რეცენზია

გივი ალხაზიშვილი. რკინის კარს აქეთ და იქით.

ანდრო ბუაჩიძე
რკინის კარს შიგნით
გივი ალხაზიშვილი. რკინის კარს აქეთ და იქით. რომანი. დიზაინერი: გოგი წერეთელი, რედაქტორი: ლია შარვაშიძე. თბ. “მერანი”, 2002.

გივი ალხაზიშვილის რომანის “რკინის კარს აქეთ და იქით” მთავარი გმირი დანიელი ერთ მშვენიერ დღეს ყაზარმაში დაბრუნებამდე, აბანოდან გამოსულ შუააზიელ ჯარისკაცებს შეასწრებს თვალს აზერბაიჯანელებისგან როგორ ყიდულობენ “საძერწივით დაგორგლილ, მორუხო-მომწვანო ფერის, ქაღალდში გახვეულ ბურთულებს. ეს “პლანია”, “რომელიც კიროვაბადში ანუ განჯაში, ძალზე იაფი ღირდა, ბაში – ათი შაური”.
მაშ ასე, შუააზიელი ჯარისკაცები საბჭოთა ჯარში კაიფობენ, აზერბაიჯანელები, ქართველები და რუსები “ალშარაფს”, ღვინოს და არაყს სვამენ… არც “სამავოლკაში” სიარული აკლდათ და “ნაშებში გრიალი”. მაგრამ იმდენად მძიმე იყო ჯარისკაცული ყოფა, ყოველ განვლილ დღეს “სალდათური” ფოლკლორიდან ნასესხები გინებით აცილებდნენ. დანიელი იხსენებს: “ჩვენი დივიზიონი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ღვინისტები, არყისტები, პლანისტები და სხვები, რომლებიც წესიერ და ფხიზელ სამსახურს ამჯობინებდნენ. ჩამშვებები ამ წესიერ ხალხში იყვნენ ჩამალულები.
თუმცა, პირველი სამი კატეგორიის ხალხი მკვეთრად არ იყო ერთმანეთისგან გამიჯნული და ღვინოსაც, არაყსაც და “პლანსაც” იმის მიხედვით, თუ როდის რა გააჩნდათ, სიამოვნებით ეტანებოდნენ”.
ესე იგი ჯარისკაცი საბჭოთა ჯარში დროდადრო თავდავიწყებას ეძლეოდა. საამისო საშუალებები კი, როგორც ვხედავთ, მრავლად იყო.
გივი ალხაზიშვილის რომანის გმირი იხსენებს ჯარში გადახდენილ ამბებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი გახსენება არ არის. ეს საკუთარი ცხოვრების ყველაზე “საკვანძო” მონაკვეთის ანალიზია, რეფლექსიაა, “ექსისტენციური გამონათება”.
რომანის თვითმყოფადობის ნიშნად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ავტორმა შეძლო საკუთარი გამოცდილებით მიკვლეული და გათავისებული მასალა, სერიოზული სათქმელის კონტექსტში მოექცია, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია “რეალობიდან გაქცევის”, ცრუფილოსოფოსობის, მოსაწყენი ზოგადთეორიული და აღწერითი ეპიზოდების ხარჯზე. მწერალს ამ თემაზე იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ ლამის უკვე მხატვრულ ნაწარმოებად ჩამოსხმულს ატარებდა თავის თავში. და ეს სათქმელი ირონიით იყო გაზავებული. მას იმთავითვე (ე.ი. საბჭოთა ეპოქაში) გააჩნდა ირონია ანუ დისტანცია “ჯარისკაცული გამოცდილების” მიმართ. რეფლექსია კი უფრო გვიან მოვიდა, ე.წ. პოსტსაბჭოთა პერიოდში. შეიძლება ვინმემ იფიქროს, თუ ეს გამოცდილება არსებობდა, რატომ მაშინვე არ იქცა მხატვრულ ნაწარმოებად და არ მოთავსდა აკრძალული ლიტერატურის უჯრაშიო. მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ გამოცდილების არსებობა ერთია და მისი გასაგნება მეორე. გივი ალხაზიშვილმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა, რომ ამ ნაწარმოებამდე მისულიყო. აქ მე არა მხოლოდ ცხოვრებისეულ, არამედ სიტყვის პროფესიული ხვეწის და ლიტერატურული თვითცნობიერების ჩამოყალიბების გზას ვგულისხმობ, რომელიც საერთო გამოცდილების ორგანულ ნაწილად იქცა.
