თარგმანი

ბაბა იაგა – გმირი თუ ანტიგმირი

ზღაპრებში გარკვეული ასაკის ქალებს, ჩვეულებრივ, ორი როლი ჰქონდათ: ბოროტი ჯადოქრის ან ბოროტი დედინაცვლის, ხანდახან კი ორივე.

მთავარი ფიგურა სლავურ ფოლკლორში, ბაბა იაგა, უდავოდ აკმაყოფილებს ბოროტი ჯადოქრის მოთხოვნებს – ის ცხოვრობს სახლში, რომელიც ქათმის ფეხებით დადის, ხანდახან დაფრინავს (მიწასთან ახლოს), საზარლად გამოიყურება და, როგორც ჯადოქრებს ახასიათებთ, სიამოვნებით ჭამს ბავშვებს.

თუმცა ის ბევრად უფრო კომპლექსური პერსონაჟია, ვიდრე სინოფსისი გვთავაზობს. ცბიერი, ჭკვიანი, დამაბრკოლებელი ბაბა იაგა, რომელიც ხანდახან გეხმარება კიდეც, სინამდვილეში, შეიძლება, ფოლკლორის ყველაზე ფემინისტურ პერსონაჟად მივიჩნიოთ.

მოთხრობების ანთოლოგია „ტყეში“, რომელიც ახლახან გამოიცა, სწორედ ბაბა იაგას ლეგენდის 23 ინტერპრეტაციას აერთიანებს, რომლებიც საშინელებათა ჟანრის მწერალმა ქალებმა შექმნეს.

ბაბა იაგას ისტორია

ბაბა იაგა ბევრ სლავურ და განსაკუთრებით რუსულ ფოლკლორულ მონათხრობში ჩანს. ყველაზე ადრეული ჩანაწერები 1755 წლისაა – იგი სლავური ფოლკლორული ფიგურების დისკურსშია ნახსენები, მიხეილ V ლომონოსოვის წიგნში. მანამ ის ჩნდება ხეზე ამოკვეთილ ნახატებში სულ მცირე მე-17 საუკუნიდან მაინც და შემდეგ, რეგულარულად, – რუსულ ზღაპრებსა და ფოლკლორში.

პერსონაჟი, რომლის ინსიპარაცია ბაბა იაგაა

თუ ფილმები გიყვართ, ალბათ, გახსოვთ „ჯონ ვიკი“, რომელშიც ანტიგმირს მტრები ბაბა იაგას ეძახიან. ბაბა იაგა გვხვდება ჰაიაო მიაძაკის 2001 წლის ანიმაციურ ფილმში „მოჩვენებების მიერ გატაცებულნი“, რომელიც ოსკარითაა დაჯილდოებული. მას აღმოვაჩენთ ნილ გეიმანის კომიქსშიც „სენდმენი“.

გეიმანი ბაბა იაგაზე „მაგიის წიგნშიც“ წერს და ის, თუ როგორ განავითარა ეს პერსონაჟი, მის მორალურ გაორებას უსვამს ხაზს. „სენდმენში“ ის ეხმარება ადამიანებს, მაშინ, როდესაც მაგიის წიგნში უარყოფითი პერსონაჟია. “BBC”-სთან ინტერვიუში გეიმანმა თქვა, რომ ბაბა იაგა ექვსი ან შვიდი წლის ასაკში აღმოაჩინა, როცა ბრიტანელი მწერლის, მარგარეტ სტორის საბავშვო ფანტასტიკური წიგნი „The Dragon’s Sister and Timothy Travels“ წაიკითხა, სადაც ბაბა იაგა ჩნდება. „ვიგრძენი, რომ ყველაზე საინტერესო ჯადოქარი იყო“ – ამბობს გეიმანი – „ჩანდა, რომ მას საკუთარი ცხოვრება ჰქონდა ამბის მიღმა, რაც ძალიან ცოტა ზღაპრის პერსონაჟს აქვს“.

ლენდი რაიანი, მწერალი და პროფესორი, რომელიც კრებულის „ტყეში“ გამომცემელი  “Black Spot Books“-ის დამფუძნებელია, იხსენებს:

„ჩემი რუსი დედინაცვალი აშშ-ში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე. მან ჩამოიტანა ბორში, მატრიოშკას თოჯინა და ამბავი ბაბა იაგაზე. როცა ჩემი ასაკის გოგონების უმრავლესობა იზრდებოდა პრინცესების კარგად სტერილიზებული დისნეის ვერსიებით, მე მერჩივნა ძმები გრიმების, შარლ პეროსა და კრისტიან ანდერსენის ამბები – და, რა თქმა უნდა, სლავური ზღაპრების წიგნები და ფოლკლორი, რომელიც ბაბა იაგაზე ჰყვებოდა“.

სინამდვილეში, ბაბა იაგას ამბავი, შესაძლოა, მე-17 საუკუნეზე ბევრად ძველია – მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ის არის სლავური ანალოგი ბერძენი ღმერთის, პერსეფონესი, რომელიც გაზაფხულისა და ბუნების ღვთაება იყო. ის უდავოდ ასოცირდებოდა ხეებთან და ტყესთან, ველურ ბუნებასთან. „ბაბა იაგას კვალი არსებობს ბევრ კულტურასა და ამბავში, ის სიმბოლოა ქალის სულის არაპროგნოზირებადი და დაუმორჩილებელი ბუნების, დედამიწის, ქალების ურთიერთობების ველურ ბუნებასთან“ – აღნიშნავს რაიანი.

