გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც იქნებიან.
ამჯერად რუბრიკის სტუმარია რამაზ გიგაური, არილის ერთგული მკითხველი.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
ვფიქრობ, რომ ორივე. თუმცა რეალობა ხშირად არ გვაკმაყოფილებს, ამიტომ ვიგონებთ. იგივე, როდესაც საკუთარ წარსულს ვიხსენებთ, მაშინაც კი ბევრ რამეს ვიგონებთ, ანუ რეალობას გამონაგონსაც ვუმატებთ. შემდეგ ეს გამონაგონი იმდენად გვიჯდება ფსიქიკაში, რომ ჩვენ თვითონ ვიჯერებთ, ჩვენივე წარმოსახვას საკუთარ თავს როგორც რეალობას, ისე ვასაღებთ. როდესაც კარგი მწერალი ქმნის სამყაროს, მკითხველი ხშირად ვეღარ არჩევს, სად არის რეალობა და სად – გამონაგონი. სვამი ვივეკანანდა „ჯნანა-იოგაში“ საუბრობს მაიაზე, ილუზიაზე. ღმერთი კრიშნა ნარადას მისი თხოვნით აჩვენებს მაიას. ნარადა რამდენიმე წუთში „გაივლის“ თორმეტწლიან ცხოვრებას და ბოლოს აღმოაჩენს, რომ ის თორმეტი წელი, რაც მან ჯერ ბედნიერებაში გაატარა და ბოლოს უბედურებად ექცა, მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოსახვა ყოფილა, მაია, ილუზია.
თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ
ეს არის ადამიანი. ადამიანის ცხოვრების გზა, მისი აზროვნების პროცესია, ემოცია, სიხარული, ტკივილი, მისი კავშირი ღმერთთან, ბუნებასთან, საკუთარ თავთან. ჩვენი სამყაროს მთავარი პერსონაჟი სწორედ ადამიანია.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში
ერთი ამოსუნთქვით, ალბათ, ათზე მეტი პერსონაჟის ჩამოთვლაც კი შეიძლება, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ალუდა ქეთელაური. ეს არის ადამიანი-ავატარი. ასეთი ადამიანი სამყაროში იბადება გარკვეული მისიით, რომელიც, ასე ვთქვათ, ცვლის დროის მდინარებას. ის არ უშინდება შექმნილ და თითქოს „გაქვავებულ“ რეალობას. პირიქით, სწორედ ამ რეალობის შეცვლის მისიით არის დაბადებული. არც თუ იშვიათად, ადამიანი ფიზიკურად ეწირება ამას, თუმცა ის სამყარო, რომელშიც ავატარი დაიბადა, აუცილებლად იცვლება და განიცდის ტრანსფორმაციას. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ავატარები იყვნენ: მოსე, ილია ჭავჭავაძე, მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი და ა. შ.
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ასეთი ბევრია. მართლა ძალიან შემრცხვება, თუ ყველას ჩამოვთვლი. მაგალითისთვის, არ წამიკითხავს თომას მანის „ჯადოსნური მთა“ და დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“. ამ სამყაროში ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. იმედია, რომ მალე მოვა ის დრო, როდესაც, როგორც ვიტყვი ხოლმე, ჩავუჯდები ამ კლასიკურ ნაწარმოებებს.
თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება
ბავშვობაში იყო ხოლმე საკუთარი თავის რომელიმე პერსონაჟთან შედარება. ახლა წიგნის კითხვას სწავლის ფორმა აქვს. თუ წიგნი მასწავლებელია, მაშინ რას მასწავლის იგი?! წიგნის წაკითხვა გაცნობიერებული ქმედება უნდა იყოს. ასე წიგნთან მისვლით ჩვენ, ასე ვთქვათ, შინაგანი მზადყოფნა გვაქვს, რომ წიგნისგან ვისწავლოთ. ამ ტექსტიდან სინათლის მცირე ფრაგმენტი მივიღოთ. წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ ბაჩანა ბრეგვაძის ნათარგმნ პლატონს. ამ ტექსტმა რამდენი საუკუნე გამოიარა, როგორი ადამიანების სულსა და ფსიქიკაში გაიარა და ახლა შენ გიჭირავს ხელში.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი
რომ დაასახელო შენთვის საუკეთესო სამი, ბევრი ავტორი უნდა გქონდეს წაკითხული და, ამასთანავე, თითოეულის რამდენიმე ტექსტი მაინც. ჩემს შემთხვევაში, ეს ასე არ არის, ამიტომ ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, რადგან ძალიან ცუდი შემფასებელი ვიქნები. ჩემდა სამარცხვინოდ, თანამედროვე ქართულ პროზა-პოეზიას ვერ ვკითხულობ მაინცდამაინც აქტიურად.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
ბევრი ნაწარმოებია ასეთი. მაგალითად, სიამოვნებით დავწერდი „მირდადის წიგნს“. თუმცა ძალიან კარგმა ლიბანელმა მწერალმა, მიხაილ ნაიმმა უკვე დაწერა გასულ საუკუნეში. სხვათა შორის, ნაიმი ცნობილი ლიბანელი მწერლის ჯიბრან ხალილ ჯიბრანის მეგობარი და თანამოაზრე იყო.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
მომიტევეთ, მაგრამ ვერც თანამედროვე საქართველოს საუკეთესო პოეტების ჩამოთვლაში ვივარგებ. ასე რომ, გავიაროთ ეს კითხვაც.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
მყრალი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან ვერ ვიტან.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
ტატა. ჩემი ცოლის სახელი. ამ სიტყვას იმდენად ხშირად ვამბობ, რომ ზოგჯერ საუბარში ჩემს მეგობრებსაც კი ჩემი ცოლის სახელს ვეძახი.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
დროის სიმწირის თუ სხვა მიზეზების გამო თანამედროვე ქართულ პროზას ხშირად ვერ ვკითხულობ. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ აკა მორჩილაძის მხოლოდ „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ და „შენი თავგადასავალი“ მაქვს წაკითხული. შეიძლება, ყველა ვერ გავიხსენო, მაგრამ ჩამოვთვლი, ქართულ პროზაში რა წავიკითხე ბოლო წლებში. ალეკო შუღლაძის „გადამალვა“, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“, გურამ გეგეშიძის „ქართლის ჭირი“ (პირველი ნაწილი), ასევე კოტე ჯანდიერის „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და ბესო ხვედელიძის მოთხრობები მახსენდება. ახლა აღმოვაჩინე, რომ უფრო მეტად ეზოთერულ ტექსტებს და უცხო ენებიდან ნათარგმნ პროზას ვკითხულობ.
თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა
ალბათ, არ არსებობს უინტერესო თემა, თუ ის „თითიდან გამოწოვილი“ არ არის ან მას პოლიტიკურ-რელიგიურ ფანატიზმის სუნი არ უდის. ნებისმიერი თემა შეიძლება საინტერესო გახდეს, თუ მას საინტერესოდ მოვყვებით. მაგალითად, როდესაც ფიზიკოსი გია დვალი ფიზიკაზე ჰყვება, უნდა ვაღიაროთ, ბევრს არ გვესმის ფიზიკა, მაგრამ ისე ჰყვება, რომ საინტერესო გამოდის.
როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?
როდესაც ვკითხულობ კარგ წიგნს, პერსონაჟებში ჩემს ნაცნობ ადამიანებს ვხედავ. თითქოს ესა თუ ის ახლობელი ადამიანი ცოცხლდება ამ პერსონაჟში. მაგალითად, ბოლოს ასეთი წიგნი წავიკითხე ფრიც რიმანის „შიშის ძირითადი ფორმები“. ეს წიგნი არ არის მხატვრული. ფსიქოლოგიური ტექსტია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც საკუთარ თავის და საერთოდ, ადამიანის მცირე დოზით მაინც შეცნობა სურს.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
შენ შეძლებ! ზოგჯერ სხვებს ვეუბნები ხოლმე და ზოგჯერ – საკუთარ თავს.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“.
ეს არის პასუხი ადამიანის კითხვაზე, „არის თუ არა ჩემთან (ჩემში) ღმერთი“. თუ ღმერთს დავავიწყდი, ეს ნიშნავს, რომ მას დაავიწყდა საკუთარი თავი. როგორც ჟილბერ სესბორნი იტყოდა: „ღმერთი გვხედავს არა ზემოდან, არამედ შიგნიდან“.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
ივანე წიკლაურის „რამ დამაბერა“. თუ ვსაუბრობთ ერთ ლექსზე, რომლის ავტორიც ვიცით, მაშინ ჩემთვის ქართულ პოეზიაში ამაზე დიადი ლექსი არ არსებობს. ეს არის ინდური მანტრის მსგავსი ჰიმნი, რომელშიც მთელი ცხოვრების საზრისი დევს.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
სამწუხაროდ, მხოლოდ ქართულად. პროფესიულ ლიტერატურას რუსულად. ინგლისურად მხოლოდ ინდურ ასტროლოგიას, რადგან ტექსტის ნახევარი ტერმინოლოგიაა ხოლმე.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
ახლა არა და მოზარდობაში რამდენიმე ასეთი გმირი მყავდა. ეს იყო ტომას ჯორდახი ირვინ შოუს რომანიდან „მდიდარი, ღარიბი…“ ექიმი რავიკი რემარკის რომანიდან „ტრიუმფალური თაღი“. ჰარი ჰალერი ჰესეს რომანიდან „ტრამალის მგელი“.
ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სისუსტე XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის პირველი მეოთხედი, უფრო გასაბჭოებამდე პერიოდია. ამ პერიოდის ტფილისში ვიცხოვრებდი და სიამოვნებით ვიმუშავებდი გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. ვისაუბრებდი ილიასთან. ალბათ უფრო მოვუსმენდი.
რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?
სიტყვანი ეკლესიასტესი, ძისა დავითისა, იერუსალიმის მეფისა. ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა. ყოველივე ამაოა.
რომელია საუკეთესო დასასრული?
„მუხა კი ისევ იქ დგას, მაგრამ უცებ თავდაყირა შეტრიალდა და გაფრინდა ცის-კე-ე-ე-ე…“ (გურამ გეგეშიძე „ჟამი“). ჩემთვის ეს მოთხრობა არის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა, რომელიც ცხოვრების მანძილზე წამიკითხავს.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ალბათ, ენა. ერთი ანეკდოტი ორმა ადამიანმა შეიძლება განსხვავებულად მოჰყვეს, ერთზე გაგვეცინოს და მეორეზე – არა. ზუსტად ასე, ერთი და იგივე ამბავი შეიძლება ბევრმა მწერალმა აღწეროს, თუმცა ჩემთვის საინტერესო ის არის, რომელიც ადამიანს, მის კათარსისს შიგნიდან, ფსიქოლოგიურ ჭრილში მაჩვენებს.
რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?
შეიყვარე წიგნი, ვითარცა თავი შენი და უფრორეც კი, რამეთუ იგია ანთებული ჩირაღდანი ამა სოფლის უკუნში.
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
თუ შეიძლება, რომ ეს ამბად მივიჩნიოთ, მაშინ ბოლო წლებში ასეთი წავიკითხე აბრაჰამ იბ ეზრას ლექსი „ადამ, სადა ხარ!“ (სულცხონებული ჯემალ აჯიაშვილის თარგმანი). მე მქონდა ეზრას ასტროლოგიური ნაშრომები და წარმოდგენა არ მქონდა მის პოეზიაზე. უცბად ხელში ჩამივარდა „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“. ერთიანად გადმომატრიალა, რასაც ჰქვია. ასეთი ემოცია, რომელიც ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობიდან მოდის, სხვა ტექსტში, უბრალოდ, არ მახსენდება. თუ ცნობილი ებრაელი კაბალისტის სოლომონ (შლომო) ბინ იეჰუდა იბნ გებიროლის სიტყვებით ვიტყვით, ეს არის აცილუტის (უმაღლესი, სრულყოფილი) სივრცე.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
მე უფრო მიყვარს, ასე ვთქვათ, ტექსტი – ტექსტის შესახებ. ამ კუთხით ორი მწერალი მიყვარს ძალიან – ლევან ბერძენიშვილი და რამაზ ჭილაია (რომელიც, სამწუხაროდ, სულ ახლახან გარდაიცვალა და გული ძალიან დამწყდა)
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
საკმაოდ ბევრია. განსაკუთრებით მოზარდობაში წაკითხული არც თუ საინტერესო წიგნები, რომლებიც ფრაგმენტულად ან საერთოდ არ მახსოვს.
ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ
ბოლო წლებში არ მახსენდება ასეთი წიგნი, რადგან დრო ახლა უკვე ფუფუნებაა, ამიტომ არ უნდა წაიკითხო ცუდი წიგნი (თუმცა მგონია, რომ არ არსებობს ცალსახად ცუდი წიგნი, თუ ის მართლა წიგნია და არა მაკულატურა), არ უნდა იურთიერთო ცუდ ადამიანთან და არ უნდა დალიო ცუდი ღვინო.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. საერთოდ, ძალიან მიყვარს აღმოსავლური ტექსტები, რადგან მათ იციან მცირე ფორმაში ჩაატიონ დიდი სათქმელი. თითქოს მთელი სამყაროს წვიმის წვეთში კრისტალიზება ხდება. „პატარა უფლისწული“ – ჩემთვის არის ტექსტი, რომელშიც იგრძნობა იაპონური ძენი, ჩინური დაო და ინდური ვედანტა. ქართულად თუ ვიტყვით, ეს არის ანი და ჰოე.
