ახალი ამბები

ბუკერის საერთაშორისო პრემია 2023 – რა გვემართება, როცა ჩვენი მოგონებები ქრება?

23 მაისს ლონდონში გაიმართა ბუკერის საერთაშორისო პრემიის დაჯილდოების ცერემონია. ბუკერის საერთაშორისო პრემია გეორგი გოსპოდინოვს გადაეცა, მისი რომანი „დროის თავშესაფარი“ კი გახდა ბულგარულ ენაზე დაწერილი პირველი წიგნი, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

ჟიურის თავმჯდომარე ლეილა სლიმანი იყო. „ჟიური კომპლექსური რამ არის. განსაკუთრებული ლიტერატურული და პიროვნული გამოცდილებაა, გქონდეს წიგნებზე დისკუსიის შესაძლებლობა ასეთ მკითხველებთან ერთად. პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს ამ შესაძლებლობის გამო“ – აღნიშნა მან. ლეილა სლიმანმა ილაპარაკა გამარჯვებული წიგნის შესახებაც: „ჩვენი გამარჯვებული, დროის თავშესაფარი, ბრწყინვალე რომანია, ირონიითა და მელანქოლიით სავსე. ეს ღირებული ნაწარმოები ეხება ძალიან თანამედროვე კითხვას: რა გვემართება, როცა ჩვენი მოგონებები ქრება?“

გეორგი გოსპოდინოვმა ამ კითხვას ერთდროულად პირადი და უნივერსალური პერსპექტივიდან უპასუხა.

ის იკვლევს, როგორ ქმნის ჩვენს იდენტობასა და ინტიმურ ნარატივს ჩვენივე მოგონებები. გარდა ამისა, „დროის თავშესაფარი“ არის რომანი ევროპის შესახებ; კონტინენტის, რომლის წარსული ხელახლა იქმნება; კონტინენტის, რომლისთვისაც ნოსტალგია კი მომწამვლელია. ეს რომანი გვეხმარება, დავინახოთ ისეთი ქვეყნის ბედისწერა, როგორიცაა ბულგარეთი, რომელიც დასავლური და კომუნისტურ სამყაროების იდეოლოგიური კონფლიქტის ცენტრშია.

გოსპოდინოვი ბულგარელი პოეტი, მწერალი და დრამატურგია. იგი დაიბადა 1968 წელს იამბოლში, პატარა ქალაქში თურქეთის საზღვართან ახლოს. ბავშვობის ადრეული წლები ბებიასა და ბაბუასთან ერთად გაატარა სოფელში. მათთან იზრდებოდა, ვიდრე მისი მშობლები ქალაქში იშენებდნენ კარიერას. ამიტომაც მისი მთავარი შიში – მიტოვების შიში იყო. შემდეგ კი, როცა ის და მისი უმცროსი ძმა მშობლებმა საცხოვრებლად თან წაიყვანეს, გაუჩნდა ახალი შიში – მარტოობის. სამაგიეროდ, მის მშობლებს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და გეორგი სწავლობდა ყველაფერს, რასაც ოჯახში და სკოლაში არ ასწავლიდნენ.

„დროის თავშესაფარი“ მისი მესამე რომანია, რომლის მთავარი გმირიც დამღუპველი ნოსტალგიის პანდორას ყუთს ხსნის. იგი ფსიქიატრია, რომელიც ხსნის საავადმყოფოს შვეიცარიაში, რათა დაეხმაროს ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს. საავადმყოფო მოიცავს სივრცეებს, რომლებსაც წარსულის აღდგენა შეუძლიათ, მისი უმცირესი დეტალების გათვალისწინებითაც კი. ეს სივრცეები ეხმარება დაავადებულ ადამიანს, გაიხსენოს წარსული და დაიბრუნოს დავიწყებული მოგონებები. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება, იდეა ტოვებს საავადმყოფოს კედლებს. „წარსული მხოლოდ ის არ არის, რაც შეგემთხვა. ხანდახან ისიცაა, რაც წარმოიდგინე“ – წერს მთხრობელი.

ლეილა სლიმანის თქმით, „წარსული მოთხრობილი ამბავია და ყველა მთხრობელს როდი აქვს გეორგი გოსპოდინოვისა და ანჯელა როდელის ნიჭი.“

ავტორი და მთარგმნელი

ანჯელა როდელი წიგნის მთარგმნელია. პრემიის ჯილდო £50,000 სწორედ ანჯელა როდელსა და ავტორს გაუნაწილეს თანაბრად.

სანამ გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდებოდა, როდელმა თქვა: „ქვეყანას კოლექტიური ორგაზმი ექნება, თუ გავიმარჯვებთ“. ინტერვიუში ისაუბრა ბულგარულ ლიტერატურაზეც. როგორც ის ამბობს, ბულგარული ლიტერატურა ახალგაზრდაა, ამიტომაც ბულგარელი მწერლები პატარა ბავშვებს ჰგვანან. ისინი აღტაცებულები და ენთუზიაზმით სავსე ადამიანები არიან. გარდა ამისა, ბულგარელებს ყოველთვის აინტერესებდათ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება მოჰყვე კლასიკური ადამიანური ამბები.

ჟიურის გადაწყვეტილების მიღებისთვის სამი საათი დასჭირდა. გარდა ლეილა სლიმანისა, ჟიურის სხვა წევრებმაც ილაპარაკეს რომანის შესახებ და აღნიშნეს, რომ ის ერთდროულად ნაციონალურ, ინდივიდუალურ, სოციალურ და ისტორიულ იდენტობას ეხება. რამდენად ვუცვლით ფორმას წარსულს, აწმყოსა და მომავალს რომ მოვარგოთ? როგორ წყვეტენ ინდივიდები, ერები თუ კონტინენტები, რა დაიმახსოვრონ და რა დაივიწყონ? რამდენად მორალურია ადამიანების წარსულში ხელოვნურად დაბრუნება და შეუძლია თუ არა ასეთ დაბრუნებას, ნამდვილად გვანუგეშოს – ესაა ცენტრალური შეკითხვები „დროის თავშესაფარში“.

ბუკერის ოფიციალურ გვერდზე გამარჯვებული ავტორის ინტერვიუს წაკითხვაც არის შესაძლებელი. გოსპოდინოვმა საგანგებოდ გამოყო რამდენიმე ავტორი, რომლებსაც წერისას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

„როცა დროის თავშესაფარს ვწერდი, ერთ-ერთი წიგნი, რომელიც თან მქონდა, თომას მანის „ჯადოსნური მთა” იყო, რადგან როდესაც წერ წიგნს დროზე, გჭირდება „ჯადოსნური მთა“. გჭირდება თომას მანი. ასევე, რადგან ეს წიგნი მოგონებებზეც არის, მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ იყო მნიშვნელოვანი წიგნი ჩემთვის…“

© არილი

Facebook Comments Box