რეცენზია

გივი ალხაზიშვილი – სივრცე ღიმილსა და ცრემლს შორის

chanturia_ tariel_20345

ტარიელ ჭანტურია. თაფლობის საუკენე-2 (ლექსები), რედაქტორი გივი ალხაზიშვილი, მხატვარი გოგი წერეთელი. თბ. “მერანი”, 2002.

თამაშით, ღიმილით, ირონიით, პაროდირებით შეუძლია თქვას ის, რასაც ზოგიერთები ჭინთვით, გამოგონილი ტრაგიზმითა თუ პედალირებული, სწორხაზოვანი დრამატიზმით მეტ-ნაკლებად ახერხებენ.
საგულისხმოა თითქმის ყოველი სარითმო წყვილის სემანტიკური თუ მუსიკალური ურთიერთკავშირი, ე. წ. ჭკვიანი რითმები, რაც თითქმის არასოდესაა ამოვარდნილი ლექსის მთავარი ფუნქციიდან და თუ შეიძლება ითქვას — ჩაყენებულია ლექსის, როგორც „ერთიანი ორგანიზმის”, მხატვრული მთლიანობის „სამსახურში”.
სტილისტურ ძიებათა მრავალსახეობა, გაქვავებულ ღირებულებათა ნგრევა ხერხდება კონვენციური ლექსის ახალ-ახალ შესაძლებლობათა აღმოჩენით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ტროპული მეტყველების ორგანიზაცია მის ლექსებში სავსებით განსხვავებული ხასიათისაა და არცთუ იშვიათად, ლამაზ, მაგრამ უმიზნო მეტაფორას ცვლის ახალი ინტონაცია, აქამდე არარსებული კონოტაციის ორაზროვნება, რაც თავისთავად თამაშის წესებში შედის და ღრმად შეფარული ტრაგიზმი, ანუ ირონიულ-პაროდიული ლირიკის დაფარული მხარე მკითხველზე ზემოქმედებს მთელი სიმძაფრით.
არცთუ იშვიათად შეუდარებელი მახვილსიტყვაობა ქცეულა ლექსის მთავარ საყრდენად, როცა იგივე მახვილსიტყვაობა ამავე დროს, შეუმჩნევლად მიედინება ღრმა ლირიზმისაკენ და მრავალმხრივ დატვირთვას იძენს. თანამედროვე თემები — არა მხოლოდ ცალკეული ტერმინების სახით აღწევს ტექსტში, არამედ დროის სულისკვეთების ირონიულ-პაროდიული ხედვის ნაწილია. იგი ახალი სულისკვეთების პოეზიის ტრადიციას ამკვიდრებს, რომელმაც რამდენიმე ათეული წელია წარმატებით მოახერხა ფსევდორომანტიკული წიაღსვლების, ცრუპატრიოტული ლირიკის გაუქმება, თემატური სიმწირის გაფართოება და მის მიერ აღმოჩენილ სინამდვილეს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა.
ვსაუბრობთ ისეთ პოეტზე, რომელმაც თავისი ნოვაციები ისე „დააპატენტა”, რომ უბრალო, დაკვირვებულ მკითხველსაც არ გამორჩება ესა თუ ის ტექსტი, ტარიელ ჭანტურიას რომ ეკუთვნის, — თუმცა, ამ ტექსტების ავტორობას არცთუ იშვიათად სხვები იჩემებენ. და ეს სხვები არიან ისინი, რომლებიც ტარიელ ჭანტურიას სტილისტიკის ტყვეობაში აღმოჩნდნენ და ვერ დაიხსნეს თავი „ჭანტურიზმებისგან”.
