ახალი წიგნები,  რეცენზია (თარგმანი)

კაზუო იშიგუროს “კლარა და მზე” – ადამიანებზე მზრუნველი ჰუმანოიდი

ავტორი: რადიკა ჯონსი

წიგნის შუაში ქალი, რომელიც პირველად ხვდება კლარას, გულუბრყვილოდ ამბობს ფრაზას, რომელიც თავისთავში სრულად იტევს კაზუო იშიგუროს რომანის ესენციას: „კაცი ვერ გაიგებს, როგორ უნდა დახვდეს შენნაირ სტუმარს. საერთოდ ხარ კი სტუმარი? თუ მტვერსასრუტივით უნდა მოგექცე?“

ნობელიანტის მერვე რომანის მთხრობელი ხელოვნური მეგობარი, ჰუმანოიდი მანქანა კლარაა – მოკლე მუქი თმითა და კეთილი თვალებით, რომლებითაც სამყაროს გაფაციცებით აკვირდება. თავიდან მაღაზიის ვიტრინაში იჯდა და შესაბამის ‘’მფლობელს“ ელოდა, რომელიც 14 წლის ჯოზი აღმოჩნდა. ხელოვნური მეგობარი არც რეპეტიტორია, არც ძიძა და არც მსახური (თუმცა ხანდახან სამივეს როლს ითავსებს). კლარა მეგობარია, მაგრამ არა თანასწორი. ინსტრუქციისამებრ მისი დანიშნულება ჯოზისთვის მარტოსული დღეების შემსუბუქებაა, სანამ გოგონა კოლეჯში არ ჩააბარებს. ამ სამყაროში ბავშვები განათლებას სახლში იღებენ, თანაკლასელების არარსებობით გაჩენილი სიცარიელეს კი ხელოვნური მეგობარი ავსებს. დაკისრებული მოვალეობის შესრულებას კლარას ჯოზის გაურკვეველი დაავადება და გაუგებარი მიზეზით დედის სინდისის ქენჯნა ურთულებს.

უკვე შეამჩნევდით, რომ რომანში მოქმედება მომავალში ვითარდება, რომლის მკვიდრნიც ჩვენგან განსხვავებულად მეტყველებენ. მუშათა კლასი ხელოვნური ინტელექტით „ჩანაცვლდა“. სახლსა და სამოსს ახასიათებენ, როგორც „მაღალ დონეს“. პრივილეგირებული ბავშვები სამომავლოდ წარმატების უზრუნველსაყოფად გადიან „წაქეზების“ პროცესს. ხოლო უფროსი თაობა, რომელსაც ჯერაც ახსოვს ძველი დრო და ჩვენსავით მეტყველებს, მოერგო ცხოვრების ახალ წესს. ჯოზის მამა, ყოფილი ინჟინერი ამბობს: „გულწრფელად? ვფიქრობ, „ჩანაცვლება“ საუკეთესოა, რაც კი ცხოვრებაში დამმართვია… გულწრფელად მჯერა, მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხე მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს ერთმანეთისგან გამიჯვნა. და ჩემს აზრს ძალიან ბევრი იზიარებს“. თუმცა ყველა არა. ერთ-ერთი გამვლელი აპროტესტებს კლარას არსებობას: „ჯერ სამუშაო ადგილები წაიღეს, ახლა თეატრში ადგილებს იკავებენ?“

უკვე ოთხი ათწლეულია იშიგურო ცვალებად სამყაროში მოგონებების შენარჩუნებასთან ერთად წარსულთან გამომშვიდობების აუცილებლობაზე წერს. იკვლევს მეხსიერებას, მოგონებების თანმდევ ტვირთსა და მასთან შეგუების გზებს. „კლარა და მზე“ კი ცხადყოფს, რომ ავტორმა თავის შემოქმედებაში მომიჯნავე – დაძველების თემაც  მოიცვა. როგორია ცხოვრობდე სამყაროში, რომელმაც უკან ჩამოგიტოვა? რა ბედი ეწევათ ადამიანებს, რომლებსაც სხვათა წინსვლისთვის მოუწიათ განზე გადგომა?

იშიგუროს შედევრი და ბუკერის პრიზის გამარჯვებული რომანი, „დღის მიწურულს“ (1989) პროტაგონისტის გაანალიზებით სრულდება, რომ მთელი ცხოვრება ნაცისტთა მხარდამჭერების სამსახურისთვის შეულევია. ხოლო წიგნში „არასდროს გამიშვა“ კლონები თავიანთი ბიოლოგიური დანიშნულების შესრულებისთანავე „აღესრულებიან“. განსახილველ რომანში კი დაძველების თემა ბოლომდე მწიფდება და დასკვნაც იკვეთება: მუშათა კლასი მანქანებმა ჩაანაცვლა, თუმცა ვინ თქვა, რომ მათაც იგივე ბედი არ ელოდებათ. კლარაც ხომ თითქმის უსარგებლო გახდა, როცა მაღაზიის ვიტრინაში გაუმჯობესებული მოდელი მიუდეს გვერდზე.

