Uncategorized,  რეცენზია

პერსეპოლისი და მარჯან სატრაპი – ირანელი გოგონა იდენტობის ძიებაში

მაჰსა ამინის სიკვდილს ირანში დიდი პროტესტის ტალღა მოყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჰიჯაბები დაწვეს და თავისუფლებითა და გამბედაობით სამართლიანად გაგვახსენეს ცნობილი ირანელი მწერალი, მარჯან სატრაპი, რომელსაც მკითხველი გრაფიკული რომანით იცნობს.

მარჯან სატრაპის „პერსეპოლისი“ იუმორით, სევდითა და გულწრფელობით გვიჩვენებს ირანელი გოგონას ცხოვრებას და მისი ყოველდღიურობით ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდსაც ასახავს. მეამბოხე მარჯანისა და მისი ოჯახის წევრების ბედზე განსაკუთრებით მძაფრად ზემოქმედებს პოლიტიკური თუ სოციალური არასტაბილურობა და ნელ-ნელა იხატება ტრაგიკული სურათი, რომელსაც ნათელი ფერებით მხოლოდ მთავარი გმირის ბრძოლისუნარიანობა და მისი სწორად მოაზროვნე ოჯახი ავსებს.

გრაფიკული რომანი მარჯანის ბავშვობიდან იწყება და მკითხველიც გულუბრყვილო, მაგრამ ცნობისმოყვარე ბავშვის თვალით უყურებს ირანს, სადაც სიმართლისა და სამართლიანობის ფარდობითობა იჩენს თავს, ხოლო უთანასწორობა იმდენად ხშირი და ჩვეული მოვლენაა, რომ ნელ-ნელა ადამიანებისთვის თითქმის შეუმჩნეველი ხდება. „სიმართლე“, რომელზეც სკოლაში ლაპარაკობენ, პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად დეფორმირდება, თავისუფლება კი სრულიად გაუგებარი ცნებაა, რომლის სწავლაც მარჯანს დამოუკიდებლად უწევს. ბავშვობა აღმოჩენების პერიოდია და ამ პერიოდში ძალიან ცოტა მშვენიერი რამის აღმოჩენის საშუალება თუ აქვს ირანელ გოგონას, მაგრამ, საბედნიეროდ, ჰყავს „საკუთარი ღმერთი“, რომელსაც ესაუბრება (მანამ, სანამ ურთიერთობა გაუფუჭდებათ) და მოსიყვარულე ოჯახი, რომელიც ყველაზე რთულ დროსაც კი აგრძელებს მის მხარდაჭერას. მკითხველს განსაკუთრებით მარჯანის ბავშვური, ნაივური თხრობა ხიბლავს, ალბათ, მხოლოდ ეს თუ ამსუბუქებს იმ საშინელებას, რაზეც მოგვითხრობს ან იქნებ სწორედ ასეთი უცოდველი ადამიანის ენით მოყოლილი საშინელება ავლენს სრულყოფილად საკუთარ თავს.

სოციალური წინააღმდეგობების გარდა, მთავარ გმირს ის პრობლემებიც აწუხებს, რომლებიც, ალბათ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები გოგოსთვისაა ნაცნობი, ხოლო მისი ევროპაში გამგზავრების ეპიზოდების თანმხლები ემოციები სრულიად გასაგებია ყველასთვის, ვისაც საზღვრებს გარეთ მიუღია განათლება ან უცხოვრია. თუმცა პრობლემას ისიც ქმნის, რასაც მწერალი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი „ერთადერთი ამბის საფრთხეს“ უწოდებს. ირანელებს უცხოელები სტერეოტიპულად აღიქვამენ და ამ სტერეოტიპების მავნე ზეგავლენას მარჯანი ლამის ყოველ ნაბიჯზე ეჩეხება.

საბოლოო ჯამში, ამ საინტერესო გოგონასა და მისი ქვეყნის განვითარების ხასიათი ერთმანეთს ჰგავს – ორივე იდენტობის ძიებაშია და უამრავი წინააღმდეგობისა და სირთულის გადატანა უწევს, მაგრამ სამწუხარო და მთავარი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ირანი, მარჯანისგან განსხვავებით, თავს ვერ აღწევს ამ პროცესს და ტექსტის ბოლოს მხოლოდ მარჯანის სასიკეთო ცვლილებებს ვხედავთ.

