ესე

ჯაბა ზარქუა – მკითხველი უნდა მოკვდეს

jaba zarqua76767

მინდა გესაუბროთ ბატონზე, რომელიც ადგენს წესებს და რომელსაც მორჩილებთ. მინდა გელაპარაკოთ ჰეგემონზე, რომელსაც ყოველ დილით ხედავთ სარკეში. მინდა გესაუბროთ მომხმარებელ ადამიანზე.

გაიხედავ, გამოიხედავ და ყველგან მას ეჩეხები თავისი მუდამ უკმაყოფილო სახით, დაღვრემილი გამომეტყველებით და მიმიკებში ჩაკირული და ართქმული პათოსით – ფული მაქვს გადახდილი, სად არის შეკვეთილი პროდუქტი?! ის იმდენად დიდია, ძლიერია და ყველგანმავალია, რომ ერთი შეხედვით ვერსად გაექცევი, ვერსად დაემალები, ვერანაირად შეეწინააღმდეგები. თუ გაბედავ მისთვის ზურგის შექცევას – მოკვდები, შიმშილით სული ამოგხდება და არავინ იდარდებს შენზე. სხვა არაფერი დაგრჩენია, უნდა დანებდე, საფულედან კუპიურები დააძვრინო და შენი წილი მოთხოვნები წამოაყენო. უნდა შეუერთდე მას. დროა ისწავლო გადარჩენა.

მომხმარებელი ადამიანები განვსაზღვრავთ აბსოლუტურად ყველაფერს დედამიწაზე. მავანი კონსპიროლოგების აზრით, ჩვენი სურვილები სხვა არაფერია თუ არა ექსცენტრული მარკეტოლოგების კრეატიული შრომის ნაყოფი. მაგრამ ისინი სცდებიან, რადგან ეს ექსცენტრული მარკეტოლოგებიც ჩვენი შექმნილები არიან, რათა ჩვენი მოთხოვნები უფრო სქემატიზებული, დალაგებული და სისტემატიზებული გახადონ. მათ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ ეს გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერი არ გვჭირდება და მათი კრეატიული და აგრესიული რეკლამების გამო ვყიდულობთ, რა სისულელეა! ყველაფერი გვჭირდება, ყველაფერი გვინდა, ყველაფერს შევიძენთ, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენი გამოგონილია იმისთვის, რომ მოვიხმაროთ, ვიარსებოთ, შთანვთქათ, შევიძინოთ.

მომხმარებელი ადამიანის დიქტატი და ძალაუფლება ალბათ ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა ან უბრალოდ ასე გვეჩვენება განვითარებული კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ხანაში. იყვნენ, როგორ არ იყვნენ მომხმარებლები პრეისტორიულ ეპოქაშიც, თუმცა დიდი ალბათობით ამ ყოველივეს ვერ აცნობიერებდნენ და ინსტინქტურად მიჰყვებოდნენ დინებას. დღეს კი ძალიანაც კარგად ვაცნობიერებთ ყოველივეს და სწორედ ამიტომაც ბლუზი, რომელიც ახალი „iPhone“-ს შეძენის სურვილს ეძღვნება, ლაიტმოტივად გასდევს ჩვენს არსებობას.

ამ წერილში მომხმარებელ ადამიანზე, როგორც ზოგად ცნებაზე სასაუბროდ არ მოგაცდენთ და მინდა უფრო კონკრეტულად ქართველ კონსუმერისტებზე და კერძოდ კი ქართველი კონსუმერისტების ლიტერატურულ მოთხოვნებსა თუ დაკვეთებზე გესაუბროთ, რომელსაც ქართველი მწერლები დიდი სიამოვნებით ასრულებენ.

ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – ქართული თანამედროვე პროზა იმართება მომხმარებლების მკაცრი მოთხოვნებით და ამაში არაფერია არც სასიხარულო და არც სამწუხარო, მშრალი ფაქტია. მომხმარებლები უკვეთავენ მუსიკას, კინოს, ლექსებს და რომანებს. ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, უბრალოდ ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ არ ექნება ფული და სახელი.

