა, წამი, რომელშიც არარადან „რაღაც“ იწყებს გამოყოფას – ყველაფერი მას უკავშირდება. გარდა ამისა, იგია თვითმხილველი ყველაფრის – სამყაროს შექმნის, ფერების გაჩენის, ცოცხალი არსებების ჩამოყალიბების, სივრცეების წარმოქმნის.

რადგან წიგნში უამრავი ამბავია, გადავწყვიტე, მათგან ამერჩია ისინი, რომლებიც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის და, საინტერესოსთან ერთად, ნიშანდობლივიც, რადგან მათში ჩანს ის მოტივები, რომლებიც დანარჩენ ტექსტებშიც მეორდება.

სინათლის წლები – მოთვალთვალე გალაქტიკები

წარმოიდგინეთ, რომ მილიონით წლის წინ რაღაც ისეთი ჩაიდინეთ, რისი გახსენებაც თავს უხერხულად გაგრძნობინებთ და რის დამალვასაც ცდილობთ; ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ეს რაღაც ურიცხვი გალაქტიკიდან შენიშნეს და აი, სამარცხვინო ამბიდან ორასი მილიონი წლის შემდეგ, ტელესკოპით ცის თვალიერებისას, მოულოდნელად თვალი მოჰკარით აბრას ერთ-ერთ გალაქტიკაზე, წარწერით – „დაგინახე!“.

იოლი წარმოსადგენი არაა, თუმცა იტალო კალვინოს მოთხრობის სიუჟეტი სწორედ ასეთია. მის მიერ აღწერილ რეალობაში დაკარგულია ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ – მარტოობის შესაძლებლობა.

იმ სამყაროს კონტურები, რომელშიც მთხრობელი ცხოვრობს, პანოპტიკუმის არქიტექტურას ემთხვევა. როგორც პანოპტიკუმში, აქაც აბსოლუტურია ხილვადობა – აუცილებლად დაგყვება ვიღაცის მზერა, დაკვირვების ობიექტად ყოფნა კი შენი, როგორც ობიექტის და შენი ცხოვრების კარდინალურ ცვლილებებს იწვევს. გაიძულებს, რომ ორი ფიქრით იფიქრო შენს ყოველ ქმედებასა და ნაბიჯზე – საკუთარი და პოტენციური მაყურებლების ფიქრით. იმ მაყურებლის, რომელიც ნელ-ნელა ზედამხედველად იქცევა და მიუხედავად სიშორისა, ახერხებს, რომ თავისი მყოფობა გამუდმებით შეგახსენოს. გარდა ამისა, როგორც პანოპტიკუმის მუშაობის მთავარი პრინციპია მუდმივობა, ასევე კალვინოსთანაც – ყოველი წამი, ყოველი უმნიშვნელო ეპიზოდი გმირის ცხოვრებისა ნანახია და დამახსოვრებული. მზერას ვერასოდეს ემალები, რადგან ერთდროულად უამრავი თვალი გიყურებს და თუ ერთი შეწყვეტს შენს თვალთვალს ან ისე დაგშორდება, რომ ვეღარ შეგნიშნავს, აუცილებლად მოიძებნება ამ მზერის შემცვლელი სხვა მზერა. თუმცა, ის, რაც კალვინოს მოდელს განასხვავებს, არის ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობა – აქ „ზედამხედველები“ გაფასებენ და გახასიათებენ თავიანთი „აბრებით“, შენს ცხოვრებაზე საკუთარ აზრს გიზიარებენ (სხვადასხვა გალაქტიკაზე სხვადასხვა წარწერა ჩნდება ხოლმე მისი ცხოვრების შესაბამისად, თუმცა მეტისმეტად გვიან, ასობით სინათლის წელიწადის შემდეგ, რადგან დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება ხოლმე სინათლის მის პლანეტამდე მიღწევას).

არაფერი და ცოტა – არარას მშვენიერება

 „იდეა, არსება, ყველაფერი, რაც კი განსხეულდება, კარგავს თავის სახეს, გროტესკად იქცევა. განხორციელების ფრუსტრაცია. არასოდეს გამოძვრე შესაძლებლიდან, ინებივრო მარადიულ გადაუწყვეტლობაში, დაგავიწყდეს, დაიბადო“.

ეს სიტყვები ემილ ჩორანს ეკუთვნის და მგონია, რომ იდეალური ეპიგრაფი იქნებოდა კალვინოს გამორჩეული მოთხრობისთვის „არაფერი და ცოტა“.

როგორც ტექსტების უმრავლესობას, მასაც წინ უძღვის რომელიღაც მეცნიერულ წიგნში ამოკითხული ფრაზა, რომლის თანახმადაც „სამყარო პირდაპირი მნიშვნელობით არაფრისგან წარმოიშვა“, თანაც დროის წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში.