იგივე გზა გაიარა მისი რომანის მთავარმა გმირმა დანიელმაც. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მწერალმა ამ პერსონაჟში გაასაგნა თავის სათქმელი. მთავარი კი ისაა, რომ მას მიანიჭა ირონიული ხედვის რაკურსი. შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა პერსონაჟში სწორედ რეფლექსიის ნიჭი ჩადო და ირონიაც ამ რეფლექსიის განუყოფელი ნაწილია. და აი აქ მინდა უმთავრესი რამ ვთქვა: ეს ნაწარმოები საბჭოთა პერიოდში ვერ დაიწერებოდა, ვინაიდან ის ტოტალიტარული რეჟიმის უკვე გარედან, პოსტსაბჭოთა პრიზმიდან ხედვაა. დანიელი ორი ეპოქის, ორი საუკუნის, ორი მსოფლმხედველობის გზაგასაყარიდან უყურებს ცხოვრებას. აქ არის ღირებულებათა ათვლის მისი წერტილი. ისევ ნარკომანების ჟარგონული ლექსიკიდან უნდა ვისესხო ერთი სიტყვა – “ლომკა”, დანიელისთვის პოსტსაბჭოთა პერიოდი სრული ფრუსტრაციის, “ლომკის” პერიოდია. და ეს წარსულისადმი ნოსტალგიის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ დანიელი მუდმივი ანალიზისა და ჩხრეკის შემდეგ აცნობიერებს, თუ რა ნაგავში იყო ჩაფლული მთელი ცხოვრება.
ძალზე ნიშანდობლივია ეპილოგი. ხანგრძლივი თვითრეფლექსიის შემდეგ (რომანი დამთავრდა, ე.ი. დამთავრდა წარსულის ანალიზი) დანიელს სარკეში საკუთარი თავის დანახვა აღარ უნდა. რეფლექსია წყდება, რადგან უკვე გულისრევის გრძნობას იწვევს, “დანიელმა ჩაიცვა, სარკეში აღარ შეუთვალიერებია სახე; აღარ უნდოდა დაენახა ის, ვინც ისეთივე იყო, როგორიც გუშინ”.
გავიდა დრო, შეიცვალა ეპოქა, არ შეცვლილა თვითონ დანიელი. არ შეცვლილა, რადგან მისი ორიენტირი ზნეობრივი ნიშანია. დანიელი ადის სამარშრუტო ტაქსში და, როგორც ავტორი გვეუბნება, “პარადოქსული განცდა ეუფლება”. მას ოცდათხუთმეტი წლის წინ მიტოვებული ყაზარმა ენატრება. განცდა მართლაც პარადოქსულია, რადგან წარსულთან ზიარება მისთვის უკვე მომქანცველ ტვირთად იქცა. მას უბრალოდ აინტერესებს, იყო ყოველივე ეს თუ არა? იქნებ ყველაფერი კოშმარული სიზმარია?
