არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია გიგი თევზაძე, ფილოსოფიის მასწავლებელი
კითხვის პირველი მოგონება
თავიდან კითხვა მიჭირდა ძალიან. როგორც ჩანს, მქონდა საკმაოდ ძლიერი დისლექსია. ვერ ვკითხულობდი, ამიტომ კითხვის პირველი მოგონებები არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო. მერე, არც თუ ისე თანამედროვე მეთოდებით, დავძლიე დისლექსია და იმის შემდეგ ჩემი ცხოვრების ნაწილია კითხვა.
ბავშვობის საყვარელი წიგნი
„სამი მუშკეტერი“, ბევრს ვკითხულობდი, ვუბრუნდებოდი და კიდევ ვკითხულობდი.
წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა
ყველა წიგნი გცვლის. კითხვა რა არის? რატომ ვკითხულობთ ადამიანები? გარდა იმისა, რომ გვსიამოვნებს, მოგვწონს, ვკითხულობთ იმიტომ, რომ გვინდა სხვისი გამოცდილების ცოდნა, რომ მერე ჩვენც შესაბამისად მოვიქცეთ. ტექსტები ამისთვის არის – გადმოგვცეს ჩვენ მათი გამოცდილება. თავიდანვე, როცა შეიქმნა (მოსაყოლი ტექსტები, სიმღერის ტექსტები, ნებისმიერი ტექსტი), შეიქმნა ამ მიზნით – სხვა ადამიანებისთვის გადაეცათ საკუთარი გამოცდილება. ჩვენი გამოცდილების შესაძლებლობები უსასრულო არ არის. შეზღუდული ვართ გარემოთი, წესებით, ჩვენი ახლობლებით, ქვეყნით, ქალაქით, სოფლით, რომელშიც ვცხოვრობთ და წიგნი, ამ შემთხვევაში, გვიყვება სხვა გამოცდილებას, რომელიც ჩვენ არ გვაქვს ან შეიძლება გვქონდეს; ასევე წიგნი გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ ან როგორ არ უნდა მოვიქცეთ. ესაა ტექსტის დანიშნულება. ამიტომაც ყველა წიგნი, რომელსაც კითხულობ, გცვლის. გასწავლის იმას, რაც არ იცი. მაგალითად, „სამ მუშკეტერს“ რომ კითხულობ, გასწავლის, როგორ მოიქცე, თუ ჩავარდები გამოუვალ მდგომარეობაში. უნდა დაუძახო თუ არა მეგობრებს, მეგობრებთან როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა შეინარჩუნო ღირსება და ა. შ. ყველა წიგნი ასეა. მაგალითად დიკენსი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი რას აკეთებს, როგორ გცვლის? მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, საშობაო მოთხრობებით არის ცნობილი თანამედროვე მკითხველებისთვის, დიკენსს ძალიან ბევრი წიგნი აქვს დაწერილი ბოროტებაზე – რომ ცუდად იქცევიან ადამიანები და უმეტესად ცუდები არიან… მაგრამ არიან კარგი ადამიანებიც და დიკენსი გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ და როგორ გამოვარჩიოთ ეს კარგი ადამიანები. ძალიან ბევრი წიგნი აქვს ეგეთი, უამრავი. ტექსტის ავტორის, როგორც მასწავლებლის, ფუნქცია ეს არის: გვასწავლოს, როგორ არ დავიბნეთ სამყაროში, რომელიც ძირითადად ბოროტი ადამიანებისგან შედგება.
მწერალი, რომელმაც ჩემი შეხედულებები შეცვლა
იგივეა, ალბათ. შეხედულებებსაც ყველა წიგნი ცვლის, მაგრამ, მე რაც მახსოვს, ეს არის პლატონი. იმიტომ კი არა, რომ ჩემი საყვარელი მწერალია, იმიტომ, რომ მისი გამოქვაბულის მითი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები აზროვნებისკენ. საინტერესოა, როდესაც სამყარო გგონია ყველაფერი, გარშემორტყმული ნივთებით, წარმოდგენებით, ადამიანებით და უცებ პლატონის გამოქვაბულის მითი გეუბნება, რომ არა, უფრო მნიშვნელოვანი ამ სამყაროს მიღმაა და შენ შეგიძლია, ის რაღაცა იპოვო. ასევე, პლატონი ჩემთვის მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ძალიან კარგად იკითხება კრიტიკულად, როდესაც მას იღებ არა ისე, როგორ უმეტესობა (არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში მას აღიქვამენ როგორც უპირობოდ ჭეშმარიტების მოლაპარაკეს). როცა კრიტიკულად კითხულობ, ძალიან ბევრ კვალს ხედავ სხვა ფილოსოფოსების. პლატონის სურვილებს იგებ – რა უნდოდა, რომ ყოფილიყო. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოქვაბულის მითი, რომელმაც მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, არამედ მისი ტექსტები, როგორც კრიტიკული კითხვის ობიექტები. პლატონის გარდა – კანტი. პლატონის შემდეგ მეორე „გამოცხადება’ იყო ჩემთვის: ის, რომ ჩვენი სამყარო ჩვენივე ცნობიერებით არის კონსტრუირებული და რაც არ უნდა დახვეწილი კვლევის ინსტრუმენტები მოვიგონოთ, ჩვენი შეგრძნებებით კონსტრუირებულ სამყაროს მიღმა ვერ გავდივართ, ნამდვილად რევოლუცია იყო ჩემს აზროვნებაში. სხვათა შორის, ეს იდეა, მსჯელობა, რომელიც მე-18 საუკუნეში დაიწერა, დღემდე გაუგებარია უმეტესობა მეცნიერისათვის. ჩანს, რომ 21-ე საუკუნეში ამ იდეის გააზრება და გაგება კვლევაში ბევრ მცდარ მიმართულებას გადააგდებს და ახალ მიმართულებებს შექმნის.
