გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები, თბ. სიესტა, 2014.
საკუთარი გამოცდილების თუ თავგადასავლის გაზიარების სურვილი ადამიანს უხსოვარი დროიდან აქვს, მაგრამ მიმდინარეობის სახით, მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული ფორმით, ეს სენტიმენტალიზმის წიაღში მოხდა, როდესაც ლორენს სტერნი და მისი თანამედროვენი თავიანთი თავგადასავლების შესახებ გვიამბობდნენ. თუმცა მანამდე ჟან ჟაკ რუსო სკანდალურად გულახდილ “აღსარებას” წერს. სტერნი “ტრისტრამ შენდიში” ირიბიად გვიამბობს საკუთარი ბიოგრაფიის შესახებ. თხრობის ეს ფორმა რომანტიზმის ხანაში უფრო აღსარებას მოგვაგონებს. ზოგადადაც, ლირიკული გმირის პოზიცია რომანტიზმის ხანაში უფრო აღსარებითია. ინდივიდუალისტური ცნობიერების მატარებელ კიდევ ერთ ხანაში – მოდერნიზმის ხანაში დღიურის მთხრობელი უფრო ყოფიერების საკითხებზეა კონცენტრირებული და მისი თხრობა უფრო მონოლოგურია, რომელსაც არ ჰყავს ადრესატი – მოდერნიზმის ხანის დღიურების მწერალი სრულიად მარტოა. დღეს, როდესაც ადამიანის ვუაიერისტულ მიდრეკილებებს ასპარეზი გაეხსნა, დღიურის ადრესატი უკვე მილიონებიანი აუდიტორიაა. ესეც სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან ინფორმაციის წყაროები სწორედ დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა. აქედან მომდინარეობს ზეპირი ისტორიებისადმი გამძაფრებული ინტერესი, სხვისი პირადი ცხოვრების ჭვრეტით ტკბობა. ამ ყველაფერს კი ცნობისმოყვარეობასთან მივყავართ. როგორც ედმუნდ ბურკი წერდა: “ცნობისმოყვარეობა ადამიანის მიჯაჭვულობათაგან ყველაზე ზედაპირულია. ის მუდმივად იცვლის ობიექტს. მას ძალიან მძაფრი მადა აქვს, მაგრამ მისი დაკმაყოფილება ძალიან ადვილია; მას აჩქარება, მოუსვენრობა და შფოთი ახასიათებს”. სადაც ცნობისოყვარეობაა, იქ რისკიცაა, რომელიც ან ახალი აღმოჩენით ტკბობას განგვაცდევინებს – თავისი სიამით და ტკვილით, ან მარცხით სრულდება. კაცობრიობის ისტორიაც ხომ, პრაქტიკულად, ცნობისმოყვარეობას ეფუძნება – ადამს და ევას რომ არ გაესინჯათ ცნობადი ხის ნაყოფი, დღეს სხვაგვარ გარემოში ვიცხოვრებდით; ან თუკი ძველი მოგზაურები ახალ ტერიტორიების საძებნელად არ გაამზადებდნენ ხომალდებს, გლობალიზაციაც შორეული პერსპექტივისკენ გადაიწევდა და, შესაბამისად, ადამიანები კვლავ თემურად იცხოვრებდნენ. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ადამიანის მამოძრავებელი, სხვა მისწრაფებებთან ერთად, ცნობისმოყვარეობაცაა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ დღეს, ინფორმაციის მისაწვდომობის ხანაში, როდესაც განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნილება ბიოგრაფიული ან პირადული ისტორიებით გაჯერებული წიგნების თუ ფილმებისადმი, ადამიანებს ერთმანეთის ისტორიები აინტერესებთ; ისტორიები, რომლებიც მათ საკუთარ თავზეც რაღაც ახალს ეტყვის; ან, სულაც, ძველ ამბებს გაახსენებს და მათში ემოციას გამოიწვევს. მით უმეტეს, მაშინ, თუკი ეს ამბები გიორგი კეკელიძეს ეხება, რომლის “გურული დღიურებიც” უკანასკნელი ხანების ბესტსელერად იქცა.
წიგნს მუდმივად გასდევს სევდა “ვერ ვიტყვი რომ ტრაგიკული _ მსუბუქი, მაგრამ განუმეორებელი..” – როგორც თვითონ ავტორი აღნიშნავს ერთგან, ოღონდ სხვა კონტექსტში. ეს განუმეორებელი სევდა ავსებს მკითხველის არსებას, როდესაც იგონებს საკუთარი ცხოვრების რუტინას – 1990-იანი წლებიდან უახლოეს წარსულამდე. “მერე ომი დაიწყო. ჯერ მხედრიონი და სხვანი. სამოქალაქო ამბები. დაყაჩაღებები. ხალხს შუქის მოსვლის ეშინოდა, უთოები გადაყარეს. დედაჩემს ქურქი ჰქონდა მოძვირფასო და უკუღმა იცვამდა, რომ არ წაერთმია ვინმეს ქუჩაში. მძიმე დრო. მაგრამ ბავშობისას ამ ამბებს რაღაც უცნაურად აღიქვამ. ემოციურად, მაგრამ არამძიმედ”. – წერს გიორგი კეკელიძე და არც ფეხბურთი და არცთუ უნებლიე ასოციაციით გამოწვეული თურქული რვეულები ავიწყდება, რომლებზეც ხშირად “რვეულების გარეკანთა გმირის” – დევიდ ბექჰემის სურათი იყო გამოსახული.
