ესე,  პორტრეტი

გივი კიკილაშვილი – მე – გივი კიკილაშვილი

დავიბადე 88 წლის წინ, 1934 წლის 5 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში. მყავს ორი შვილი – ნინო და გიორგი, ორი შვილიშვილი – ელენე და გუგა. კიკილაშვილების მრავალრიცხოვანი საგვარეულო რამდენიმე ნაწილად განიყოფება. ჩვენ ჯარიანები ვართ – წინაპრის, მეტსახელად ჯარიას ჩამომავლები, რომელსაც თანასოფლელები ომში გაჰყავდა. პაპაჩემი, მიხაკო კიკილაშვილი, სოფლის თავკაცი, მეტსახელად ფალავანა, კახეთში სახელგანთქმული მოჭიდავე იყო. მისი ჩამომავალნი ფალავანაანები ვართ. ფალავანას დიდძალი ქონებაც ჰქონდა, თამბაქოს დიდი პლანტაციები გააშენა და თამბაქო ოდესასა და ტრაპიზონში გაჰქონდა. მაგრამ სიმდიდრე უბედურებად გადაექცა. სოციალისტმა ტერორისტებმა, მისმა თანასოფლელებმა, უფროსი ვაჟი, ხარიტონი მოუკლეს. ფალავანა მის დარდს გადაჰყვა, ჩემს დაბადებამდე ოცი წლით ადრე გარდაიცვალა. იმავე ტერორისტებმა მოკლეს მამიდაჩემის, ანას მამამთილი, სოფლის მამასახლისი გიგა ალადაშვილი. ეს ყოველივე მამიდაჩემის მონათხრობით ვიცი. თავად მე, ჩემი და ლამარა და დედა, ნატო აბულაშვილი კომუნისტების რეპრესიას  ბეწვზე გადავურჩით. 1937 წელს კომუნისტებმა კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე, ოდითგანვე თავისუფალ ქიზიყელებს გენოციდი მოუწყვეს, აცრით მუცლის ტიფი შეჰყარეს, რის შედეგადაც ქიზიყის მოსახლეობის ნახევარი გაწყდა. მეც, დედაჩემიც და ჩემი დაც დავსნეულდით, მაგრამ გადავრჩით. მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ალბათ სამკურნალოდ გვაშიმშილებდნენ და ეს სამუდამოდ დამამახსოვრდა.

დედაჩემი ბებიაჩემმა თხუთმეტი წლისამ გააჩინა. თავადაც ბავშვი იყო, შვილის გაზრდა გაუძნელდებოდა და ახალშობილი აღსაზრდელად მამიდამისმა თელავში წაიყვანა. გოზალიშვილებისა და მაჭავარიანების დიდებულ ოჯახებში იზრდებოდა და სასწავლებელი იქ დაამთავრა. მისი თანაკლასელი ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის ქალიშვილი იყო. ბოლშევიკებმა მათთან მებრძოლი ქაქუცას ოჯახი ციხეში ჩაამწყვდიეს. მისი ქალიშვილები ციხიდან სკოლაში ბადრაგით მოჰყავდათ და გაკვეთილების დასრულების შემდეგ უკანვე აბრუნებდნენ, სადაც მათი დედაც იყო. ოჯახთან დასაკავშირებლად ქაქუცას ხერხი მოუგონია: წერილს აბრეშუმის ცხვირსახოცზე წერდა, ეს ცხვირსახოცი მის სანდო კაცს მაჭავარიანების სანდო ოჯახში მიჰქონდა. დედაჩემი ცხვირსახოცს სკოლაში მიიტანდა, მის გვერდით მჯდარ გოგონას კი დედამისის, ქაქუცას მეუღლის გამოტანებული, ასეთივე ცხვირსახოცზე დაწერილი წერილი მოჰქონდა. გოგონები ცხვირსახოცებს გაცვლიდნენ, ასე გადაიქცა დედაჩემი ქაქუცას მეკავშირედ. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი თავის სოფელში დაბრუნდა და მასწავლებლობას შეუდგა. სამი წლის როცა ვიყავი, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად სიღნაღში გადავიდა. დედაჩემმა სამოც წელს იმასწავლებლა სიღნაღის ვაჟთა საშუალო სკოლაში. მეც ეს სკოლა დავამთავრე.

