დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ მარკესის გამოუქვეყნებელი ლიტერატურული შედევრი ავტორის ოჯახთან ინახებოდა ან მის არქივში, ტეხასის უნივერსიტეტში.
რამდენიმე დღის წინ კი Penguin Random House-მა დაადასტურა, რომ გაბრიელ გარსია მარკესის გამოუქვეყნებელი რომანი, სახელად En Agosto Nos Vemos (ერთმანეთს შევხვდებით აგვისტოში) არა მარტო არსებობს, არამედ 2024 წელს გამოიცემა კიდეც.
„არა?! მარკესის წიგნი? ხელნაწერების შესახებ ჭორები მეც გავიგე, მაგრამ არაფერი ჭორებზე მეტი. მთელი წიგნი?!“ – თქვა ხუან მორენო ბლანკომ, რომელსაც ახალი ამბის მოსმენის შემდეგ სიტყვების პოვნა გაუჭირდა.
გამოუქვეყნებელი ხელნაწერის შესახებ საუბარი (ძირითადად, სპეკულაცია) 1999 წელს დაიწყო, როცა მარკესმა კოლუმბიურ გაზეთში მოთხრობა გამოაქვეყნა.
ტექსტი მოგვითხრობდა ანა მაგდალენას, შუა ხნის ქალის შესახებ, რომელმაც ეროტიკული ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა ტროპიკულ კუნძულზე დედამისის საფლავის სანახავად ჩავიდა. როგორც ცნობილია, ეს ნაწარმოების პირველი თავი იყო.
მაგრამ მას შემდეგ, რაც აღიარებული ავტორი 2014 წელს გარდაიცვალა, ყველა ფიქრობდა, რომ ამ ნაწარმოებს ვერასოდეს იხილავდა, რადგან, მარკესის ოჯახის აზრით, არასწორი იქნებოდა დაუსრულებელი ტექსტის გამოქვეყნება.
„როგორც ჩანს, ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ აზრი შეიცვალეს“, – ამბობს მარკესის ფონდის დირექტორი.
გაბრიელ გარსია მარკესის შვილებმა კი აღნიშნეს, რომ ტექსტი მეტისმეტად ძვირფასად მიიჩნიეს იმისათვის, რომ კოლუმბიასა და დანარჩენ მსოფლიოს დაუმალონ.
პრესასთან საუბრისას მათ ტექსტის განსაკუთრებულობაზეც ისაუბრეს. მათი თქმით, მარკესის სიკვდილიდან თითქმის ათი წლის შემდეგ, ამ რომანის ხელახლა წაკითხვისას, აღმოაჩინეს, რომ წიგნს უამრავი ღირსება აქვს და მასში არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის მკითხველს, მიიღოს სიამოვნება იმ ყველაფრით (გამომგონებლობით, პოეტური ენით, ჩამთრევი თხრობით), რაც მარკესის სხვა აღიარებულ ტექსტებს გამოარჩევს.
როგორც ცნობილია, ნაწარმოები ხუთი ნაწილისგან შედგება და მის ცენტრში ანა მაგდალენაა. ტექსტი დაახლოებით 150 გვერდია, ინგლისური გამოცემა კი ჯერჯერობით არ იგეგმება.
„დრო მიდის, მისი ნაწარმოებების მნიშვნელობა კი მხოლოდ იზრდება. როგორც დოსტოევსკის, ჯოისსა და სერვანტესს, მას ჰქონდა უნიკალური სტილი და ხედვის პერსპექტივა, რომელმაც მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა“ – ამბობს არიელ კასტილო, პროფესორი და მარკესის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი.
მისივე თქმით, მარკესმა კოლუმბია არა მხოლოდ ლიტერატურულ რუკაზე დაიტანა, არამედ თავად კოლუმბიელებსაც შეუცვალა თვითაღქმა. „გვაქვს ორი კოლუმბიური კულტურა: გაბრიელ გარსია მარკესამდე და მის შემდეგ,“ – აღნიშნავს კასტილო.
მიუხედავად იმისა, რომ მკითხველების ნაწილი უკვე მოუთმენლად ელის მარკესის აქამდე გამოუქვეყნებელი რომანის გამოცემას, გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც არ იზიარებენ ამ აღფრთოვანებას. მათი თქმით, დაუსრულებელი ნაწარმოების ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნება საკამათო გადაწყვეტილებაა.
„მარკესი ყოველთვის ენდობოდა ახლობელ ადამიანებს და გამოქვეყნებამდე ყოველთვის ყურადღებით განიხილავდა ყველაფერს. ასე რომ, პრობლემურ ტერიტორიაზე ვიმყოფებით“ – ამბობენ ისინი.
„ჩემთვის ეს დიდებული ამბავია,“ – აღნიშნავს კოლუმბიელი ავტორი ხუან გაბრიელ ვასკესი და დასძენს: „ოღონდ უნდა იცოდე, როგორ წაიკითხო – ეს არ არის დასრულებული ნაწარმოები, მარკესი კი გულდასმით არედაქტირებდა ხოლმე თავის ტექსტებს. მაგრამ შეგვიძლია, ვისიამოვნოთ იმით, რაც არის: დიდებული შემოქმედის დაუსრულებელი ტექსტით. არ არსებობს მიზეზი ჩვენთვის ამ სიამოვნების წასართმევად“.
© არილი