პორტრეტი

კურტ ვონეგუტი – „თუ ეს არ არის მშვენიერი, მაშინ რა არის?“

ვონეგუტი თითქმის 50 წლის იყო, როცა 1969 წელს მისი ანტისაომარი რომანი, სასაკლაო 5 გამოქვეყნდა. ამ რომანმა შეცვალა ის, თუ როგორ წერდნენ და ფიქრობდნენ ამერიკელები ომზე და ვონეგუტი თაობის გამორჩეულ მწერლად აქცია.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად მიჩნეული სასაკლაო 5  იქცა ფილმად, გრაფიკულ ნოველად, თეატრალურ დადგმად, როკ ბენდების შთაგონებად. მისი რეფრენი „so it goes“, რომელიც 106-ჯერაა გამოყენებული რომანში, ლექსიკაში დამკვიდრდა. წიგნი სხვადასხვა დროს აიკრძალა, დაიწვა, ემსხვერპლა ცენზურას… საბოლოო ჯამში კი, როგორც ენდი უორჰოლის წვნიანის ქილებმა, ამ რომანმაც მაღალ და დაბალ კულტურას შორის ზღვარი გააბუნდოვანა და ორივე მათგანის ნაწილად იქცა.

ვონეგუტი 6 ბავშვს ზრდიდა – სამ შვილს და სამ დისშვილს, რომელთაც მშობლები გარდაეცვალათ. იყო მეორე მსოფლიო იმის ვეტერანი, ერთ-ერთი ბრძოლის დროს გერმანელებმა დაიჭირეს კიდეც და სანამ გაათავისუფლებდნენ, მძიმე დღეები გამოიარა.

სიუზენ ფარელი ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ ვონეგუტი იქცა იმ მამის განსხეულებად, რომელზეც 1969 წელს სტუდენტები ოცნებობდნენ. ვონეგუტი იყო მხიარული, შემოქმედებითი, პაციფისტი, სწორედ ისეთი, როგორიც მათ სასურველი მშობლები წარმოედგინათ.

სტუდენტებს სჯეროდათ, რომ ვიეტნამში ომი უსამართლო და იმპერიალისტური იყო. ვონეგუტიც ასე ფიქრობდა, მეორე მსოფლიო ომისას მიღებული საშინელი გამოცდილებიდან გამომდინარე. მიაჩნდა, რომ შეიარაღებისა და ომის ნაცვლად ფული კლინიკების, სახლების, სკოლების მშენებლობაზე უნდა დახარჯულიყო.

ვონეგუტი ლექციებისას ახალგაზრდებს ეუბნებოდა – წინა თაობებს უნდათ, დააფასონ იმისთვის, რომ ამდენი რამ გამოიარეს და გადარჩნენ უამრავი პრობლემის (ზოგჯერ წარმოსახვითის) მიუხედავად. ახალ თაობას კი უნდა, აღიარონ და პატივი სცენ. გარდა ამისა, იგი მხიარულად მოუწოდებდა მათ, რომ დაჰპირისპირებოდნენ პროფესორებს და განათლების სისტემას, რომელიც ტყუილებსა და ცრურწმენებს ახვევდა თავს.

ფარელის თქმით, დღეს რომ ვონეგუტი ცოცხალი ყოფილიყო, კვლავ დაელაპარაკებოდა კოლეჯის სტუდენტებს, რომლებმაც ჯერ პანდემია გამოიარეს, ახლა კი მაღალი საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა და ფინანსურ არასტაბილურობასთან გამკლავება უწევთ.

„დარწმუნებული ვარ, ის სტუდენტებს იმავე რჩევას მისცემდა, რასაც ადრე, წლების განმავლობაში: შუაგულ ქაოსში ფოკუსირდი იმაზე, რაც ცხოვრებას ღირებულად აქცევს და ამოიცანი სასიამოვნო მომენტები – შეიძლება მუსიკის მოსმენა ან ლიმონათის დალევა ჩრდილში – და დაიყვირე „თუ ეს არ არის მშვენიერი, მაშინ რა არის?“

ვონეგუტი მოწმე იყო ყველაზე უარესის, რაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს დაუშავონ და არ მალავდა, რომ ეშინოდა მომავლის, რომელშიც პლანეტა ეკოლოგიური პრობლემებისგან დაიტანჯებოდა, ადამიანები კი მდიდრებად და ღარიბებად დაიყოფოდნენ. მის ყველაზე მხიარულ ტექსტებშიც კი ჩანდა პესიმიზმის კვალი.

„თუ ოდესმე მოვკვდები (ღმერთმა დამიფაროს), იმედი მაქვს, იტყვით: „კურტ ვონეგუტი ახლა სამოთხეშია“. ეს ჩემი საყვარელი ხუმრობაა“ – წერდა ვონეგუტი, რომელიც ხშირად ხუმრობდა სიკვდილზე.

კურტ ვონეგუტი 2007 წლის აპრილში გარდაიცვალა. იგი ახლა სამოთხეშია.

© არილი

Facebook Comments Box