ტარიელ ჭანტურიამ შექმნა ნაკადი ქართულ პოეზიაში, რომელსაც მუდამ მისი სახელი ერქმევა, მაგრამ ახალბედებმა და არა მხოლოდ მათ, უნდა იცოდნენ ისიც, რომ ამ სტილურ სფეროში, საიდანაც ქართული კიჩიც აღმოცენდა, სხვებისთვის თითქმის აღარ რჩება ადგილი, რადგან ნოვატორმა პოეტმა უკიდურესობამდე განავითარა თავისი პოეტური სტილისტიკა და წარმოუდგენელია ამ გზაზე რაიმე პერსპექტივა ვიგულისხმოთ;
საბჭოურ ხუთწლედებში დამკვიდრებული, დახავსებული, დაშტამპული პროსოდირების მოყირჭების პერიოდში, იგი ახერხებდა დაეცინა, აბუჩად აეგდო, ხან კეთილი, ხანაც კი აბსურდული ღიმილით შეეხედა ყველაფრისთვის, რაც ჩვენს თავს ხდებოდა და მიუხედავად მრავალმხრივი თავდასხმებისა, შეკვეთილი წერილებისა თუ ცალკეული გამოხდომებისა, საკუთარი გზის ერთგული დარჩა, რაც დღეს იოლი სათქმელია.
მისი სტილისტიკა თუ ვინმეს აღიზიანებს, ისინი არა მხოლოდ შტამპის ერთგულნი არიან, არამედ ის თითო-ოროლა კრიტიკოსიცაა, ვინც თვლის, რომ ირონიულ-პაროდიული ხედვა სულიერი კრიზისის ნაწილია და გარკვეული თვალსაზრისით დეკონსტრუქციული, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაში სწორედ ის გარემოებაა საინტერესო, რომ სრულიად არასტანდარტულმა შემოქმედმა შეძლო დარჩენილიყო იმ ტრადიციის ერთგული, რომელიც მუდამ ვითარდება.
ტარიელ ჭანტურია იმ თითო-ოროლა პოეტს განეკუთვნება, ვისი ყოველი პუბლიკაციაც — პოეზია იქნება თუ ესეისტიკა, უეჭველად უნდა წავიკითხო, რადგან იქ ყოველთვის არის სიახლე, ოღონდ არა თვითმიზნური, იქ ყოველთვის არის რაღაც ეპატაჟური, რომელიც წმინდა მხატვრული დანიშნულებისაა და აზრობრივი ჰიპერბოლიზაციის ნაირსახეობას წარმოადგენს, გაქვავებული გემოვნების დეკონსტრუქციას გულისხმობს, მის ამოპირქვავებას და სამყაროს ახლებურად დანახვას ცდილობს.
არ შევჩერდები სიტყვის ვირტუოზულ ფლობაზე, თითქმის ყოველი ლექსის დადგმასა და რეჟისურაზე, მუსიკალურ გაფორმებაზე (მუსიკა შემთხვევით არ მიხსენებია), ისეთ სამყაროს რომ ქმნის, სადაც ღიმილიდან ცრემლამდე და პირიქით, — მანძილი არათუ მცირეა, არამედ ისინი ერთად იგულისხმებიან, როგორც მუდმივი თანამონაწილენი მარადიული ტრაგიკომედიისა, სადაც დარ-ავდრის საზღვრები ერთმანეთზე კი არაა გადაწნული, უბრალოდ, ღიმილი და ნაღველი ერთმანეთს ენაცვლება და ასაზრდოებს გამუდმებით.
ტარიელ ჭანტურიას არაერთმა ლექსმა გზა გაუხსნა ქართულ კიჩს. „კიჩისტებისა” და „რეაქტიულების” საქმიანობა, — მათი „ესთეტიკა” სათავეს სწორედ აქედან იღებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თითქოსდა დამოუკიდებელი, უწინაპროდ წარმოჩენილი სიახლე კიჩისტებისა მიბაძვაა და თან გაცილებით ნაკლები ოსტატობით შესრულებული. არამცოდნე კრიტიკოსებმა დამოუკიდებელ აღმოჩენად მიითვალეს ის, რაც, რა თქმა უნდა, ტ. ჭანტურიასა და ვ. ჯავახაძის საკუთრებაა.
ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების წინაპარი მთლიანი ქართული კლასიკური და მსოფლიო პოეზიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაა.