ახლა რას კითხულობთ?
იულიუს ევოლას „ვეფხვის მორჯულება“. შარშან წავიკითხე მისივე „ომის მეტაფიზიკა“. ალბათ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით. მით უმეტეს, რომ შარშანვე მეორედ გადავიკითხე სუნ-ძის „ომის ხელოვნება“. როგორც კოვიდმა და პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა, ისე რუსეთის – ამ წითელი დემონის ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში შეჭრამ, მთელ მსოფლიოს გაგვახსენა რენატუსის ფრაზა: „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის.“ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ჩვენც ვიწყებთ იმ რეალობის შესწავლას, რომელიც ჩვენ გარშემო ფორმირდება. ევოლას შემდეგ „რიგში დგას“ შრი აურობინდოს „კაცობრიობის ციკლი“, რომლის ქართული თარგმანი მცირე ხნის წინ აღმოვაჩინე და ძალიან გამიხარდა.
რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა
კრიზისი. ძიება. დღვება. საფეხური. ჰორიზონტი.
ეს სიტყვები მახსენდება.
რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?
განა შეიძლება ვთქვათ, წლის რომელი თვეა საუკეთესო?! ყველა კარგია თავისებურად. შეიძლება, რომელიმე ნომერში რომელიმე თემა უფრო მოგეწონოს, რომელიმე მწერალი, მაგრამ ხვდები, რომ სწორედ ამ ავტორის გამო უნდა წაგეკითხა ჟურნალი. ვისურვებდი, რომ ჟურნალს ჰქონოდა უფრო მეტი და, რაც მთავარია, სტაბილური დაფინანსება. ეს ჟურნალის გვერდებს უფრო გაზრდიდა, რადგან თუ მიადგები, უცბად იკითხება და მერე იძულებული ხარ, მეორედ წაიკითხო. ახლა უფრო ნელა, დაკვირვებით და დაგემოვნებით.
ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?
ზუსტად აღარ მახსოვს, რომელ წელს იყო. ლევან ბერძენიშვილის ნათარგმნი ესქილეს „სპარსელები“ იყო. ძალიან მიყვარს ზოროასტრიზმის, როგორც რელიგიის მისტიციზმი და მაშინ ყდაზე გამოსახულ ძველსპარს პერსონაჟში თითქოს ზარათუშტრა დავინახე. ძალიან შთამბეჭდავი იყო.
ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?
ამ წელს იყო. მოგონება გიორგი ჩუთლაშვილზე და ლევან სებისკვერაძის „აპრილის საბანი“. ვინც ერთხელ მაინც შესულა ტოტალიზატორში და ფსონი დაუდვია, ამ ტექსტით მიხვდება, თუ რა ჯოჯოხეთის გზას ადგება. ამ ფსევდო-მაგიური და დამანგრეველი სამყაროს ნატურალისტური დანახვაა ეს პატარა მოთხრობა.
ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?
„არილს“ ვკითხულობდი, როცა ჯერ კიდევ გაზეთი იყო, მაგრამ ასე არ მახსენდება კონკრეტული ავტორი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩარლზ ბუკოვსკი ყოფილიყო, რადგან საკმაოდ გვიან წავიკითხე მისი ტექსტები. სადღაც აღმოვაჩინე და შეიძლება, ეს „არილში“ იყო. მაშინ სრული შოკი მქონდა. ამის მერე დავინტერესდი მისით. მოგვიანებით წავიკითხე მისი „ფოსტა“ და სხვა ტექსტებიც.
როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?
ალბათ, უფრო ცუდი, ვიდრე კარგი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მიყვარს ორ წიგნის ერთდროულად კითხვა. დილით ვკითხულობ შედარებით რთულ ტექსტს, საღამოს – შედარებით მარტივს, რომელსაც ბევრი ფიქრი და დაკვირვება არ სჭირდება. მეორეც, მიმაჩნია, რომ ჩემთვის ცალსახად ცუდი წიგნი არ არსებობს. წიგნი – ეს იგივე ადამიანია. ღმერთი ხომ არცერთ ადამიანს უმიზნოდ არ აჩენს. ალბათ, ეს ეხება წიგნსაც.
© არილი