ბავშვობის დროინდელ რამდენიმე ამბავს გავიხსენებ. ანტიბოლშევიკი დედაჩემისგან განსხვავებით, მისი კომუნისტი და პარტიის რაიკომში მუშაობდა. იმხანად სადღესასწაულო დღეებში წარმოსათქმელ ლოზუნგებს აქვეყნებდნენ. 1939 წელს, როცა ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო, ხუთი წლის ვიყავი. დეიდაჩემმა საშვიდნოემბრო ლოზუნგი დამასწავლა. წინა დღეებში საბავშვო ბაღში მივიდოდი თუ არა, ხელს აღვმართავდი და ამ ლოზუნგს შევძახებდი. ბაღის გამგემ ეს შეამჩნია და ძალიან მოეწონა. საზეიმო კრებისთვის შემამზადა. შვიდი ნოემბრის, (ოქტომბრის რევოლუციის ოცდამეორე წლისთავის) საზეიმო კრება სიღნაღის თეატრის დარბაზში გაიმართა. ლექსები ბლომად ვიცოდი. სცენაზე გამომიყვანეს და ძალზე გრძელი ლექსი სულმოუთქმელად ჩამოვარაკრაკე. დარბაზში მსხდომთ ალბათ გაუკვირდათ, ასეთმა პატარამ ამსიგრძე ლექსი რომ წარმოვთქვი და ტაშით დამაჯილდოვეს. ტაში როცა მიწყდა, ხელი აღვმართე და ლოზუნგი დავჭექე: „გაუმარჯოს მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის დიად, უძლეველ დროშას!“. ოვაციებს ბოლო არ უჩანდა, ტაშს მიკრავდნენ, ფეხებს აბრაგუნებდნენ და გაჰყვიროდნენ: „გაუმარჯოს დიდ სტალინს! დიდება ლენინს!“. სცენიდან შეშინებული გავიქეცი. ასე დაიწყო და იქვე დასრულდა ჩემი სასცენო და პოლიტიკური მოღვაწეობა.

 კომუნისტური აღზრდა საბავშვო ბაღიდანვე იწყებოდა. დიდი ბელადის – სტალინისადმი, უკვდავი ლენინისადმი მიძღვნილ ლექსებს გვაზეპირებინებდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, საახალწლო ლექსი, დღემდე რომ მახსოვს:

ნაძვის ხეო, გვახარე

ბავშვებს უბედნიერესს,

ახალი წლის სიხარულს

შემოგძახით მშვენიერს.

დარჩი ჩვენთან, ნუ წახვალ,

აქ ხალისი ბევრია,

ჩვენზე ზრუნავს ბელადი,

თავს დაგვხარის ბერია.

სკოლაში კომუნისტობისკენ აღმავალი კიბე იწყებოდა: პირველი საფეხური – I-II კლასი – ნორჩ ოქტომბრელთა ორგანიზაცია, მეორე საფეხური – III-VI კლასი – პიონერთა ორგანიზაცია, კომკავშირელობისთვის მომზადება, III საფეხური – კომკავშირული ორგანიზაცია – კრებებით, დადგენილებებით და ასე შემდეგ. წარმატებულ კომკავშირელებს სკოლის დამთავრების წინ კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატის წოდებას ანიჭებდნენ, ხოლო განსაკუთრებულად წარმატებულებს პარტიის წევრობასაც. ისინი კარიერის ვარდფენილ გზას სკოლიდანვე გაუდგებოდნენ.

პიონერს სკოლაში ყელზე აუცილებლად უნდა ჰქონოდა მოხვეული წითელი ყელსახვევი, შეკრული ლითონის აბზინდით, რომელზეც გამოსახული იყო ხუთი წითელი, ალმოდებული ძელი – ხუთი კონტინენტის გაკომუნისტების სიმბოლო. პიონერებს წესად ჰქონდათ: ერთი პიონერი მეორეს ყელსახვევზე სწვდებოდა, ყელში წაუჭერდა და მანამდე არ შეუშვებდა, სანამ წამხრჩვალი არ შესძახებდა: „ხელი უშვი მუშურ-გლეხური სისხლით შეღებილ წითელ ყელსახვევს!“. მახსოვს, რომ ეს ფრაზა ვერ  მათქმევინეს და ჩემს წახრჩობას თავი ანებეს.