მომავლის სამყაროშიც პანდემია მძვინვარებს, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ეწირება. ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი თავს იტყუებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ვაქცინა მალე იხსნით მომდგარი კატასტროფისაგან. ძირითადი სიუჟეტური დაძაბულობაც სწორედ ჯოზის ავადმყოფობაა – შეძლებს კლარას დახმარებით გამოჯანმრთელებას? თუ ვერა, მაშინ დედამისს მოუწევს კლარას დახმარებით გაუმკლავდეს დანაკარგს. აღმოჩნდება, რომ ქალიშვილის „წასაქეზებლად“ დედამ ჯოზის დაავადების რისკი გაცნობიერებულად გასწია – სასწორზე დადო მისი სიცოცხლე და საკუთარი ბედნიერებაც. აღნიშნული ქაღალდზე საშინლად ჟღერს, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, დღესაც არაერთი იღებს მსგავს გადაწყვეტილებას.

რომანში აღწერილი გარემო, იშიგუროს სხვა წიგნების მსგავსად, სიზმრისეულია. ვფიქრობ, თომას ჰარდის ესთეტიკას ჰგავს, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს ბუნებასა და ინდუსტრიულ სამყაროში მზარდ განხეთქილებას ასახავს. ტეს დ’ერბერვილი აგრიკულტურის ტექნოლოგიზაციამდე თავს მერძევეობით ირჩენს. განასახიერებს ადამიანურ ბუნებას ყოველდღიურობაში მანქანების გამოჩენამდე, რის შემდეგაც, როგორც ჰარდი ამბობს, კაცობრიობა ატარებს „მოდერნიზაციის ტკივილის“ დაღს.

კლარა ადამიანის ხელით შექმნილი სასწაულია. მართალია, არაა ჩვენსავით მოქნილი და ხრეშის ბილიკზე გავლა მისთვის ერთი დიდი გამოწვევაა. მაგრამ, როგორც დიდი მოხეტიალე, მზის ენერგიით იტენება და ამბის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ველური ბუნების წიაღში თავისი ნებით შეაბიჯებს ჯოსის დასახმარებლად. კლარას აღქმაც მექანიკური და ღრმად სუბიექტურია. მისი თვალებით ვუმზერთ გამოსახულებები ნელ-ნელა ბუნდოვანი კვადრატებიდან მაღალი რეზოლუციის სურათებად როგორ გარდაიქმნება. საუკუნის წინ, შესაძლოა, კითხვისას სამყაროს მანქანის თვალებით წარმოდგენა გაგვჭირვებოდა, მაგრამ დღეს ეს დიდი გამოწვევად სულაც არ გვესახება.

მარტივია კლარას მოწონება – ბოლო-ბოლო ამისთვის შექმნეს, მაგრამ რთულია მისი თანაგრძნობა, რაც ბევრად მნიშვნელოვანია. შეუძლებელია, კითხვისას დაგავიწყდეს, რომ კლარა მანქანაა. ალბათ, იმიტომ, რომ იშიგუროს სხვა მთხრობელთაგან განსხვავებით, მას არ შეუძლია საკუთარი თავის მოტყუება. „მჯერა, რომ ბევრი განცდა მაქვს,“ – ამბობს კლარა. „რაც მეტს ვაკვირდები, უფრო მეტს ვგრძნობ“. ამ განცხადებამ მომნუსხა. არა იმიტომ, რომ მის ადამიანურობაში დამარწმუნა, არამედ რადგან ჩამაფიქრა – განა ჩვენ სხვაგვარად ვახერხებთ გრძნობისთვის სახელის დარქმევას?

2008 წელს, The Paris Review-სთვის მიცემულ ინტერვიუში იშიგურომ თქვა, რომ „არასდროს გამიშვა“ მისთვის მხიარული რომანია. ალბათ, არ გაუთვალისწინებია, რომ სიუჟეტი სამი კლონის ისტორიას მიჰყვება, რომლებსაც სადისტურად იყენებენ ორგანოთა დონორებად. „მსურდა მეჩვენებინა სამი არსებითად წესიერი ადამიანი,“ – დასძინა ავტორმა. კლარას კი თითქმის გმირის მანტია მოუსხია მხრებზე. დააკვირდით მკითხველამდე ვისი ხმა მიწვდომა სურს იშიგუროს: კლონების და არა ადამიანების, მსახურების და არა ბატონების.  „კლარა და მზე“ ავსებს მის ბრწყინვალე ხედვას, თუმცა წარსული შედევრების ბრწყინვალების ქვეშ მაინც იჩრდილება. მაგრამ კლარას სიტყვებში: „ჩემს მოგონებებს უნდა გადავუყვე და თანამიმდევრობით დავალაგო,“ – ავტორის მთელი დიდებულება წარმოჩინდება. მერე რა, რომ ეს მანქანის სიტყვებია. განა არსებობს, ამაზე არსებითი ნარატიული ინსტიქტი ჩვენი ყოფისა?

© არილი

Facebook Comments Box