ამ გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, მკითხველი მომხმარებლების რამდენიმე სეგმენტია, რომლებსაც შესაბამისად აკმაყოფილებს რამდენიმე კატეგორიის ავტორი. ყველაზე თვალშისაცემი და კარგი განსახილველი გახლავთ ე.წ. youtube-პოეტები, რომლებსაც მრავლად წააწყდებით თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ შემდეგ სიტყვებს: „ლექსი“, „პოეტი“, „ქართველი პოეტი“, „ჩოხიანი ბიჭები ქორწილში ამბობენ ლექსს“ და ა.შ. ეს სეგმენტი მომხმარებელს სთავაზობს ძირითადად მდარე ხარისხის პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია მდარე ლიტერატურული გემოვნების დასაკმაყოფილებლად. ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, დაწყებული თავად ლექსის წყობიდან თუ რითმებიდან, დამთავრებული ჩაცმულობა-ანტურაჟ-ინტონაციით. ისინი დაახლოებით იგივე როლს ასრულებენ ქართულ ლიტერატურაში, როგორსაც ნინო ჩხეიძე – ქართულ მუსიკაში. ქმნიან ცნობილი ქართული პოეტური თემების იაფფასიან კომპილაციებს, ცვლიან უმნიშვნელო დეტალებს და აწვდიან მომხმარებლებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით ეწაფებიან აღნიშნულ პროდუქტს, რადგან ეს პროდუქტი მათ რაღაცას აგონებს. როგორც ზემოთ აღნიშნული მომღერლის სიმღერები აგონებს მსმენელს ცნობილ ქართულ თემებს და სწორედ ეს განაპირობებს ამ პრიმიტიული პროდუქტის პოპულარობას, ასევე   youtube-პოეტები აგონებენ მომხმარებელს ლადო ასათიანსა თუ გალაკტიონს, რომელთა ერთი ლექსი მაინც გვახსოვს ყველას სკოლის პერიოდიდან. ეს ასოციაციები მომხმარებელს უქმნიან შეგრძნებას, რომ საქმე აქვთ რაღაც დიდთან და შესანიშნავთან, როგორსაც სკოლაში ასწავლიდნენ და ამიტომაც მოსწონთ ის.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ ამოიწურება მკითხველ მომხმარებელთა და მიმწოდებელთა სეგმენტაცია. ზემოთ აღწერილი კონსუმერისტებისგან განსხვავებით, სხვა ტიპის კონსუმერისტებიც არსებობენ, რომლებსაც აქვთ პრეტენზია მაღალ გემოვნებაზე, არიან ბევრად ნაკითხები, ვიდრე უკვე ხსენებული მომხმარებლები და შესაბამისად უკვეთავენ უფრო ხარისხიან პროდუქტს, ვიდრე ე.წ. youtube-პოეზიაა. ისინი ცხადია, რიცხოვნობით მკვეთრად ჩამორჩებიან მდარე ხარისხის პროდუქტის დამკვეთებს (და თითქოს უფრო ჭრელადაც გამოიყურებიან), თუმცა იმდენნი კი არიან, რომ მათი მოთხოვნები ბაზარზე ფასობდეს და შესაბამისი პროდუქტის გაჩენაც გამოიწვიოს. ვუალა, პროდუქტიც ჩნდება! თანამედროვე ქართულ პროზაზე დაკვირვებით, ძალიან მარტივად შეგიძლიათ იმ ნაწარმოებების ამოცნობა, რომლებიც ბაზრის ამ მოთხოვნას დიდი სიზუსტით შეესაბამებიან და სრულად აკმაყოფილებენ მას. ცხადია, უფრო დიდ ოსტატობას მოითხოვს ისეთი მომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილება, რომელსაც მოსწონს ფრანგული ახალი ტალღის კინემატოგრაფი თუ მილან კუნდერა. არ არის მარტივი საქმე, რადგან ასეთი მომხმარებელი კირკიტაა და მიდრეკილია დეტალიზაციისადმი. მათ აქვთ პრეტენზია, რომ საკითხს იცნობენ სიღრმისეულად და ითხოვენ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც საკითხის სიღრმისეული ამოცნობის ილუზიას შეუქმნით. ასეთი ნაწარმოებები გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან ერთმანეთს და ძირითადად შემდეგი თვისებებით გამოირჩევიან – დუნე, უინტერესო სიუჟეტით, ბევრი მეტაფორით, გმირების ემოციური სამყაროს გადაჭარბებული აღწერის სურვილით, სტერილური, თუმცა მგრძნობიარე ენითა და რაც მთავარია – დეტალიზაციით. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სურვილების დასაკმაყოფილებლად, რადგან მას აქვს პრეტენზია მახვილი თვალის ფლობაზე. მკითხველს სურს დაიჭიროს ავტორის ისეთი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანი შტრიხები, რომელსაც სხვა, უბრალო მკითხველი ვერ დაიჭერს. მას უნდა იგრძნოს თავი განცალკევებულად, განსაკუთრებულად. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ნაწარმოებებში უხვად შეხვდებით ისეთ „უმნიშვნელო“ დეტალებს, როგორიცაა მაგალითად გახურებული ალერსის დროს, მოსალოდნელი სექსის წინ ქალის ერთწამიანი ჩახედვა სარკეში, თვითტკბობის აღმნიშვნელი თავდაჯერებული ღიმილი და ამის შემდგომ ალერსის გაგრძელება გაორკეცებული სიშმაგით. ამ მომენტით მკითხველს აუცილებლად გაახსენდება კადრი ფასბინდერის ფილმიდან „ბოლვიზერი“ და ესიამოვნება. ან თუ არ გაახსენდება, რაიმე მსგავს ესთეტიკას მაინც იგრძნობს და მაინც ესიამოვნება. მოკლედ, ბეწვის ხიდზე უწევს ავტორს სიარული, რათა მსგავსი პრეტენზიული მკითხველის გემოვნება დააკმაყოფილოს, მაგრამ შრომა ამად ღირს, რამეთუ ასეთი მკითხველის სიყვარული, როგორც წესი, მარადიულია და უფრო სანდოა, ვიდრე ამის წინ აღწერილი მკითხველ-მსმენელების სიყვარული.