ერთ ამბავსაც გავიხსენებ: სიღნაღში ერთი უშვილძირო მეზობელი გვყავდა, მაღალი, ხმელ-ხმელი, შუახნის კაცი, გალიფეშარვლიანი, ჩექმებიანი, მწვანეკიტელიანი, წითელვარსკვლავიანი, სტალინისებური ქუდი ეხურა, არავის ეკარებოდა და არც მას ეკარებოდნენ. მიზეზი მერე შევიტყვე: ოცდაოთხ და ოცდაჩვიდმეტ წლებში ანტიკომუნისტებს ხვრეტდა. ალბათ ამის შემდეგ ჭკუა-გონება შერყეული ჰქონდა (რაც ჯალათისთვის დამახასიათებელია). ყველასგან გარიყული ბავშვებს დაგვიახლოვდა. დაგვამწკრივებდა, თვითონ გაიჯგიმებოდა, მის წინ უნდა ჩაგვევლო და ერთხმად შეგვეძახა: „ვემსახურებით მშრომელ ხალხს!“ ის კი გვიპასუხებდა: „თავისუფლად მიისაქმ-მოისაქმეთ!“. ეს რიტუალი ყოველდღე მეორდებოდა. თვითონ ხარობდა და ჩვენც ვერთობოდით. ამგვარი რიტუალი ადრე არცთუ უწყინარი იქნებოდა ზრდასრულთათვის!

სკოლის წლებმა ერთფეროვნად ჩაიარა, სკოლა დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე კონკურსი სხვა ფაკულტეტებთან შედარებით ნაკლები იყო: შვიდი ერთ ადგილზე. შვიდი გამოცდა გვქონდა ჩასაბარებელი: ქართული წერა-ზეპირი, რუსული წერა-ზეპირი, ისტორია, გეოგრაფია და უცხო ენა. ქართულ წერასა და ზეპირში ხუთები მივიღე. სკოლაში რუსულის მასწავლებელი საუცხოო გვყავდა, მოხუცი ქალი, მკაცრი, მომთხოვნი ელიზავეტა ამირანოვნა შავერდოვა. კარნახს ხშირად გვაწერინებდა და გაწაფული ვიყავი. უნივერსიტეტშიც კარნახი დაგვაწერინეს. უშეცდომოდ მქონდა დაწერილი, გამომცდელს არ გავუწვალებივარ, რუსულად გამომელაპარაკა და ხუთები დამიწერა. ისტორიასა და გეოგრაფიაშიც ხუთები მივიღე. დადგა უცხო ენაში გამოცდის დღეც. გამოცდა სამ ენაში ტარდებოდა: ინგლისურში, გერმანულსა და ფრანგულში. გამოსაცდელს თვითონ უნდა ამოერჩია, რომელი ენაც სურდა. გამოცდის წინ სხვა გამოსაცდელები მეკითხებოდნენ: რომელ ენაზე აბარებო? ვეუბნებოდი ჩემთვის სულერთია-მეთქი. მართლაც სულერთი იყო, რადგან სამივე ენის ერთნაირად უვიცი გახლდით და ორიანს მოველოდი. აი, რატომ: უცხო ენა მეხუთე კლასში დავიწყეთ, ინგლისურის მასწავლებელი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, ნინო ქართველიშვილი, მხოლოდ ორ თვეს გვასწავლიდა, ფეხმძიმე იყო და, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ინგლისურის მცოდნე სიღნაღში მეტი არავინ იყო და მერვე კლასამდე უმასწავლებლოდ ვიყავით. მერვე კლასში ინგლისურის მასწავლებლად ლენინგრადიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში გადმოხვეწილი რუსი ქალი, ტამარა ნიკოლაევნა მოგვივლინეს. საბრალომ, ბლოკადაში განაწამებმა, ჩვენს ანცობას ორი თვე გაუძლო, ჭკუაზე შეირყა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ისევ უმასწავლებლოდ დავრჩით მეთერთმეტე კლასამდე. მეთერთმეტე კლასში ახლად სწავლადამთავრებული შავგვრემანი, ლამაზი გოგო მოგვიყვანეს, ორი თვის მერე ვიღაცამ მოიტაცა და სკოლა უინგლისუროდ დავასრულეთ.

