რეცენზია (თარგმანი)

ჯეკ კერუაკის რომანი გზად


ფება ლუ ადამსი
გზა ნირვანისაკენ
ჯეკ კერუაკის რომანი “გზად”

ჯეკ კერუაკის რიგით მეორე რომანში – “გზად” – გადმოცემულია მთხრობლის, სოლ პარადაისის თავგადასავალი. პარადაისი ომის ვეტერანია, რომელსაც, დემობილიზებულ ჯარისკაცთათვის დაწესებული შეღავათის წყალობით, უნივერსიტეტში სწავლის საშუალება მიეცა. ის ლოთობს და, სიფხიზლის მომენტებში, ლიტერატურული შემოქმედებითაა გატაცებული. პარადაისის ახალგაზრდა მეგობარი, დინ მორიარტი, დისციპლინარული სკოლის კურსდამთავრებულია. ჭაბუკებს არ ძალუძთ ერთ ადგილას ცხოვრება. ისინი დაძრწიან ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის, ქეიფობენ, ესწრებიან ჯაზის კონცერტებს და, ამასთან, დინი ირთულებს ცხოვრებას ხშირი ქორწინებებით. თავისუფალ დროს მეგობრები უთმობენ დინის მამის (ქრონიკული ლოთის, რომელიც, სავარაუდოდ, სადღაც, მისისიპის დასავლეთით დაყიალობს) ძებნას.
დინი უფრო მნიშვნელოვანი პერსონაჟია. კერუაკი დეტალურად აღწერს გმირის უწესრიგო ბავშვობას, დისციპლინარულ სკოლაში სწავლის ეპიზოდებს და, საერთოდ, მის უთვისტომო ცხოვრებას. დინი არ ეძიებს სტაბილურობას, მაგრამ ჯიუტად ისწრაფვის ეიფორიისკენ. ნარკოტიკები, სპირტიანი სასმელები, ქალები, ჯაზი, სწრაფმავალი მანქანები მას წარმოუდგება ნირვანის მისაღწევ საშუალებებად. მათზე იმდენი დრო იხარჯება, რომ ცხოვრებისგან გაქცევის ამ საშუალებათა მიღმა არსებული რეალობა შეუცნობელი რჩება.
საზოგადოდ, განმეორება მოსაბეზრებელია. ამასთან, ყოველივე, რისი თქმაც სურს კერუაკს დინის შესახებ, გადმოცემულია წიგნის პირველ მესამედში, რომანის დანარჩენი ნაწილი კი იმავე თემის ვარიაციებს წარმოადგენს. მოზღვავებული ენერგიისა და მნიშვნელოვანი ინტელექტის მქონე ჭაბუკის უუნარობა, იპოვოს თავისი ადგილი ორგანიზებულ საზოგადოებაში, საკმაოდ მომგებიანი თემაა, მაგრამ ერთგვაროვანი ვარიაციები აქარწყლებენ მოსალოდნელ ეფექტს.
აღსანიშნავია, რომ რომანი უხვად შეიცავს შესანიშნავ პასაჟებს. კერუაკისთვის დამახასიათებელია საგანგებო სტილი, ნაწილობრივ – ძალზე სადა, ნაწილობრივ – ჟარგონული, ნაწილობრივ – უჩვეულოდ ბრწყინვალე. მწერალი თითოეულ მათგანს უტყუარი ალღოთი იყენებს. ნაწარმოებში გვხვდება მათი ურიცხვი კომბინაცია და კონტრასტული შეპირისპირება. თხრობის ტემპი ისე ვითარდება, თითქოს მის საჭეს დინი მართავდეს, საათში 110 მილის თანაბარი სიჩქარით.
კერუაკის რომანი უაღრესად საინტერესოა. ის გვიცრუებს იმედებს, რადგან გამუდმებით გვპირდება ჭეშმარიტი მნიშვნელობის ან ძირითადი არსის გაცხადებას, მაგრამ არ გვაწვდის არავითარ დასკვნებს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან დინი უფრო დამაჯერებელია, როგორც ექსცენტრიული პერსონაჟი, ვიდრე – როგორც სოციუმის რომელიმე ნაწილის ტიპიური წარმომადგენელი.

The Atlantic Monthly, 1957, ოქტომბერი.

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box