სნობები თვლიან, რომ ირონიულ-პაროდიული ლირიკა რაღაცით აკნინებს წმინდა პოეზიის დანიშნულებას, და რაც უნდა გაგიკვირდეთ — ეს მართლაც ასეა, თუმცა, სიტყვა „დაკნინება”, ალბათ, უნდა შეიცვალოს უფრო ზუსტი შესიტყვებით. კერძოდ კი, განსხვავებული ესთეტიკის აღიარებით, ჭანტურია რომ ავითარებს ტრადიციულ გამოცდილებათა ერთგულების თანხლებით და ცხადია, მისი შემოქმედების შეფასებისას უნდა ვითვალისწინებდეთ ირონიულ-პაროდიული ლირიკის „სპეციფიკურ” ესთეტიკას, განსხვავებულ თამაშის წესებს, რომელიც სავსებით გამორიცხავს წმინდა ლირიკისათვის დამახასიათებელ სტერილურ განცდებს და თავისებურ ჰერმეტულობას.
მუსიკის წარმმართველი ძალა, ცხადია, პოეტურ აზროვნებაში გონებამახვილობასთან ერთად ქმნის უცნაურ მხატვრულ მთლიანობას და ეს ორკესტრი უკვე სხვაგვარად ჟღერს, რადგან დირიჟორიც და შემსრულებელიც, და რაც მთავარია, ავტორიც თვითონაა.
რუსთაველი, აკაკი, გალაკტიონი! აი, ის სამი ავტორი, საიდანაც ამოიზარდა ტარიელ ჭანტურია, როგორც პოეტი და შექმნა ახალი ტრადიცია, ირონიულ-პაროდიულ ლირიკას რომ ვუწოდებთ.
ტარიელ ჭანტურია ზოგჯერ ირჩევს შოკისმომგვრელ ეპატაჟურ შესიტყვებებს, რაც გაქვავებული გემოვნების მკითხველის გამოსაფხიზლებლად ან ზოგჯერ დასაფიქრებლადაა გამიზნული. მსოფლიო პოეზიას ახსოვს მსგავსი მაგალითები. ღიმილით მიჩქმალული ცრემლი ან ცრემლში არეკლილი ღიმილი — მარადმოთამაშე და მარადმაძიებელი პოეტის სულიერ ახალგაზრდობაზე რომ მიგვანიშნებს. ისიც შვეულია და ორ უკიდურესობას შორის ირწევა და ორივე ნაპირის განსხვავებულ შეგრძნებებს აგროვებს და შენადნობიც სწორედ ისეთი გამოდის, როგორიცაა ადამიანური ცხოვრების ტრაგიკომიკური ყოფა. ყოფა კი ადამიანურ ტკივილებსა და ვნებებს, გარინდებას თავის თავში უდავოდ გულისხმობს.
ტარიელ ჭანტურიამ მოახერხა გადარჩენილიყო და იგი მისმა ლექსებმა გადაარჩინეს. კონკრეტულად იგი არავის მოწაფეა, რადგან მან კარგად იცის კლასიკური პოეზიის მიღწევები და მხოლოდ იმას ეძებს, რაც აქვეა, ჩვენ თვალწინაა, სულაც ჩვენშია, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. სიახლის დამკვიდრება ჭირს და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ გაუხედნავი ყური და თვალი მხოლოდ სტერეოტიპს შეზრდია.
არცთუ ისე იშვიათად იღიმება, რადგან ამაოების დაძლევა ისევ ამაოების დაძლევის ილუზიას თუ შეუძლია, ამისათვის კი საჭიროა გაუმჟღავნებელი ძალების მოკრება და საკუთარი შემოქმედებითი სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობა. ეს უკვე აღარ არის უბრალო გამბედაობა და იგი ამჟღავნებს თავგანწირვის უმაღლეს ხარისხს, თუნდაც იმიტომ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით წამგებიან გზას ირჩევს, მაგრამ ხანგრძლივი „ხელშეკრულების” თანახმად, მომავალმა უნდა თქვას მთავარი სიტყვა.
ტარიელ ჭანტურიას რჩეული „თაფლობის საუკუნე 2″ მეტად თანამედროვე და ამასთან, მომავლის წიგნია, ამ კრებულში თავმოყრილია უამრავი პოეტური ნოვაცია, რომლის შესწავლა და გაანალიზება მომავლის საქმეა.