ემა უოტსონმა მარჯან სატრაპთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მარჯანმა კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი ბავშვობა: „დედაჩემი ძალიან უყვარდა მამასაც და ოჯახსაც. მაგრამ როცა ირგვლივ მიმოიხედავ, დაინახავ საზოგადოებას, რომელიც არ ფიქრობს, რომ ქალები და მამაკაცები თანასწორები არიან. ისინი ამბობენ, რომ ქალი მხოლოდ ბავშვების გასაჩენად ან სექსუალური ურთიერთობებისთვის უნდა გამოიყენო. ქალები, სინამდვილეში, მათი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარს ან კიდევ უფრო ცოტას იყენებენ, თავიანთი ნიჭის, გონიერების, შრომისუნარიანობის ნახევარს ან უფრო ნაკლებს… დედაჩემს, რომელიც 60-70-იანი წლების ქალი იყო, არ უნდოდა, რომ მეც ეს იდეები მესწავლა. იმ აზრით აღვიზარდე, რომ ადამიანი ვარ. არასოდეს მეუბნებოდნენ, „შენ ხარ გოგო“ ან „შენ ხარ ბიჭი“. ისინი ამბობდნენ: „ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რისი გაკეთებაც, ზოგადად, ადამიანებისთვის არის შესაძლებელი“. ჩემი მშობლებისთვის ისიც ცხადი იყო, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთო, განათლების მიღებაა“.

ინტერვიუში მარჯანი იმ თემასაც შეეხო, რომ ჩვენ ყველაფერში კაცებს ვადანაშაულებთ და გვავიწყდება ქალების როლი, პატრიარქალურ კულტურაში ხომ სწორედ ქალები ზრდიან ბავშვებს. როგორც მარჯანი ამბობს, პატრიარქატის მომხრე ქალები და ფემინისტი კაცები უნახავს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პრობლემა არა სქესი, არამედ ინტელექტია.

„ჩვენ მსხვერპლი არ ვართ. ჩვენ ადამიანები ვართ. გვაქვს საკუთარი გონება. არავის შეუძლია, ხელი შეგვიშალოს, ვიყოთ ლამაზები, ჭკვიანები და გულისხმიერები“. „ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, თავისუფლება შეგიზღუდოს, შენი თავია“ – დასძენს ის.

მარჯან სატრაპმა ირანში ცხოვრების პერიოდი საუბრისას ასე გაიხსენა: „მე დიქტატურაში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი აკრძალული იყო. იყო ჩემი გონება ნაკლებად თავისუფალი? არა, არ ყოფილა. გავხდი სულელი? არა. იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აღმიქვამენ მე, ჩემს გონებაში შეღწევა მაინც არ შეუძლიათ. ის მხოლოდ მე მეკუთვნის“.

ინტერვიუ მიმტევებლობის თემასაც შეეხო:

„მიტევება კარგი რამაა, რადგან არ შეიძლება, მთელი ცხოვრება გაბრაზებულმა გაატარო, ასე შენც მათ დაემსგავსები, ვინც გძულს. სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სწორედ ეს ხდება. ჩვენი პასუხი ძალადობაზე ძალადობაა. თუ იმავე თამაშს წამოვიწყებთ, რომელსაც ის ადამიანები, რომლებსაც ვადანაშაულებთ, ძალიან სახიფათო იქნება.

შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს, რომლებმაც არ იცოდნენ. ვაპატიო ამ არცოდნის გამო. მაგრამ ვიღაც, ვინც იცოდა, რომ რასაც აკეთებდა, ცუდი იყო და მაინც განაგრძობდა ამის კეთებას, ათჯერ უარესია. ვცდილობდი, მეპატიებინა, მაგრამ როცა წერა დავიწყე, გავაცნობიერე, რომ სიძულვილითა და ბრაზით ვიყავი სავსე – ყველას მოკვლა მინდოდა! ყველა უნდა დასჯილიყო.

მერე რამდენიმე გვერდი დავწერე და უცებ მივხვდი, რომ ზუსტად მათნაირი ვიყავი და სწორედ აქ მიაღწიეს წარმატებას – მათნაირად მაქციეს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეცადა, დავმშვიდებულიყავი და გამეანალიზებინა, რა მოხდა. ამ მომენტიდან ხვდები რაღაცას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ამართლებ, მაგრამ უკეთ აანალიზებ. ეს ნაკლებად არის ავტობიოგრაფია, რადგან, ჩვეულებრივ, ავტობიოგრაფია არის წიგნი, რომელსაც წერ იმიტომ, რომ შენი ოჯახი და მეგობრები გძულს და არ იცი, ეს მათ როგორ უნდა უთხრა, ასე რომ, წერ, რათა მათ საკუთარ თავების შესახებ წაკითხვა აიძულო“.

თუ ავტობიოგრაფიის ამ უჩვეულო განმარტებას დავუჯერებთ, “პერსეპოლისი” მართლაც არ არის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რადგან, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელთა გავლაც მარჯანს უწევს, ის მაინც სავსეა ოჯახისა და თავისუფლების სიყვარულით.

© არილი

 

Facebook Comments Box