არის კიდევ ერთი სეგმენტი მწერლებისა, რომლებსაც სურთ მინიმალური შრომის სანაცვლოდ მიიღონ მაქსიმალური შედეგი – სახელი. საქმე ისაა, რომ მომხმარებლებს სურთ პირადად იცნობდნენ და ემეგობრებოდნენ ისეთ ავტორებს, რომლებსაც ექნებათ აღნიშნული სახელი მომავალში, რათა მოსაყოლი ჰქონდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან, როგორც ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ ეპიზოდებს დუქანში გოგლასთან თუ ქუჩაში ცხენზე ამხედრებულ კოწიასთან შეხვედრის შესახებ. თან ამ მომხმარებლებს დიდად კითხვაც ეზარებათ, მაქსიმუმ „ფეისბუქის“  სტატუსებს შეავლონ თვალი. ჰოდა, სადაც სურვილია, იქაც პროდუქტი – არამწერალ მწერლებზე მოგახსენებთ, უბრალოდ შარლატანებზე, რომლებსაც ეზარებათ შრომა, ეზარებათ წერა ან საერთოდაც არ გამოსდით ეს ყოველივე, თუმცა მწერლის სტატუსი კი აქვთ დამკვიდრებული ვიწრო თუ ფართო სოციუმში. თუ რომელიმე მათგანს ერთი წიგნი მაინც აქვს გამოცემული საკუთარი პროფესიის ფაქტებით გასამყარებლად, ხომ მთლად უკეთესი. აღნიშნული სეგმენტი ძირითადად დაკავებულია სოციალურ ქსელებში საკუთარი იმიჯის განმტკიცებით, სხვადასხვა სოციალურად აქტიური განცხადებების კეთებით და მკვეთრი „მწერლური“ პოზიციის დაფიქსირებით მთელ რიგ საკითხებზე, რაც მომხმარებელსაც უფრო აღაგზნებს. ბედნიერია კონსუმერისტი არამკითხველი მკითხველი არამწერალი მწერლის არსებობით და მასთან დისტანციური, თუმცა ამავე დროს ახლო ურთიერთობით – ძალიან მარტივია სოციალურ ქსელებში ადამიანებთან მეგობრობა და დიდ პასუხისმგებლობას არ მოითხოვს. ბენეფიტები კი იცოცხლეთ, დიდია – ნაცნობი/მეგობარი მწერალი, რომელსაც ხშირად სწერ „inbox”-ში და ულაიქებ ყველა სტატუსსა თუ აქტივობას. ყველა კმაყოფილია. მიწოდება და მოთხოვნა ისევ ერთმანეთის ადეკვატურია.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ლიტერატურაშიც ჭრის კანონი მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ, ზუსტად ისევე, როგორც, ვთქვათ, ავეჯის წარმოებაში. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ საკრალური სფეროს მსგავსი საბაზრო განხილვით შეიძლება ბევრი თქვენთაგანის კრიტიკა დავიმსახურო, თუმცა მოცემულობებს თვალი უნდა გავუსწოროთ, რათა შემდეგ შევცვალოთ ისინი.