მისი ლექსი შეიძლება წაიღიღინო, რადგან მუსიკალური ქარგა გამოკვეთილია, ზედმეტად ცოცხალია, მოულოდნელი დინამიკა კი ელვისებური სისწრაფით იცვლის მიმართულებას, ერთი ხმა ხშირად გადადის პოლიფონიაში და მე, როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ განწყობილების, სათქმელის, სიტყვათშეთანხმებათა ნიუანსების ფეიერვერკსა და უბადლო შესრულების მანერას.
“ყველაზე ახალგაზრდა პოეტი”, როგორც მას უწოდეს, ამავე დროს მომავლის პოეტია.
წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ამ წიგნის რედაქტორი და ეს ბოლო სიტყვა, რადგან წიგნის გამოცემამდე ვერ მოესწრო მისი დაწერა, ახლაღა ქვეყნდება. ეს არ არის პირველი შთაბეჭდილება, თუმცა პირველ შთაბეჭდილებას შოპენჰაუერი ყველაზე მძაფრსა და განმსაზღვრელს უწოდებს, ეს არის მორიგი, მრავალგზისი დაკვირვებებით განმტკიცებული პირველი შთაბეჭდილება.
შეგნებულად ავუარე გვერდი სტრიქონ-სტრიქონ განმეხილა ყველა თუ არა, რამდენიმე მთავარი ლექსი, რადგან საარგუმენტო ციტატების ოდენობა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებდა.
ლოგიკურია, რომ ეს შესანიშნავი პოეტი საბჭოთა პერიოდში საკადრისად ვერ დაინახეს და თუ შეამჩნიეს — მხოლოდ მომდევნო თაობის კრიტიკოსებმა. მისი თაობის კრიტიკოსებს იგი თითქმის გამორჩათ, ან თითქმის გამოტოვეს, რადგან მთავარი ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაში იმ სტერეოტიპების რღვევა იყო, რომელ სტერეოტიპებსაც თემატურობის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ტარიელ ჭანტურიას შემოქმედების მნიშვნელობის დაუნახაობა იმანაც განაპირობა, რომ მაშინ წარმატებით ინერგებოდა ქალაქურ-რომანტიკული, ნაღვლიანი, კამერული სტილი და სპეკულაციური პატრიოტული ლირიკა, რომელსაც მან ადრევე დააღწია თავი, მაგრამ ასეთი პოეზიით ყურგახედნილ კრიტიკოსებში, ზოგჯერ მკითხველშიც — ტარიელ ჭანტურიას უაღრესად სერიოზული აღმოჩენები მხოლოდ არასერიოზულ ღიმილს იწვევდა და ავიწყდებოდათ ან ვერ ხვდებოდნენ, რომ ღიმილი ცრემლის ნიღაბია.
ღიმილისა და ცრემლის წრედი ის ორბიტაა, რომელიც ჩვენს სულში ბრუნავს გამუდმებით, მანამ ვიდრე ერთი მკითხველი მაინც არსებობს და მაშინაც, თუ წიგნს საერთოდ არ აიღებ ხელში, რადგან ადამიანურ ყოფაში უმაღლესი პოეზია უნებლიეთ მაინც არსებობს, მისი აღმომჩენი კი ჩვენთან ერთად გააგრძელებს სიცოცხლეს.
კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაპყრო თქვენი ყურადღება — ირონიულ-პაროდიული მსოფლშეგრძნების ესთეტიკამ ქართულ პოეზიაში (ტ. ჭანტურია, ვ. ჯავახაძე), ქართულ თეატრში (რ. სტურუა) თითქმის ერთდროულად მოიკიდა ფეხი და წინათ თუ მეჩვენებოდა, რომ ეს იყო მხოლოდ პროტესტის ფორმა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ნაწილობრივ ვცდებოდი, რადგან ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა იყო პროტესტიც იმ უმთავრესთან ერთად, რასაც ცხოვრების აბსურდულობა ჰქვია და რომელიც პოლიტიკურ საზღვრებს არ ექვემდებარება. ერაზმ როტერდამელიდან (“სისულელის ქება”) ან უფრო შორეული წარსულიდან დაწყებული აბსურდის თეატრამდე, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა თითქმის ურთიერთგავლენების გარეშე, დამოუკიდებლად აღმოცენდა ჯერ დასავლეთში, ხოლო შემდგომ საბჭოთა კავშირში და ორივე შემთხვევაში მათი სათავე ერთი იყო — ადამიანური ტრაგედია და ღიმილის ნიღაბი, ანუ მეორე სახე, გაღიმებული (გაურკვეველია, რომელია მთავარი), რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვა არსებობამ, გარდა იმისა, რომ პაროდირებით, ირონიით, ღიმილით გაუძლოს აბსურდული ყოფის რეალობას.
ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ქართულმა კონვენციურმა ლექსმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები და უფრო შორს წასვლა წარმოუდგენელია, — მომავალში ან ვერლიბრს უნდა მივეკედლოთ, რისი მომსწრენიც კარგა ხანია ვართ, ან მარადიულად დავრჩეთ ტარიელ ჭანტურიას სტილისტიკაში, სადაც, რაც უნდა გააკეთო, ძალაუნებურად მას დაემგვანები; ემგვანებიან კიდეც. მაგრამ მისი შემოქმედების ანალიზი აღგვიძრავს აგრეთვე სხვა სამყაროსა და სხვა საშუალებათა აღმოჩენის სურვილს ისევ და ისევ კონვენციურ ლექსში, ვერლიბრში, ვერბლანში, თეთრ ლექსში, რომელთა შესაძლებლობები ამოუწურავია, მთავარია, იყოს პოეტი. ბოლოს და ბოლოს, სალექსო ფორმები ხომ ინსტრუმენტებია და მათი ფლობა ნებისმიერ პოეტს უნდა შეეძლოს. გააჩნია, რას და როგორ „დაუკრავ”. მომავალი ისევ მძლავრ ნიჭს ეკუთვნის. მაგრამ ისიც კი გვერდს ვერ აუვლის იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელთა შორის მოიაზრება ტარიელ ჭანტურიას შემოქმედება, ხოლო მისი პოეზიის არსის გაგება და უკეთ წვდომა ვისაც სურს, გულდასმით წაიკითხოს მისი ესეისტური ციკლი „დინოზავრიდან დიზაინამდე”, რომელშიც გამჟღავნებულია მისი მსოფლმხედველობა, ამავე დროს, იგი ერთგვარი გასაღებიცაა იმ დახურული სამყაროსი, რომელიც, ზერელედ თუ შეხედავ, მსუბუქი და ღია მოგეჩვენება, თუმცა მუსიკალურად მოწესრიგებულ სიმსუბუქეში, არცთუ იშვიათად, ვლინდება საოცარი სიღრმეები სწორედ იმ მკითხველისთვის, ვისაც დაწერილ ტექსტში დაუწერელი მინიშნებების ამოკითხვა შეუძლია. პოეზია მუდამ მინიშნებათა სამყაროში არსებობს და ტრადიციულ ტროპულ მეტყველებაში, მიმეტურ სტრუქტურაში, რომელიც ტარიელ ჭანტურიამ თითქმის შეცვალა ინტონაციურ-კონოტაციური თამაშით, იგი ყოველ სიტყვას თავის მნიშვნელობას ანიჭებს; ეს მნიშვნელობა კი მერყეობს ფონეტიკურ-სინტაქსურ, იქნებ სტილისტურ-სემანტიკურ სივრცეში. ამიტომაც შთაბეჭდილება ისეთია, რომ ლამის წამომცდეს ასეთი ოქსიუმორონი: რთული სიმარტივე, ანუ სივრცე ღიმილსა და ცრემლს შორის, სადაც ერთმანეთს თავს აფარებენ გულში ჩაბრუნებული ცრემლის სინათლე და სახეზე გარბენილი ღიმილის ნიღაბი, მაგრამ გამოსაცნობია, რომელი როდისაა ნიღაბი და სად და რაზე კეთდება მახვილი?!
ირონიულ-პაროდიული ნაკადი ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი მეოცე საუკუნის პოეზიასა და პროზაში, თეატრსა და კინოში — ცალკე კვლევის საგანია და მე ვურჩევ კულტუროლოგებს ნუ დასჯერდებიან იმ ფრაგმენტულ ოპუსებს, აბზაცებსა თუ ზოგადი ხასიათის სტატიებს, რომელიც დღეს სრულებითაც არ არის საკმარისი. ეს დიდი საქმე ავტორთა კოლექტივმა ან თუნდაც ერთმა თავდადებულმა და ნიჭიერმა კრიტიკოსმა უნდა იკისროს. არეალი კვლევისა მეტად ვრცელია, ნიმუში კი მრავალი. „ყვარყვარეს” სტილისტიკის განახლებამ, გამრავალფეროვნებამ, ახალ მიმართულებათა სიმძაფრემ მხატვრული ხერხებისა და ნიუანსების პარადიგმამ მთელი ქართული საბჭოური ეპოქა მოიცვა.
