ახალი ამბები,  ახალი წიგნები

დეიმონ გალგუტის „პირობა” – „მტკივა, მაშასადამე ვარსებობ“

დეიმონ გალგუტი 1963 წელს დაიბადა პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკაში. პირველი რომანი ძალიან ახალგაზრდამ, 17 წლისამ დაწერა. მომდევნო წიგნი, მოთხრობების კრებული, 1988 წელს გამოსცა. 1998 წელს კი გამოვიდა მხატვრული ფილმი, რომელიც მისი რომანის მიხედვით გადაიღეს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცნობილი მაინც მეხუთე რომანის „კარგი ექიმი“ გამოქვეყნების შემდეგ გახდა. ეს რომანი 2003 წელს ბუკერის მოკლე სიაშიც მოხვდა და განსაკუთრებით მოეწონათ კრიტიკოსებსაც.

გალგუტი მესამე სამხრეთ აფრიკელი მწერალია, რომელმაც ბუკერი მიიღო (ნადინ გორდიმერისა და კუტზეეს შემდეგ). ეს ჯილდო გალგუტს გადაეცა წიგნისთვის „პირობა“, რომლის მთავარი თემა, როგორც თავად ამბობს, არის დრო. შთაგონების წყარო კი გახდა იმ მეგობართან დიალოგი, რომელსაც უახლოესი ადამიანები დაეღუპა. იგი თავისი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი იყო და გალგუტს უამბო მშობლებისა და და-ძმის დაკრძალვების შესახებ, რომლებზე დასწრებაც მოუწია.

„პირობა“, რომელიც გამოიცა „ლიტერე ინვენტეს“ სერიაში (გამომცემლობა “პალიტრა L”), სვორტების ოჯახური საგაა, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ავტორის მშობლიურ ქალაქში, პრეტორიაში. გალგუტს წერის სტილის გამო უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობის“ შესახებ საუბრისას კი ბუკერის პრემიის ჟიურიმ აღნიშნა, რომ მისი უჩვეულო თხრობის სტილი არის ფოლკნერისეული სიუხვისა და ნაბოკოვისეული სიზუსტის კომბინაცია. თავად გალგუტი ლიტერატურულ გავლენებზე საუბრისას ასახელებს ფოლკნერს, პატრიკ უაითს, ვირჯინია ვულფსა და სემუელ ბეკეტს.

„პირობაში დეიმონ გალგუტი გვთავაზობს ძლიერ, ცალსახა ახსნას სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ზოგადად ადამიანურობისა, რომელიც შეგვიძლია შევაჯამოთ შეკითხვაში – არსებობს ნამდვილი სამართლიანობა სამყაროში?“ როგორც ამბობენ, ამ რომანით იგი უდავოდ იქცა დიდ სამხრეთაფრიკელ მწერლად.

წიგნის სიუჟეტი ოთხი დაკრძალვის გარშემოა აგებული. მათ შორის დიდია დროითი ინტერვალები, შესაბამისად, შესამჩნევად განსხვავებულია ქვეყნის სოციალური მდგომარეობა; იცვლებიან ქვეყნის მმართველები და მოქალაქეები, რაც რომანს დროისა და ამ დროში მცხოვრები ადამიანების თვალსაჩინო სურათად აქცევს.

როგორც დეიმონ გალგუტი ინტერვიუში ამბობს, წიგნის წერის დასაწყისში ტრადიციულ ნარატიულ ხერხებს იყენებდა, მაგრამ მერე ფილმის სცენარის დაწერა შესთავაზეს. ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა წიგნს და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი ნარატორი შეიცვალა და ისე იქცეოდა, როგორც კამერა – უახლოვდებოდა და შორდებოდა ადამიანებს, პერსონაჟიდან პერსონაჟზე გადადიოდა და არღვევდა ტრადიციულ წესრიგს. მისი თქმით, ამის გაცნობიერებამ გაათავისუფლა შემზღუდველი სტრუქტურებისგან.

როგორც ის მიიჩნევს, ადამიანები ელოდებიან, რომ წიგნი დასრულდება მათი ღირებულებებისა და მოლოდინების შესაბამისად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წიგნის ბოლოს კარგი ადამიანები დაჯილდოვდებიან, ცუდები – დაისჯებიან, პრობლემები კი მოგვარდება. ამგვარად, უწესრიგო სამყარო დაიბრუნებს წესრიგს. მაგრამ რა მოხდება, თუ „კარგი“ და „ცუდი“ უმნიშვნელო ტერმინებად იქცევა? რა მოხდება, თუ სწორედ უწესრიგობაა ბუნებრივი? ავტორის აზრით, ცხოვრება მოწესრიგებული და კომფორტული არაა, ამიტომ ამას არც მისი რომანისგან უნდა ველოდოთ. მით უფრო ხსენებული წიგნისგან „პირობა“, რომელიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი და ოთხი სიკვდილის შესახებ მოგვითხრობს. ამ წიგნში იგრძნობა ნეგატიური, დამთრგუნველი და დესტრუქციული ძალის არსებობა. აქ პრინციპი ასეთია – „მტკივა, მაშასადამე ვარსებობ“.

უნდა ითქვას ისიც, რომ „პირობამ“ და ბუკერმა ავტორის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. გარდა იმისა, რომ წიგნის პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, თავად ავტორიც უფრო სერიოზულ მწერლად აღიქვეს (თავად ამბობს, რომ „სერიოზულად შეხედეს ადამიანებმა, რომლებიც წარსულში ქედმაღლურად უყურებდნენ).

 „ვერ წარმოვიდგენდი, რამდენი არალიტერატურული საუბრის გამოწვევა შეეძლო [ბუკერს]. აბსოლუტურად ყველას, ვისაც ცხოვრებაში ოდესმე შეხვედრილხარ, მოულოდნელად შენთან ყოფნა უნდება. ადამიანებს, რომლებსაც ათწლეულებია, არ უნახავხარ, შენთან სადილობა სურთ. შეტყობინებებს იღებ ვიღაცისგან, ვისაც ორმოცი წლის წინ შეხვდი ლიფტში“ – აღნიშნავს დეიმონ გალგუტი.

© არილი

Facebook Comments Box