ახალი ამბები

ბრონტეები – სიკვდილი და შეცვლილი ტექსტები

ემილი ბრონტე ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1848 წლის 19 დეკემბერს. ემილის ერთადერთი რომანი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ მის სიკვდილამდე სულ რაღაც ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა. მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ გავრცელებული ვერსიის მიხედვით, შეგვიძლია წარმოდგენა, როგორ იწვა მომაკვდავი დივანზე, სასადილო ოთახში და ჯიუტად უარობდა საძინებელში გასვლას. თუმცა კონკრეტული დეტალები მისი სიკვდილის შესახებ ბუნდოვანია.

რადგან თავად ემილის ჩანაწერები თავისი ავადმყოფობის შესახებ არ გვაქვს, დომინანტი შარლოტას ვერსიაა. შარლოტა, რა თქმა უნდა, სასოწარკვეთილი იყო დის გარდაცვალების გამო. წერილებში, რომლებიც იმავე წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე იწერებოდა,  მან დეტალურად აღწერა ემილის მდგომარეობის გაუარესება. აღწერა ისიც, თუ როგორ ცდილობდა დის დარწმუნებას, რომ სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის ნება დაერთო.

თუმცა ემილის ასე მოქცევა არ სურდა და თითქმის ყველა სახის სამედიცინო ჩარევას უარობდა. შეთავაზებულ მკურნალობას (ჰომეოპათიას) შარლატანობის ფორმად მოიხსენიებდა და აცხადებდა, რომ არცერთი ექიმის მიახლოებას არ დაუშვებდა.

ბევრი ბიოგრაფისთვის ემილის ქცევა მხოლოდ გაჯიუტებით არ აიხსნება. ეს მათთვის მტკიცებულებაა, რომ იგი მკაცრად უარყოფდა საკუთარ ავადმყოფობას.

შარლოტა ბრონტე

თუმცა არის სხვა გზაც იმის გასაგებად, რატომ იქცეოდა ემილი ასე.

როცა ავადმყოფობის სიმპტომები გამომჟღავნდა, მას შეეძლო, წაეკითხა თომას ჯონ გრეჰემის თანამედროვე საოჯახო მედიცინის წიგნი, რომლის ასლიც მამამისს ჰქონდა. წიგნში დეტალურად იყო აღწერილი დაავადების მიმდინარეობის ეტაპები და მისი განვითარების პროგნოზები. ამ წიგნიდან ემილი შეიტყობდა, რომ განკურნების გზა არ არსებობდა.

როგორც მედიცინის ისტორიკოსი ქეროლიან ეი დაი წერს, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობა სრულიად აშკარა ხდება, პაციენტი ტოვებს იმ ეტაპს, როცა მედიცინის ავტორიტეტებს სჯერათ, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ. „ქარიშხლიან უღელტეხილში“ ემილი სწორედ მსგავს სიტუაციას აღწერს. ექიმი ჰინდლის აფრთხილებს, რომ მის ავადმყოფ ცოლს მეტად ვეღარ დაეხმარება, რადგან ავადმყოფობის იმ საფეხურზე, რომელზეც მისი ცოლი აღმოჩნდა, მედიცინა სრულიად გამოუსადეგარია.

შარლოტა არ განმარტავს, რატომ არ ლაპარაკობდა ემილი საკუთარ ავადმყოფობაზე. ერთ-ერთი მიზეზი, როგორც შარლოტას წერილები გვიჩვენებს, შეიძლება ის იყო, რომ მან დის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ინტიმური დეტალები მისი თანხმობის გარეშე გაამჟღავნა. რატომ არ სურდა ემილის უფროს დასთან საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი, იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ შარლოტა მის პირად სივრცეში უხეშად შეიჭრა, რაც ლოგიკური მიზეზი იქნებოდა ემილის თავშეკავებისთვის.

შარლოტამ ემილის პირადი დღიურები წაიკითხა, რომლებშიც მისი ლექსებიც ეწერა. სწორედ ეს ჩანაწერები იქცა 1846 წელს გამოქვეყნებული ლექსების კრებულის შთაგონებად.

1841 წელი, ემილის წერილი ენ ბრონტეს. ზედა მარცხენა კუთხეში ემილის ნახატი

წერილებიდან გამომდინარე, ემილის ქცევაში გარკვეული დაძაბულობაც ჩანს. შარლოტას აზრით, ემილიმ ვერ შეძლო თავისი ჩვეული ცხოვრების წესის შენარჩუნება. შარლოტას საკუთარი თავის – ექთნად, ხოლო დის პაციენტად გადაქცევა სურდა. ემილის კი ეს არ უნდოდა.

ენ, ემილი და შარლოტა ბრონტეები. ნახატი ეკუთვნის ბრენუელ ბრონტეს, მათ ძმას.

ენის ტუბერკულოზის დიაგნოზმა შარლოტას კიდევ უფრო გაუმძაფრა ემილის სიკვდილით მიღებული ტრავმა.

ენი, ემილისგან განსხვავებით, იღებდა უფროსი დისგან „სამკურნალო საშუალებებს“, მაგრამ წერილში, რომელიც შარლოტამ სპეციალისტისგან მიიღო, ვკითხულობთ, რომ მან ტყუილი იმედი არ უნდა დაამყაროს დის გამოჯანმრთელებაზე. მართლაც, ენ ბრონტე 1849 წლის მაისში გარდაიცვალა. 9 თვის განმავლობაში ოჯახის სამი წევრის (ორი დისა და ერთადერთი ძმის) გარდაცვალება მეტისმეტად დიდი ტვირთი აღმოჩნდა შარლოტასთვის.

ემილის გარდაცვალების შემდეგ შარლოტამ შეგნებულად „შეცვალა“ მისი ბოლო თვეები. არასწორად დაათარიღა და სიკვდილის შემდგომ გამოცემაში დაარედაქტირა ემილის ლექსები, ლექსი „no coward soul is mine“ დაასახელა, როგორც უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მისმა დამ დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ასე არ იყო.

ემილის ხელნაწერი, რომელიც ფანქრით ჩაასწორა შარლოტამ

როგორც მწერალი სტივ დეივისი ამბობს, ემილის ქცევა ავადმყოფობისას, შესაძლოა, მტკივნეული ყოფილიყო მათთვის, ვისაც იგი უყვარდა და ღელავდა მასზე, მაგრამ ემილის ნამდვილად ჰქონდა ასე მოქცევის უფლება. არც ემილის და არც ვიქტორიანულ მედიცინას არ შეეძლო იმის გაკონტროლება, როგორ გაანადგურებდა ტუბერკულოზი მის სხეულს. ამიტომ მისი ქცევის ეგოიზმად ან ჯიუტობად შერაცხვას, სჯობს, რომ მეტი თანაგრძნობით შევხედოთ მის ტანჯვას.

© არილი

Facebook Comments Box