ახალი ამბები,  ახალი წიგნები

მარტის ბიბლიოდღიური

გაეცანით ბიბლიოდღიურს, რომელშიც მარტში გამოცემული წიგნების შესახებ მოგიყვებით:

ანდრეი პლატონოვი, „ჩევენგური“ და „რჩეული მოთხრობები“, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

სერიაში „მსოფლიო კლასიკა“ გამოიცა ანდრეი პლატონოვის ორი წიგნი –  „ჩევენგური“ და „რჩეული მოთხრობები“. პლატონოვი სიღარიბეში გარდაიცვალა 1951 წელს. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, ავტორის სკეპტიკური შეხედულებებისა და ასევე ნაწარმოებების ექსპერიმენტული ფორმის გამო. წარმატება და აღიარება მოგვიანებით მოვიდა, სიკვდილის შემდეგ. ამიტომაც აღნიშნავდნენ კრიტიკოსები, რომ მკითხველებს პლატონოვი სიცოცხლეში გამორჩათ.

„ჩევენგური“, რომლის თარგმანის წაკითხვაც მკითხველებს უკვე შეუძლიათ, 1928 წელს დაიწერა და ხშირად მიიჩნევენ ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად. მიუხედავად იმისა, რომ „ჩევენგურის“ ფრაგმენტები ერთ-ერთ საბჭოთა ჟურნალში ქვეყნდებოდა, რომანი 1988 წლამდე საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო.  „ჩევენგურის“ სრული ტექსტი პირველად Ardis Publishing-მა დაბეჭდა 1972 წელს, ინგლისურად კი 1978 წელს ითარგმნა.

ჩევენგურელ ბოლშევიკებს კომუნიზმის დამყარება სურთ და მიაჩნიათ, რომ ამისთვის ქონება უნდა მოსპონ. რადგან ქონება შრომით იქმნება, ადამიანმა არ უნდა იშრომოს, მისი საზრდოობა კი მზეს უნდა დაეკისროს. რომანის გმირები მქონებლებს (ბურჟუებს) ერთიანად ამოჟლეტენ და მხოლოდ უქონლებს (პროლეტარებს) დატოვებენ. მაგრამ განახორციელებენ თავიანთ ოცნებას?

„რჩეულ მოთხრობებს“ შორის არის ქვაბულიც, მისი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომლის პერსონაჟ კომუნისტებს კომუნიზმი უზარმაზარ საერთო სახლად წარმოუსახავთ. ისინი ხრამში ქვაბულს თხრიან და უსასრულოდ აფართოებენ, რათა იქ აშენებულმა სახლმა მთელი პროლეტარიატი დაიტიოს. მწერალმა ამ მოთხრობაში საბჭოთა კავშირის აღსასრული 65 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.

ხორხე ლუის ბორხესი, „ალეფი“, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მასში შედის მოთხრობები: უკვდავი, მკვდარი, ემა ცუნცი, სხვა სიკვდილი, ორი მეფე და ორი ლაბირინთი, ზაჰირი, ამბავი მეომრისა და ტყვე ქალისა, ღმერთის დამწერლობა და სხვ.

„ლიტოდისეაში“, გარდა ხსენებული კრებულისა, გამოცემულია ბორხესის კიდევ ორი კრებული -„ქვიშის წიგნი“ და „ფიქციები“.

ჯონ მაქსველ კუტზეე, „ბარბაროსების მოლოდინში“, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: მეგი გაბისონია

კუტზეეს რომანის სახელი აღებულია 1904 წელს დაწერილი ლექსიდან „ბარბაროსების მოლოდინში“, რომელიც ბერძენ პოეტს, კონსტანტინოს კავაფისის ეკუთვნის). ასევე, რომანზე გავლენა ჰქონდა იტალიელი მწერლის, დინო ბუცატის „თათრების უდაბნოსაც“ (რომელიც, თავის მხრივ, ასევე კავაფისის ლექსითაა შთაგონებული).

კუტზეე გვიყვება გამოგონილი იმპერიის ამბავს, მოქმედება კი დაუკონკრეტებელ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ადვილად ამოსაცნობია სამხრეთ ამერიკის „უნივერსალიზებული“ ვერსია. ასეთი თხრობა საშუალებას აძლევს ავტორს, დისტანცირდეს ამბისგან, მაგრამ, ამავე დროს, იგი ინარჩუნებს ისტორიის კონკრეტულ მომენტთან კავშირს. სწორედ ასე ვიღებთ ძალიან რეალისტურ და დამაჯერებელ ფაბულას.

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ჯ. მ. კუტზეეს „ბარბაროსების მოლოდინში“ გამოცემულია სერიაში „ლიტოდისეა“.