რთული იქნება ნახევარფაბრიკატებზე უარის თქმის პროცესი, რადგან მათი მოხმარება მარტივია და იაფი, თუმცა განვითარებისთვის ეს აუცილებელია. განვითარებისთვის აუცილებელია ინდივიდები, რომლებიც არ შეუშინდებიან მოთხოვნა-მიწოდების ციკლის გარღვევას და ახალი ტრენდების დამკვიდრებას, რომლებსაც მერე სხვა ინდივიდები დააღწევენ თავს წლების შემდეგ, შესაბამისად. ხშირად მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული ლიტერატურა, როგორ უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს და ა.შ. მთელი ეს საუბრები სისულელეა, სანამ მომხმარებელ ადამიანს ამხელა ძალაუფლება ექნება. საჭიროა ავტორების ამბოხება, რომელიც მოიტანს შედეგს და რევოლუციას. რა იგულისხმება ამბოხში? ქუჩებში პლაკატებით სირბილი და მთავრობის გადაყენება? არავითარ შემთხვევაში, ლიტერატურასთან ეს არაფერ შუაშია. ჩემი აზრით, ერთადერთი ამბოხი, რომელსაც ექნება აზრი და რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს ჰორიზონტზე, იქნება აჯანყება მომხმარებელი მკითხველის წინააღმდეგ, რომელიც მჭმუნვარე სახით გვიფრიალებს ცხვირწინ მოკუჭულ ლარებს და გვეუბნება, რომ ფული აქვს გადახდილი და შეკვეთას ელოდება. თუ ქართველ ახალგაზრდა ავტორებს ეყოფათ ძალა, რომ დაადგნენ ამ ნაცრისფერი და ჩუმი რევოლუციის მომქანცველ გზას, მაშინ მომხმარებელი ადამიანი დამარცხდება ერთ ბრძოლაში მაინც. ძალიან რთულია ეს პროცესი. განა რა აზრი აქვს ამბოხს, რომელიც ხალხის ყურადღებას არ მიიპყრობს აქ და ახლა და რომლის წყალობითაც ერთი საპირისპირო სქესის ფანის უბრალო კოცნასაც კი ვერ დავიმსახურებთ, სექსზე რომ არაფერი ვთქვათ? განა რა აზრი აქვს ისეთ აჯანყებას, რომელიც აქ და ახლა არ ჩანს? მე კი მგონია, რომ ყველაზე მეტი აზრი სწორედ ამ გზაზე სიარულს აქვს და თუ გადახედავთ დიდი ლიტერატურული მეამბოხეების ისტორიას, მიხვდებით, რომ უმეტესობა მათგანს ეს გზა ჰქონდა არჩეული. დიდი ცდუნებაა წერო ის, რაც „ყველას“ მოსწონს (შენს სეგმენტში, ცხადია). მით უმეტეს, თუ გაქვს განცდა, რომ ამაში შენი პრინციპების საწინააღმდეგო არც არაფერია. დიდი ცდუნებაა შენი ხმა შეუხამო უმრავლესობის ხმას და სამწუხაროა, რომ ამ ცდუნების წინაშე ახალგაზრდა ნიჭიერი ავტორები უძლურები არიან და საკუთარ ტალანტს ფლანგავენ მომხმარებლის სურვილების ასრულებაში. ნამდვილი შემოქმედების საქმე ხომ ახალი სურვილების გაჩენაა, დაფარული სურვილებისა, რომელთა შესახებაც ჯერ წარმოდგენა არ აქვთ კატეგორიულ კონსუმერისტებს.

ცოტათი პარადოქსულ დასკვნამდე მივდივართ – ნამდვილი მწერლები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც შეგნებულად ამბობენ უარს ყველაზე ძლიერი ტოტემის მსახურებაზე, ანუ თავად „მწერლობაზე“ და რომლებიც ცდილობენ მკითხველის, ამ აბეზარი დამკვეთის, მკვლელობას.

ნამდვილი მწერალი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, რომელიც გაბედავს და მტარვალ მკითხველს საბოლოდ ეტყვის: ტრაკში გაიკეთე შენი მოთხოვნები, ძვირფასო.

Facebook Comments Box