29 ივნისს გამართულ გიგი თევზაძის ახალი წიგნის (წიგნების) – „უცნობი წიგნები“-ს პრეზენტაციაზე, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში გაიმართა, სიტყვით სამი რეცენზეტი გამოვიდა: გიგა ზედანია,ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე.
გიგა ზედანია: მისი გამოსვლაამ სიტყვებით დაიწყო: „მე ყველა წიგნი წაკითხული მაქვს . . . . გიგის ყველა წიგნი“. საინტერესო ამ პაუზაში დამსწრე საზოგადოების რეაქცია იყო: აბსოლუტურად არავითარი რეაქცია. არავის გაღიმებია ან გაკვირვებია. გიგას მეორე ნაწილი რომ არ დაეყოლებინა წინადადებას ჭეშმარიტების კოეფიციენტი იგივე ექნებოდა. შემდეგ იყო პარალელები ბორხესთან, შმორხესთან, დბორხესთან და ყველა იმ წიგნის ავტორთან, რომელიც მას წაკითხული ჰქონდა, ვინაიდან გიგის წიგნში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ოცამდე რომანია შესული და შესაბამისად ძალიან ბევრ პარალელსაც იტანს. მაგრამ თუ წიგნი ამას იტანს ადამიანზე ეს ცუდად მოქმედებს: ცოტა ხანში გიგა უკვე სადღაც სივრცეში იმზირებოდა. მის თვალებში კი მხოლოდ ერთი უცხოური სიტყვა იკითხებოდა: ERROR!
ლაშა ბუღაძე: ლაშას გამოსვლა უფრო მოკლედ შეიძლება ავღწეროთ. მან პირდაპირ გვითხრა, რომ „ეს წიგნი არის მხოლოდ მწერლებისთვის“. პრეზენტაცია უმალ დატოვა ორმა პოეტმა. გამწარებული ბრბო კი, რომელსაც წიგნი უკვე შეძენილი ჰქონდა, სკანდირებდა: დაგვიბრუნეთ ფული! ბაკურ სულაკაურს მხოლოდ ისღა დარჩენოდა გამოეტანა აბრა, რომელიც ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციისთვის ჰქონდა დამზადებული: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.
ზაზა ბურჭულაძე: ძალიან საინტერესო ამბავი მოგვითხრო მან: ერთხელ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივედიო. ხოდა, რედაქტორი ოთხიდან საქმეზე რომ გავიდა არ ვიცოდიო რა გამეკეთებინაო. ამ დროს მაგიდაზე რაღაც ნაშრომი შევნიშნეო. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, რასაც ვკითხულობ ყველაფერს ვუკეთებ რედაქტირებასო. ხოდა რო დავიწყე ამ ტექსტის რედაქტირება პასტას ვერ მგლიჯავდნენ ხელიდანო. ჩემი თუ არ გჯერათ აგერ არის რედაქტორი და მაგას ჰკითხეთო. ძალიან მეამაყება,რომ ასეთი წიგნის გამოშვებაში მეც მაქვს წვლილი შეტანილიო. მერე შეჩერდა, იფიქრა ზედმეტი ხომ არ მომივიდაო, და დააყოლა, პრინციპში ბევრი არც იყო სარედაქტირო, უფრო კორექტურა გავუკეთეო.
ამ პრეზენტაციის რეცენზიის შემდეგ, გიგი თევზაძის წიგნის შეძენა თუ არ მოგინდათ, პრეზენტაციებზე სიარულის სურვილი მაინც უნდა გაგიჩნდეთ. სახალისო მონოლოგების და დიალოგების გარდა არ დაგავიწყდეთ, რომ იქ ხშირად საჭმელიც მოიპოვება და შეიძლება ავტორის და წიგნის ორეულებსაც გადაეყაროთ, როგორც ეს 29 ივლისის “უცნობი წიგნების” პრეზენტაციაზე მოხდა.