“გურულ დღიურებში” ნაკლებია კონკრეტიზაცია. ის მკითხველს საკუთარი წარსულის რეკონსტრუქციისკენ უბიძგებს და აქედან გამომდინარე, თამაშს ემსგავსება, რომელშიც ავტორი მკითხველს ითრევს. ამ ინტერაქციის გამოა, ალბათ, რომ მკითხველი ბოლომდე ერთვება ამ თამაშში, ან, გნებავთ, ისევ – წარსულის რეკონსტრუქციის პროცესში. ამ ინტერაქციას, უდავოდ, ემატება გიორგი კეკელიძის იუმორი – შესაძლოა გურული იუმორი, რომელიც წიგნს ერთი ამოსუნთქვით გაკითხებთ. “დღიურები”, ალაგ-ალაგ საკმაოდ თამამი მოგონებებით და იუმორით, თითქოს მიხაილ ზოშჩენკოს კრებულს “მზის ამოსვლის წინ” გაგახსენებთ, თუმცა იქ ავტორი თვითანალიზითაა დაკავებული. “გურული დღიურების” შემთხვევაში კი, გიორგი კეკელიძე მკითხველის თამაშში ჩართვას და “გართობას” ითვალისწინებს.
ის, რის გამოც “გურული დღიურები” განსაკუთრებულად ახლობელი აღმოჩნდა მკითხველისთვის, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ფენომენთან, რომელიც ფროიდის და ბროიერის “კათარზისულ თერაპიის” პრინციპებს გულისხმობს. ისინი პაციენტების მკურნალობისას ჰიპნოზს მიმართავდნენ, რომლის დროსაც რეპრესირებულ ნეგატიურ, ტრავმულ მოვლენებს შეახსენებდნენ. როგორც დაკვირვებები აჩვენებდა, წარსულის მტკივნეული მოვლენების ზედაპირზე ამოტანით, ადამიანი ნევროზული სიმპტომისგან თავისუფლდებოდა. მტკივნეული მოვლენები, ცხადია, უხვად იყო 1980-90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ამ წიგნის ძირითად სამიზნე აუდიტორიას უწევდა ცხოვრება. ეს არის, ალბათ, მტკივნეული წარსულის იუმორისტული ტრანსფორმაცია, რაც კათარზისულ ეფექტს იწვევს. ამ წიგნში რესენტიმენტსაც ვხვდებით, როგორც დამარცხებულის ლოგიკურ და თავდაცვით სტრატეგიას, როდესაც 9 აპრილის შედეგებზე ვკითხულობთ: “და დაბრუნდა ის ბრაზი _ ყელში ბურთით და თვალში ცრემლით. ალბათ ეს ბრაზია, რომელიც ომებს იწყებს. უმწეობისა და შურისძიების შეჯახების ბრაზი. ალბათ ეს ბრაზია _ მშვიდობაზე ფიქრს რომ გკარნახობს, პირველ გაელვებას თუ გაუძელი”. ერთი მხრივ, სწორედ ამ კათარზისული ეფექტის გამოა “დღიურები” სიამოვნების მომგვრელი. მეორე მხრივ, როგორც ანრი ბერგსონი იტყოდა: “შუა ასაკის ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე მეტი სიამოვნება, ვიდრე ბავშვობის შეგრძნებების გაცოცხლება”.
“დღიურები” რომ პოეტის დაწერილია, ეს ცხადად იგრძნობა მთელ რიგ პასაჟებში. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც, თავისი პოეტური სტრიქონების მსგავსად, კეკელიძე განზოგადებას მიმართავს – აქ წვიმაში მობუზული ჭირიანი ქათმები სიკვდილთან მეტაფორულად წყვილდება: “სიკვდილი ნიშნავდა ჭირიან ქათმებსაც წვიმიან დღეებში”, რომელიც ფრაზეოლოგიურადაც კი მის ლექსებს მოგვაგონებს. ამავე დროს, “დღიურები” პოეტურია იმიტომაც, რომ ავტორის თქმით, აქ მოთხრობილი “ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი..” ჩვეულებრივში არაჩვეულებრივის მოხელთებაა სწორედ პოეზია. და კიდევ წიგნის ბოლო ფრაზა: “რა იყო ის ნათება: მართლა ზეციური მნათობის ნატეხი თუ კაცი ფარნით, რომელიც ტყეში დაკარგულ ძროხას ეძებდა? ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა”. არის ამაში, უდავოდ, რეალობასა და წარმოსახვას შორის ზღვარის გაფერმკრთალების გამოხატულება, რის გამოც “გურული დღიურები” ფართო საზოგადოებაში პროზის საბურველში გახვეული პოეზიის კონტრაბანდისტული იმპორტის სასიამოვნო მაგალითად იქცევა.
© არილი