რა იყო ეს? — მხოლოდ შეფარული პროტესტი თუ ამავე დროს ზოგადი სულიერი კრიზისი, რომლის წარმოშობის მიზეზი თითქოს სხვადასხვა უნდა ყოფილიყო ევროპასა და საბჭოეთში.
როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, ქართული ირონიულ-პაროდიული ნაკადი ლიტერატურასა და ხელოვნებაში, უპირველესად, საბჭოური ცენზურიდან გასხლტომის საშუალება იყო, მაგრამ დღეს, როცა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ უკანა პლანზე გადაიწია, ანდა სულაც გაქრა, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკით აღბეჭდილი ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშები ახალ სახეს, ახალ მნიშვნელობას იძენენ და მთელი საიდუმლოება ყოფიერების აბსურდულობაშია ალბათ საძებნი, რამაც მიუხედავად განსხვავებული წარმომავლობისა, არ იცის პოლიტიკური საზღვრები. ვეჭვობ, რომ ირონიულ-პაროდიულმა ნაკადმა შეასრულა დიდი მისია საბჭოეთში და ამით თავის “საქმეს” მორჩა!
პარალელური დინებები ლიტერატურაში ახალი ესთეტიკის დამკვიდრებას ცდილობენ ხან წარმატებით, უფრო ხშირად კი წარუმატებლად; ჩნდება ახალი ჰორიზონტები, განსხვავებული პერსპექტივები და არცთუ უსაფუძვლოდ მახსენდება რილკეს ერთი შეგონება, რომ წარსული მომავალში გველოდება…

P.S. სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა მჟავანაძე, კულუარებში „ყვარყვარედ” მონათლული, გაუშვეს საქართველოდან, მალე რუსთაველის თეატრის დირექტორად აკაკი ბაქრაძე დაინიშნა. დიდია აკაკი ბაქრაძის თეატრში მოღვაწეობის მნიშვნელობა და ამის დავიწყება შეუძლებელია. ერთხელ, პირად საუბარში ბატონ აკაკის ტარიელ ჭანტურიამ „ყვარყვარე თუთაბერის” დადგმაზე ჩამოუგდო სიტყვა. შესაძლოა ეს იდეა ბატონ აკაკისა და რობერტ სტურუას დამოუკიდებლადაც გასჩენოდათ, მაგრამ თქვენ ყურადღებას მივაპყრობ ტარიელ ჭანტურიას ერთ ლექსზე, ყვარყვარეს დადგმამდე რომ დაიწერა და მოგვიანებით „ნიანგის ბიბლიოთეკის” სერიით გამოცემულ წიგნაკში დაიბეჭდა:
რობერტ სტურუას

ჭირიმე შენი — ზოგიერ-
თებივით, რომ არ „აცურდი”,
ქართული! — აი, რობიკოს
„ჰეპინინგიც” და „აბსურდიც”.

კარგია, როცა დარბაზში
გულწრფელი ცრემლი ღვარღვარებს,
მაგრამ სიცილი არ გვინდა? —
რე იქნა, ბიჭო, „ყვარყვარე”?!

ასე რომ, ირონიულ-პაროდიული ესთეტიკა, გასული საუკუნის 70-იან წლებში თითქმის ერთდროულად მკვიდრდებოდა პოეზიაში, თეატრსა და კინოში, პროზაში, საზოგადოდ, სალიტერატურო და სახელოვნებო სამყაროში. აღარ შევუდგები „ჰეპინინგისა” და „აბსურდის” განმარტებას, რადგან საქმეში ჩახედული მკითხველისათვის ისედაც ცნობილია მათი მნიშვნელობა.

© “წიგნები _ 24 საათი”

Facebook Comments Box