ახლა გამახსენდა – ჯორჯ ორუელი. 1984 წელი. მახსოვს, მზია ბაქრაძე მოვიდა ჩვენთან სახლში და ქსეროქსზე გადაღებული მკრთალი ასლი მოგვიტანა (მაშინ აკრძალული იყო ორუელი და თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღეს, აგენტების კანონი და ა.შ. კიდევ აიკრძალება საქართველოში).
წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა
ვერ ვიტყვი, რომ რაღაც წიგნი წავიკითხე და მერე ვთქვი, რომ მე ახლა რაღაცას დავწერ, მაგრამ იმედისმომცემი იყო ჯარედ დიამონდის წიგნები. ის წერს ადამიანის და მისი გარემოს ევოლუციაზე და ცდილობს, საფუძვლების რეკონსტრუქცია გააკეთოს, რატომ გვაქვს ის ჩვევები და თვისებები, რაც გვაქვს დღეს. სურვილზე უფრო იმედი გამიჩინა, რომ შეიძლება, ღირებული რაღაც დაწერო.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც ვუბრუნდები
უპირობოდ არის როჯერ ზელაზნი, მისი „ამბერის ქრონიკები“. პირველად წავიკითხე რუსულად (ქართულად არ არსებობდა) და ძალიან მომეწონა. მერე, როცა ინგლისური გამოცემა, ანუ დედანი ჩამივარდა ხელში, მივხვდი, რომ თარგმანი ძალიან სცოდავდა. ახლაც ვუბრუნდები ხოლმე და კარგ რაღაცებს ვპოულობ, სულ ახალს და ახალს. საკმაოდ განსხვავდება თარგმანი ინგლისური წიგნისაგან (ცნობილია, რომ რუსები ყოველთვის იტყუებიან თარგმანებში, ისევე, როგორც ყველაფერში).
ასევე ტერი პრატჩეტი, ძალიან მიყვარს მისი ბრძნული ირონია. ესეც ინგლისურად წავიკითხე და მერე ვეცადე, ქართული თარგმანიც არსებულიყო. ყოველთვის ჯობია, ლიტერატურა ორიგინალში იკითხო. ყველას ვურჩევ, რომ თუ აქვთ საშუალება, იკითხონ დედანში, იმიტომ, რომ ნებისმიერი თარგმანი საკმაოდ სცოდავს. არა იმიტომ, რომ მთარგმნელი არ არის კეთილსინდისიერი, არამედ იმიტომ, რომ ის საკუთარი სამყაროს პერსპექტივიდან თარგმნის.
წიგნი ან ავტორი, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები
ეგეთი წიგნი მე არც წამიკითხავს ბოლომდე, რომელსაც აღარასოდეს არ დავუბრუნდები. კითხვის გამოცდილება დიდი მაქვს, ვიწყებ და მალევე ვხვდები, რომ იქიდან კარგი არაფერი არ გამოვა და ვანებებ თავს. ამიტომ წიგნი, რომელიც ბოლომდე წავიკითხე და აღარასოდეს არ დავუბრუნდები, არ არსებობს.
წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე
მოგვიანებით სწორედ ჯარედ დაიმონდის წიგნები აღმოვაჩინე. მისი ტომეულები საკმაოდ გვიან წავიკითხე. ჩემმა მეგობარმა მირჩია – რაღაცებს ვწერდი და ველაპარაკებოდი და მითხრა, ის წიგნია, რაზეც შენ ფიქრობ და რაზეც გინდა, კვლევა გააკეთოო. მართლაც ასე აღმოჩნდა. 90-იანებშია დაწერილი და მას მერე მეცნიერება ძალიან შეიცვალა, მეტი რამე ვიცით ნეანდერტალელებზე, მეტი ვიცით პირველ ადამიანებზე, მაგრამ ის მეთოდი, რომლითაც ის წერს და ის დასკვნები, რომლებსაც ის აკეთებს (ის არ არის ყოველთვის სწორი, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა), საინტერესოა და ჩემთვის ძალიან ახლოა. გვიან აღმოვაჩინე და ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საკმაოდ მცირე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს მისი წიგნები. მაგრამ აზროვნების სტილი, წერის მანერა, ხედვის სიფართოვე ძალიან მნიშვნელოვანია.
პერსონაჟი, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებ
ეგეთი არავინაა.
ცნობილი წიგნი ან ავტორი, რომელიც არ მიყვარს
ეს არის ჰარარის წიგნები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა. არ მიყვარს არა იმიტომ, რომ პოპულარულია, უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ცოტა აფერისტობა და აზროვნების სიზარმაცე. სიზარმაცე, იაზროვნო სწორად.
ჰარარს აქვს ნათქვამი, რომ ჯარედ დაიმონდის წიგნები იყო მისი სტიმული და იმპულსი. დაიმონდის წიგნები დაწერილია 90-იანებში, ჰარარის – 21-ე საუკუნის 10-იან წლებში, მაგრამ ჰარარი უფრო მეტ შეცდომას უშვებს. როცა წიგნს კითხულობ, ჩანს, რომ ეზარება აზროვნება და ცდილობს პოპულარული დასკვნები გააკეთოს. მაგრამ იმიტომ, რომ ბევრი რაღაც ჩაწერა შიგნით, ბევრი ინფორმაცია, თანამედროვე მკითხველებს მოსწონთ მისი წიგნები. ისეთ რაღაცებს ჰყვება თავის წიგნში (ზოგი მართალია, ზოგი ტყუილია), რისადმი ყურადღების მიქცევა არ შეუძლიათ თავიანთ ცხოვრებაში მკითხველებს. თუმცა აზროვნებისა და დასკვნების მხრივ საკმაოდ დიდი სიყალბეა.
წიგნები, რომლებიც ვერ დავასრულე
არის წიგნები, ეს არ ეხება მხატვრულ ლიტერატურას, რომლებსაც არ კითხულობ მთლიანად. მაგრამ ეს არ არის ვერდასრულება. კითხულობ ნაწილს, რომელიც გჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეგეთი წიგნები არსებობს, რომლებიც ვერ დავასრულე. როგორც ვთქვი, არის წიგნები, რომლებიც არ ვარგა და აღარ ვაგრძელებ, ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მინდოდა და ვერ დავასრულე. კარგ წიგნებს ყოველთვის ვკითხულობ ბოლომდე.
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე
ბოლო წიგნი, რომელიც შევიძინე, ქართული გამოცემაა დარვინის. საინტერესო წიგნებია, ყველას ვურჩევ, წაიკითხოს. შეიძლებოდა, უკეთესად გამოცემულიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ამბავია, რომ გამოიცა. აქვე დავამატებ, რომ „სახეობათა წარმოშობაც“ იყო წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.
საბჭოთა კავშირში საერთოდ არ იყო გამოცემული, იყო ერთი გამოცემა მხოლოდ, რუსული, ისიც რევოლუციამდე. ცხადია, რატომაც. თვითრეფლექსია საბჭოთა კავშირში არ უყვარდათ, იმიტომ, რომ რეჟიმისთვის სახიფათოდ მიაჩნდათ. ამიტომ იყო თვითრეფლექსიის სამი თანამედროვე საყრდენი აკრძალული: გენეტიკა, კიბერნეტიკა და სოციოლოგია. არ წერდნენ, არ თარგმნიდნენ, არაფერს არ აკეთებდნენ ამ მიმართულებით. და რომ გეუბნებით, მაგალითად, ჯარად დაიმონდზე, რომ მისი ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი დასკვნები ხშირად მცდარია, იმიტომ, რომ ზედმეტად ეყრდნობა ყოველდღიურ წარმოდგენებს, დარვინის შემთხვევაში ზუსტად საპირისპიროა მდგომარეობა. ამდენი წლის წინათ დაწერა წიგნი, რომელიც დღესაც მუშაობს. დღესაც შეიცავს იმ პრინციპებს, რომლებითაც ვცდილობთ გავიგოთ, რა არის სამყარო და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ სამყაროში. ძალიან მნიშვნელოვანია მისი მსჯელობა და მისი გზა – როგორ მიდის თავის ძირითად დასკვნებამდე. სხვათა შორის, აღსანიშნავია მისი მეცნიერული და აზროვნებითი კეთილსინდისიერება. ყველას ასახელებს, ვინც მასზე გავლენა მოახდინა. ხომ შეიძლებოდა, არ დაესახელებინა, იმიტომ, რომ თვითონაც იცოდა, რა მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა, მაგრამ იქნება ეს მალთუსი, ლაიალი თუ სხვები, ყველას ახსენებს, ყველას ასახელებს თავის ბიოგრაფიაში. ძალიან ხშირად ავტორები ამას ერიდებიან. ერიდებიან, დაასახელონ ისინი, ვინც მათზე უშუალო გავლენა მოახდინა. დარვინი ამითაც არის მისაბაძი და დასაფასებელი მოაზროვნე. ყველას ვურჩევ, რომ წაიკითხოს „სახეობათა წარმოშობა“.