შევედი ინგლისურის გამოცდაზე. გამომცდელები ორნი იყვნენ – ქალი და მკაცრი შესახედაობის კაცი. წიგნი გადამიშალეს. ასოებს ვცნობდი და ორი სტრიქონი ვაივაგლახით ამოვიკითხე. ნახეს, როგორი მოინგლისურეც ვიყავი და შემაწყვეტინეს, ახლა გრამატიკაზე გადავიდეთო: დგომა ინგლისურად როგორ არისო? არ ვიცოდი. ჯდომა როგორ არისო? არ ვიცოდი. ეს რა გრამატიკა იყო!

საგამოცდო ფურცელი მომთხოვეს, გავუწოდე და თავი დარცხვენილმა ჩავქინდრე. ქალმა საგამოცდო ფურცელს ჩახედა და შეყოყმანდა. კაცმა უთხრა, რაღას უყურებ, ორიანი დაუწერეო. ქალმა საგამოცდო ფურცელი მიაწოდა და უთხრა: შენ დაუწერეო! კაცმა საგამოცდო ჩაათვალიერა, მერე შემომხედა და მკითხა: ამდენი ხუთიანი მიგიღია და ინგლისურმა რაღა დაგიშავაო? ჩემი თავგადასავალი მოვუყევი. ბევრი იცინეს. მერე ქალმა მკითხა, ის გოგო რა გვარი იყო, ბოლოს რომ გასწავლიდათო? თავის ყოფილ სტუდენტად თუ ეგულვებოდა. ვუპასუხე: მაყვალა ერქვა, გვარის შეტყობა ვერ მოვასწარით-მეთქი. თავი გადააქნიეს, არ იცოდნენ, რა ექნათ. მერე კაცმა უთხრა: სამიანი დაუწერეო. ქალმა იფიქრა, იფიქრა და მერე უთხრა: ბარემ ოთხიანი დავუწეროთ, სტიპენდია რაღაზე დავაკარგვინოთო (ოთხოსნებს და ხუთოსნებს ყოველთვიურ სტიპენდიას აძლევდნენ, რითაც სულს მოითქვამდი). ისეთი საცოდავი შესახედავი ვიყავი, ალბათ შევებრალე. ასე უცნაურად ჩავირიცხე უნივერსიტეტში. იღბალიც ამას ჰქვია: ეს გამოცდა ბოლო რომ არ ყოფილიყო, ორიანი ხომ არ ამცდებოდა!

გაიარა უნივერსიტეტში ყოფნის ხუთმა წელმა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნიერებაზე დიდი ცვლილებები მოხდა: სტალინის მმართველობისა და ნახევარ მსოფლიოზე მოსკოვის ბატონობის ხანა დასრულდა. საბჭოთა კავშირის ახალი მმართველი ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის პიროვნების კულტის დაგმობას შეუდგა, სტალინის გვამი ლენინის მავზოლეუმიდან გამოიტანეს, კრემაცია გაუკეთეს და ფერფლი კრემლის კედელში შედგეს (ლენინი ახლაც მავზოლეუმში ასვენია და გამოსვენებას ელის).