მისი აზრით, ის, რაც ბაბა იაგას ფოლკლორის სხვა ორგანზომილებიან ჯადოქრებზე მაღლა აყენებს, მისი დუალობაა, ხანდახან თითქმის გმირია, ხანდახან ბოროტმოქმედად გვევლინება. „ბაბა იაგა რჩება ერთ-ერთ ყველაზე ორაზროვან, ცბიერ, ჭკვიან ქალად ფოლკლორში. […] ის მოითხოვს შიშსა და პატივისცემას და ამავე დროს, მისით დაინტერესებასა და სურვილს. მე ვაღმერთებ მის უზრუნველობასა და დამოუკიდებლობას, მის სისასტიკესაც კი. სამყაროში, სადაც ქალები ხშირად დამცირებულები და უმნიშვნელოები არიან, ის არის ფიგურა, რომელიც შეგვახსენებს, რომ ჩვენ დაუმორჩილებლები და ძლევამოსილები ვართ და ასეთ თავისუფლებას თავისი ფასი აქვს“.

რეალურად, ის დაახლოებით პროტო-ფემინისტური სახეა. „ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ მიმზიდველი არაა ტრადიციული გაგებით. საკუთარი მაგიური კანონების მიხედვით ცხოვრობს, ნაცვლად ამქვეყნიური წესებისა. ყოველ ჯერზე უპირისპირდება კონცეპტუალურ კატეგორიებს – მისი სახლიც კი ერთდროულად სახლია და ქათამი, რის გამოც ის თან მიჯაჭვულია სახლთან, თან მისი თავისუფლება მაინც არაა შეზღუდული“ – ამბობს აი იზი იუ, ერთ-ერთი ავტორი, რომლის ტექსტიც კრებულში მოხვდა.

იზი ბაბა იაგას ამსგავსებს მატყუარა პერსონაჟებს სხვადასხვა მითოლოგიიდან, მაგალითად, სკანდინავიური მითოლოგიიდან ლოკის. „ბაბა იაგა, ჩვეულებრივ, ბოროტმოქმედის როლშია, მაგრამ დახმარების შემოთავაზებაც შეუძლია. მაგალითად, ზღაპარში „ვასილისა მშვენიერი“, ვასილისას ოჯახის კლანჭებიდან გათავისუფლებაში ეხმარება. იმ ადამიანების მსგავსად, რომლებიც თანამედროვე ფილმებში კანონის ჩრდილოვან მხარეს მოქმედებენ, მას შეუძლია, ფასდაუდებელ ადამიანად იქცეს საშიშ გარემოებებში“.

ვასილისას ზღაპრის ილუსტრაცია

ამ კუთხით, ბაბა იაგამ ქალების პასიური როლის ნაცვლად „გავაკეთებ იმას, რაც მინდა“ ტიპაჟი შეითავსა, რაც, ჩვეულებრივ, კაცებთან ასოცირდებოდა.

იზი იხსენებს, როგორ გაიგო პირველად მის შესახებ: „ბაბა იაგა ჩინურ მულტფილმში ვნახე, როცა ძალიან პატარა ვიყავი. ეს მულტფილმი იმიტომ მახსოვს, რომ ბებიას ვუთხარი, ბაბა იაგა ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ბიძაჩემი-მეთქი. ბებიამ გაიცინა. ბიძას არ გასცინებია“.

მთის ან ტყის მახინჯი, ბებერი ჯადოქრის მოტივი პოპულარული იყო აზიაში, იმიტომ, რომ „მთები ასოცირდებოდა დიდ სპირიტულ ძალასთან და განდეგილ ფიგურებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი წესებით ეცხოვრათ – როგორც ბაბა იაგამ, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის“ – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ იაპონიაშიც არის მსგავსი პერსონაჟი, რომელსაც საზიზღარი ფიზიკური მახასიათებლები აქვს და და ბავშვებს ჭამს. ის მორალურადაც ორაზროვანია, ერთდროულად კანიბალად, მონსტრად, ცვლილებებისა და ტრანსფორმაციების გამომწვევად და გმირების დამცველადაა მიჩნეული.

ლენდი რაიანს ისეთი საშინელებათა ჟანრის ანთოლოგიის იდეა, რომლის ცენტრშიც ქალი პერსონაჟები იქნებოდნენ, მანამ გაუჩნდა, სანამ ბაბა იაგას შესახებ წიგნის მომზადებას დაიწყებდა.

„მინდოდა ანთოლოგია, რომელიც გააერთიანებდა ქალების ხმებს მთელი მსოფლიოდან. იმ ქალების, რომლებსაც არ ეშინიათ თავიანთი ისტორიების მოყოლის, ესმით საკუთარი ველურობისა და ბოროტების და, აქედან გამომდინარე, ბაბა იაგა ჩემი ანთოლოგიის მუზად იქცა“ – განმარტავს რაიანი და დასძენს, რომ მისთვის ყველაზე გასაოცარი ის იყო, როგორი კითხვადი გახდა ბაბა იაგას ამბავი, რაც იმას ამტკიცებს, რომ იგი ნამდვილად უნივერსალური პერსონაჟია.

შეუძლია თუ არა დღეს ბაბა იაგას ჩვენთვის რაიმეს სწავლება? იზი ფიქრობს, რომ შეუძლია. „ის არის შამანური მატყუარა, საზღვრების გადამკვეთი და გვახსენებს, რომ თავისუფლება ცოტათი შორს არის სოციალური ნორმების საზღვრებისგან და შეგვიძლია, მისგან ბნელიც ვისწავლოთ და ნათელიც. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, შეგვახსენებს, რომ ჩვენ გმირებიც ვართ და ანტიგმირებიც…“

© არილი

Facebook Comments Box