ახალი ამბები,  ახალი წიგნები

გამომცემლობა “პალიტრა L”-ის საფესტივალო სიახლეები

გამომცემლობა “პალიტრა L”-ის სიახლეები თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალისთვის:

 

მსოფლიო ლიტერატურა:
აგათა კრისტი, „სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ (თარგმნა პაატა ჩხეიძემ)

“რომანი ”სპილოებს ყველაფერი ახსოვთ“ აგათა კრისტიმ 1972 წელს დაწერა და გამოსცა.

ეს არის უკანასკნელი დეტექტივი სახელგანთქმულ მაძებარზე, ერკიულ პუაროზე (რომანი ”ფარდა“, რომელშიც მაძებარი იღუპება, მეორე მსოფლიო ომის დამდეგს დაიწერა, მაგრამ მწერალმა მოგვიანებით მკითხველის საყვარელი გმირი ”გააცოცხლა“). ამჯერად პატარა ბელგიელს ორმაგი მკვლელობის საქმის გამოძიება მოუწევს თავის დიდი ხნის მეგობართან, მწერალ არიადნა ოლივერთან ერთად.”

 

ფრედერიკ ბეგბედერი, „დამბა ატლანტის ოკეანის პირისპირ“ (თარგმნა ნინო თურქესტანიშვილმა)

“ადამიანმა დედამიწის ზურგზე იმდენი საზიზღრობა ჩაიდინა, გამორიცხული არ არის, რომ ბუნებამ მისი განადგურება ჩაიფიქრაო, ასე იწყება ფრედერიკ ბეგბედერის ახალი ფრანგული რომანი „დამბა ატლანტის ოკეანის პირისპირ“. ადამიანი ბუნების პირისპირ და პირიქით _ ყველაფერი ადამიანის წინააღმდეგ _ ეს დისტანციაა, რომელიც პანდემიამდე მოვიდა და აი, ახლა ის წიგნის ფურცლებზეც გადმოდის _ ავტორის ფრაზებიც ლიტერატურულ დისტანციას იცავენ.

და მაინც: „ქვიშაზე ვზივარ და ვწერ. გამოდის, ეს ყოფილა ჩემი თავშესაფარი. ერთადერთი ადგილი ვიპოვე, სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ თავს მთელ დედამიწის ზურგზე და ეს დამბაა. მეგონა მსოფლიოს შეცვლა მინდოდა, არადა, ვატყობ, არაფრის შეცვლა აღარ მინდა“.”

 

კოლსონ უაითჰედი, „ნიკელის ბიჭები“ (თარგმნა ეკატერინე მაჩიტიძემ)

“ელვუდ კურტისი კოლეჯში სწავლას გეგმავს, თუმცა ერთი უნებლიე შეცდომა ყველაფერს ცვლის – იდეალისტი და გულუბრყვილო ბიჭი ნიკელის აკადემიაში მიჰყავთ, სადაც ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობა, ქურდობა და უსამართლობა ხვდება. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, უბრალოდ, ქრება. ელვუდის მეგობარი ტერნერი ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მჩაგვრელთა სისასტიკისა და ცინიზმის მიბაძვაა. ელვუდის იდეალიზმსა და ტერნერის სკეპტიციზმს შორის განსხვავება განაპირობებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებიც ათწლეულები გასტანს.

რომანისთვის „ნიკელის ბიჭები“ კოლსონ უაითჰედს 2020 წელს თავისი რიგით მეორე პულიცერის პრემია მიენიჭა. ნაწარმოებს დოზიერის ვაჟთა სკოლაში მომხდარი შემზარავი ამბები დაედო საფუძვლად. ”

 

სტივენ კინგი, „ბნელი კოშკი“

“„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან… შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?”

 

მარიკე ლუკას რეინეველდი, „მძიმეა დღის ბოლო“ (თარგმნა დავით ღოლიჯაშვილმა)

“ნიდერლანდელი პოეტის პირველი გახმაურებული რომანი, რომელმაც 2020 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა.

ამ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მკაცრ ქრისტიანულ გარემოში, ფერმაში გაზრდილი ათი წლის იასი ოჯახის ტრაგედიას საკუთარ თავს აბრალებს. ერთხელ ძმაზე გაბრაზებულმა ღმერთს სთხოვა, მისი საყვარელი კურდღლის ნაცვლად, თავისთან იასის უფროსი ძმა წაეყვანა. ასეც მოხდა და ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შორის სიკვდილი ჩასახლდა, თუმცა მათ სახლში ამაზე არავინ ლაპარაკობს. მაგრამ იასს არსად სურს წასვლა, მხოლოდ საკუთარ თავში მოგზაურობა უნდა და ამის ნიშნად ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს. ეს მისი საიდუმლოა – ოჯახში არ უნდა იცოდნენ, ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა რომ აირჩია. ამიტომ აღარ იხდის წითელ ქურთუკს, რომელიც ფარავს მის სანუკვარ სურვილს, ერთდროულად მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და გაქრობა”.

 

ვლადისლავ შპილმანი, „პიანისტი“ (თარგმნა ია ქვაჩახიამ)

“მკითხველის წინაშეა დაუჯერებელი, თუმცა ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ცნობილი პოლონელი პიანისტისა და კომპოზიტორის ვლადისლავ შპილმანის მიერ.