სტალინის დამცირებამ ქართველი სტალინელების პროტესტი გამოიწვია. სტალინის გარდაცვალების (თუ მოწამვლით მოკვდინების) სამი წლის თავზე, 1956 წლის 5 მარტს თბილისში მიტინგები დაიწყო და პიკს 9 მარტს მიაღწია. სტიქიურად აგორებული ტალღა ამბოხებად გადაიქცა. უკვე გაისმოდა დამოუკიდებლობის მოთხოვნის მოწოდებები. მე 9 მარტამდე გარეთ ფეხი არ გამიდგამს. გულზე არც სტალინი მეხატა, არც მისი მოთაყვანეები. ჩემი უფროსი და ლამარა მიტინგებზე დადიოდა და მეუბნებოდა, გადი, ნახე, რა ხდებაო. 9 მარტს მტკვრის სიახლოვეს  გაშენებულ პარკში ჩავედი, სადაც სტალინის უზარმაზარი ქანდაკება იდგა. უმთავრესი მიტინგები იქ იმართებოდა. ამბოხებულნი იქიდან რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ, კავშირის სახლში შეჭრას  და დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებდნენ. განა ამას დაანებებდნენ? შენობიდან ტყვიამფრქვევი აკაკანდა. ამბოხებულებმა უკან დაიხიეს, ქუჩა დაცარიელდა. შენობის წინ დახოცილები ეყარა.

სადამსჯელო ოპერაციას ამიერკავკასიის ჯარების შტაბიდან წარმართავდნენ, საქართველოს ხელისუფლებას არაფერს ეკითხებოდნენ. მილიციას არ ენდობოდნენ და მიტინგების დაწყებისთანავე იარაღი ჩამოართვეს. ქუთაისში განლაგებულ ქართულ დივიზიაში აღჭურვილობის წმენდა გამოაცხადეს, იარაღი დააშლევინეს, ფაქტობრივად განაიარაღეს. შემდგომში ეს დივიზია დაშალეს, დივიზიის შემადგენლობა მთელ საბჭოთა კავშირში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში მიმოფანტეს.

სტალინის ძეგლის კვარცხლბეკზე მომწოდებელი მომწოდებელს ცვლიდა. ძეგლის წინა მოედანზე ხალხი ისე მჭიდროდ იდგა, ნემსი არ ჩავარდებოდა. მალე მოედანი სადამსჯელო რაზმმა ალყაში მოაქცია. მათ უკან ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ჯავშანმანქანები გამოჩნდა. მოალყენი ეგრეთწოდებული „მერვე პოლკიდან“ იყვნენ, რომელიც რუსეთიდან ჩამოყვანილი, სადამსჯელო ოპერაციებისთვის გაწვრთნილ-დაგეშილთაგან შედგებოდა. ისინი კვარცხლბეკზე აიჭრნენ და მომიტინგეთა გადმოყრას შეუდგენენ. ერთმანეთთან ხელჩაკიდებული მომიტინგენი არ ნებდებოდნენ. ძიძგილაობამ ერთხანს გასტანა. მერე ბრძანება გაისმა: „штыки!“ (ხიშტები!). რაზმელებმა ხიშტიანი შაშხანები მოიმარჯვეს, კვარცხლბეკზე მდგართ გულ-მუცელი გამოფატრეს და გადმოყარეს. ორ წუთში კვარცხლბეკი დაცარიელდა. მოედანზე მყოფებს ყოველი მხრიდან მოგვაწვნენ შაშხანამომარჯვებულნი. გზა ქუჩისკენ ამავალი კიბისაკენ გაგვიხსნეს. დროდადრო გაისმოდა ბრძანება: „Ложись!“ (დაწექით!), მერე – „Огонь!“ (ცეცხლი!) ჰაერში ისროდნენ დასაფრთხობად. შემჭიდროებულნი როგორ დავწვებოდით. ვინც დაწვა, გადაქელეს. ქუჩაზე აგვრეკეს. ზოგნი ქუჩას გაუყვნენ, ზოგნი მტკვრისკენ ფერდობზე ჩარბოდნენ. მათ დამიზნებით ესროდნენ. ყველაზე ბევრნი იქ დაიხოცნენ. ინსტინქტმა მიკარნახა, ქუჩას გავყოლოდი, საითაც უფრო მრავალნი წავიდნენ. შორიდან, ვაგზლის მხრიდან მოვუარე და ვაკეში გამთენიისას ავედი, სადაც ვცხოვრობდი. სამი დღე და ღამე გონებაარეული ვიყავი, გაუნძრევლად ვიწექი, ჭერს ავყურებდი და თვალგახელილი ხიშტებით გულ-მუცელგამოფატრულებს ვხედავდი.