კრებულში შემავალი ამბების დიდ ნაწილში ჩანს „ქალის“ ბუნდოვანი სილუეტი. მისი სახელი ყოველთვის იცვლება, ხშირად ის ქალიც არ არის, გაურკვეველი არსებაა ან სივრცის რაღაც ნაწილი, მაგრამ ჩემთვის ის ერთი და იმავე პერსონაჟის მოდიფიკაციაა მხოლოდ. არსით უცვლელი არსება, რომელიც ყოველთვის მიუწვდომელი რჩება ქფვფქსთვის, სამწუხარო გარემოებათა თუ შემთხვევითობათა გამო. ამ ქალის, მისი სიყვარულის ობიექტის, უცნაური და ბუნდოვანი პორტრეტი ჩანს ზემოხსენებულ ტექსტშიც, თუმცა პორტრეტიც და ქალიც მეტისმეტად არაზუსტი სიტყვებია იმ მდედრობითი ენერგიის აღსანიშნად, რომელიც განსაკუთრებულ აპათიურობას, სამყაროსადმი გაუცხოებას ავლენს მოთხრობაში. მისი სახელია ნუგკტა (წიგნში ყველა პერსონაჟს ისეთი სახელი ჰქვია, წაკითხვისთანავე უნდა დაგავიწყდეს) და იგი გულგრილად უყურებს ქფვფქს ძალისხმევას, როგორმე შეაყვაროს/მოაწონოს თავი, რადგან ის ერთადერთ რამეს ეთაყვანება – არარას. მხოლოდ არარა შეიძლება იყოს სრულყოფილი („ყველაფერი, რაც არსებობდა, იმთავითვე ნაკლს შეიცავდა: ყოფნა მისთვის არარას მდაბიური, გადაგვარებული ფორმა იყო“), რადგან როგორც კი არსებობა იწყება, თავს იჩენს უამრავი ხარვეზი, უზუსტობა, ნაკლი. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, არსებობისკენ მიმავალ გზაზე შეჩერება შეუძლებელია და არარას სივრცეებს სწრაფად ითვისებს საგნები, ფიქრები, ენერგიები… ნუგტკას მოხიბვლის მცდელობებისას, თავად ქფვფქც აღმოაჩენს არარას თვალისმომჭრელ მშვენიერებას. „არყოფნის დიადი სამეფო“ ხდება მისი სამშობლო, სიცარიელე კი – ნამდვილი და ერთადერთი სახლი. მაგრამ არც ეს დასკვნაა საბოლოო, რადგან, რეალურად, თავად არარა ვერ უძლებს კრიზისს და დასაბამს აძლევს სამყაროს, იგი თვითონვე ვერ უმკლავდება „რაღაცად ყოფნის“ ცდუნებას და მისგან იბადება ის, რაც იბადება. ოღონდ რაც უნდა დაიბადოს, აუცილებლად ცოტა და შემთხვევითი.

სამყაროს მეხსიერება – რეალობა და უფრო მეტად რეალობა

სამყაროს მეხსიერება მიულერისადმი მიწერილი წერილია. მიულერი უნდა დანიშნონ იმ ორგანიზაციის დირექტორად, რომლის მისიაა, შეადგინოს ყველაზე დიდი საინფორმაციო ბაზა, რომელშიც შეინახება ყველაფერი ყველასა და ყველაფერზე. საყოველთაო ინვენტარიზაცია მოიცავს ყველაფერს, რაც არსებობს და რასაც უარსებია და ამ გზით იქმნება ადამიანის სახეობის ცენტრალიზებული მეხსიერება.

წერილს წერს დირექტორი, რომლის თანამდებობაც უნდა დაიკავონ და ყველაფერი რიგზეა, ერთი შეხედვით, სანამ არ გამჟღავნდება, რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდება და სახეობის ისტორიის შენახვა და გადარჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მაგრამ როგორ არჩევენ ინფორმაციას, რომელიც უნდა შეინახონ? სწორედ ესაა მოთხრობის ყველაზე საინტერესო ნაწილი:

დირექტორი ინფორმაციის ობიექტური შემნახველი არაა. მისი აზრით, მშრალი ფაქტებისა და სინამდვილის შეგროვებას სინამდვილის გაყალბება და გაუფასურება შეუძლია. როგორც ის ამბობს, ჩვენი ცნობიერების შენგრევის უნარი მხოლოდ გაურკვეველ, ბუნდოვან ამბებს აქვს და არა ცხად, მშრალ და დაზუსტებულ ინფორმაციას. ამიტომაც ბაზას უნდა დაემატოს ის, რაც სუბიექტურია, საეჭვოა. მეტიც – უნდა დაემატოს ტყუილიც.

აქედან გამომდინარე, სინამდვილეში, მხოლოდ ტყუილია ნამდვილი ინფორმაცია. მხოლოდ ტყუილსა და გამონაგონს შეუძლია, შეგვიქმნას წარმოდგენა რეალობაზე. ის უფრო რეალურია, ვიდრე თავად რეალობა.