დანიელი სამარშრუტო ტაქსში ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეულ ქალს ხვდება. ქალი ეკითხება: – “უკაცრავად, ხომ არ იცით, “მარშრუტკა” იქით მიდის, მე სადაც მინდა?!” ეპილოგი სიმბოლურ ასპექტს იძენს. ავტორი წერს: “გაღიზიანებული ჩანდა, ყაზარმის საკვირველი მონატრებიდან რომ გამოაძევა უცნობი ქალის ისტერიულმა ხმამ”. ეს ხმა რეალობაში აბრუნებს დანიელს, მაგრამ უბედურება ისაა, რომ შეშლილი ქალი დანიელში აღძრული წარსულის უშუალო პირმშოა, ეს ფეხშიშველი, უპოვარი, გზადაკარგული არსება სწორედ იმ წარსულმა შვა, რომელსაც დანიელი აცნობიერებს. ეს ქალი თითქოს უჩინარი, მაგრამ ყველაზე უფრო რეალურად არსებული ძალადობის მსხვერპლია. ძალადობა პოსტსაბჭოთა პერიოდშიც გრძელდება. მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრები – “ბოსხის რამდენიმე პერსონაჟი” ფაქტობრივად აბუჩად იგდებენ ქალს, ვინაიდან “მსხვერპლი არ უყვართ, უყვართ მოძალადე”. “მცირე კალიბრის” მოძალადენი კი თვითონვე არიან.
დანიელი ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამ ქალის მიმართ თანაგრძნობა ამოძრავებს, რადგან თვითონაც მსხვერპლია, რომელსაც წარსულის გაცნობიერების უნარი აღმოაჩნდა და ამით გადაურჩა შეშლილობას. ქალი ამაყობს: “სულერთია, სახლში არ მინდა, სახლში არ მინდა, შინ – ფსიქიატრიულში დავბრუნდები, იქ სუპი და მაკარონი მაინც არის, ცოტა თბილა კიდეც, გული მემალება, იქ არ მაწუხებს, წამლებიც არის, პურიც, იქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს”.
იმ სოციუმში, რომელშიც ქალს ყოფნა უწევდა, მისი ადგილი უკვე აღარ არის. მას ფსიქიატრიულში ურჩევნია დაბრუნება, სადაც იარსებებს, როგორც “მსგავსი მსგავსთა შორის”.
როგორია დანიელის ხვედრი? მას კი აქვს სახლი? და საერთოდ ვინ არის ეს თავისებურად უცნაური კაცი?
მე ვფიქრობ, რომ ის, გარკვეული აზრით, ძე-ცთომილიცაა. არა იმიტომ, რომ ჯარში მოუწია წასვლა. ერთი ძალიან საინტერესო პასაჟის გამო. ვფიქრობ, ასეთი ფსიქოლოგიურად ზუსტი პასაჟები სძენს ამ რომანს მნიშვნელობას.
ჯარის ნაწილიდან რამდენიმე დღით შინ დაბრუნებული დანიელი საშინელ მარტოობას იგრძნობს. “ორიოდ დღეში აღტაცების ეიფორია ჩაცხრა და არასოდეს ისე მარტოდ არ მიგრძვნია თავი, როგორც მაშინ”.
დანიელს არ მოელოდნენ, ის მოულოდნელად დაბრუნდა შინ და აღმოაჩინა, რომ იქ ყველაფერი ძველებურად მიედინებოდა. მისთვის არავის ეცალა. გარემომცველი, მისდამი, რა თქმა უნდა, კეთილად განწყობილი ადამიანების ცნობიერებაში დანიელი ჯარისკაცი იყო და სანამ არ გაასრულებდა თავის ჯარისკაცულ სამსახურს, შინ თითქოს ადგილი არც მოეძებნებოდა. რეალურად ასე იყო თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასეთია დანიელისეული მოვლენათა აღქმა. და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კაცი ძე-ცთომილია. მას არ დაედგომება შინ. ის ეძებს სახლს ყველგან. დანიელი მაძიებელია. კონკრეტული ექსტრემალური გარემო, ისევე როგორც მუზილის ტიორლესისთვის, მისთვისაც ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. მასში მძაფრად იღვიძებს სულიერი მოთხოვნილებები და შინ ჩამოსული სიუცხოვეს რომ წააწყდება, სეტიდანთან მიდის. სეტიდანი დანის სულიერი ძმაა.