ყველაფერი ისე დამთავრდა, თითქოს არაფერი მომხდარა, რამდენიმე ასეული ადამიანი არ დაუხოციათ. დახოცილებსა და დაჭრილებსაც კი მტკვარში ყრიდნენ, კვალის წასაშლელად. ბოლშევიკებმა ბასრი ბრჭყალები გამოაჩინეს, გვაჩვენეს, რომ მათ საწინააღმდეგო ყოველგვარ ქმედებას სისხლში ჩაახრჩობდნენ.

იმ მიცვალებულთა დაკრძალვა, რომლებიც პატრონებმა მოიძიეს გაასაიდუმლოეს. დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მხოლოდ ჭირისუფლებს აძლევდნენ.

დამნაშავენი არ გამოვლენილან, არავინ დასჯილა. ბოლშევიკები თავს ხომ არ დაიდანაშაულებდნენ, ხოლო დასავლეთისგან რკინის ფარდით გამიჯნულებს იქიდან ვერ გამოგვესარჩლებოდნენ.

ამ ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგ უნივერსიტეტის მეხუთე კურსი დავასრულე. სახელმწიფო გამოცდებიღა მქონდა ჩასაბარებელი. ერთი საგანი იმ დროს ყველა ფაკულტეტისთვის აუცილებელი, მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლები გახლდათ. ჰოდა, ჯავრი მარქსიზმ-ლენინიზმზე ამოვიყარე. გამოცდაზე შევედი, მაგიდაზე გაშლილი ბილეთებიდან ერთი ბილეთი ავიღე, ცოტა ხანს ვიჯექი და მერე გამომცდელებს ვუთხარი, ეს საკითხები არ ვიცი, ბილეთს გამოვცვლი-მეთქი. გამოცვალე, მაგრამ ერთი ნიშანი დაგაკლდებაო. ავიღე მეორე ბილეთი, ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი და ისევ გამოსაცვლელად გავემართე. მითხრეს, გამოცვალე, მაგრამ ერთი ნიშანი კიდევ დაგაკლდებაო. ავიღე მესამე ბილეთი და მისი გამოცვლაც რომ მოვინდომე, მითხრეს, ვერ გამოგაცვლევინებთ, მაშინ პირდაპირ ორიანი უნდა დაგიწეროთო. მაგ ბილეთზე გვიპასუხეო. არც წამიკითხავს, რა საკითხები იყო, ისე ვუთხარი, პირველი საკითხი არ ვიცი-მეთქი. მეორე საკითხზე გადადიო. არც მეორე საკითხი ვიცი-მეთქი. მესამე საკითხზე გადადიო. არც ეს ვიცი-მეთქი. აღარ იცოდნენ, რა ექნათ. მარქსიზმ-ლენინიზმში ორიანის დაწერა მარქსსა და ლენინს დაამცირებდა. შემეკითხნენ, გამოცდისთვის რა მოამზადეო? ვუპასუხე: არაფერი მომიმზადებია, აქ შემოსვლის წინ პარტიის ისტორიის სახელმძღვანელო გადავფურცლე-მეთქი. ლენინის რომელიმე ნაშრომი დაგვისახელეო, ხავსს ეჭიდებოდნენ გამომცდელები. ერთი ნაშრომის სახელწოდების პირველი სიტყვა მატერიალიზმია, მეორე სიტყვა ძალიან ძნელია და ვერ დავიმახსოვრე-მეთქი. ნაშრომს „მატერიალიზმი და ემპირიოკრიტიციზმი“ ერქვა. ამას რა წამაკითხებდა. უცხო სიტყვათა ლექსიკონში ახლა ჩავიხედე: ემპირიოკრიტიციზმი ფილოსოფიაში იდეალისტური მიმართულება ყოფილა. მითხრეს, საგამოცდო ფურცელი მოგვეციო. მივაწოდე და თან შევეკითხე, რა ნიშანს მიწერთ-მეთქი? სამიანსო. სამიანს რატომ მიწერთ-მეთქი? მაშ უფრო მეტი გინდაო? მეტი კი არა, ორიანი უნდა დამიწეროთ, არაფერი მიპასუხია-მეთქი. შვილო, შეგვიბრალე, ჩვენც ადამიანები ვართო, მითხრა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ ისე გულწრფელად, რომ გული ამიჩქროლდა და მეც გულწრფელად გავუღიმე. ერთმანეთს მშვიდობიანად დავშორდით.