წიგნი, რომელსაც ახლა ვკითხულობ
ბევრ რამეს ვკითხულობ. ვკითხულობ სტატიებს სხვადასხვა დარგში, პუბლიკაციებს ჟურნალებში… მაგრამ თუ წიგნზე მეკითხებით, ეს არის მალხაზ მაცაბერიძის გამოცემული ორი წიგნი საქართველოს პირველი კონსტიტუციის შესახებ. როგორ მიიღეს, რა მიიღეს, რა გააკეთეს, ძალიან საინტერესოა. გვეუბნება, რა ვითარებაში იყო საქართველო 1918-1921 წლებში. ძალიან საინტერესო წიგნია და ბევრი რაღაცა დამანახა სხვანაირად. შეგროვებული და დამუშავებული დოკუმენტები რომ წავიკითხე, მივხვდი, სხვანაირი იყო ვითარება.
ორი მიმართულება არის 1918-21 წლების განაზრებაში. ერთი ამბობს, რომ ისინი იყვნენ მოღალატეები, ვერ იბრძოლეს და ჩააბარეს ქვეყანა რუსეთს. მეორე ამბობს – არა, ასე არ იყო. ეს წიგნი აჩვენებს, რამხელა დაპირისპირება იყო შიგნით, ქართულ საზოგადოებაში. როგორ მივიდნენ იქამდე, სადამდეც მივიდნენ, იმ კონსტიტუციამდე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მერე რა, რომ ერთი კვირაც არ უარსებია.
სხვათა შორის, დღევანდელობის გასაგებადაც საინტერესოა.
წიგნი ან ავტორი, რომლის თარგმნასაც ვისურვებდი
ახლა ხელოვნური ინტელექტი ისე სწრაფად ვითარდება, რომ ნებისმიერი წიგნი უახლოეს მომავალში ითარგმნება, თუ, რა თქმა უნდა, ქართველები ცოტა მოინდომებენ. ხელოვნური ინტელექტი იქნება ძალიან მალე იმ უნარის მქონე, რომ თარგმნოს ყველაფერი.
პრინციპში, ყველა წიგნი, რაც წაკითხული მაქვს უცხო ენაზე, მომინდებოდა ყოფილიყო ქართულად ნათარგმნი. მე სიამოვნებით დავთანხმდებოდი, რომ ხელოვნურ ინტელექტს, პირველ ყოვლისა, ეთარგმნა პლატონის დიალოგები. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი თარგმანები ნამდვილად არა გვაქვს ქართულად, ისინი არ არის ზუსტი. მეოცე საუკუნისაა, იმ დროინდელი გავლენებით, იმ დროინდელი წარმოდგენებით პლატონზე. გარდა იმისა, რომ ახალი წიგნები უნდა თარგმნო და ხელოვნური ინტელექტი მოგვცემს ამის საშუალებას, უნდა თარგმნო ის წიგნები, რომლებიც უკვე თარგმნილია. იმიტომ, რომ სხვა ვითარებაში ვართ ახლა და ის ხალხი, ვინც ამას თარგმნიდა, სხვა ვითარებაში იყო, სხვა გარემოში. ამიტომ ყველა წიგნის თარგმნა არის კარგი, მაგალითად, რაც ახლა გამახსენდა, არისტოტელეს „პოეტიკის“ თავიდან თარგმნა იქნებოდა შესანიშნავი.
წიგნი, რომლის წაკითხვასაც ამ ინტერვიუს მკითხველს ვურჩევ
პირველ ყოვლისა, ვურჩევ, წაიკითხოს დარვინი. ინგლისურად. თუმცა, როგორც გითხარით, არის ქართულად კარგი თარგმანი. თუკი ინგლისურად კითხვა შეუძლია, წაიკითხოს ჯარედ დაიმონდი და, რა თქმა უნდა, წაიკითხოს ზელაზნის „ამბერის ქრონიკები“(არის ქართულადაც, რუსულ თარგმანს ჯობს), ძალიან გაერთობა.
© არილი