ესე,  რეცენზია

გაგა ლომიძე – მოგზაურობა მეხსიერებაში

(დოკუმენტური პროზა და დაკარგული დროის ძიება)

კახაბერ მელითაურის მოთხრობების კრებულის, „ვიბრამების“ პირველი მოთხრობა დანარჩენი ტექსტებისგან განსხვავდება. თუ მომდევნო მოთხრობებში დოკუმენტური და ბიოგრაფიული ელემენტები მეტია, პირველი მოთხრობა, სახელწოდებით „დ.“, ერთგვარი შეკუმშული საგაა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის რეალურ ამბებს მოგვითხრობს. მოთხრობა კლასიკური ქართული ლიტერატურის ნიმუშების მსგავსად იწყება — შეიძლება ყაზბეგის, ნინოშვილის ან გიორგი წერეთლის რომანები მოგვაგონოს, სათავგადასავლო ელემენტებით, ოღონდ ამ ტექსტში უხვადაა მხატვრული ფიგურები, რომლებიც ზოგჯერ პოეზიის ზღვარზეა და თავისებური მუსიკალური ინტონაციით გამოირჩევა (რად ღირს თუნდაც მხატვრული სახე „გაწვიმდა დარდი“), თან ახლავს იუმორი და დიალექტიზმებითაა გაჯერებული. ფაქტობრივად, მცირე ფორმატში მოქცეულია რომანის მასალა, სადაც თითქმის ყველა პერსონაჟი გამოკვეთილი და ცოცხალია, თავისი პოლიფონიურობით. დროდადრო მე-19-მე-20 საუკუნის დასაწყისის რეალისტური პროზის ესთეტიკაში იჭრება მაგიური რეალიზმის ელემენტები — პერსონაჟი დიმიტრას — ხოგაის მინდიას ამ ერთგვარი შთამომავლის სახით, სადაც დიმიტრა ანტიკური ხანის ფილოსოფოსივით ცდილობს სამყაროს წყობის რაციონალიზებას. ამ თვალსაზრისით, მაგიური რეალიზმი და რეალისტური პროზა — ორივე ეწინააღმდეგება თხრობის ტრადიციულ ცნებებს ჩვეულებრივი ელემენტების არაჩვეულებრივთან შერწყმით; მაგიური რეალიზმი, სადაც ფანტასტიკური ელემენტები ჩართულია რეალისტურ გარემოსა და სიტუაციებში. ერთი მხრივ, ეს, შესაძლოა, მითითებაა იმაზე, რომ თვალით დანახული სამყარო ყოველთვის ვერ ჩაითვლება სინამდვილის ვერიფიკაციის საფუძვლად, მაგრამ, მეორე მხრივ, თანამედროვეობის გათვალისწინებით, თითქოს მასში იკითხება თვალით უხილავი სამყაროს წვდომის მეცნიერული მეთოდების აქტუალიზება. ამავე დროს, მაგიურ რეალიზმსა და დოკუმენტურ პროზას შორის კავშირი გულისხმობს ჩვეულებრივ ნარატივებთან დაპირისპირებას და ითვალისწინებს თხრობის საზღვრების გაფართოებას. ორივე ჟანრი ეჭვქვეშ აყენებს განსხვავებას რეალურსა და წარმოსახულს შორის. მაგიური რეალიზმი ამას ფანტასტიკური ელემენტების რეალისტურ გარემოში ინტეგრირებით ახერხებს, ხოლო დოკუმენტური პროზა აფერმკრთალებს საზღვრებს რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებსა და ინდივიდების თხრობით სტრუქტურას შორის, რომელიც მხატვრულ ლიტერატურას ჰგავს.