საერთოდ დანიელი, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად არის ჩართული ჯარისკაცების პიკანტურ თავგადასავლებში, მაინც მხედველი, მჭვრეტელი, მოვლენათა უტყუარი შემფასებელია. მწერალი მისი თვალით დანახულს გადმოგვცემს, მისი პიროვნებისეული ტემპერამენტი, თხრობის რიტმი და რეგისტრი განსაზღვრავს რომანის ტონალობას. გივი ალხაზიშვილი თითქოს უერთდება თავის მთავარ პერსონაჟს. ალიაშვილი, ბუთიკო, კაკულია, რუსი ოფიცრები, – ყველანი დანიელის ირონიული და ზოგჯერ სარკასტული ხედვის პრიზმაში გადატყდებიან.
გივი ალხაზიშვილი თავისებურად აგებს რომანის კომპოზიციურ სტრუქტურას. მართალია ყველაფერი ერთი მთავარი გმირის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ეს პერსონაჟიც სხვადასხვა თავებში სხვადასხვანაირი წახნაგით მჟღავნდება, ეპოქის სხვადასხვა ნიშანდობლივ მომენტებს ირეკლავს: “დანს მშვენივრად ახსოვდა 1953 წლის 5 მარტი, აქვითინებული მშობლები, ცხარე ცრემლით მტირალი ბებია და ბაბუა, მეზობლები, მთელი უბანი… საყოველთაო ფსიქოზი, საბჭოთა სამშობლოსთან გაიგივებული ბელადი, ყველას მამა და პატრონი, რომლის სიკვდილის შემდეგაც მოქალაქეთა დიდ უმრავლესობას ვერ წარმოედგინა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება”.
ეს დანიელის აღქმული სინამდვილეა. მას, როგორც სულიერების მქონე, ზნეობრივად მრთელ ადამიანს, ამ საყოველთაო გლოვიდან ერთი მომენტი აღებეჭდება ღრმად: მიქელაძის სახლი ბელადის სიკვდილს არ გლოვობდა, იქ თითქოს რაღაცნაირმა სიმშვიდემ თუ სასურველმა მყუდროებამ დაისადგურა. ამ სახლში მხოლოდ ოთხმოც წელს მიტანებული დედაბერი ცხოვრობდა, რომლისთვისაც 37 წელს ქმარი და ორი მაზლი დაეხვრიტათ. ხუთ მარტს დედაბერი ეზოში გამოვიდა და სასხლავით ვარდებს ტოტებს აჭრიდა. მწერალს მახვილი დეტალი მოაქვს: “დანს არ დაავიწყდება დედაბრის სახე და მკაცრ მზერაში ჩამალული გამარჯვებისა თუ სიხარულის ძლივს შესამჩნევი ნაპერწკალი”.
დანიელს მოვლენათა “სწორი ხედვა” სიყმაწვილიდანვე “მოსდგამდა” და ძე-ცთომილობის პერიოდში ისეთი გამოცდილება შეიძინა, რომ საბჭოთა ტოტალიტარული ეპოქის “სატანურ სიღრმეთა” მჭვრეტელიც კი გახდა.
ფაქტობრივად ამაზეა დაწერილი გივი ალხაზიშვილის რომანი. ეს არის იმპერიის ვეებერთელა, ბნელ სტომაქში ყოფნის ხანა. ტანჯვის საზღაურად დანიელი სიბრძნეს იძენს და დაბრძენებული ბრუნდება, მაგრამ… აქაც თომას ვულფისეული შინ ვერდაბრუნების პრობლემა იჩენს თავს: “სად არის ეს ნაოცნებარი “შინ”?! არსებობს ბიოლოგიური “შინ”, არსებობს ოჯახური “შინ”, არსებობს სამშობლო – “შინ”, მაგრამ “შინ”, რომელზეც დანიელი სამწლიან ჯარში ოცნებობდა, ამ ცხოვრებაში არ ყოფილა, არ არსებულა”.
ეს სკეპსისი დანიელის არსებაში პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა აღძრა.