მუსიკოსი ყველა იმ მძიმე განსაცდელის შესახებ გვიყვება, რაც მას თავს გადახდა მეორე მსოფლიო ომის წლებში, ვარშავის გეტოში გამომწყვდეულს. სრულიად მოულოდნელად, გადარჩენაში შპილმანს დაეხმარა გერმანელი ოფიცერი – ჰოზენფელდი. სწორედ მისი დღიურიდან ამონარიდები ერთვის და ავსებს მუსიკოსის თხრობას. წიგნი საფუძვლად დაედო ცნობილ ფილმს, რომელიც რომან პოლანსკიმ გადაიღო”.

 

კაზუო იშიგურო, „კლარა და მზე“ (თარგმნა თამარ ჯაფარიძემ)

“ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს.

კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?”

იხილეთ რეცენზია

 

ქართველი ავტორები:
ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „ასტრალის სული“

“ყველა გადახრა ბავშვობაში მიღებული ფსიქოტრავმებისა და მათ მიერ გამოწვეული კომპლექსების გამოძახილია. “მანიაკები მოდიან!”- ეს ფრაზა ირონიულად მიტრიალებდა თავში ამ ნაწარმოების კითხვისას და იმ დღეებში ყველას-გარშემომყოფებს, ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეხვედრებზე-სხვანაირი, ე.წ. დედუქციური თვალით ვაკვირდებოდი და, ჩემდა უნებურად, ვცდილობდი, მეპოვა ის მანიაკი, რომელიც მუდამ კეთილშობილურ ნიღაბსაა ამოფარებული (შესაძლოა, დღეს ამ ბედკრულ პლანეტაზე სწორედ ისინი არიან ფარულ უმრავლესობაში)…

“ასტრალის სული”, ჩემი აზრით, ჟანრულად მრავალწახნაგოვანი, თუმცა მაინც უფრო მანიაკური ფსიქო-დეტექტივია. ნაწარმოებში ყველა პერსონაჟი ფენომენალური, ეგოცენტრული მანიითაა შეპყრობილი.” დარწმუნებული ვარ, ეს ტექსტი ბევრ წამკითხველს ამოუყრის ქვეცნობიერიდან იმ ჟანგიან კითხვებს, რომლებზე პასუხებსაც ისევ ეს, ყოველმხრივ მოქნილი, მრავალსაფეხურიანი და იოლად საკითხავი რომანი იძლევა,” – ბესო ხვედელიძე მწერალი, წიგნის რედაქტორი

 

თეონა დოლენჯაშვილის „ექსპედიცია“

თეონა დოლეჯაშვილმა მოთხრობების გამოქვეყნება 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი “იანვრის მდინარე”, რომელსაც საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ლიტერატურული პოემა საბა მიიღო. 2009 წელს თეონა მეორედ გახდა საბას გამარჯვებული “მემფისი” წლის საუკეთესო რომანად დასახელდა.

ძველი და ახალი თხზულებებით, რომელთა შორისაა სხვადასხვა დროს ლიტერატურულ კონკურსებზე წლის საუკეთესო მოთხრობებად დასახელებული “ექსპედიცია”, “აჩრდილი”, “რეალური არსებები” , ასევე სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და უცხოურ გამომცემებში შესული რჩეული ტექსტები.

 

რატი ტატიანის „რომეო იცინოდა“

„რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. განა რამდენ ტანჯვას გაუძლებს ადამიანი, სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც სიცოცხლის გაგრძელება შეუძლებელია?

მოთხრობების ორი კრებულის ავტორი, რატი რატიანი ამჯერად რომანით წარდგება მკითხველის წინაშე. „რომეო იცინოდა“ სასტიკი ტექსტია, რომელიც მკითხველს მზერას ისეთი რაღაცისკენ მიაპყრობინებს, რისი დავიწყება ან არდანახვა უნდა.

 

ნათია ჯაგოდნიშვილის „შეცდომა“

რომანი გვიყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. ჩვენც მივადევნოთ თვალი მათ თანაცხოვრებას, ვნახოთ როგორ გაგრძელდება მათი თავგადასავალი. ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: იყო თუ არა შეცდომა მთავარი გმირის გადამწყვეტი ნაბიჯი?

 

შემეცნებითი წიგნები:
ჰექტორ გარსია,  ფრანსესკ მირალესი, „იკიგაი“ (თარგმნა ანა ალბუთაშვილმა)

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას?

ამ კითხვაზე პასუხი ამ წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

 

“ჰეგარტი რეკლამის შესახებ – ცოდნის მაგიად გადაქცევა“ (თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა)

„ჰეგარტი რეკლამის შესახებ” მოიცავს წლების განმავლობაში დაგროვილ სიბრძნესა და აზრს იმ ადამიანისგან, რომელიც დგას უაღრესად ეფექტური და გავლენიანი კამპანიების უკან ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა Levi Strauss, Audi და Unilever.

ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი პირველი წიგნი კრეატივის და სარეკლამო სააგენტოს ფუნქციონირების შესახებ, სადაც ავტორი, როგორც თვითმხილველი და თანამონაწილე, არაჩვეულებრივი ენითა და იუმორით აღწერს თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ფორმირებისა და განვითარების გზას.

 

ნორმან ვინსენტ პილი, „პოზიტიური აზროვნების ძალა“ (თარგმნა ლევან ინასარიძემ)

წიგნი გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაიქმნება. ის პოზიტიურ აზროვნებას გვასწავლის, ოღონდ, არა სახელ- დიდების ან ძალაუფლების მოსაპოვებლად, არამედ რწმენის განსამტკიცებლად, რომელიც სირთულეების გადალახვაშიც დაგვეხმარება და ცხოვრებაში ჭეშმარიტ ღირებულებებსაც შეგვათვისებინებს

© არილი

Facebook Comments Box