1956 წლის მარტში დაღვრილ სისხლს ამაოდ არ ჩაუვლია. ამ ოთხმა დღემ საბჭოთა სახელმწიფოს საძირკველი შეურყია. ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი სოციალისტური რესპუბლიკების საძმო კი არა, მოსკოვის სამბრძანებლო იყო. ბოლშევიკებმა ჩვენი თაობა გადაიმტერეს. შემდგომმა თაობამ ძალა მოიკრიბა, ეროვნული მოძრაობა გაღვივდა და ხელსაყრელი ვითარება როცა დადგა, 36 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.

1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები გამოსაკვლევი და შესაფასებელია. დასადგენია, რამდენი დაიღუპა, დასადგენია მათი ვინაობა, დაჭრილთაგან ვინმე გადარჩა თუ არა, რადგან სკდომადი ვაზნები გამოიყენეს, რომლით დაჭრილიც სასიკვდილოდ იყო განწირული. თვითონ ვარ მოწმე: სადაც ოთახი გვქონდა ნაქირავები მე და ჩემს დას, იმ ბინის პატრონის ვაჟი, ფეხში დაჭრილი თოთხმეტი წლის ბიჭი სისხლისგან დაცლილი გარდაიცვალა.

ნიშანდობლივია, რომ მეამბოხენი უმთავრესად უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები, ახალგაზრდობა, სტალინელ მამათა თაობა კი არა, ანტიკომუნისტურად, ანტიიმპერიულად განწყობილ შვილთა თაობა იყო. ამ ტრაგედიიდან სამოცდაათი წელი გადის სამი წლის შემდეგ, 2026 წლის მარტში, და აუცილებელია, დადგინდეს, რომ ეს სტალინის დიდების შემბღალავთა საწინააღმდეგო პროტესტის გამოვლინება კი არ იყო, ეროვნული ღირსების დამცველთა, რუსული იმპერიალიზმიდან სამშობლოს დახსნისთვის მებრძოლთა თავგანწირვა გახლდათ.

ორიოდე სიტყვას ჩემს თარგმანებზეც მოგახსენებთ. ჩემი პირველი თარგმანი იყო იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის ზღაპარი, „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“. ეს წიგნი სამოცი წლის წინ ვთარგმნე. ჯანი როდარი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო და ცრუთა ქვეყანად ფაშისტური იტალია წარმოსახა, მაგრამ ბედის ირონიით მოსკოვის კომუნისტური იმპერიაც ფაშისტური იტალიისა და გერმანიის ტყუპისცალი გახდა და ეს ნაწარმოები ამ იმპერიის სახის მაჩვენებელი სარკეცაა და ამიტომაც ვთარგმნე. რამდენჯერმე დაიბეჭდა და ქართველი ბავშვების საყვარელი წიგნი გახდა.

მას მერე სამოცი წელია, რუსული ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს ვთარგმნი. დიდ ლიტერატურას დალხენილი ერი კი არ ქმნის, ის დესპოტიზმით გაწამებული ერის წიაღში იბადება. სწორედ ასეთი იყო და არის რუსი ერი. სათარგმნელად სამი კლასიკოსი ამოვარჩიე: ფ. დოსტოევსკი, მ. ბულგაკოვი და ა. პლატონოვი. ისინი რუსეთის სახელმწიფოს მანკიერებათა პიროვნული მამხილებელნი არიან.

მთარგმნელობის მნიშვნელობაზე კი ამას ვიტყვი:

ყოველი ერი, თუნდაც ფრიად წარმატებული, საუკუნეში ერთ-ორ დიდ მწერალს თუ შობს. ხოლო მრავალეროვან, მრავალსაუკუნოვან ქვეყნიერებაში ლიტერატურის შედევრები უამრავია და მათი თარგმნით მშობლიური ლიტერატურა მდიდრდება.

სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვიკმარებ.

© არილი

Facebook Comments Box