დირექტორი თავის ძალაუფლებას ჭკვიანურად იყენებს – საკუთარ ცხოვრებას ისე აღწერს, როგორც თვითონ სურს და ეს აღწერილობა ანაცვლებს მის რეალურ ცხოვრებას. რადგან როცა ადამიანები კვდებიან, სიცოცხლეს იწყებენ ჩანაწერები ამ ადამიანების შესახებ. ასე ანაცვლებს რეალობას წარმოდგენა რეალობის შესახებ. ასე აქრობს ისტორიიდან კაცი ცოლის ყველა საყვარელს და ქმნის წყვილს, რომელსაც, სინამდვილეში, არასოდეს უარსებია.

და, რაც მთავარია, ასე იქმნება სამყაროს მეხსიერება – შელამაზებული, გადაკეთებული ისტორიებით, რომლებიც ყოველ ჯერზე ახერხებს სიმართლის დამარცხებას.

გრაფი მონტე-კრისტო – ორი ციხესიმაგრე

კოსმოსურ ამბებთან ერთად კრებულში კარგად ნაცნობი პერსონაჟიც აღმოვაჩინე – გრაფი მონტე-კრისტო.

საკანში გამომწყვდეული დანტესი ინტერესით ადევნებს თვალს ფარიას ჯიუტ ცდებს, გააღწიოს როგორმე ციხესიმაგრიდან. ფარიას იარაღი წერაქვია და გაუთავებლად თხრის, დანტესის იარაღი კი მისი წარმოსახვაა.

იგი ცდილობს, გონებით ააშენოს იდეალური ციხესიმაგრე, რომლიდანაც გაღწევა შეუძლებელია. თუ ეს ციხე ისეთი აღმოჩნდება, როგორიც ნამდვილია – ესე იგი, გაქცევის ცდას აზრი არა აქვს და ეს ცოდნა იქნება შვებისმომგვრელი. ხოლო თუ წარმოსახვითი ციხესიმაგრე, რომლიდანაც გაქცევა შეუძლებელია და ციხესიმაგრე, რომელშიც გამოკეტილები არიან, ერთმანეთს არ დაემთხვევა, გამოვა, რომ რეალურიდან გაქცევის მცირე შესაძლებლობა მაინც არსებობს. ამის შემდეგ დანტესმა უნდა მოძებნოს წერტილი, რომელშიც წარმოდგენილი ციხესიმაგრე ნამდვილს არ დაემთხვევა და სწორედ ამ წერტილიდან მოახერხებს იგი გაქცევას.

ასე ქმნის კალვინო ამბავს, რომელიც რეალობის წარმოსახვითის გავლით შეცნობის შესახებ მოგვითხრობს, რაც ჰგავს „სამყაროს მეხსიერებაში“ მოყოლილ ისტორიას – რეალობის გასაგებად, შესაძლოა, გამონაგონი და ტყუილი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე თავად რეალობა.

ყველა სხვა მოთხრობის განხილვის ნაცვლად

საკუთარი იდენტობის სადმე აღბეჭდვის სურვილი, სანაძლეოები უშორესი მომავლის წინასწარმეტყველების შესახებ, ევრიდიკეს ამბის განსხვავებული ვერსია, ქაოსური და მოწესრიგებული სამყაროების სინთეზი, დედამიწის შიგნით გამომწყვდეული ნამდვილი დედამიწელები, მიგრაცია გალაქტიკიდან გალაქტიკაში, პარალელები, რომლებიც ვერასოდეს უერთდებიან ერთმანეთს, ფერების დაბადება და სხვ. –  ამ თემებითა და ისტორიებით კალვინოს თითოეული მოთხრობა უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს სამყაროს ისტორიის ახლებურად წასაკითხად.

ყველა ამ „წაკითხვას“ აერთიანებს რამდენიმე რამ: უპირველეს ყოვლისა, ქფვფქ – მემატიანე, პირველი არსება ან ყოფიერების პირველი ნიშანი. შემდეგ – დროისა და სივრცის პირობითობა: მილიონით წლის რამდენიმე წამად ქცევა, სივრცეების ცვალებადობა და ისეთი ხანგრძლივი სიცოცხლეები, რომლებიც თითქმის მარადიულობას უტოლდება. ჩორანის სიტყვებით, დრო მარადიულობის ნაკლოვანებაა. კალვინოსთვის კი ეს ნაკლი სრულიად უმნიშვნელოა, რაც იმის დამსახურება უნდა იყოს, რომ ფორმების ცვალებადობის მიუხედავად, მზეზე, მთვარეზე, დედამიწაზე თუ სიცარიელეში, რომელიც იყო მანამ, სანამ რამე იქნებოდა, ყოველთვის და ყველგან, არის რაღაც, რაც არ იცვლება და რასაც ქფვფქ ახმოვანებს. ხოლო რა არის ეს რაღაც, მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. თან არა ერთხელ, არამედ ყოველ ჯერზე, როცა კალვინოს კოსმოკომიკურ ამბებზე დაფიქრდება.

© არილი

Facebook Comments Box