იმპერიის ვეებერთელა, ბნელ სტომაქში “მოგზაურობის” აღსაწერად მწერალს კარგად უნდა სცოდნოდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის ის “შიდა სივრცე”, რომელიც ყველას მზერისთვის არ იყო მისაწვდომი. და უნდა ითქვას: მან მართლაც კარგად იცის რა ხდებოდა “რკინის კარს იქით”. ფაქტობრივ მასალას ფანტაზია ერწყმის და ჩვენს წინაშეა, როგორც უკვე ვთქვით, ჯარისკაცული ისტორიების მთელი წყება, რომელთა სერიული მონაცვლეობა მრავალფეროვნებას ანიჭებს მონათხრობს.
ზემოთ კომპოზიციური სტრუქტურის თავისებურებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა. გივი ალხაზიშვილმა დასათაურებულ თავებად დაჰყო რომანი. ეს თავები ყოველთვის არ აგრძელებს ერთმანეთს, ე.ი. ფაბულა თანმიმდევრულად არ ვითარდება, მაგრამ ისეთ ერთიან კომპოზიციურ მოზაიკას ქმნის, რომელიც ამ ფაბულის და გამიჯნული მოტივების ძაფებითაა დაქსელილი.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გივი ალხაზიშვილი ამ წიგნში სავსებით განიძარცვა პოეტური სამკაულებისგან და მთელი არსებით პროზაიკოსად იქცა. პოეტის გამოცდილება პროზაულ ნაწარმოებში მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთო ნიშნებით გამოვლინდა: ესაა მოკლე, ტევადი, ექსპრესიით აღბეჭდილი ფრაზის ფლობა, ზუსტი ეპითეტის შერჩევა, უჩინარი ლირიკული ქვედინებების განფენა “პროზაულ” ფონზე. ეს უკანასკნელი ნიშანი თვალნათლივ წარმოჩნდა თავში, რომლის სათაურიცაა “ქისა”. ეს არის ჯარისკაც კოსტენკოს ამბავი. ამ ამბავს სწორედაც რომ პროზაული ელფერი დაჰკრავს, ვინაიდან კოსტენკო ყველაზე უფრო არაპოეტური გზით აპირებდა ოქროთი ქისის გავსებას, მაგრამ თავისებურად პოეტურია ჯარისკაცის ხეტიალი ტრამალებში. აქ ასეთი პასაჟია: “ეკლიან ბუჩქთან შეჩერდა, ჩაჯდა, ზურგჩანთა და ავტომატი მოიხსნა, ჩამავალ მზეზე დაგრძელებული ბუჩქის ჩრდილს შეუერთდა. ჩრდილი თანდათან პატარავდებოდა და კოსტენკოს შეეშინდა, საკუთარ ჩრდილთან ერთად არ გამქრალიყო ამ თვალუწვდენელ სამყაროში…” ეს პოეტური წიაღსვლა არ აღიქმება მკითხველის მიერ “უცხო სხეულად”, რადგან მთელი რომანის მანძილზე იჩენს თავს ლირიკული მუხტი, იჩენს და ითქვიფება პროზაულ სუბსტანციაში. მწერალი მთელი არსებით ცდილობს ამ მუხტის, ხმის, რეგისტრის ფლობას და ფლობს კიდეც, ზოგჯერ უმატებს, ზოგჯერ კი უკლებს, იმისდა მიხედვით, თუ სად რისი თქმა სურს. კოსტენკოს ფრაგმენტში, მთელ თავში ჭარბადაა პოეტური მუხტი და აქ აზრობრივი ელფერიც იცვლება. ეს თავი თითქოს რომანის მჭიდრო, ტევად ტექსტში გაჭრილი ფანჯარაა, საიდანაც მზის სინათლე იღვრება. ამ სინათლეზე მკაფიოდ ჩანს ყოფიერების ტრამალებში მოხეტიალე კაცის ბედისწერა.
სწორედ ბედისწერაზე “საუბარი” იყო გივი ალხაზიშვილის მიზანი. საბედისწერო გამოდგა საბჭოთა ტოტალიტარიზმი ყველა ჩვენგანისთვის. მწერალმა თავისი მიზანი განახორციელა – კონკრეტულ ჭრილში წარმოგვისახა ეპოქა.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box