ჯეიმს ბალარდი, „მზის იმპერია“, „სულაკაურის გამომცემლობა“, მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

ჯეიმი გრემი თერთმეტი წლის ბიჭია, მშობლებთან ერთად უზრუნველად ცხოვრობს ჩინეთში, შანხაის მდიდრულ უბანში და პირადი მძღოლი დაატარებს კინოთეატრებში.  მაგრამ 1941 წელს იაპონელები თავს ესხმიან ჩინეთს და იწყება საშინელი ომი.  ქუჩის არეულობაში ხალხის ტალღა  ჯეიმის გაიტაცებს და დედას დააშორებს. პატარა ბიჭი მარტოდმარტო აღმოჩნდება მრავალმილიონიან ქალაქში… შემდეგ კი ის სამ წელს ატარებს იაპონელების სამოქალაქო პირთა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მეფობს შიმშილი, წყურვილი, სიკვდილი, სისხლი… და იქ, სადაც უფროსები არ ინდობენ ერთმანეთს, ეს პატარა ბიჭი, რომელმაც თავის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, არ კარგავს საუკეთესო თვისებებს: ადამიანობას, თანალმობას, მოყვასის სიყვარულს…

„მზის იმპერია“ სასტიკი, უკომპრომისო და ნატურალისტური მონათხრობია პატარა ბიჭის შესახებ, რომელიც ურთულეს გზას გადის და მაინც არ კარგავს ძალას, გადარჩეს და სხვებსაც დაეხმაროს.

ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“, „სულაკაურის გამომცემლობა“

როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?

ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე?

შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით?

კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც  მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში.

ავტორი ქართველი მწერალი, ზურა ჯიშკარიანია, რომლის სადებიუტო რომანმა „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ლიტერატურული პრემია საბა (2018 წ.) და ილიაუნის ლიტერატურული პრემია (2017 წ.) მიიღო.

ჯოან დიდიონი, „ჯადოსნური ფიქრის წელიწადის“, „პოლინომიალი“, მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე, ლელა ფიროსმანიშვილი, ელენე მარგველაშვილი

ჯოან დიდიონი თანამედროვე ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომანისტი, ესეისტი და „ახალი ჟურნალისტიკის“ ტალღის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მისი „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს.

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს.

ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“, „გამომცემლობა ინტელექტი“

„მასკარაფონე“ ივა ფეზუაშვილის ტრილოგიის („ფსკერის სახარება“, 2019 წ.; „ბუნკერი“, 2020 წ.) მესამე, ფინალური რომანია. მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის წინა ტექსტებთან და გააგრძელებს საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მოვლენებზე დაკვირვებას, ამ წიგნში კი შეხვდება მთელ თაობას, რომელსაც მშობლებისგან ზრუნვასთან და სიყვარულთან ერთად მძიმე ტრავმებიც გადმოეცა.

„მასკარაფონე“ არის ამბავი ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც არასდროს ყოფილან ბავშვები. თინეიჯერობისას ისინი ყოველდღიურად იბრძვიან უდარდელობის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის. ამ ბრძოლაში ძნელად ნებდებიან, თუმცა ზრდასრულ ასაკში ბავშვურად ცხოვრების სურვილმა ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს.

პაატა შამუგია, „პოემები“, „გამომცემლობა ინტელექტი“

„პოემა მარგინალური სალექსო ფორმა გახდა, თუმცა ჩემთვის, რატომღაც, გამოხატვის საკვანძო მომენტად იქცა ეპიკურ სივრცეში შესვლა და სათქმელის ისე გადახსნა, თითქოს დრო გაჩერებული იყოს. მას შემდეგ, რაც „ეკონომიური ლექსები“ გამოვეცი, ვფიქრობ, დადგა დრო, მკითხველმა სრულიად არაეკონომიურ „ფორმაშიც მნახოს“.

რთული სათქმელია, ვის რას მისცემს პოემები აქ და ახლა. ის კი ვიცი, ასე ერთიანად თავმოყრამ თავად მე რომ მომცა საშუალება, სხვა ყველაფერთან ერთად, თვალი გავადევნო ამ პოემების ავტორის (სწორედ ასე, მესამე პირში, გაუცხოებულად) პიროვნულ, ესთეტიკურ თუ მსოფლმხედველობრივ ცვლილებებს, ხედვების აყირავებისა თუ პირადი კრიზისების პანორამას წლიდან წლამდე, პოემიდან პოემამდე“ – წერს თავად ავტორი, პაატა შამუგია.

ნაირა გელაშვილი, „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“, გამომცემლობა „პალიტრა L“

გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწერილი ეს რომანი საქართველოს უახლესი ისტორიის მხატვრული მატიანეა, რომელშიც მწერალი უმაღლესი ოსტატობით ავითარებს არაერთ ნარატიულ მიმართულებას და უცხადესად და პირუთვნელად ასახავს დამოუკიდებლობის აღდგენისა და შემდგომი პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ რყევებს, მათ ღრმა მიზეზებს და იმას, როგორ გავლენას ახდენდა ეს ეპოქალური ძვრები ცალკეული ადამიანების პიროვნულ ბედზე.

რომანი პირველად 2008 წელს გამოიცა და ლიტერატურული პრემია ,,საბაც” მიენიჭა ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი”, თუმცა, შეზღუდული ტირაჟის გამო, ის მკითხველთა ფართო წრეებამდე ვერ მივიდა. ამჯერად რომანი გამოიცა სერიაში „იკითხე ქართული“.

© არილი

Facebook Comments Box