ახალი ამბები

გენიის დაბადება – ჯოისი და „ულისე“

 

109 წლის წინ, პარიზში მცხოვრებმა ჯეიმზ ჯოისმა 31-ე დაბადების დღეზე მამის წერილი მიიღო, რომელსაც შემდეგ მუდამ ჯიბით დაატარებდა თან. წერილის ბოლოს, ჯონ ჯოისი შვილს ახსენებდა: „ძვირფასო ჯიმ, როგორც ჩემს უფროს ვაჟს, ყოველთვის მსურდა, ჩვენი ოჯახის შესაფერისი ჯენტლმენი ყოფილიყავი, ვისითაც მამაჩემი იამაყებდა.“

თუმცა 1913 წელს მწერლის ცხოვრება მეტწილად იმედგაცრუებებით იყო სავსე: ასწავლიდა ინგლისურ ენას, წერდა ჟურნალებისთვის, იბრძოდა „დუბლინელების“ გამოსაქვეყნებლად, 9 წლის წინ დაწყებული „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ არ დაესრულებინა, ხოლო „ულისე“ ჯერ მხოლოდ იდეის სახით თუ უტრიალებდა გონებაში.

დაბადების დღეზე, გარდაუვალია, არ იფიქრო საკუთარ ყოფასა და მიღწევებზე, იმის საპირისპიროდ თუ როგორ წარმოგედგინა შენი თავი მომავალში. როგორც ჩანს, არც ჯეიმზისა და მამამისისთვის იყო თვითრეფლექსიის ეს წნეხი უცხო. განსაკუთრებით, ირლანდიელი ავტორისათვის, რომელმაც საკუთარი პოტენციალის მასშტაბები კარგად იცოდა.

ჯოისის დაბადების დღეს, 2 თებერვალს კათოლიკური სამყარო მირქმას აღნიშნავს. შეიძლება, ამ დამთხვევამ განაპირობა მწერლის სურვილი, საკუთარი ნაწარმოებები თავის ან მამამისის დაბადების დღეზე გამოცემულიყო. ამიტომაც იწესებდა წერისას ვადებს და, შესაბამისად, უთანხმდებოდა გამომცემლობებსაც. თავის პერსონაჟთა იუბილეებს კი წმინდანებისას უმთხვევდა. მაგალითად, „ულისეს“ პენელოპე, მოლი ბლუმი,  ღვთისმშობლის მსგავსად 8 სექტემბერს დაიბადა.

რამდენი დღესასწაულიც არ უნდა დაიტიოს კონკრეტულმა თარიღმა, ერთ-ერთი თავისი მნიშვნელობით დანარჩენს ყოველთვის დაჩრდილავს. შესაძლოა, აღნიშნული მიზეზი კვებავდა ჯოისის სურვილსაც, რომ შემოქმედების გზით მის დღეობას სასულიერო დღესასწაული გადაეფარა. შესაბამისად, 100 წლის წინ პარიზულმა გამომცემლობა, „Sylvia Beach“-მა „ულისე“ სრული სახით პირველად 2 თებერვალს გამოსცა და 40 წლის ასაკში, ჯეიმზ ჯოისი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი, ხელახლა დაიბადა.

© არილი

 

Facebook Comments Box