ამ მოთხრობას მოსდევს სამი სხვა მოთხრობა, რომელთაც შეიძლება დოკუმენტური პროზა ბიოგრაფიული ელემენტებით ვუწოდოთ. მათში, ძირითადად, მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის თაობის შესახებ და სინამდვილე, ძირითადად, ე.წ. თაობა X-ის პერსპექტივიდანაა ნაჩვენები — მით უმეტეს, რომ მთხრობელიც ამ თაობის წარმომადგენელია. თაობა X აერთიანებს ინდივიდებს, რომლებიც 1960-1980-იანი წლების დასაწყისამდე დაიბადნენ; რომელთაც მნიშვნელოვანი სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში მოუწიათ ცხოვრება. ამ თაობის ეთოსი ხშირად ლიტერატურაში ვლინდება იმედგაცრუების, გაუცხოების და ავთენტურობის ძიების თემებით. მათ მიერ პრიორიტეტულ თემებს შორისაა ერთგვარი ნოსტალგიის აღორძინების თემა (როგორც ამას ვხვდებით რუმინელი ავტორის, ვასილე ერნუს ბიოგრაფიულ რომანში „დაბადებული საბჭოთა კავშირში“). საბჭოთა ნოსტალგიის მიმზიდველობა იდეალიზმისა და მკაცრი რეალობის კომპლექსურ ნაზავს გულისხმობს და ემსგავსება ერთგვარ კვლევას — ავტორები ხშირად იკვლევენ პოლიტიკური ჩაგვრის, კულტურული იდენტობისა და საბჭოთა ისტორიის გრძელვადიანი გავლენის თემებს ინდივიდებსა და საზოგადოებებზე. მაგალითად, როგორც ვიქტორ პელევინთან, რომელიც იკვლევს თაობა X-ის იმედგაცრუებასა და ეგზისტენციალურ შფოთვას გვიან საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში; ან ტატიანა ტოლსტაიასთან, რომლის მოთხრობები და რომანები გვიანი საბჭოთა და ადრეული პოსტსაბჭოთა პერიოდის განწყობას ასახავს და წარმოადგენს ცხოვრებას გმირებისა, რომლებიც ცდილობენ გზა გაიკვალონ საზოგადოების სირთულეებისა და სოციალური შეზღუდვების ფონზე, პერსონალური თვითრეალიზაციის და „მე“-ს ძიებების პარალელურად; ან ალექსეი ივანოვივით, რომელიც იკვლევს საბჭოთა დროის სიმარტივესა და იდეალებს პოსტსაბჭოთა რეალობის სირთულეების ფონზე.

საბჭოთა ნოსტალგიის თემა სულ უფრო გამძაფრდა პოსტსაბჭოთა ეპოქაში. როგორც ალენა ლედენევა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პოლიტიკისა და საზოგადოების პროფესორი, აღნიშნავს: „საბჭოთა ნოსტალგია ასახავს ლტოლვას წარსულის ეპოქის გარკვევისკენ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობებისა. წარსულისკენ ლტოლვა, იმავდროულად, გულისხმობს აწმყოს ასპექტების კრიტიკას“. ცხადია, საბჭოთა ნოსტალგია არ არის მოკლებული კრიტიკას; ის შეაზავებს სასიამოვნო მოგონებებს რეპრესიების, ცენზურის და ეკონომიკური გაჭირვების მკვეთრ რეალობასთან. ეს არის ნოსტალგია, რომელიც ხასიათდება დაკარგული ოცნებებისა და შეუსრულებელი დაპირებების აღიარებით.

ზოგადად, რთულია წერო საკუთარ ცხოვრებაზე და საინტერესო გახადო. ბოლო პერიოდში თანამედროვე ლიტერატურაში განსაკუთრებით გაიზარდა დაინტერესება  ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზის მიმართ. გარკვეულწილად, ეს თითქოს ლოგიკურიცაა — პოსტმოდერნიზმის მრავალმნიშვნელობისა და ქარაგმულობის შემდეგ. ეს ჟანრები აერთიანებს დოკუმენტური ფილმის ტექნიკას და პროზისთვის დამახასიათებელი თხრობის მრავალფეროვან თავისებურებებს, არღვევს საზღვრებს ფაქტსა და გამონაგონს შორის. დოკუმენტური და ბიოგრაფიული პროზა ავტორებს სთავაზობს მძლავრ ინსტრუმენტს რთული თემების შესასწავლად, ავთენტურობისა და ემოციური გულწრფელობის შენარჩუნებით. რეალური მოვლენების და ინტროსპექტული თხრობის შერწყმით, ავტორები მრავალფეროვან პორტრეტებს ქმნიან. ეს მიდგომა არა მხოლოდ ამდიდრებს თხრობის პროცესს, არამედ გამოწვევის წინაშე აყენებს ავტობიოგრაფიისა და მემუარების ტრადიციულ ცნებებს. ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზა აწყვილებს დოკუმენტური კინოს ფაქტობრივ სიმკაცრეს პროზის ლირიკასთან, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინფორმირებას, არამედ დაფიქრებას და თანაგრძნობას. როგორც პატრიცია აუფდერჰაიდი, ამერიკული უნივერსიტეტის საკომუნიკაციო კვლევების პროფესორი, აღნიშნავს: „ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზა გვაძლევს საშუალებას გამოვიკვლიოთ ინდივიდების შინაგანი ცხოვრება ისტორიის უფრო ფართო ტილოში. ის წარსულის ჰუმანიზაციას გვთავაზობს და ერთგვარი ფანჯარაა მეხსიერებასა და იდენტობასთან დაკავშირებულ სირთულეებში.“

ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზა ერწყმის პირად ნარატივებს, უფრო ფართო სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტებს და მკითხველს ინდივიდუალური ცხოვრებისა და კოლექტიური ისტორიების ნიუანსურ გაგებას სთავაზობს.

საბჭოთა ნოსტალგიისა და დოკუმენტური ბიოგრაფიული პროზის კვეთა თანამედროვე ლიტერატურაში ასახავს ლიტერატურული გამოხატვის დინამიკურ ევოლუციას. ინტროსპექციის, კულტურული კრიტიკისა და ნარატიული ტექნიკის მეშვეობით ავტორები აგრძელებენ ადამიანის გამოცდილებისა და მეხსიერების სიღრმეების კვლევას. ეს ნარატივები არის როგორც ჩვენი კოლექტიური წარსულის ანარეკლი, ასევე მუდმივად ცვალებად სამყაროში თხრობის შესაძლებლობების დასტური.

ერთსა და იმავე დროს, საბჭოთა ნოსტალგიური ლიტერატურულ ნაწარმოებში ერთ-ერთი მთავარი თემაა უმანკოებისა და უსაფრთხოების გრძნობის დაკარგვა, იდეალების რღვევა. ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზის კახაბერ მელითაურისეულ ნიმუშებში ნაკლებადაა ფსიქოანალიზი, როგორც ზოშჩენკოსთან, უფრო მეტად ნოსტალგიაა და კონკრეტული პერსპექტივით დანახული გარემო, რომელშიც მთხრობელი ცხოვრობდა. მოთხრობებში „ლენინის მოედანი“ და „ვიბრამები“ წარმოდგენილია საბჭოური თბილისის ქრონიკა, თავისი კომუნალური სახლების და ნახევარსარდაფების ესთეტიკით. სივრცე, როგორც სამყაროს მოწყობის ლოგიკა, თუნდაც სისტემის მიერ თავს მოხვეული ე.წ. იტალიური ეზოებით, ადამიანების ერთ გაერთიანებად ჩამოყალიბების წინაპირობად და კომუნის იდეის საფუძვლის, ერთიანობის და აქედან გამომდინარე, თანაგანცდის ამოსავალ წერტილად იქცევა — როგორც ეს ჩანს იგორას და მისი მშობლების ისტორიაში მოთხრობაში „თავი“, რომელიც ასევე, ნეორეალისტური ესთეტიკის ელემენტებითაა გაჯერებული. მოთხრობაში „ლენინის მოედანი“ გვხვდება ნეორეალისტური ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ჩანართი ეპიზოდები — როგორიცაა, მაგალითად, კუნოს სიყვარულის ამბავი, ყოველდღიურობის რომანტიზებით.

ლიტერატურაში სუნების პოეტიკა იკვლევს სენსორული გამოცდილების ღრმა, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველ სფეროს და მას თხრობის ქსოვილში რთავს ემოციების, მოგონებებისა და ატმოსფეროს გასაღვიძებლად. ვიზუალური ან სმენითი ელემენტებისგან განსხვავებით, სურნელებს აქვთ უნიკალური უნარი, რაციონალური აზროვნების გვერდის ავლით, პირდაპირ ჩვენს ქვეცნობიერში მოხვდნენ, რაც იწვევს ვისცერალურ რეაქციებს და მკითხველი ბოლომდე მოთხრობილ სამყაროში გადაჰყავს. ყნოსვითი დეტალები მკითხველს სხვადასხვა დროსა და ადგილას ამოგზაურებს და თხრობას სენსორული ელემენტებით ამდიდრებს.

კონკრეტულ სურნელს შეუძლია განბლოკოს დამარხული მოგონებები ან აღძრას ძლიერი ემოციები, რომლებიც დაკავშირებულია წარსულ გამოცდილებასთან. მარსელ პრუსტთან ეს ფენომენი კარგადაა გამოკვლეული რომანში „დაკარგული დროის ძიებაში“, სადაც გმირის მოგონებებს აცოცხლებს ჩაის გემო.

აღწერილობითი ფუნქციის გარდა, სურნელებს ხშირად აქვთ სიმბოლური წონა და მეტაფორული მნიშვნელობა ლიტერატურაში. ისინი შეიძლება იყვნენ ემოციების, პიროვნებების ან ეგზისტენციალური თემების მეტაფორები. კახაბერ მელითაურის მოთხრობაში „ლენინის მოედანი“ სუნის პოეტიკა სოციალური კლასების ანალიზის საშუალებად იქცევა, სადაც საბჭოთა სუნამოს ანატომია ერთგვარ სოციალურ ანატომიას ემსგავსება. სუნების ამ ანატომიის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სოციალური სტატუსების ანალიზი.

მოთხრობა „ვიბრამები“ ერთგვარი გამაერთიანებელია მოთხრობების სულისკვეთების. ვიბრამების ხსენებისას მაშინვე გვახსენდება გურამ რჩეულიშვილი, პროტესტით თავისი დროის საზოგადოების და ღირებულებების მიმართ. ის ხომ ერთ-ერთი პირველი იყო ქართულ საბჭოთა სინამდვილეში, რომელმაც პირველმა ჩაიცვა უხეში სამხედრო ტიპის ყელიანი, სქელლანჩიანი ფეხსაცმელი, ვიწრო შარვალი და საბჭოური მედიდური რესტორნების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭა იმდროინდელ ანდერგრაუნდულ სივრცეს — სარდაფებში მოწყობილ დუქნებს. კახაბერ მელითაურის მოთხრობაში ნახსენები ვიბრამები ასევე განასახიერებს პროტესტს და კულტურული მნიშვნელობის მქონე სიმბოლოა როგორც ლიტერატურაში, ასევე პოპულარულ კულტურაში. დასავლურ სამყაროში ის ანტიკონსუმერიზმსა და მინიმალიზმს განასახიერებდა, ხოლო საბჭოთა სინამდვილეში მეინსტრიმული კულტურის პროტესტად იქცა. ვიბრამები გარდაიქმნება სწორედ იმ ინსტრუმენტად, რომელიც არღვევს სოციალურ სისტემას, რომელიც კარგად ჩანს სუნების მეშვეობით კრებულში წარმოდგენილ მოთხრობაში „ლენინის მოედანი“, თავისი სტატუსებით, ღირებულებებით, შეხედულებებით ღირსებისა და უღირსობის შესახებ და იერის თვალსაზრისით, ეს მილიტარისტული არტეფაქტი პაციფისტურ სიმბოლოდ გარდაიქმნება, როცა მთხრობელს, მეინსტრიმული საზოგადოების მითითებით, სთხოვენ სხვის დაჩაგვრას და როცა ეს დაჩაგვრა მასში გარდატეხას, გაბატონებული ღირებულებების გადაფასებას იწვევს.

ბიოგრაფიული ელემენტების მქონე დოკუმენტური პროზა დგას მოთხრობისა და ისტორიული კვლევის კვეთაზე, სადაც პიროვნული იქცევა პრიზმად, რომლის მეშვეობითაც უფრო ფართო ნარატივები იკვეთება. ეს ჟანრი კიდევ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჩვენებს, თუ როგორ აგრძელებს წარსული ჩვენი აწმყოსა და მომავლის ფორმირებას.

© არილი

Facebook Comments Box